„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.06.2021
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/50/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები, აგრეთვე პირებს, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მინიჭებული აქვთ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სერჟანტისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლების არარსებობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ადგილი უკავიათ საქართველოს თავდაცვის ძალების სისტემაში. აღსანიშნავია, რომ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მისაღებად, სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო სამსახურში უნდა იმსახუროს მინიმუმ 20 წელი და უნდა გაიაროს სხვადასხვა საგანმანათლებო და პრაქტიკული კურსი. შესაბამისად, წელთა ნამსახურობის მიხედვით, მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები ფაქტობრივად უთანაბრდებიან უფროს ოფიცერთა შემადგენლობას. ამასთან, მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სარგებლობენ სამსახურებრივ - საშტატო იარაღით და შესაბამისად, სრულყოფილად ეუფლებიან იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესებს. ამდენად, მიზანშეწონილია, მსგავსად უფროს ოფიცერთა შემადგენლობისა, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებსაც ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სერჟანტისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლების მინიჭება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი მიზნად ისახავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურისათვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე ტარების უფლება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უნარჩუნდება მხოლოდ უფროსი და უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე პირებს. სერჟანტთა პროფესიული განვითარების სისტემა საქართველოს თავდაცვის ძალებში შედარებით ახალია (დაინერგა 2002 წელიდან), ამიტომ მნიშვნელოვანია ამ შემადგენლობის შესაბამისად დაფასება და აღიარება. სამხედრო სამსახურის განმავლობაში, სერჟანტთა შემადგენლობა, ოფიცერთა შემადგენლობის მსგავსად გადის სამხედრო განათლების საფეხურებს. სამხედრო საგანმანთლებლო პროგრამების სასწავლო საკითხები (ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ა. შ.) ბევრ შემთხვევაში არის ერთი და იმავე, მაგალითად: კაპიტნის საკარიერო კურსზე ასეულის მეთაურები სწავლობენ ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, შესაბამისად უფროსი სერჟანტის კურსზე, ასეულის სერჟანტები სწავლობენ ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ვინაიდან, ასეულის სერჟანტი არის ასეულის მმართველობის წევრი და მან თავისი წვლილი უნდა შეიტანოს დაგეგმარების პროცესში. აღნიშნული გამოწვეულია სამსახურის პერიოდში ოფიცრების და სერჟანტების ფუნქციონალური მოვალეობების მსგავსებით, თუმცა არის განსხვავებაც, კერძოდ: სერჟანტების ფუნქციონალური მოვალეობაა ინდივიდუალური და მცირე ზომის ჯგუფების მომზადება, ხოლო ოფიცრების - კოლექტიური მომზადების ჩატარება. ასევე, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ამოცანების შესრულებიდან გამომდინარე, ქვედანაყოფი შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად და ერთ ნაწილს უხელმძღვანელოს სერჟანტმა, ხოლო მეორე ნაწილს ოფიცერმა (მაგალითად: ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი). რაც შეეხება, დაქვემდებარებული სამხედრო მოსამსახურეების განვითარებას, ქვედანაყოფის დისციპლინას და ყოველდღიური წესრიგს, არის როგორც ოფიცრების ასევე, სერჟანტების ერთობლივი მოვალეობები. სერჟანტთა შემადგენლობას, ოფიცერთა შემადგენლობის მსგავსად აქვს კარიერული განვითარების სისტემა. ამასთან, მთავარი სერჟანტის წოდების მისაღებად, არსებული კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა 20 წლის სამხედრო სამსახური, მაშინ როდესაც, მაგალითად მაიორის სამხედრო წოდების მისაღებად საჭიროა მინიმუმ 8 წელი, ხოლო კაპიტნის სამხედრო წოდების მისაღებად - 5 წელი. აგრეთვე, გასათვალისწინებელია წარმატებული და გამოცდილი ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების სისტემა. კერძოდ: დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სხვა ქვეყნებში მთავარი სერჟანტები, სურვილის შემთხვევაში, ხდებიან ოფიცრები, მაიორის სამხედრო წოდებით და აგრძელებენ სამხედრო სამსახურს. აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მთავარი სერჟანტის და მაიორის წოდებების მისანიჭებლად სამხედრო მოსამსახურეები თითქმის ერთი და იმავე სამხედრო განათლებას გადიან. რაც შეეხება, ტექნიკურ საკითხებს, როგორიც არის იარაღის მოხმარება და უსაფრთხოების წესების დაცვა, გამომდინარე იქედან, რომ მთავარი სერჟანტი 20 და მეტი წლის სამხედრო სამსახურს გადის, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ პერიოდში საკმაო გამოცდილებას იძენს. მთავარი სერჟანტის წოდების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ წელთა ნამსახურების რაოდენობა, არამედ მთელი სამსახურის მანძილზე კანდიდატები გადიან ეტაპობრივ შერჩევას. მთავარი სერჟანტების შერჩევა კი ხორციელდება ცენტრალიზებულად საქართველოს თავდაცვის ძალებში შერჩევის საბჭოს მიერ, რომელსაც ზედამხედველობას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური. მთავარი სერჟანტი ხელმძღვანელობს სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა შემადგენლობების დისციპლინის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფების საბრძოლო და ფიზიკურ მომზადებას. მთავარი სერჟანტი ასევე, კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებულთა სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითრების მიმდინარეობას. მონაწილეობას იღებს ქვედანაყოფის მნიშვნელოვან სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მთავარი სერჟანტი არის ბრიგადის, ბრიგადასთან გათანაბრებული და უფრო დიდი ქვედანაყოფის მეთაურის მრჩეველი - სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა მთელი პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელი. სამსახურიდან დათხოვნის შემდგომ, იარაღის ტარების უფლების მინიჭება მთავარი სერჟანტისათვის იქნება მათი დამსახურებების აღიარება და დამატებითი მოტივაცია. დღეის მდგომარეობით სულ არის 31 მოქმედი და სამსახურიდან დათხოვნილი 6 მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირი. ამასთან, პროექტის ამოქმედებამდე დათხოვნილ მთავარი სერჟანტის მქონე პირებს, იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. დღეის მდგომარეობით არის სამსახურიდან დათხოვნილი 4 მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირი, რომელთაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.