„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/95/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) დაემატოს შემდეგი შინაარსის I1 თავი: „თავი I1. სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა მუხლი 133. ამ თავის მოქმედების სფერო 1. სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტი საჯარო ინფორმაციის სახით ამ თავით დადგენილი წესით გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც იმავე სასამართლო აქტის სრული ტექსტის მიღება საქართველოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმების საფუძველზე არ შეუძლია. 2. ეს თავი მოქმედებს მხოლოდ იმ საქმეზე მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში, რომელზედაც კანონიერ ძალაში შესულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. 3. სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხის გადასაწყვეტად ამ თავით დადგენილი წესები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის შესაბამისი ნაწილის ან სრულად დახურვის თაობაზე. 4. ამ თავით დადგენილი წესები არ ვრცელდება სასამართლო აქტის ტექსტის იმ ნაწილის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე, რომელიც შეიცავს კომერციულ, პროფესიულ ან კანონის შესაბამისად აღიარებულ სახელმწიფო საიდუმლოებას ან რომლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემასაც შეუძლია ამგვარი საიდუმლოების გამჟღავნება გამოიწვიოს. 5. ამ თავის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად, საპროცესო სამართლის შესაბამისად გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, თუ ის შეიცავს პერსონალურ მონაცემს ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან, ოჯახურ ცხოვრებასთან ან სხვა პირად საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 6. ამ თავის მიზნებისთვის სასამართლო აქტის სრული ტექსტი არის სასამართლო აქტის ტექსტი იმ სახით, რა სახითაც მიიღო იგი სასამართლომ. 1 7. ამ თავის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში ასახული შესაბამისი ინფორმაციის იმგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მისი დაკავშირება შესაბამის პირთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს. დაუშვებელია ფიზიკური პირის სახელისა და გვარის ინიციალებით დეპერსონალიზაცია. ამ თავის მიზნებისთვის, სასამართლო აქტის ტექსტის ნაწილობრივ დეპერსონალიზაციაში იგულისხმება სასამართლო აქტის იმგვარად დეპერსონალიზაცია, რომ მასში ასახული ყველა პერსონალური მონაცემი ან ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან, ოჯახურ ცხოვრებასთან ან სხვა პირად საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაცია სრულად არ არის მოდიფიცირებული. მუხლი 134. 2022 წლის 1 იანვრამდე მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა 1. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ 2022 წლის 1 იანვრამდე მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. 2. პირს უფლება აქვს, 2023 წლის 1 იანვრამდე დასაბუთებული მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან შესაბამის სასამართლოს და მოითხოვოს 2022 წლის 1 იანვრამდე მიღებულ სასამართლო აქტში მის შესახებ ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან დაცვა. თუ პირი 2023 წლის 1 იანვრამდე დასაბუთებული მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით არ მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან შესაბამის სასამართლოს და არ მოითხოვს სასამართლო აქტში მის შესახებ ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან დაცვას, ითვლება, რომ იგი თანახმაა ამ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე. 3. 2023 წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში შესაბამისი სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფინანსების, ოჯახური ცხოვრების ან/და სხვა პირადი საკითხის დაცვის უფლებისა და სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობის უფლების გონივრული დაბალანსების პრინციპზე დაყრდნობით წყვეტს ყველა იმ სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის დასაშვებობის საკითხს, რომელში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან დაცვაც მოითხოვა პირმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. სასამართლოს ამის შესახებ გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება ძალაში შედის გამოტანიდან 1 თვის გასვლისთანავე. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივრის შეტანაზე, საჩივრის განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაზე ვრცელდება ამ კანონის 135 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები. 5. სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით მისაღებად პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს იმ 2 სასამართლოს, რომელმაც მიიღო ეს სასამართლო აქტი ან თუ აღნიშნული სასამართლო ლიკვიდირებულია,  მის ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ სხვა შესაბამის სასამართლოს. განმცხადებელს უფლება აქვს დაასაბუთოს სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის საჭიროება და მოტივაცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოში შეტანიდან 10 სამუშაო დღეში სასამართლოს აპარატი უზრუნველყოფს სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის განმცხადებლისთვის გადაცემას, თუ ამის შესახებ ამ მუხლის შესაბამისად გამოტანილი და ძალაში შესულია შესაბამისი განჩინება, ხოლო − სასამართლო აქტის სრული ტექსტის გადაცემას, თუ მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან დაცვა არ მოუთხოვია არცერთ პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტის პუნქტის შესაბამისად. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ განჩინებაში ასახული ინფორმაცია არ უნდა იწვევდეს სასამართლო აქტში ასახული იმ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაც დაუშვებლად მიიჩნია სასამართლომ. 8. დაუშვებელია 2022 წლის 1 იანვრამდე მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით 2024 წლის 1 იანვრამდე გაცემა. 9. 2022 წლის 1 იანვრამდე მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესს ამ მუხლის გათვალისწინებით ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პერიოდულად უზრუნველყოფს ამ მუხლით დადგენილი წესების შესახებ საზოგადოების სათანადო ინფორმირებას, მათ შორის, ამ ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. მუხლი 135. 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა 1. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. 2. სასამართლო საქმეზე თავისი ბოლო სასამართლო აქტის მიღებასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფინანსების, ოჯახური ცხოვრების ან/და სხვა პირადი საკითხის დაცვის უფლებისა და სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობის უფლების გონივრული დაბალანსების პრინციპზე დაყრდნობით წყვეტს მის მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად იმავე საქმეზე მიღებული ყველა სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის დასაშვებობის საკითხს. სასამართლოს ამის შესახებ გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო საქმეზე თავისი ბოლო სასამართლო აქტის მიღებამდე ამ მუხლის მე-4 3 პუნქტით დადგენილი წესით არკვევს პირის ნებას მის მიერ იმავე საქმეზე მიღებულ/მისაღებ სასამართლო აქტში ამ პირის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის თაობაზე. თუ გაირკვა, რომ პირი თანახმაა სასამართლო აქტში მის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე, სასამართლო ვალდებულია დაუშვას ამ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა. თუ პირი უარს ამბობს სასამართლო აქტში მის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე ან მისი ნება ამ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის თაობაზე გაურკვეველია, სასამართლოს უფლება აქვს დაუშვას ამ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა. 4. სასამართლო საქმეში მონაწილე, ღია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ პირს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მიზნებისათვის სთავაზობს, წერილობით გამოხატოს ნება სასამართლო აქტში ამ პირის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის თაობაზე და ამისთვის უდგენს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ იმ დროისა, რომელიც საქმის განხილვის დასრულებას სჭირდება. თუ ეს პირი ამ ვადაში სასამართლოს წინაშე წერილობით არ იტყვის დასაბუთებულ უარს სასამართლო აქტში მის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე, ითვლება, რომ იგი თანახმაა ამ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე. ამასთანავე, სასამართლო საქმეში მონაწილე, ღია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ პირს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მიზნებისათვის აძლევს შესაძლებლობას, წერილობით დასაბუთებული უარი თქვას სასამართლო აქტში სამართალწარმოების პროცესში ამ პირის მიერ მოხსენიებული სხვა პირის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე და ამისთვის უდგენს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ იმ დროისა, რომელიც საქმის განხილვის დასრულებას სჭირდება. თუ ეს პირი ამ ვადაში სასამართლოს წინაშე წერილობით იტყვის ასეთ უარს, ითვლება, რომ სამართალწარმოების პროცესში მის მიერ მოხსენიებული ზემოაღნიშნული სხვა პირი უარს ამბობს სასამართლო აქტში მის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ ზემოაღნიშნული სხვა პირის ნება სასამართლო აქტში მის შესახებ ასახული/ასასახი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის თაობაზე გაურკვეველია. პირს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ნება გამოხატოს ან ამავე პუნქტით განსაზღვრული უარი თქვას აგრეთვე სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში, განცხადებაში, საჩივარში ან/და შესაგებელში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის მიერ დამტკიცებული, სასამართლოსთვის წარსადგენი სარჩელების, საჩივრებისა და შესაგებლების ფორმების ნიმუშებში სათანადო ველებისა და განმარტების ასახვით უზრუნველყოფს ამ სარჩელებში, საჩივრებსა და შესაგებლებში ამ პუნქტით გათვალისწინებული ნების გამოხატვისა და ამავე პუნქტით განსაზღვრული უარის თქმის შესაძლებლობას. სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში, განცხადებაში, საჩივარში, შესაგებელში ამ პუნქტით განსაზღვრული უარის უთქმელობა იწვევს იმავე შედეგს, რომელიც აქვს ამ 4 უარის უთქმელობას პირის ღია სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შემთხვევაში. თუ პირს სასამართლოში საქმის წარმოებისას ჰყავს წარმომადგენელი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ნების გამოხატვისას ან ამავე პუნქტით განსაზღვრული უარის თქმისას ამ პირის სახელით მოქმედებს მისი წარმომადგენელი, თუ თავად ეს პირი სხვა რამეს არ გადაწყვეტს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება ძალაში შედის გამოტანიდან 1 წლის გასვლისთანავე, ხოლო თუ შესაბამის სასამართლო აქტში ნახსენები ყველა პირი თანახმაა იმავე სასამართლო აქტში მათ შესახებ ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე, აღნიშნული განჩინება ძალაში შედის გამოტანისთანავე. პირს, რომლის შესახებაც სასამართლო აქტში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებით დაუშვა სასამართლომ, უფლება აქვს, ამ განჩინებაზე მის ძალაში შესვლამდე შეიტანოს საჩივარი. თუ საჩივარზე გადაწყვეტილება განჩინების ძალაში შესვლამდე არ იქნა მიღებული, საჩივრის შეტანა მასზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ მისი შეტანიდან არაუმეტეს 1 თვის განმავლობაში, აჩერებს გასაჩივრებული განჩინების ძალაში შესვლას. საჩივრის შეტანიდან 1 თვეში მის განმხილველ სასამართლოს გამოაქვს განჩინება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ ან განჩინებით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა გონივრული დაბალანსების პრინციპზე დაყრდნობით წყვეტს იმავე პუნქტით განსაზღვრულ საკითხს. ამ საკითხის გადაწყვეტისას საჩივრის განმხილველ სასამართლოს უფლება აქვს, გადაწყვიტოს შესაბამის სასამართლო აქტში ასახული იმ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის დასაშვებობის საკითხიც, რომლის შესახებაც საჩივარში არ უთითებს მომჩივანი. საჩივრის განმხილველი სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინება არ საჩივრდება და ძალაში შედის გამოტანისთანავე. ამ პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის შეტანაზე, განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით კერძო საჩივრის შეტანისთვის, განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებაზე მისი ძალაში შესვლის შემდეგ შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნეს საჩივარი, მაგრამ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ. საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული განჩინების მოქმედებას. საჩივრის შეტანიდან 1 თვეში მის განმხილველ სასამართლოს გამოაქვს განჩინება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ ან განჩინებით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა გონივრული დაბალანსების პრინციპზე დაყრდნობით წყვეტს იმავე პუნქტით განსაზღვრულ საკითხს. ამ საკითხის გადაწყვეტისას საჩივრის განმხილველ სასამართლოს უფლება აქვს, გადაწყვიტოს შესაბამის სასამართლო აქტში ასახული იმ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის დასაშვებობის საკითხიც, რომლის შესახებაც საჩივარში არ უთითებს 5 მომჩივანი. საჩივრის განმხილველი სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინება არ საჩივრდება და ძალაში შედის გამოტანისთანავე. ამ პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის შეტანაზე, განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით კერძო საჩივრის შეტანისთვის, განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 7. სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით მისაღებად პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს იმ სასამართლოს, რომელმაც მიიღო ეს სასამართლო აქტი ან თუ აღნიშნული სასამართლო ლიკვიდირებულია,  მის ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ სხვა შესაბამის სასამართლოს. განმცხადებელს უფლება აქვს დაასაბუთოს სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის საჭიროება და მოტივაცია. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოში შეტანიდან 10 სამუშაო დღეში სასამართლოს აპარატი უზრუნველყოფს სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის განმცხადებლისთვის გადაცემას, თუ ამის შესახებ ამ მუხლის შესაბამისად გამოტანილი და ძალაში შესულია შესაბამისი განჩინება. 9. ამ მუხლით გათვალისწინებულ განჩინებაში ასახული ინფორმაცია არ უნდა იწვევდეს სასამართლო აქტში ასახული იმ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაც დაუშვებლად მიიჩნია სასამართლომ. 10. 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესს ამ მუხლის გათვალისწინებით ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“. მუხლი 2. 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სათანადო სამართლებრივი აქტები და განახორციელოს სხვა საჭირო ღონისძიებები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი ემსახურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილების (საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისი ნორმების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვას; კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, ხოლო წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. კანონპროექტი ეფუძნება აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას. კერძოდ, 2021 წლის 19 აპრილს საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელიც ითვალისწინებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, მათ შორის, სასამართლო რეფორმას, და რომლის თანახმადაც, „[საქართველოს ხელისუფლებამ უნდა] მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.“ ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხი წესრიგდება საკანონმდებლო ნორმებით. შესაბამისად, ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხის მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 1 კანონპროექტის მიღებით დადგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. აქედან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ნორმები შესაბამისობაში მოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილებასთან, ამასთანავე, შესრულდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება I1 თავი და დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან, რადგან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე ევალება კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება და სხვა ღონისძიებების განხორციელება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 2 კანონპროექტთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კანონპროექტის თანახმად, ევალება კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება და სხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, კანონპროექტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 133 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესების შესახებ საზოგადოების სათანადო ინფორმირება და ამ ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო შესაძლო ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემობაზე, თუ რა სახის ღონისძიებებს დაგეგმავს და გაატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 3 კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი. 5