„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.08.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია
ნომერი
#07-3/101/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-31
ბიუროს ნომერი 83

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტი: „ე) ცესკოს, საოლქო ან საუბნო კომისიის წევრად საქმიანობის შეზღუდვა ვადით 1დან 2 წლამდე (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა). ვ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) თანამდებობიდან გათავისუფლება და კომისიის რიგით წევრად დატოვება.“. 2. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 87. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით, − გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 1000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევებისა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მათი შესაძლო გავლენის გამოსაკვლევად, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის 238-IVმს-Xმპ დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისიამ მანდატით მინიჭებული საქმიანობის ფარგლებში: შეისწავლა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ ტექსტში - ცესკო) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია; ყველაზე პრობლემურად მიჩნეული 38 (ოცდათვრამეტი) საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე გამოავლინა და გადათვალა 20 (ოცი) საარჩევნო უბანი; მიიღო ახსნა-განმარტებები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისგან, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და ცესკოს თავმჯდომარისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ წარმომადგენლებისგან (შემდგომ ტექსტში მიზნობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები); და შეისწავლა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიზნობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახული ინფორმაცია. საგამოძიებო კომისიამ გადათვლის შედეგებისა და მიღებული ახსნა-განმარტებების შეჯამების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ საარჩევნო უბნების შედეგების შეჯამებისას ადგილი ჰქონდა კომისიების წევრების მხრიდან სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის შეცდომებს, ასევე კომისიის მხრიდან მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში შემავალი ისეთი საკითხების გადაწყვეტას, რომელსაც საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. კერძოდ, კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა სიაში გამორჩენილი იყო რეგისტრატორის ხელმოწერა, რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ერთეული ბიულეტენების გადაყოლა ამომრჩევლისთვის, საარჩევნო ბიულეტენი გაცემული იყო რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერის ან/და ბეჭდით დამოწმების გარეშე, საარჩევნო ბიულეტენი არასწორად იყო ჩათვლილი კომისიის მიერ ბათილ ბიულეტენად, ე.წ. „სადავო“ ბიულეტენები, რომლის ნამდვილობა/ბათილობის საკითხის გადაწყვეტა კომისიის წევრების დისკრეციული უფლებამოსილება იყო. აგრეთვე, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი არჩევნების დასრულებამდე მიატოვა არასაპატიო მიზეზის გამო და ხელი ვერ მოაწერა შემაჯამებელ ოქმს. საგამოძიებო კომისიის მიერ ზემოხსენებულ გადაცდომებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნულ გადაცდომებზე რეაგირების შესწავლის პროცესში, გამოვლინდა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლი - „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“, შეიცავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მცირე ჩამონათვალს. კერძოდ, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება; დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა). აღნიშნული მოცემულობა რიგ შემთხვევაში ზღუდავს შესაბამის ზემდგომ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მხრიდან მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების უგულვებელყოფის შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების ფარგლებში შეუსაბამოს ადეკვატური სანქცია. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელი ოქმი არის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ასახავს კენჭისყრასა და არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების მიერ გამოვლენილი თავისუფალი ნების შედეგს. შესაბამისად, მისი შედგენის პროცესში მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება. მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ ოქმს ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი, მას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ხელმოწერით თითოეული კომისიის წევრი ადასტურებს შემაჯამებელი ოქმში აღნიშნული მონაცემების სისწორეს. შესაბამისად, თითოეული მათგანი დარწმუნებული უნდა იყოს შესაბამის საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმის საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესში კომისიის მდივნის მხრიდან შეცდომის დაშვებისას, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მკაცრად განსაზღვრავს შესწორების მექანიზმს. დაუშვებელია აღნიშნული წესების უგულვებელყოფა და კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 87-ე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ასეთი თვითნებობის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია აღნიშნული ჯარიმის ზომა გაიზარდოს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისთვის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა სირთულეებით, გამომდინარე იმ დამატებითი ვალდებულებების წარმოშობიდან, რასაც პანდემიასთან დაკავშირებული პროცედურებისა და წესების შესრულება ითვალისწინებდა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად მნიშვნელოვანია თითოეულმა კომისიის წევრმა საარჩევნო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს, რათა ტექნიკური ხასიათის შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების თანამდებობა საარჩევნო კომისიის გამართული საქმიანობისთვის. საარჩევნო კანონმდებლობით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს ეკისრებათ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია საზოგადოების ნაწილში გამოიწვიოს კითხვის ნიშნები საარჩევნო პროცესის შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ნებისმიერ გადაცდომას, რასაც ადგილი ექნება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მხრიდან, მოჰყვეს ზემდგომი საარჩევნო კომისიის მყისიერი რეაგირება, რასაც თავისთავად პრევენციული ხასიათიც ექნება. თუმცა, აუცილებელია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მხრიდან კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას შეუსაბამოს ადეკვატური სანქცია. იმისთვის, რომ გაჩნდეს ეს შესაძლებლობა, საჭიროა ზემოხსენებული ცვლილებები შევიდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. მნიშვნელოვანია შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესში კომისიის უფლებამოსილმა წევრმა დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. მათ შორის მაშინ, როდესაც შედგენის პროცესში დაშვებულ იქნება შეცდომა. საარჩევნო პროცესისთვის თანმდევი სტრესული გარემოს, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპლექსური ვალდებულებებისა და ამასთანავე, რიგ შემთხვევაში კომისიის წევრების კომპეტენციის ნაკლებობის გათვალისწინებით, არსებობს ალბათობა საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირებმა, შემაჯამებელი ოქმის შედგენისას, დაუშვან ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რის დამზღვევ მექანიზმს საარჩევნო კანონმდებლობა შესწორების ოქმის სახით ითვალისწინებს. შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესში შეცდომის დაშვებისას განსაკუთრებით დიდია რისკი, უფლებამოსილმა კომისიის წევრმა თვითნებურად, შესწორების ოქმის გარეშე, გადაასწოროს ოქმში შეტანილი მონაცემები. შესაბამისად, პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გაიზარდოს სანქციის მოცულობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისთვის შესაბამისი „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დამატებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მხრიდან კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვანი შესრულებისას, ზემდგომ საარჩევნო კომისიას შესაძლებლობა ეძლევა ადეკვატურად განსაზღვროს სანქციის ზომა. წარმოდგენილი ცვლილებით, სანქციის ერთ-ერთ ზომად განისაზღვრება - ცესკოს, საოლქო ან საუბნო კომისიის წევრად საქმიანობის შეზღუდვა ვადით 1-დან 2 წლამდე. სწორედ ზემდგომი საარჩევნო კომისიის დისკრეციული უფლება იქნება გადაცდომის სიმძიმის მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს შეუზღუდოს ცესკოს, საოლქო ან საუბნო კომისიის წევრადსაქმიანობის ვადა 1-დან 2 წლამდე. სანქციის ერთ-ერთ ზომად განისაზღვრება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) თანამდებობიდან გათავისუფლება და კომისიის რიგით წევრად დატოვება, რაც პირდაპირ მიუთითებ საარჩევნო კომისიის აღნიშნული თანამდებობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხსენებული მოხელეების მხრიდან საარჩევნო პროცესის მიმართ მეტი გულისხმიერების აუცილებლობაზე. ამასთანავე, აღნიშნული სანქცია კომისიის რიგითი წევრობის თანამდებობის შენარჩუნებით, ხელს უწყობს საარჩევნო კომისიის გამართულ საქმიანობას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციით კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 500 ლარის ოდენობით. ჯარიმის აღნიშნული ზომის 1000 ლარამდე გაზრდა მეტად ადეკვატურს გახდის სანქციას სამართალდარღვევასთან შედარებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს: - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დამატებით ცესკოს, საოლქო ან საუბნო კომისიის წევრად საქმიანობის შეზღუდვას ვადით ერთიდან ორ წლამდე; - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დამატებით თანამდებობიდან გათავისუფლების და კომისიის რიგით წევრად დატოვების განსაზღვრას. - კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის საქართველო ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 87-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გაორმაგებას და ნაცვლად მოქმედი ჯარიმის 500 ლარის ოდენობისა, 1 000 ლარის ოდენობით განსაზღვრას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის მოცემული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ მიზანშეწონილია წარმოდგენილი ახალი რეგულაციები მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შევიდეს ძალაში, აუცილებელია კანონპროექტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონოპროექტის ინიციატორების მიერ მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ მიზანშეწონილია შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს წარმოდგენილი ახალი რეგულაციების ამოქმედება, მათი გაცნობა საზოგადოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებისათვის, რათა თავის მხრივ ცვლილებებმა შეასრულოს თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სამართალდარღვევების პრევენციის მხრივ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოახლოებულია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია საარჩევნო დღემდე ამოქმდებული იყოს წინამდებარე კანონპროექტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, რადგან კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება გარკვეული სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის (ჯარიმის) დაკისრების საკითხი. შესაბამისად, ამ სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჯარიმის სახით, ხოლო გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებულია, თუ რამდენი პირი დაჯარიმდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან იზრდება 1000 ლარამდე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და ამ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. შესაბამისად, მათ მოუწევთ აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ჯარიმის გადახდა. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა 500 ლარიდან იზრდება 1000 ლარამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება გარკვეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის (ჯარიმის) საკითხი. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან იზრდება 1000 ლარამდე. ამ ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მისიპრევენციული ეფექტის მიხედვით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,- მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია