საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, მისი 2021 წლის 14-16 ივლისს უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.08.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-10920/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-31
ბიუროს ნომერი 83

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-10920/21 10-08-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს მოგესალმებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს 2021 წლის 14-16 ივლისს უკრაინაში ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ. დანართი: ფურცელი 11 პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
21289-01-2-202108030942 № 01/21289 03/08/2021 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს ქალბატონო მაკა, გიგზავნით ა.წ. 14-16 ივლისს, უკრაინაში თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ანგარიშებს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ემინე ჯაპაროვასთან; უმაღლესი რადას ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ივან კრულკოსთან; საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, ლუდმილა მარჩენკოსთან და საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ოლექსანდრ მერეჟკოსთან. დანართი: 10 გვერდი პატივისცემით, თეიმურაზ ჯანჯალია მინისტრის მოადგილე
დანართი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის საუბრის ჩანაწერი უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ოლექსანდრ მერეჟკოსთან 16.07.2021, უკრაინა, ქ. კიევი, უკრაინის უმაღლესი რადა შეხვედრას ესწრებოდნენ: 1. 2. უკრაინის მხრიდან: უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარეს ოლექსანდრ მერეჟკო, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ანა გუროვა. საქართველოს მხრიდან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი, საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე. შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წთ. ოლექსანდრ მერეჟკო:  მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. განსაკუთრებით ვაფასებ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატა ქართულმა მხარემ, უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის მიერ ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ესკალაციის დროს. ძალიან გამიხარდა, რომ დამირეკა ჩემმა ქართველმა კოლეგამ და თანადგომა გამომიცხადა;  საქართველო უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად მხარს გიჭერთ აღნიშნულ საკითხში;  მე გახლავართ უკრაინის დელეგაციის წევრი PACE-ში და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს ქართველ კოლეგებთან;  მადლობას მოგახსენებთ გაერო-ში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის;  ვაგრძელებთ თანამშრომლობას პანდემიის პირობებშიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვაქცინაციის დოკუმენტების ურთიერთ აღიარების შესახებ;  საქართველოში არ ვარ ნამყოფი და იმედი მაქვს მალე გესტუმრებით. მაკა ბოჭორიშვილი:  მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მართლაც, ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. უნდა შევძლოთ კოორდინაცია საერთაშორისო ასპარეზზე, ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. საქართველოში დაგეგმილი ასოცირებული ტრიოს სამიტი, რომელშიც, უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამ ქვეყანას ბევრი საერთო აქვს;  მადლობას მოგახსენებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. გვაქვს საერთო გამოწვევები - შეიარაღებული კონფლიქტები, ოკუპაცია, ჰიბრიდული საფრთხეები;  უკანასკნელ პერიოდში, ასოცირებული ტრიოს ფორმატი გააქტიურდა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, ეწვივნენ ბრუსელს ერთიანობის დემონსტრირებისთვის. ჩემი მიზანია წინ წავწიო საპარალამენტო მიმართულება. გვსურს, თბილისში ჩავატაროთ ასოცირებული ტრიოს ასამბლეის სხდომა. ამ კონტექსტში, გვინდა ვიცოდეთ, თუ რომელი თარიღები იქნება მისაღები თქვენი პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რათა ოფიციალურად მოვიწვიოთ საქართველოში;  კარგი გამოცდილება გვაქვს კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობის და ქალბატონ კლიმპუშ-ცინცაძესთან შევთანხმდით, რომ დაველაპარაკებით ფონდის წარმომადგენლებს, სამი ქვეყნის ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. ამით, მოვახდენთ დემონსტრირებას, რომ საპარლამენტო განზომილებაში კარგად ვთანამშრომლობთ;   აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის თავზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. განსხვავებული სიტუაციაა ბელარუსთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში. კარგი მომენტია, რათა ჩვენმა სამმა ქვეყნამ დამატებითი სარგებელი მიიღოს; მივიღეთ ეკონომიკური დახმარების გეგმა ევროკავშირისგან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა, მასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. ოლექსანდრ მერეჟკო:  გეთანხმებით შეფასებებში. მქონდა საუბრები ჩემს კოლეგებთან ევროკავშირში და ისინი მხარს უჭერენ ასოცირებული ტრიოს ფორმატის გაძლიერებას;  კარგი გზავნილები მოდის მოლდოვადან, ხელისუფლებაში პრო-ევროპული უმრავლესობა მოდის, ასე რომ შეგვიძლია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაცოცხლება;  ერთიანი პოზიციის დაკავების შემთხვევაში, უკეთესი შანსები გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით;  უნდა მოვახდინოთ ძალისხმევის კოორდინაცია ორმხრივ, სამმხრივ ფორმატებში, სუამ-ში, ეუთო-ში, PACE-ში;  აგვისტოში დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ასევე დაგეგმილია „ყირიმის პლატფორმის“ სამიტი. იმედი მაქვს, ქართული მხარე მიიღებს მასში მონაწილეობას;  იმედი მაქვს, ჩვენს თავმჯდომარესაც ექნება შესაძლებლობა ეწვიოს საქართველოს. მაკა ბოჭორიშვილი:  ჩვენს სპიკერსაც სურს ეწვიოს უკრაინას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბატონი რაზუმკოვის გამოცდილება, მ.შ. როგორც ჟან მონეს დიალოგის პროცესის კოორდინატორის. მადლობელი ვიქნებით, თუკი შეძლებს ჩვენთვის რჩევებისა და მოსაზრებების გაზიარებას;  „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში საქართველო მიიღებს მონაწილეობას და ახლო მომავალში გაცნობებთ ვინ იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში, მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ. სამხედრო ესკალაცია საფრთხეს უქმნის არამხოლოდ რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპას. რეგულარულად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის მოტაცება. საქართველოს შემთხვევაში ის, რომ მიმდინარეობს სროლა, არ ნიშნავს, რომ გვაქვს მშვიდობა. ფერხდება ჩვენი განვითარება, ყოველდღიურად ზარალდება ადგილობრივი მოსახლეობა;  ეკონომიკური კუთხით, ევროკავშირისგან დახმარების კარგი პროგრამები გვაქვს. უკეთ უნდა გამოვიყენოთ არსებული მექანიზმები, კერძოდ კი DCFTA. უნდა დავეხმაროთ ჩვენს ბიზნესს, რომ კავშირები არა რუსეთის, არამედ ევროპის ბაზრებთან დაამყაროს. ოლექსანდრ მერეჟკო:  საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის აგრესიის შემდეგ, არ ვიცოდით, როგორ უნდა გვემოქმედა და თქვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან დაგვეხმარა;  მნიშვნელოვანია, განვავითაროთ თანამშრომლობა სუამ-ის ფარგლებში, ახალი სიცოცხლე უნდა ჩავბეროთ ამ ორგანიზაციას. მაკა ბოჭორიშვილი:  სუამ-ი საინტერესო პლატფორმაა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის;  ვფიქრობ, ყურადღება უნდა მივაქციოთ შავი ზღვის ფარგლებში თანამშრომლობას. იგი უნდა გახდეს ჩვენი დამაკავშირებელი ევროპასთან. მიხარია, რომ ევროკავშირში ამაზე დაიწყეს ფიქრი. შავი ზღვა გახდა ახალი გეგმის სერიოზული ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ციფრული კავშირების დამყარებას. ამ კონტექსტშიც, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ოლექსანდრ მერეჟკო:  დიდი მადლობა შეხვედრისთვის, გთხოვთ, გადასცეთ გულთბილი მოკითხვა ჩემს კოლეგას საქართველოს პარლამენტში. იმედი მაქვს, ახლო მომავალში პირადად შევხვდებით. მოამზადა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ჯემალ გოგიტიძემ 19.07.2021
დანართი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის საუბრის ჩანაწერი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ემინე ჯაპაროვასთან 14.07.2021, უკრაინა, ქ. კიევი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრას ესწრებოდნენ: 1. 2. უკრაინის მხრიდან: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ემინე ჯაპაროვა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და ნატო-ს დეპარტამენტის დირექტორი მარინა მიხაილენკო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ტერიტორიული დეპარტამენტის სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის სამმართველოს უფროსი ვოლოდიმირ ბოეჩკო; საქართველოს მხრიდან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი, საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე. შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წთ. მაკა ბოჭორიშვილი:  მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა გააქტიურდა. ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს, ამიტომ, აუცილებელია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე სამმხრივ ფორმატში თანამშრობლობა ყველა მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი, ერთობლივი ქმედებები, პრეზიდენტების დაგეგმილი შეხვედრა ბათუმში, ხელს შეუწყობს ჩვენს საერთო მიზნისკენ სვლას. გვსურს ასევე გავააქტიუროთ საპარლამენტო განზომილება და მეტად გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატია.  სასურველია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ამ მიმართულებითაც შევძლოთ გზავნილების შემუშავება და ერთობლივი ღონისძიებების გაკეთება. ემინე ჯაპაროვა:  მადლობა სტუმრობისთვის. მართლაც, გააქტიურდა დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, შედგა საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები უკრაინაში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. მოხარული ვართ ურთიერთობების გააქტიურებით;  აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, ასოცირებული ტრიო რეალობაა, რომელიც უნდა გავაძლიეროთ, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებში, მაგ. ბელარუსში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. დაგეგმილი სამიტი შედეგებზე ორიენტირებული უნდა იყოს;  ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ტრადიციულად მხარს ვუჭერთ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა და რუსეთის უკანონო ფორმირებების გაყვანის თაობაზე, რომელთა თანასპონსორებიც ვიქნებით;  მართლაც, საერთო გამოწვევები გვაქვს. ჩემთვის, ყირიმი პირადი ტკივილია. 2014 წელს, ყირიმში, ჟურნალისტი ვიყავი და საკუთარი თვალებით ვხედავდი როგორ ვითარდებოდა მოვლენები. დღესაც, ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს ყირიმში და იქ არსებული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, თუ რას ამბობს რუსეთი. მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, ადგილობრივი მოსახლეობა შიშის ქვეშ ცხოვრობს. მე ყირიმი ოკუპაციიდან 6 თვეში დავტოვე და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ, დაცულად ვგრძნობ თავს;  ყირიმს რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის, სამხედრო ბაზად იყენებს. მართალია, მიმდინარეობს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, თუმცა, თუ დავუკვირდებით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი რუსეთის ჯარების მომსახურებისთვის ხორციელდება. ოკუპაციის შემდეგ, ნახევარკუნძულზე 500 000 ადამიანი ჩამოასახლეს რუსეთიდან;     2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინაში გაისმოდა მოსაზრებები, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებოდით, თუმცა, ამის მიუხედავად, მზად არ აღმოვჩნდით; აგვისტოში, აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეს და პარალელურად, გაიმართება „ყირიმის პლატფორმის“ საინაუგურაციო სამიტი. მსურს, მოკლედ გიამბოთ ჩვენი ინიციატივის თაობაზე. იგი ეფუძნება სამ კომპონენტს: სტრატეგია, კოორდინაცია და სინერგია; ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკვე მიიღო სტრატეგია ყირიმთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს მოვახდინოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია. ამან უკვე გამოიწვია რუსეთის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია. მათ, პლატფორმა რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადეს და აწარმოებენ ჩვენი პარტნიორების შანტაჟს, რათა მასში მონაწილეობა არ მიიღონ; ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. „ყირიმის პლატფორმას“ საპარლამენტო განზომილებაც აქვს, ასე რომ, თქვენც აუცილებლად დაგპატიჟებთ; მაკა ბოჭორიშვილი:  ჩვენ კარგად ვიცით რა არის ოკუპაცია, ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რეგულარულად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხდება მათი გატაცება, უკანონო პატიმრობაში აყვანა, ძალადობა. ხდება რუსეთის კანონებით ჩვენი მოქალაქეების გასამართლება;  რთულია არსებულ მდგომარეობაზე საკმარისი ყურადღების მიპყრობა. ძალზედ მნიშვნელოვანია, შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ხდება ჩვენთან და შევინარჩუნოთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მათ დღის წესრიგში;  ჩვენ მუდმივად ვახსენებთ პარტნიორებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო მობილიზება, სამხედრო ბაზების გახსნა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას;  კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება არ არის მარტივი, მაგრამ რუსეთმა არ უნდა იგრძნოს, რომ მას ყველაფერი ეპატია. არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს. რუსეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს და შემდეგ გადადგას ნაბიჯები. მათთვის პრობლემა არამხოლოდ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების სურვილია, არამედ ზოგადად, ჩვენი ორიენტაცია დასავლეთზე;  თუ შეიძლება, უფრო დეტალურად რომ გამაცნოთ „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო განზომილება? ემინე ჯაპაროვა:  გეთანხმებით, რომ უნდა გავაგრძელოთ „მიწოლა“ და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე;  რუსეთი წარმატებულად ქმნის წარმოდგენას, რომ ეს არის „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება;  „ყირიმის პლატფორმის“ შექმნის მოტივაცია გახლდათ ის, რომ მოხდა საკითხის მიჩუმათება. რუსეთი ყველა ძალისხმევას ხმარობს, რათა არ მოხდეს მისი განხილვა;  ჩვენი ტაქტიკაა, რომ დიპლომატიური გზებით, დავიბრუნოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება;  ყირიმში აქტიურად მიმდინარეობს მილიტარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების შევიწროება, დაპატიმრება, მათი ტერორისტებად წარმოჩენის მცდელობა, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ხმამაღლა ვისაუბროთ ყირიმის პრობლემაზე;  აგვისტოში დაგეგმილი საინუგურაციო სამიტი საფუძველს ჩაუყრის ამ პროცესს. ხელი მოეწერება „ყირიმის ქარტიას“, სადაც განსაზღვრული იქნება თუ რა არის ყირიმი და რა უნდა გავაკეთოთ ერთობლივი ძალებით. ამ ეტაპისთვის, ვიცით, რომ სამიტში დაახლოებით 30 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 - ქვეყნების ლიდერები იქნებიან (პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები, მმართველობის ფორმის შესაბამისად);  გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას ოდესაში, რომელიც დაეთმობა შავ და აზოვის ზღვებზე უსაფრთხოების საკითხებს;  პლატფორმას ექნება სამი განზომილება: 1. სამთავრობო განზომილება, რომლსაც კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს; 2. 3. საპარლამენტო განზომილება. 2020 წლის დეკემბერში, უმაღლეს რადაში ჩამოყალიბდა „ყირიმის პლატფორმის“ ჯგუფი, რომელშიც 45 დეპუტატია გაერთიანებული. მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს:  შიდა მიმართულება - უკრაინის კანონმდებლობის დახვეწა. მაგალითისთვის, გაუქმებულ იქნა ყირიმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში კითხვის ნიშნებს აჩენდა. გარდა ამისა, მიღებულ იქნა პრეზიდენტის ინიცირებული კანონი მკვიდრი მოსახლეობის თაობაზე, რომელიც იცავს იმ მკვიდრი ხალხების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის საზღვრებს გარეთ სახელმწიფო არ გააჩნიათ;  საგარეო მიმართულება - მუშაობა მეგობრებთან საპარლამენტო ასამბლეებში. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ასევე ლიეტუვისა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოებში უკვე ჩამოყალიბდა „ყირიმის პლატფორმის“ მხარდამჭერი ჯგუფები. მიმდინარეობს და იგეგმება ერთობლივი დისკუსიები, ღონისძიებები, რათა ყირიმის საკითხი არ მიეცეს მივიწყებას. შესაძლოა, საქართველოს პარლამენტმაც განიხილოს მსგავსი ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა? საექსპერტო განზომილება. ჩვენ გვყავს 280 ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია. მათთან ვაპირებთ თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას, რათა დავიხმაროთ ისინი და გამოვიყენოთ ეს რესურსი ანალიტიკის, კვლევებისა და მონიტორინგისთვის. გვსურს ასევე განვავითაროთ საექსპერტო დიპლომატია გავიტანოთ საკითხი უკრაინის გარეთ, ხელი შევუწყოთ უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობას. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ღონისძიება მსოფლიო დედაქალაქებში, საექსპერტო დონეზე. მაკა ბოჭორიშვილი:  აუცილებლად განვიხილავ ამ საკითხს საქართველოს პარლამენტში. შესაძლოა ასევე ვიფიქროთ, Euronest-ის, როგორც პლატფორმის გამოყენებაზე. ბევრი შესაძლებლობა არსებობს საკითხისადმი ყურადღების მისაპყრობად.  საქართველო დაინტერესებულია „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მონაწილოებით. ახლო მომავალში საბოლოოდ გადაწყდება, თუ ვინ მიიღებს ჩვენგან მონაწილეობას ღონისძიებაში ქართული მხრიდან;  ასევე, ველით პრეზიდენტ ზელენსკის ბათუმში, ასოცირებული ტრიოს პირველ სამიტზე. მახსოვს, თუ რაოდენ რთული იყო თუნდაც 2 წლის წინ ევროპელ პარტნიორებთან ტრიოს ფორმატზე საუბარი. ახლა უფრო მეტი მზაობაა მათი მხრიდან. მათ რეალისტურად უნდა შეაფასონ რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. აღნიშნულ ფორმატს შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის გადარჩენა. სამ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. გვაქვს ბევრად მეტის მიღწევის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ძალზედ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ეკონომიკური დახმარების გეგმა, თუმცა, ჩვენ გვესაჭიროება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერაც;  ბელარუსის საკითხს როგორ უყურებთ? ემინე ჯაპაროვა:  ბელარუსი არ მიიღებს მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმაში“, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ დავპატიჟოთ ტიხანოვსკაია ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მაკა ბოჭორიშვილი:  მოწადინებული ვართ განვავითაროთ საპარლამენტო თანამშრომლობა ტრიოს ფორმატში. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები შესანიშნავად მუშაობენ აღნიშნული ფორმატის ხელშეწყობისთვის. არსებობს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა სპიკერების დონეზე. იმედი მაქვს, რომ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნებისა და ცვლილებების შემდეგ, ეს ფორმატი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ვფიქრობთ, მოვიწვიოთ სპიკერები საქართველოში, ასამბლეის მორიგი სხდომის ჩასატარებლად. ასევე, არსებობს ასოცირებული ტრიოს ჯგუფი Euronest-ში, რომელიც, მოლდავური მხრიდან ინტერესის ნაკლებობის გამო ნაკლებად აქტიური იყო ბოლო პერიოდში. იმედი მაქვს, აღნიშნული ფორმატის გააქტიურებასაც შევძლებთ.  ბევრი შესაძლებლობა გვაქვს ყურადღების მოსაზიდად. ვეცდებით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის გვქონდეს ძლიერი გზავნილი საპარლამენტო კუთხით. მარინა მიხაილენკო:  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნას Euronest-ის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. სამწუხაროდ, მისი მიღება ვერ მოხერხდა.  მადლობელი ვიქნებით საქართველოს მხარდაჭერის, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. მაკა ბოჭორიშვილი:  ნამდვილად სამწუხარო იყო, რომ ევრონესტმა ბოლო სესიაზე ვერ შეძლო რეზოლუციის მიღება. თუმცა სექტემბერში ბიუროს ფორმატში ისევ ვიმსჯელებთ, შემდგომ ნაბიჯებზე. მე პირადად ვემხრობი რიგგარეშე სესიის მოწვევას, იგივე პოზიცია აქვს ანდრიუს კუბილიუსს. თუ იქნება სათანადო მხარდაჭერა ბიუროს წევრების მხრიდან, შევძლებთ რიგგარეშე სისიის ჩატარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, განვიხილავთ სხვა გზებს იმისათვის, რომ სამიტზე ევრონესტის გზავნილი გაჟღერდეს. მნიშვნელოვანია, რომ ევრონესტის გზავნილი მტკიცედ უჭერდეს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის ამბიციებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.  ევროპარლამენტისგან ყოველთვის გვქონდა ძლიერი მხარდაჭერა, ეს უნდა შევინარჩუნოთ; მოამზადა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ჯემალ გოგიტიძემ 19.07.2021
დანართი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის საუბრის ჩანაწერი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებთან 14.07.2021, უკრაინა, ქ. კიევი, უკრაინის უმაღლესი რადა შეხვედრას ესწრებოდნენ: 1. 2. უკრაინის მხრიდან: უკრაინის უმაღლესი რადას ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარე ივანა კლიმპუშ-ცინცაძე (ფრაქცია „ევროპული სოლიდარობა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ივან კრულკო (ფრაქცია „სამშობლო“), საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარე ლუდმილა მარჩენკო (ფრაქცია „ხალხის მსახური“); საქართველოს მხრიდან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი, საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე. შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი. ივანა კლიმპუშ-ცინცაძე:  მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. გადავწყვიტეთ გაფართოებულ ფორმატში ჩაგვეტარებინა ჩვენი შეხვედრა, ვინაიდან ძალიან დატვირთული კვირა გვაქვს რადაში, ყოველდღე გვემატება პლენარული სხდომები. გარდა ამისა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, გხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რაც, უკრაინის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დასტურია;  მოხარული ვარ, რომ ჩვენი დელეგაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ საპარლამენტო ასამბლეაში, სხვადასხვა დონეზე;  მზად ვართ ვიდგეთ საქართველოს გვერდში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხებში. საქართველოც, ანალოგიურად ყოველთვის გვიჭერს მხარს;  საერთო დღის წესრიგი გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. არსებობს გარკვეული ნიუანსები ბელარუსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაკავშირებით. მოხარული ვარ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით. იმედი მაქვს, ეს საშუალებას მოგვცემს განვაახლოთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი;  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დღის წესრიგი. იმედია, შევძლებთ საკითხის ბოლომდე მიყვანას. მაკა ბოჭორიშვილი:  მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და მიზნები. მნიშვნელოვანია, რომ გავაერთიანოთ ძალები საგარეო მიმართულებით და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. საერთაშორისო ასპარეზზე გავაჟღეროთ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა;  მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, უნდა მოვახდინოთ სამომავლო ნაბიჯების კოორდინაცია. იმედი მაქვს, შევძლებთ პროცესების გამოცოცხლებას და განსხვავებულ სურათს მივიღებთ საპარლამენტო თანამშრომლობის კუთხით;  ევროინტეგრაციის პროცესში სამმხრივი თანამშრომლობის კარგი დინამიკა გვაქვს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ასოცირებული ტრიოს მემორანდუმს, რამდენიმე დღეში შედგება სამი პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით. გვსურს ასევე გავააქტიუროთ სამმხრივი თანამშრომლობა საპარლამენტო მიმართულებით და გამოვიყენოთ არსებული ფორმატები.  გვსურს, ჩავატაროთ საპარლამენტო ასამბლეა სამმხრივ ფორმატში. მოხარული ვიქნებით, ვუმასპინძლოთ სხდომას საქართველოში, უახლოეს მომავალში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე. გთხოვთ, გადასცეთ ეს გზავნილი პარალმენტის თავმჯდომარეს. გვსურს, ჩავატაროთ ასამბლეის სხდომა თბილისში უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ სექტემბერში, თუ ამის მზაობა იქნება უკრაინული და მოლდოვის მხრიდან.     მოლდოვის არჩევნების გათვალისწინებით, როგორც კი შესაბამისი პირები იქნებიან არჩეული, დავიწყებთ მათთანაც მუშაობას სამმხრივი ფორმატების გასააქტიურებლად. მე ასევე გახლავართ Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე და ასოცირებული ტრიოს სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, რომლის სხდომაც სამწუხაროდ წელს არ ჩატარებულა. მოველით, რომ მოლდოვის მხრიდან იქნება საჭირო მზაობა, რომ ეს ფორმატი ისევ გააქტიურდეს. სურვილი გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩავატაროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ოქტომბერ-ნოემბერში, საქართველოში, ან ბრუსელში. ამის თაობაზე უკვე ვესაუბრე თანათავმჯდომარეს ევროპარლამენტის მხრიდან. სამწუხაროდ, ბოლო პლენარულ სესიაზე რეზოლუცია, რაც უნდა ყოფილიყო გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისადმი, თუმცა სექტემბერში ბიუროს ფორმატში განვიხილავთ რიგგარეშე სესიის ან სხვა ფორმით გზავნილის შემუშავების საკითხს და იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უნდა შევძლოთ Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის გზავნილის გაგზავნა სამიტისთვის; ევროპარლამენტი ყოველთვის უფრო თამამი იყო წევრობის პერსპექტივის საკითხებთან დაკავშირებით, მათთან უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციებს ქონდეს აქტიური მხარდაჭერა ევროპარლამენტში. შეგვიძლია გავმართოთ შეხვედრა ოქტომბერში ან ნოემბერში, რათა შევიმუშაოთ ერთობლივი გზავნილი სამიტისთვის. სამიტი ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და გზავნილები. ივან კრულკო:  მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. სრულად გეთანხმებით, უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანია Euronest-ში ტრიოს სტრატეგიაზე ფოკუსირება;  უკანასკნელ საპარლამენტო ასამბლეაზე პრობლემა გვქონდა. ევროკავშირის ყველა პარლამენტარი არ უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას. იმედი მაქვს, შევძლებთ უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას;  მნიშვნელოვანია, მივიღოთ Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური გზავნილი სამიტისთვის. გარდა ამისა, გვაქვს წინადადება Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქალთა ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ რადას დეპუტატის, ნატალია კოროლევსკას ინიციატივა;  ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია „ყირიმის პლატფორმა“, რომლის სამიტიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დაემთხვევა. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს მეგობრებს და ბუნებრივია, თქვენც ხართ დაპატიჟებული. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რათა შევინარჩუნოთ ყირიმი, როგორც უკრაინის განუყოფელი ნაწილი. მაკა ბოჭორიშვილი:  თქვენთან შეხვედრამდე, შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ემინე ჯაპაროვას, რომელთანაც, „ყირიმის პლატფორმაზეც“ გვქონდა საუბარი. ახლო მომავალში გაცნობებთ, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს აღნიშნულ ღონისძიებაზე;  მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. შეგვიძლია ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ამისთვის Euronest-ის საპარლამენტო პლატფორმა;  ჩვენი ქვეყნები ჰიბრიდული საფრთხის წინაშე დგანან და ამას უნდა ვუპასუხოთ. ივანა კლიმპუშ-ცინცაძე:  გეთანხმებით და სამწუხაროდ, ჰიბრიდულ საფრთხეებს ნაკლები ყურადღება ეთმობა საპარლამენტო განზომილებაში. შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ საკითხზე და ერთიანი პოზიციით დაველაპარაკოთ პარტნიორებს;  ასევე, მოხარული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ესტუმრება ბათუმს, ასოცირებული ტრიოს პირველ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. კარგია, რომ მასში შარლ მიშელიც მიიღებს მონაწილეობას;  რაც შეეხება სამმხრივ ფორმატში საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას, აუცილებლად გავივლი კონსულტაციებს რადას თავმჯდომარესთან და დაგიბრუნდებით პასუხით  მისთვის მისაღები თარიღების თაობაზე. შესანიშნავი იდეაა, ვისურვებდი რომ ჩვენც ასეთი პრო-აქტიური მიდგომა გვქონდეს; ვფიქრობ, უნდა აღვადგინოთ სამი ქვეყნის ევროინტეგრაციის კომიტეტების შეხვედრების ფორმატი. შეგვიძლია, მივმართოთ გერმანულ ფონდებს და ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამ ფორმატის გამოცოცხლება. შესაძლოა, ეს მოხდეს არა სამიტამდე, არამედ როგორც მისი “follow-up”. შეგვიძლია ასევე მოვიწვიოთ ევროპელი დეპუტატები ასოცირების კომიტეტებიდან. მას შემდეგ, რაც მოლდოვაში დასრულდება პროცესები, შეგვიძლია ეს ერთად გავაკეთოთ. მაკა ბოჭორიშვილი:  შეგვიძლია დაველაპარაკოთ კონრად ადენაურეის ფონდს, რათა ჩავატაროთ ევროინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. ივანა კლიმპუშ-ცინცაძე:  გარდა ამისა, გვსურს ვეწვიოთ საქართველოს, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში. ჩვენ უკვე გვაქვს დამტკიცებული მომავალი წლის გეგმა, ვიცით თარიღები როდესაც შეგვეძლება ვიზიტის დაგეგმვა. კარგი იქნება, თუ შევათანხმებთ, ჯგუფის წევრებს დიდი სურვილი აქვთ, წლის ბოლომდე ეწვიონ საქართველოს. მაკა ბოჭორიშვილი:  დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ უკრაინელ კოლეგებს საქართველოში. მოამზადა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ჯემალ გოგიტიძემ 19.07.2021