„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი, დავით სერგეენკო, ხათუნა კვიციანი
ნომერი
#07-3/107/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი, ექსპერტი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში – აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის მიზნებისთვის ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე პირად ასევე მიიჩნევა ამ კოდექსის 201 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ექსპერტი 1. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ექსპერტიზის ჩატარება გულისხმობს არასრულწლოვანთან კომუნიკაციას, ექსპერტად მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ექსპერტს. 2. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ექსპერტიზის ჩატარება გულისხმობს არასრულწლოვანთან კომუნიკაციას და ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელია იმ ექსპერტის მოწვევა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული არ არის, ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობს ფსიქოლოგი ან ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფსიქოლოგის ან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობა აუცილებელი არ არის, თუ ტარდება საკომისიო ექსპერტიზა და ექსპერტთა კომისიაში შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ერთი ექსპერტი მაინც. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანთან ექსპერტის ნებისმიერი კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს იმ ექსპერტის მონაწილეობით და უშუალო დასწრებით, რომელიც არის სპეციალიზებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ტარდება კომპლექსური ექსპერტიზა და რომელიმე ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული არ არის, ამ ექსპერტის მიერ ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობს ფსიქოლოგი ან ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ფსიქოლოგისთვის ცნობილი გახდება ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობს მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით და შესაბამისი საპროცესო მოქმედების დროს განახორციელოს მისი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.“. 3. 23-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვანი მოწმის, არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით. ამ კოდექსის 201 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობა სავალდებულოა. 6. როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 4. 29-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. ამ კოდექსის 201 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობა სავალდებულოა.“. 5. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ნაწილები: „12. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმის გამოძიების სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმის განმეორებითი გამოკითხვა, გამოკითხვის შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად დაკითხვა ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად განმეორებით დაკითხვა ნებადართულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზის არსებობისას, პროკურორის წინასწარი თანხმობით, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საქმის სასამართლოში განხილვისას არასრულწლოვანი მოწმე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება არ დაიკითხოს, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში ქვეყნდება არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმი/წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს მტკიცებულება, თუ ის არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.“. 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი: „521. არასრულწლოვნის მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეების გამოძიების სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიზნით შეიძლება მიიწვიონ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზის არსებობისას, პროკურორის წინასწარი თანხმობით, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს პროკურატურასთან, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ტრენერების გადამზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული ექსპერტების გადასამზადებლად. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე15 დღეს. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-4 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად დადგენილია ამავე პროცესში არასრულწლოვნებთან ურთიერთობის სპეციფიკური სტანდარტები, რის მიზანიც არის არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის უზრუნველყოფა. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, რაც კანონმდებლის მიერ ამ კოდექსის შექმნისას არჩეული ზოგადი მიდგომაა. კოდექსში ასევე მოცემულია იმ პირთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც კანონის მიზნებისთვის ითვლებიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელ/პროცესის მონაწილე პირებად. კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილში მოცემულ აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული ექსპერტი. იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად: სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიქოლოგიური, სასამართლო-ფსიქიატრიული და სხვა ექსპერტიზის დროს) ექსპერტს საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად უშუალოდ უწევს გამოსაკვლევ არასრულწლოვანთან კომუნიკაცია (უშუალო კონტაქტის დამყარება), ლოგიკური და მნიშვნელოვანია, რომ სპეციალიზაციის მოთხოვნა გავრცელდეს ექსპერტზეც, რაც შეამცირებს არასრულწლოვანი პროცესის მონაწილის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკებს. აღსანიშნავია, რომ სპეციალიზაციის მოთხოვნის გავრცელება ლოგიკურია მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ექსპერტს უწევს გამოსაკვლევ პირთან უშუალო კომუნიკაცია. სხვა შემთხვევებში კი, როდესაც საექსპერტო გამოკვლევა, თავისი არსით, არ გულისხმობს ექსპერტსა და გამოსაკვლევ პირს შორის კომუნიკაციას (მაგალითად: ქიმიური ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ბალისტიკური ექსპერტიზა და სხვა) და არ არსებობს ამ პროცესში პირის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკი, ექსპერტისთვის სპეციალიზაციის ვალდებულების დაწესების აუცილებლობა ობიექტურად არ არსებობს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმის გამოძიებისას, არ არსებობს პირდაპირი შეზღუდვა არასრულწლოვანი მოწმის განმეორებით დაკითხვაზე ან გამოკითხვის შემდეგ განმეორებით მაგისტრ მოსამართლესთან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114--ე მუხლის შესაბამისად დაკითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე მოწმის დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული, აღნიშნული გარანტია, თავისი დეკლარაციული ხასიათის გამო, არ არის საკმარისი მეორეული ვიქტიმიზაციისაგან არასრულწლოვანთა ეფექტიანად დასაცავად და აუცილებელია დამატებითი, უფრო კონკრეტული რეგულაციის შემუშავება. ამ მიზნით, აუცილებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში დეტალურად გაიწეროს ამ კატეგორიის საქმეებზე განმეორებითი გამოკითხვის, ან გამოკითხვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საფუძველი და წესი, რაც უზრუნველყოფს არასრულწლოვან მოწმესთან დაუსაბუთებლად, ანუ არასაჭირო შემთხვევებში, დამატებით კომუნიკაციას და შედეგად, შემცირდება მისი მეორეული ვიქტიმიზაციის რისკები. საგამოძიებო პრაქტიკაში განმეორებითი დაკითხვის პრობლემის შესახებ საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალურ ანგარიშშიც „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების კვლევა და მონიტორინგი“. აღნიშნული ანგარიშის თანახმად: „საქმის მასალები ცხადყოფს, რომ დაზარალებული არასრულწლოვნის გამოკითხვა, როგორც წესი, ორჯერ ხდება. ამასთანავე, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნის მეორე გამოკითხვას სხვა სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ესწრებოდა. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნის მეორე გამოკითხვას ან სხვა საგამოძიებო მოქმედებას წარმართავს სხვა გამომძიებელი. ფსიქოლოგებთან ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ხშირად არასრულწლოვანი რამდენჯერმე გამოიკითხება გამომძიებლის მიერ და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება NICHD პროტოკოლით მისი გამოკითხვა.“1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად. როგორც ამ განმარტებიდან ირკვევა, ეს საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ატარებდეს ჩვენების ადგილზე შემოწმების ხასიათს, რაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმის გამოძიებისას, არასრულწლოვანი პირისთვის მეორეული ვიქტიმიზაციის მაღალი რისკის მატარებელია. მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არასრულწლოვანი მოწმის დაცვის საკმარის გარანტიებს, რის გამოც დამატებითი გამოკითხვისა და დაკითხვის მსგავსად, ამ საგამოძიებო მოქმედების დროსაც კანონმდებლობაში უნდა გაჩნდეს შესაბამისი დამცავი მექანიზმები. აღნიშნული პრობლემის შესახებ ასევე საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც, სადაც მითითებულია: „გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მსხვერპლს უკითხავენ მის ჩვენებას, ათვალიერებინებენ ადგილს, არასრულწლოვანი დგება კონკრეტულ ადგილას და ხელის გაშვერით მიუთითებს იმ ადგილებზე, სადაც მის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ფაქტი/ფაქტები, ხოლო სამართალდამცავი უწყების მიერ ხდება არასრულწლოვნის ამ მდგომაროებაში დაფოტოსურათება. აღნიშნული წარმოშობს მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს და არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს“2. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებში განსაკუთრებით მაღალია რისკი, რომ, საქმის სასმართლოში განხილვისას, დაცვის მხარის მიერ დაკითხვის პროცესი შეიძლება წარიმართოს ისეთი ფორმით, რაც გამოიწვევს დანაშაულის მსხვერპლისთვის ხელახალი ტრავმის მიყენებას. იმის მიუხედავად, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამ კუთხით ითვალისწინებს მოწმის დაცვის გარკვეულ პროცესუალურ გარანტიებს, აღნიშნული არ არის საკმარისი და ვერ უზრუნველყოფს მოწმის ეფექტიან დაცვას ბრალდებულის და რიგ შემთხვევებში მისი ადვოკატის მიერ ნაწარმოები აგრესიული და ჩამძიებლური ჯვარედინი დაკითხვისაგან, რა დროსაც ბრალდებულის გამართლების ინტერესმა შეიძლება გადაწონოს და შელახოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი. ამდენად, აუცილებელია გონივრული ბალანსის პოვნა, რა დროსაც ერთი მხრივ დაცული იქნება დაცვის უფლება, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფილი იქნება დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვნის ინტერესების სათანადოდ დაცვა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის როლი და დატვირთვა უმნიშვნელოვანესია, იგი არ არის აბსოლუტური ხასიათის3. 1 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალურ ანგარიში „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების კვლევა და მონიტორინგი“გვ., 58-59. 2 იქვე, გვ.,59. 3 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობა ფასდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ხსენებული პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). ამ კუთხით ასევე საინტერესოა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ეგიდით 2005 წელს დამტკიცებული არასრულწლოვან მსხვერპლთა და მოწმეთა მონაწილეობით სამართალწარმოების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, არასრულწლოვანი დაცული უნდა იყოს სისხლის სამართლის პროცესის სირთულეებისგან. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მინიმუმამდე უნდა დავიდეს არასრულწლოვანთა მონაწილეობა გამოძიებასა და სისხლის სამართლის პროცესის სამართალწარმოებაში. მათ შორის, სპეციალური მექანიზმების შემუშავების გზით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს არასრულწლოვნის გამოკითხვის, მისგან მტკიცებულების შეგროვების, სასამართლოში დაკითხვისა და ჩვენების მიცემის პროცედურები. ალტერნატივად გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ასახელებენ მოზარდის ჩვენების ვიდეოზე ჩაწერას და შემდგომ სტადიებზე სწორედ ამ ვიდეო ჩანაწერის გამოყენებას.4 საქმეში S.N. შვედეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სექსუალური ძალადობის საქმეებზე მსხვერპლის დაცვის სპეციალური მექანიზმების არსებობის საჭიროება, განსაკუთრებით არასრულწლოვნების შემთხვევაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ამგვარი დაცვის მექანიზმები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ბრალდებულის მხარის ადეკვატური და ეფექტური დაცვის უფლებასთან.5 აღნიშნულ საქმეში, განმცხადებელი დავობდა, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს მხოლოდ არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების ვიდეოფირის საფუძველზე და ამგვარად დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება ეფექტური დაცვის ჭრილში. თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა და აღნიშნა, რომ სექსუალური დანაშაულის საქმეებში მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი და მიუთითა, რომ ამგვარ საქმეებში მოწმეთა დაკითხვა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის მიერ გაკეთებული განცხადებები მართლაც ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა ბრალდებულის წინააღმდეგ, მიმდინარე სასამართლო პროცესები მთლიანობაში სამართლიანი იყო. ვიდეოფირის ჩვენება განხორციელდა საქმის არსებით განხილვასა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე, მეორე დაკითხვის ჩანაწერი კი რაიონული სასამართლოს წინაშე იყო გამოკვლეული, აუდიო ფირი ასევე იყო წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განმცხადებელს აძლევდა საკმარის შესაძლებლობას, რომ არასრულწლოვნის მიერ მიცემულ ჩვენებაზე შედავება განეხორციელებინა და გაექარწყლებინა მისი სანდოობა სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში.6 ევროკავშირის დირექტივა 2012/29/EU დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მინიმალური სტანდარტების შესახებ ავალდებულებს წევრ ქვეყნებს ნებისმიერ სრულწლოვან თუ არასრულწლოვან მსხვერპლთან მიმართებით, თავიდან აიცილონ მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის, დამნაშავის მხრიდან დაშინების ან შურისძიების 4 იხ. https://www.un.org/en/ecosoc/docs/2005/resolution%202005-20.pdf 5 S.N. v. Sweden, No. 34209/96, 2020 წლის 2 ივლისი, პარაგრაფი 47 6 იქვე, პარაგრაფი 52 რისკი. ხელახალი/მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მექანიზმები დირექტივის მე-20 მუხლის მიხედვით, inter alia, არის შემდეგი7: მსხვერპლთან გამოკითხვების ჩატარების რაოდენობა უნდა იყოს რაც შეიძლება მინიმალური, მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას, გამოძიების მიზნებისათვის; ხოლო დამატებით არასრულწლოვნებისთვის8 დირექტივა ითვალისწინებს სპეციალური დაცვის მექანიზმებს, როგორებიცაა, უფლება სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად გამოყენებული იქნეს მსხვერპლი არასრულწლოვნის გამოკითხვის აუდიოვიზუალური ჩანაწერი,9 რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლის დამნაშავესთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი.10 არასრულწლოვნის გამოკითხვის რაოდენობების შეზღუდვისა და სასამართლო სხდომაზე გამოკითხვის ჩანაწერის გამოყენების შესახებ ასევე მითითებულია ევროპის საბჭოს 2007 წლის 25 ოქტომბრის კონვენციაში „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ (ე.წ. ლანზაროტის კონვენცია).11 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი უნდა ითვალისწინებდეს მოწმის დაცვის სხვადასხვაგვარ ინსტრუმენტებს და ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების გათვალისწინებით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმებიდან ყველაზე შესაფერისის გამოყენების თაობაზე. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საკმარისი იყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოწმის დაცვის ღონისძიებების გამოყენება, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებში, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოსამართლეს ასევე უნდა ჰქონდეს უფრო ეფექტური დამცავი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს არსებით სხდომაზე მოწმის განმეორებითი დაკითხვის ნაცვლად მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი/წინასასამართლო ჩვენება) გამოქვეყნებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს შეეზღუდება მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლება, რის გამოც აუცილებელია კანონში დათქმის გაკეთება, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს მტკიცებულება, თუ ის არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ამდენად, ექსპერტების სპეციალიზაციის საკითხის, ასევე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებზე ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების წესის ახლებურად მოსაწესრიგებლად, აუცილებელია ცვლილების განხორციელება აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების შედეგად, ექსპერტიზის ჩატარებისას მნიშვნელოვნად შემცირდება არასრულწლოვანი პირების მეორეული ვიქტიმიზაციის რისკები, რადგან ექსპერტიზის განმახორციელებელ პირებს გავლილი ექნებათ შესაბამისი მომზადება და განვითარებული ექნებათ არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის შესაბამისი უნარები. ევროკავშირის დირექტივა 2012/29/EU დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მინიმალური სტანდარტების შესახებ, მუხლი 20(ბ) და 20(დ) 8 იქვე, მუხლი 22.4 9 იქვე, მუხლი 24.1(ა) 10 იქვე, 22.3(ა) 11 ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ, 2007 წლის 25 ოქტომბერი, მუხლები 31.1(გ); 35.1 (ე); 35.2 და 36.2(ბ); 7 გამოკითხვის, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით პროექტით შემოთავაზებული გარანტიები უზრუნველყოფს არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის უფლებების უკეთ დაცვას და ხელს შეუწყობს მათი მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შემცირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მონაწილეობისთვის მოეთხოვებათ სპეციალიზაციის გავლა, ემატება ექსპერტიც, რომელსაც საექსპერტო კვლევიდან გამომდინარე უწევს გამოსაკვლევ არასრულწლოვან პირთან კომუნიკაცია. კანონპროექტით დეტალურადაა დარეგულირებული კომპლექსური და საკომისიო ექსპერტიზის დროს ექსპერტის სპეციალიზაციის მოთხოვნები, ასევე, საქმეში ობიექტური მიზეზით განპირობებული არასპეციალიზებული ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან ფსიქოლოგის ჩართვის ვალდებულება. ამასთანავე, კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ როდესაც ფსიქოლოგისთვის ცნობილი გახდება ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობს მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით და შესაბამისი საპროცესო მოქმედების დროს განახორციელოს მისი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმის გამოძიების სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმის განმეორებითი გამოკითხვა, გამოკითხვის შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად დაკითხვ ან 114-ე მუხლის საფუძველზე განმეორებით დაკითხვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზის არსებობისას, პროკურორის წინასწარი თანხმობით, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმის სასამართლოში განხილვისას არასრულწლოვანი მოწმე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება არ დაიკითხოს, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში გამოქვეყნდება არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმი/წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს მტკიცებულება, თუ ის არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით. პროექტით ხდება არასრულწლოვნის დამცავი მექანიზმების გათვალისწინება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, კერძოდ განისაზღვრება, რომ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეების გამოძიების სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიზნით შეიძლება მიიწვიონ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზის არსებობისას, პროკურორის წინასწარი თანხმობით, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილების კანონთან შესაბამისობა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს პროკურატურასთან, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით, 60 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ტრენერების გადამზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიზნით ექსპერტების გადასამზადებლად. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ცვლილებების პროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით. კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებების დამდგენი ნორმების ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. რაც შეეხება განმეორებითი გამოკითხვის/დაკითხვის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ახალ წესს, ის ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ექსპერტების სპეციალიზაციის მოთხოვნა ძალაში შევა კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს იმ არასრულწლოვან პირებზე, რომლებზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აქტის დროული აღსრულების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტების სპეციალიზაციასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი რეგულაციის პრაქტიკული განხორციელება საჭიროებს კანონქვემდებარე აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, კანონის გარდამავალი დებულება უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ძირითადი წესი - გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, როდესაც უკვე განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები მთავრობის სამართლებრივ აქტსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის სასწავლო პროგრამებში და რეალურად მოხდება შესაბამისი კადრების გადამზადება. რაც შეეხება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე არასრულწლოვანი პირის განმეორებითი გამოკითხვისა ან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ახალ წესს, აღნიშნული არ საჭიროებს ცვლილებებს კანონქვემდებარე დონეზე, თუმცა ცვლილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საგამოძიებო ორგანოებს მიეცეთ გონივრული დრო (15 დღე) მისი დებულებების გასაცნობად და გამოძიების პროცესის ამ საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით დასაგეგმად/გასაგრძელებლად. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებას ექნება გავლენა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. პროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების წყარო როგორც კანონპროექტის ამოქმედების, ასევე მომდევნო წლებში იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პროკურატურისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ანალოგიურად, საგამოძიებო უწყებისთვის (ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებებით მოხდება პროცესში ფსიქოლოგის მონაწილეობის ხარჯების დაფარვა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრმა, რომელიც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექსპერტების გადამზადებიდან შეიძლება მიიღოს გარკვეული შემოსავალი. შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება კურსის ხანგრძლივობაზე, მის ღირებულებასა და იმ ექსპერტთა რაოდენობაზე, რომლებიც გამოხატავენ სურვილს, რომ გაიარონ შესაბამისი სპეციალიზაციის სასწავლო კურსი. სასწავლო კურსთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის კურსის ღირებულება) განისაზღვრება კანონის გარდამავალი დებულების შესრულების პროცესში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მოხდება სახელმწიფო უწყებებისთვის (იუსტიციის სამინისტრო და სსიპ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საქართველოს პროკურატურა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში სავალდებულო ხდება ექსპერტიზის ჩატარების პროცესში მოწმის/დაზარალებულის კოორდინატორის ან ფსიქოლოგის მონაწილეობა. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს პროცესში მათი ჩართულობის ზრდა. გასათვალისწინებელია, რომ დღეის მდგომარეობით, მოწმის/დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი ფუნქციონირებს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და მათი შრომის ანაზღაურებაც სწორედ ამ უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ხდება. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ პროექტით გათვალისწინებული საქმეებზე (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები) მოქმედი კანონმდებლობითაც შესაძლებელია კოორდინატორების ჩართვა. პროექტით, გარკვეულ საგამონაკლისო შემთხვევებში, დამატებით ხდება ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების - ექსპერტიზის დროს კოორდინატორების სავალდებულო მონაწილეობის განსაზღვრა, რაც არსებითად არ შეცვლის მათ დღევანდელ დატვირთვას. პროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პროკურატურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ანალოგიურად, საგამოძიებო უწყებისთვის (ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებებით მოხდება პროცესში ფსიქოლოგის მონაწილეობის ხარჯების დაფარვა. პროექტით დგინდება ექსპერტების სპეციალიზაციის ვალდებულება ისეთ შემთხვევებში, როდესაც საექსპერტო კვლევა ითვალისწინებს არასრულწლოვანთან კომუნიკაციას. გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ცალკეულ პროცესის მონაწილეებს დღეის მდგომარეობით უკვე აქვს სპეციალიზაციის გავლის ვალდებულება: მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 დღეს, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი - 5 დღეს, ხოლო მოსამართლეების სპეციალიზაციის კურსი - 2 დღეს. იუსტიციის სასწავლო ცენტრის კურსი, რომლითაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღების შემდეგ მოხდა ტრენერთა ტრენერების გადამზადება სპეციალიზაციის ვალდებულების მქონე პროცესის მონაწილეებისთვის შეადგენს 35 საათს. აღნიშნულიდან გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ექსპერტის მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მისი სპეციალიზაციის კურსის ხანგრძლივობაც, სავარაუდოდ, არ იქნება გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების გადამზადების კურსზე უფრო მეტი ხანგრძლივობის. არსებული მონაცემების თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სულ დასაქმებულია 223 ექსპერტი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პროექტი სპეციალიზაციის ვალდებულებას აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ექსპერტს საექსპერტო გამოკვლევისას უშუალოდ მოუწევს გამოსაკვლევ პირთან კომუნიკაცია. ასეთი შემთხვევებს კი ძირითადად ადგილი ექნება სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიქოლოგიური და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზიც ჩატარებისას. დღეის მდგომარეობით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიმართულებით მუშაობს 41 ექსპერტი, ხოლო სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიმართულებით - 21 ექსპერტი. სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობენ ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტები. კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედებიდან 90 დღიანი პერიოდი, რა დროშიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ტრენერების გადამზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული ექსპერტების გადასამზადებლად. გასათვალისწინებელია, რომ სპეციალიზაციის კურსის გავლა არ წარმოადგენს ექსპერტად მუშაობის დაწყების სავალდებულო წინაპირობას და პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეთხოვება მისი გავლა, თუ პროფესიული საქმიანობისას კომუნიკაცია ექნება არასრულწლოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის, თუ რამდენი ექსპერტი (როგორც ექსპერტიზის ბიუროში დასაქმებული, ისე კერძო ექსპერტი) გაივლის აღნიშნულ სპეციალიზაციის კურსს, სხვებს შორის, დამოკიდებული იქნება მათი მხრიდან გამოხატულ ინტერესზეც. ექსპერტების სპეციალიზაციის კურსის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტების შემთხვევაში დაფინანსდება თავად ბიუროს ბიუჯეტიდან, ხოლო კერძო ექსპერტების შემთხვევაში კურსის საფასურის გადახდა მოუწევთ თავად ექსპერტებს. კანონპროექტის აღსრულების პროცესში, ასევე, შესაძლებელია დონორების ფინანსური დახმარების მოზიდვაც. კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზაციის საკითხთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო შესაბამისი სასწავლო მოდულის მომზადება და ტრენერების გადამზადება მოხდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული კურსების/პროგრამების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, რა დროსაც სხვა საკითხებთან ერთად, მხედველობაში მიიღება მათი ხანგრძლივობა და ჩატარების ფორმატი (აუდიტორული ან დისტანციური). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ კერძო საექსპერტო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც ექსპერტიზის ბუნებიდან გამომდინარე, მოუწევთ უშუალო კომუნიკაცია არასრულწლოვან გამოსაკვლევ პირთან და შესაბამისად, ვალდებულნი იქნებიან გაიარონ სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. ამდენად, კანონპროექტმა შეიძლება ფინანსური გავლენა იქონიოს კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტებზე, რომლებსაც პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოეთხოვებათ სპეციალიზაციის კურსის გავლა, რომლის საფასურიც განისაზღვრება შესაბამისი გადამზადების პროგრამის შემუშავების შემდეგ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. კანონპროექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ფსიქოლოგად მოწვეულ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზეც გაუმჯობესების კუთხით, რადგან კანონპროექტით ცალკეულ შემთხვევებში, საპროცესო მოქმედებისექსპერტიზის ჩატარებისას ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად გათვალისწინებულია ფსიქოლოგის სავალდებულო ჩართულობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით და შეამცირებს მათი მეორეული ვიქტიმიზაციის რისკებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან, კერძო საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, საგამოძიებო უწყებებთან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი.