„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ირაკლი ზარქუა, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი, შალვა პაპუაშვილი
ნომერი
#07-3/110/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 34-ე მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დაიხუროს. კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა. ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. კომიტეტის სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ, რა დროსაც ოქმი და აუდიო ჩანაწერი ან მათი შესაბამისი ნაწილი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.“. 2. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი 1. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს, რაც აისახება კომიტეტის შესაბამისი სხდომის ოქმში. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საჭიროებისამებრ შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. 2. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. 3. კომიტეტის გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის, მიზნებისა და მუშაობის ვადების შესახებ, ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, სამუშაო ჯგუფის შექმნიდან 14 დღის ვადაში. 4. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თარიღს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 5. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ღიაა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს შეუძლია სამუშაო ჯგუფის წევრის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით - მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დახურვის შესახებ. დახურულ შეხვედრაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 6. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ დგება შეხვედრის ოქმი, რაც ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, შეხვედრის დასრულებიდან 14 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის მე5 პუნქტის შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება შეხვედრის დახურვის შესახებ, რა დროსაც ოქმი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე სამუშაო ჯგუფი კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ, რაც ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტისთვის ამ ინფორმაციის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული მასალებისა და ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილებითაც იქნა შექმნილი სამუშაო ჯგუფი. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე პარლამენტის ცალკეულ წევრთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე (მათ შორის სამუშაო ჯგუფის მსგავს საქმიანობაზე), თუ ის არ მიმდინარეობს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფორმით, არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 6 ივლისის N74/15 გადაწყვეტილებით დაამტკიცებულ იქნა „ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის ამაღლება და ამ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესება. აღნიშნული გეგმის 3.3., 3.4. და 3.5. პუნქტებით დასახულია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა: პარლამენტის კომიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა (პუნქტი 3.3.), პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის ვადების შემოღება (პუნქტი 3.4.) და კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტების სხდომების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება (პუნქტი 3.5.). დასახელებული ღონისძიებების განხორციელების დაგეგმვა განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, როგორც წესი, ქვეყნდება კომიტეტების სხდომების ოქმები. თუმცა, კომიტეტების მიხედვით პრაქტიკა ძალიან განსხვავებულია. ზოგიერთ შემთხვევებში ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნება რამდენიმე თვით ჭიანურდება. ამასთან, საკომიტეტო განხილვის შემდგომ შედგენილი სხდომის ოქმი ზოგადი ხასიათის მატარებელია და დეტალურად არ აღწერს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გამართულ პოლემიკასა თუ კონკრეტული საკითხების, მათ შორის კანონპროექტების წარდგენისას გამოკვეთილ პრობლემურ ასპექტებს. მართალია, ხშირ შემთხვევაში კომიტეტების სხდომებზე კანონპროექტების უფრო სიღრმისეული განხილვა ხდება, მაგრამ მათი აუდიოჩანაწერის ვებგვერდზე განუთავსებლობა საკანონმდებლო პროცესის სრულად აღქმას აბრკოლებს. მართალია, კომიტეტების სხდომები გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით, თუმცა პარლამენტის საიტზე აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ გარკვეული დროითაა ხელმისაწვდომი; არ არსებობს კომიტეტის სხდომების აუდიოჩანაწერების არქივი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა კონკრეტული კანონპროექტის ანალიზისას მისი განხილვის პროცესში გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტების სიღრმისეული შესწავლის მიმართულებით. ამდენად, გამოიკვეთა საჭიროება, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარკვეული ვადა განისაზღვროს, რა დროის განმავლობაშიც სავალდებულო იქნება კომიტეტის სხდომის ოქმების გამოქვეყნება, აგრეთვე სავალდებულო იქნება კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნება, რაც აამაღლებს გამჭვირვალობას და გააადვილებს ამ მასალაზე საზოგადოებრივ წვდომას. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნას, თუმცა, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი, სტრუქტურა, თემატიკა, სამუშაო პროცესის ვადები, მიზნები და შედეგების გამოქვეყნების ვალდებულება რეგლამენტირებული არ არის. შესაბამისად, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებისა თუ ცვლილებების განხილვის მიზნით, ჩატარებული სამუშაო შეხვედრები, მეტწილად ატარებს შიდა, ნაკლებად ფორმალიზებულ ხასიათს. შედეგად არ ხდება განხილვების თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზებული თავმოყრა და ნაკლებია ინფორმირებულობა მსგავსი ტიპის შეხვედრების ხასიათისა და განხილული საკითხების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. სამუშაო შეხვედრების შესახებ მონაცემები შესაძლებელია აისახოს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშში. თუმცა, აღნიშნული არ უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის ორგანიზებულობას, პროცესის გამჭვირვალობასა და კანონპროექტისა თუ სხვა დოკუმენტის გარშემო მიმდინარე განხილვების შეფასების შესაძლებლობას. სამუშაო ჯგუფების (აღმასრულებელის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით) საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, მოხდეს მსგავსი ტიპის სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა და პროაქტიულად გამოქვეყნება. ამ გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, განსახილველი თემატიკა და სამუშაო ჯგუფში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებს ექნება საჯარო ხასიათი (არ დაიხურება აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ან დაინტერესებული პირის მოთხოვნით), შეხვედრის დასრულების შემდგომ უნდა შედგეს და პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კომიტეტის გრაფაში გამოქვეყნდეს შეხვედრის ოქმი, რომელიც აღწერს სამუშაო ფორმატში ჩატარებული განხილვის თემატიკას და შეჯერებულ პოზიციებს ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა რეგლამენტის პროექტის მიღება აუცილებელია პარლამენტის საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად და ამ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტად ჩართულობის ხელშესაწყობად. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები რეგლამენტის პროექტის მიღებით უზრუნველყოფილ იქნება ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის 3.3., 3.4. და 3.5. პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და პარლამენტის კანონშემოქმედებით თუ საზედამხედველო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს რეგლამენტის მე-11 და 46-ე მუხლებში. ცვლილებების განხორციელებას პარლამენტის სახელდობრ: განისაზღვრება, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში; ზუსტდება კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობისა და ხელმძღვანელს განსაზღვრის წესი; დგინდება ვალდებულებები, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მისი შემადგენლობის, მიზნებისა და მუშაობის ვადების შესახებ, რაც ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე ჯგუფის შექმნიდან 14 დღის ვადაში. იგივე ვადაში გამოქვეყნებას ექვემდებარება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ შედგენილი შეხვედრის ოქმი და ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ. წესრიგდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მოწვევასთან და გამართვასთან საკითხები. დაკავშირებული აქვე განისაზღვრება, რომ კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძვლებით გათვალისწინებულ საკითხებზე პარლამენტის ცალკეულ წევრთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე (მათ შორის სამუშაო ჯგუფის მსგავს საქმიანობაზე), თუ ის არ მიმდინარეობს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფორმით, არ ვრცელდება ამ ცვლილებებით შემოღებული მოთხოვნები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან მიმართებაში (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება რეგლამენტის პროექტი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის და კომიტეტების აპარატებმა გაანალიზონ შემოთავაზებული ცვლილებები და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. წარმოდგენილი ცვლილებებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება პარლამენტის არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას ვერ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები გავლილი იქნა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ირაკლი ზარქუა, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი, შალვა პაპუაშვილი.