„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.10.2021
ავტორი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/78/10/1
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1144 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2024 საბიუჯეტო წლისათვის.“. 2. 1145 მუხლის შემდეგ დაემატოს 1146 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1146. სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი. 1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას 2022 წლის 1 ივლისამდე წარუდგინოს წინადადებები, 2023 წლიდან სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, მათ შორის სექტორიზაციის პრინციპების, პროცესში პასუხისმგებლობების და როლების განაწილების და ვადების თაობაზე. 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში ასახვის მიზნით მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად ახორციელებს საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის სრულყოფას და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის მიერ სამთავრობო სექტორის სრული მოცვა. სამთავრობო სექტორის ყველა უწყების სრულყოფილი მოცვისთვის რეფორმის დიდი ეტაპი განხორციელდა 2015-2016 წლებში, როდესაც ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების ხელისუფლებების მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ(ებ)ი-ის) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ(ებ)-ის) საბიუჯეტო პროცესი სრულად ინტეგრირდა შესაბამის დონის ბიუჯეტის საბიუჯეტო სისტემაში და მოექცა საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eBudget და eTreasury). რეფორმის ფარგლებში, ასევე ხაზინის ერთიანი ანგარიშების სისტემაში მოხდა მუნიციპალიტეტების და სსი(ებ)-ის/ა(ა)იპ(ებ)-ის ანგარიშების გადმოტანა. თუმცა პროცესის სრულყოფისთვის კვლავ დარჩენილია ორი სეგმენტი, რომლებიც სახელმწიფო სექტორს მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტებით (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელო - 2014 (GFSM 2014)) და ამ ეტაპისთვის ჯერ სრულყოფილად ინტეგრირებული არ არის ერთიან საბიუჯეტო პროცესში, კერძოდ: საჯარო სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციები, ვინაიდან ძირითადად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან, მეტწილად მოქცეულია სახელმწიფო ფინანსების ერთიან სტატისტიკაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და საჯარო სკოლების ხაზინის ერთიან სისტემაში ინტეგრირება დაგეგმილი იყო 2022 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დიდი ნაწილი უკვე მოქცეულია ხაზინის ერთიან სისტემაში, ვინაიდან მათი საჯარი ფინანსების მართვა ხორციელდება სტრუქტურულად ბაღების გაერთიანებების ფარგლებში, რომლებიც ინტეგრირებული არიან ხაზინის ერთიან სისტემაში, ხოლო რაც შეეხება საჯარო სკოლებს, მათი ხაზინის ერთიან სისტემაში ინტეგრირების მიზნით საჭირო იყო საჯარო სკოლების შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება საქართველოს მასშტაბით, რასაც 2020-2021 წლების განმავლობაში, ხელი შეუშალა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულმა პანდემიამ და გადამზადების სამუშაოები ვერ განხორციელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხაზინის ერთიან სისტემაში სრულყოფილად ინტეგრირებას 2024 წლის 1 იანვრიდან. რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, ისინი ტრადიციულად არ აღიქმებოდა სამთავრობო სექტორად, თუმცა სახელმწიფო საწარმოების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მათი სექტორიზაცია და შედეგად სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების სრულყოფილად ასახვა საჯარო ფინანსებში რეფორმის შემდეგი ნაბიჯია. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში წარმოდგენილი წინამდებარე ცვლილებები ითვალისწინებს საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციის შედეგად, სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ოპერაციების საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში მოქცევას და ამ მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პაკეტის თანმდევ კანონპროექტს წარმოადგენს და წინამდებარე ცვლილებით განსაზღვრული საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის შემდგომი ეტაპების სრულყოფილად დანერგვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გათვალისწინებულია 2022-2025 წლების საშუალოვადიან საბიუჯეტო პარამეტრებში. ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; საჯარო სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ვინაიდან ძირითადად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდებიან პროგრამულად, ისინი ნაწილობრივ დაფარულია საჯარო ფინანსების მართვის სისტემით, თუმცა მათი საბიუჯეტო პროცესი და ოპერაციები არ იმართება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშთა სისტემის და სახელმწიფო ფინანსების მართვის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ამ ტიპის უწყებები რაოდენობრივად რამდენიმე ათასია და მათი მომსახურებისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე გართულებული იქნება ამ უწყებებში დასაქმებული პირების გადამზადება, მიზანშეწონილია პროცესი გადავადდეს 2024 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო საწარმოები, მათი იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოში ტრადიციულად არ აღიქმებოდა საჯარო ფინანსების მართვის ნაწილად და ითვლებოდა რომ ისინი ფუნქციონირებენ, როგორც კომერციული სექტორი. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელო სამთავრობო და კერძო სექტორის ერთეულების განსაზღვრისას ითვალისწინებს არა უწყების იურიდიულ სტატუსს, არამედ ამ უყების ოპერაციების ხასიათს, შემოსავლის გენერირების წყაროს და უფლებამოსილებასა იქიდან გამომდინარე ეყრდნობდა თუ არა მისი პროცესები საბაზრო პრინციპებს. აქედან გამომდინარე, იურიდიული სტატუსით სახელმწიფო საწარმოები, საჯარო ფინანსების მართვის სტატისტიკისთვის შეიძლება წარმოადგენდნენ კორპორაციებს ან სამთავრობო სექტორის ერთეულებს. იმ საწარმოების ოპერაციების ასახვა საჯარო ფინანსების მართვის ერთიან სისტემაში, რომლებიც თავიანთი საქმიანობიდან გამომინდარე სამთავრობო სექტორის ერთეულებს წარმოადგენენ, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის სრულყოფისთვის რეფორმის შემდეგი ნაბიჯია. სახელმწიფო საწარმოების რეფორმასა და მათი სექტორიზაციაზე მუშაობა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს. რეფორმა ხორციელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უშუალო და ტექნიკური მხარდაჭერით. 2020 წელს რეფორმის ფარლებში მომზადდა და „სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 24 აპრილის №96 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა, რომელშიც განსაზღვრულია, რომელი მათგანი წარმოადგენს სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოებს და რომელი კორპორაციას. თუმცა აღნიშნული სექტორიზაციის პრინციპებისა და სექტორიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სამთავრობო სექტორის სახელმწიფო ერთეულების საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში სრულყოფილად ასახვისთვის საჭიროა შემუშავდეს საკანონმდებლო ბაზის ცვლილება და გაიმართოს საჯარო ფინანსების მართვის ტექნიკური და ელექტრონული ინსტრუმენტები. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში საკანონმდებლო საფუძვლის გაჩენა საქართველოს მთავრობას მისცემს საშუალებას ეფექტურად დაგეგმოს რეფორმის განხორციელების ეტაპები და საჭიროებისამებრ მოამზადოს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა 2023 წლიდან სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოები აისახოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. ამავე ცვლილებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არსებული რედაქციებით საბიუჯეტო კანონმდებლობა სამეწარმეო იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, შესაბამისად სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციის შედეგად სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების განსაზღვრისა და საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში ასახვისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს საკნონმდებლო საფუძვლები. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საწარმოების როგორც საოპერაციო, ისე სააღრიცხვო ნაწილი სრულად განსხვავდება სამთავრობო სექტორის ერთეულების სისტემებისგან, აღნიშნული საჭიროებს გარკვეულ დროს და პილოტირების ეტაპს და შესაბამისად მიზაშეწონილია, აღნიშნული რეფორმის გატარების ვალდებულება საბიუჯეტო კოდექსის გარდამავალი დებულებებით დარეგულირდეს და საქართველოს მთავრობას დაევალოს რეფორმის განხორციელების ჩარჩოს და ვადების განსაზღვრა. ასევე, განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. საჯარო სკოლების და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეგულაციებში მოქცევის ვადა, საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულია 2022 წლამდე და შესაბამისად გადავადება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი: კანონპროექტის მიღებით შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის შემდგომი ეტაპის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს 2023 წლიდან სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციის გათვალისწინებით, სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ოპერაციების საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში ასახვას. ასევე, გადავადდება საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბიუჯეტო სისტემაში სრულყოფილად მოქცევის ვადა 2024 წლამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის 1144-ე მუხლის პირველ ნაწილში და საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის კოდექსით განსაზღვრული დებულებების ამოქმედების ვადად საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე ვრცელდება 2024 საბიუჯეტო წლისათვის. კანონს ემატება 1146-ე მუხლი, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება, საქართველოს მთავრობას 2022 წლის 1 ივლისამდე წარუდგინოს წინადადებები, 2023 წლიდან სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, მათ შორის სექტორიზაციის პრინციპების, პროცესში პასუხისმგებლობების და როლების განაწილების და ვადების თაობაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); კანონპროექტი შეესაბამება 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2022 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, იგი წარმოადგენს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.