საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების მიხეილ ჯიბუტის და ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-12503/20; 04.09.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12874/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-12874/21 12-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, მიხეილ ჯიბუტს, ავთანდილ კახნიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მიხეილ ჯიბუტის და ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12503/20; 04.09.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მიხეილ ჯიბუტის და ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12503/20; 04.09.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომელიც შესაძლებელს გახდის საარჩევნო ბიულეტენისთვის გრაფის „წინააღმდეგ“ ან „ყველას წინააღმდეგ“ დამატებას, ხოლო თუ ამომრჩეველი ასეთ საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს ამ გრაფას (კერძოდ, ის დააფიქსირებს პოზიციას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ ან ყველა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ), ეს საარჩევნო ბიულეტენი (ამომრჩევლის ეს პოზიცია) მიჩნეულ უნდა იქნეს ნამდვილ საარჩევნო ბიულეტენად (ნამდვილ ხმად, უნდა ჩაითვალოს ნამდვილი ხმების რაოდენობაში). II. კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია პარლამენტის წევრთა მანდატების პოლიტიკური პარტიებისთვის განაწილების შემდეგი პრინციპი და წესი: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“ ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის ჩანაწერიდან არაორაზროვნად ვლინდება, რომ „ნამდვილი ხმა“ არის ამომრჩევლის არა ის ხმა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მიიღო ან, მეტიც, აშკარად მის „წინააღმდეგ“ დაფიქსირდა, არამედ მხოლოდ ის ხმა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ ეჭვგარეშე მიიღო და კონკრეტულად მას მიაკუთვნა ამომრჩეველმა. ამაზე მეტყველებს, პირველ რიგში, კონსტიტუციის მოცემული ნორმის სიტყვა „მიიღეს“, რომელიც ამომრჩევლის ხმის ნამდვილობის ბუნების განმსაზღვრელ კრიტერიუმად ამ ხმის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღების, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მიკუთვნების გარემოებას ადგენს. ამ თვალსაზრისით იგივე პრინციპი არის წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1324-რს კონსტიტუციური კანონის 21 მუხლშიც, რომელიც გარდამავალ პერიოდში პარლამენტის არჩევნების ჩატარების საკითხებს აწესრიგებს. შესაბამისად, იგივე პრინციპი არის დანერგილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის სათანადო ნორმებში, მათ შორის, საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რომელიც აცხადებს, რომ საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ „შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა.“ ამგვარად, თუ ამომრჩევლის მიერ არჩევნებზე დაფიქსირებული პოზიცია „წინააღმდეგ“ ან „ყველას წინააღმდეგ“ ნამდვილ ხმად იქნება მიჩნეული, ეს, პირველ რიგში, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსთან. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიხეილ ჯიბუტის და ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12503/20; 04.09.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი