„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ბერაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/120/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 190. საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევა 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი, ობიექტების მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალიწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 4. საქართველოს ან/და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია: ა) სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით; ბ) სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სასაზღვრო ნიშნები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებები და სხვა) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელდადებული პირის მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების შესახებ დადგენილი წესით გაცემული საშვის არქონის ან მისი ადგილზე გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირი ვალდებულია შეწყვიტოს სასაზღვრო ზოლსა ან/და ზონაში საქმიანობა და დაუყონებლივ დატოვოს სასაზღვრო ზონისა და სასაზღვრო ზოლის ის ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი. 2. ამ მუხლის ვალდებულია მე-4 ნაწილით დაუყოვნებლივ გათვალისწინებულ წაშალოს შემთხვევაში, გადაღებული სამართალდამრღვევი ფოტო/ვიდეო მასალა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები. 3. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 150 ლარამდე ღირებულების ქონების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაზე. 4. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს დამრღვევს ამ შენიშვნის პირველი ან/და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი დაცვისათვის „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია სახელმწიფო სასაზღვრო ზონასა (არაუმეტეს 5 კმ ტერიტორია სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან) და სასაზღვრო ზოლში (არაუმეტეს 500 მ. ტერიტორია სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან) ფიზიკური და იურიდიული პირების, სატრანსპორტო საშუალებების შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების სპეციალური წესები, ასევე ამავე პირების ვალდებულებები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას. თავის მხრივ, აღნიშნული წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, სასაზღვრო ზონაში შესვლის, აგრეთვე ცხოვრების ან რეგისტრაციის წესის დარღვევა, პასუხისმგებლობის სახედ ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. აღნიშნული მუხლის მოქმედი რედაქცია ხარვეზიანია და ვერ პასუხობს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. კერძოდ, არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას ჩადენილი ქმედების მიხედვით, ასევე, განჭვრეტადობის თვალსაზრისით ბუნდოვანია რომელი კონკრეტული ქმედებაა დასჯადი. სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის შემუშავდა წინამდებარე კანონის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა აღმოიფხვრას 190-ე მუხლის მოქმედ რედაქციაში არსებული ხარვეზი და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დადგინდეს დიფერენცირებული მიდგომა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, რაც აამაღლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ეფექტიანობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისთვის. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს - ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას - გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი, ობიექტების მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით, ხოლო, იურიდიული პირის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, პირებს დაეკისრებათ გაზრდილი პასუხისმგებლობა, კერძოდ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება - 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 300 ლარის ოდენობით. ამ მუხლის ნოვაციას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სამართალდარღვევად განისაზღვრება საქართველოს ან/და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების, ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება, რისთვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საზღვრის დაცვის რიგი ობიექტებისა და საზღვრის დაცვის საშუალებების (ფოტოხაფანგები, სენსორები და სხვა) განლაგების ადგილების ფარულობა წარმოადგენს სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების (არალეგალური მიგრაცია, კონტრაბანდა და ა.შ.) აღმოჩენის და მასზე მყისიერი რეაგირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. შესაბამისად, მათი მდებარეობების გადაღება მაღალ რისკის შემცველია სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის. წარმოდგენილი მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი დარღვევისთვის რამაც შეაფერხა სასაზღვრო განწესის გადაადგილება. აღნიშნული მნიშვნელოვანია, ვინაიდან სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე ან სასაზღვრო ინციდენტზე მყისიერი რეაგირების შესაძლებლობაზე (მაგალითად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროული აღკვეთა ან სხვა). ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კი წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სასაზღვრო ნიშნები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებები და სხვა) დაზიანება ან განადგურებისთვის, რისთვისაც სახდელის სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა 350 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით სამართალდარღვევას წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ - რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით წესდება ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. წარმოდგენილ მუხლს ახლავს შენიშვნა, რომლის პირველი ნაწილით დგინდება, რომ სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების შესახებ დადგენილი წესით გაცემული საშვის არქონის ან მისი ადგილზე გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირი ვალდებულია შეწყვიტოს სასაზღვრო ზოლსა ან/და ზონაში საქმიანობა და დაუყონებლივ დატოვოს სასაზღვრო ზონისა და სასაზღვრო ზოლის ის ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი. შენიშვნის მე-2 ნაწილით განისაზღვრება სამართალდამრღვევი პირის ვალდებულება დაუყონებლივ წაშალოს გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა, აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები. შენიშვნის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დგინდება, რომ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სასაზღვრო ნიშნები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებები და სხვა) დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, თუ მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამასთან, შენიშვნის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ გაათავისუფლებს დამრღვევს ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის 2022 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული განპირობებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეთათვის შესაბამისი გადამზადების ღონისძებების განხორციელების აუცილებლობით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: .კანონპროექტის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან 190-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახდელის სახედ განსაზღვრულია - განსხვავებული ოდენობის ჯარიმა. აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, მათზე რეაგირება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას, რეაგირებასა და აღსრულებას განახორციელებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამის პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ - განსხვავებული ოდენობის ჯარიმა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. ამასთან, კანონპროექტი ადგენს ჯარიმებს ახალი სამართალდარღვევებისთვის. ჯარიმების ოდენობები განისაზღვრება ცალკეული ქმედებების/ქმედებების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით. ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, სანქციის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება - სამართალდარღვევების შემაკავებელი, პრევენციული ეფექტი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და რატი იონათამიშვილი.