„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/101/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 06.07.2018, 140070000.05.001.018915) 72-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: ა) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) „თავშესაფრების მახასიათებლებისა და მათი აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“; გ) „სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალის და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“; დ) „ტექნიკური რეგლამენტის − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“; ე) „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) „საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“; ზ) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; თ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა“; ი) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; კ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“; ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ო) „ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“; ჟ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფისა და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მთავრობის ვალდებულებას გამოსცეს რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის წინაშე ინიიცირება სცილდება მხოლოდ ერთი უწყების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს და მოითხოვს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობას და საერთო კოორდინაციას. უწყებებთან კონსულტაციის შედეგად, დადგინდა, რომ ცალკეული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციად უნდა განისაზღვროს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი აქტები, რომელთა შემუშავების და დამატებითი რეგულირების საჭიროება არ არსებობს. მაგალითად, „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების გამოცემის ვალდებულებას ითვალისწინებს კანონის მოქმედი რედაქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი. აღსანიშნავია, რომ ნავთობისა და გაზის რესურსების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით. „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 09 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული წესებით კი უკვე დარეგულირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საქმიანობისას ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებები. ამდენად, „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დადგენილების გამოცემის საჭიროება არ არსებობს, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა უკვე არეგულირებს აღნიშნულ საკითხს. აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლი ითვალისწინებს იმგვარი აქტების გამოცემასაც, რომელთა ნაწილი უკვე რეგულირებულია საქართველოს მთავრობის სხვა დადგენილებებით. მაგალითად, „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დასარეგულირებელი საკითხები გაწერილია სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ გეგმაში. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლი საჭიროებს ხელახალ მოწესრიგებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებულია და ინიცირებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რითაც იცვლება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელი გამოსაცემი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, მათ მომზადებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და ვადები. თუმცა, მისი მიღება 2021 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდეს კანონქვემდებარე აქტების მიღების ვადის გახანგრძლივება მანამ, სანამ მოხდება კანონქვემდებარე აქტების მიღების საკითხის ახლებურად განსაზღვრა ამავე კანონში. ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პპუნქტით დადგენილი ვადების გახანგრძლივება აუცილებელია, რათა შესაბამის უწყებებს მიეცეთ ვადა საკითხის ხელახალი მოწესრიგებისთვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისთვის დაწესებული ვადის გადაწევისთვის აუცილებელია ცვლილება შევიდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მიღების ვადად დგინდება 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმადაც ამ კანონით განსაზღვრული დადგენილებების მიღება საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანი მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შემუშავება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით. ნორმატიული აქტების შემუშავებისათვის შესაძლებელია საჭირო აღმოჩნდეს ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, ექსპერტების დაქირავება, კვლევის ჩატარება და ა.შ., რომელთა დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, ამ კუთხით, დაფინანსების უზრუნველსაყოფად საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მოძიებული იქნას დონორი ორგანიზაციებიც. ამასთან, ნორმატიული აქტების მიღების შემდეგ შესაძლებელია საჯარო დაწესებულებებს დაევალოს გარკვეული ღონისძიებების გატარება, აღნიშნული ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ნორმატიული აქტების მიღების შემდეგ თითოეული უწყების მიერ გასატარებელ ღონისძიებაზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლება იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ შესაბამისი ორგანიზაციებისათვის დადგინდება რეგულაციები, რომელთა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. სხვადასხვა სახის დარღვევისთვის დადგენილია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა. მინიმალური სანქცია იწყება 500 ლარიდან და მაქსიმალური შემოიფარგლება 10 000 ლარით. ზუსტი შემოსავალი დამოკიდებული იქნება ნორმატიული აქტების შემუშავების შემდგომ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული 72- ემუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის. შესაბამისად, არ მომხდარა რაიმე დამატებითი ხარჯების დაკისრება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის. ზემოაღნიშნული აქტების შემუშავება გადავადდება 1 წლით. ამასთანავე, ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ საჯარო უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაც 1 წლით გადავადდება. ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ სახელმწიფო უწყებებს, საჯარო უწყებებსა და შესაბამის ორგანიზაციებს შეიძლება დაევალოთ თანამშრომელთა გადამზადება, სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება, საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულება და სხვა. აღნიშნული ხარჯების გაწევა გადავადდება 1 წლით. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზუსტი ზეგავლენა დამოკიდებული იქნება თითოეული უწყების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, არც სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ კანონპროექტის გავლენით მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. „სამოქალაქო უსაფრთხოებისშესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისპროექტითგათვალისწინებული 72-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის. შესაბამისად, არ მომხდარ არაიმე დამატებითი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის. ზემოაღნიშნული აქტების შემუშავება გადავადდება 1 წლით. ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ შესაბამისი ორგანიზაციებისათვის დადგინდება რეგულაციები, რომელთა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. სხვადასხვა სახის დარღვევისთვის დადგენილია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა. მინიმალური სანქცია იწყება 500 ლარიდან და მაქსიმალური შემოიფარგლება 10 000 ლარით. ზუსტი ფინანსური შედეგები დამოკიდებული იქნება ნორმატიული აქტების შემუშავების შემდგომ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.