„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ზარქუა, ირაკლი (დაჩი) ბერაია
ნომერი
#07-3/136/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისათვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო ლატარიის მოწყობისათვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი პირი (ორგანიზატორი).“ 4. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;“. 5. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;“. 6. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად“. 7. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით ლატარიის ორგანიზატორი აღარ იხდის მოსაკრებელს და იგი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ყოველკვარტლურად სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახდელს - ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავისი შინაარსით აღნიშნული შინაარსი წარმოადგენს მოსაკრებელს, რომლის ოდენობაც საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს კანონით, შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილება და ზემოაღნიშნული საკითხის კანონით დარეგულირება. ამასთანავე, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესს, ხოლო, საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ ადგენს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებს. სათამაშო ინდუსტრიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის, გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სათამაშო ბიზნესის გადასახდელთან დაკავშირებული საკითხების იმგვარი მოწესრიგება, რაც ხელს არ შეუშლის და არ დააბრკოლებს ამ სექტორის განვითარებას. კანონპროექტის ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი (კერძოდ, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშება ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან) ვერ უზრუნველყოფს და აფერხებს სათამაშო ბიზნესის, კონკრეტულად კი, ლატარიის სექტორის, გამართულ ფუნქციონირებასა და განვითარებას, შემდეგ გარემოებათა გამო:  არსებული საგადასახადო მოდელით ლატარიის ორგანიზატორი ლატარიის გადასახდელს იხდის ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების იმ ნაწილზეც, რომელიც გაიცემა საპრიზო ფონდის სახით, რაც არაგონივრულად ზრდის ლატარიის ორგანიზატორის ფინანსურ ტვირთს;  არსებული საგადასახადო მოდელი იმდენად დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს ლატარიის ორგანიზატორს, რომ ლატარიის ორგანიზატორს არსებითად უმცირდება ბიზნეს საქმიანობაში რეინვესტირებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური სახსრები;  არსებული საგადასახადო მოდელი ამცირებს ლატარიის ორგანიზატორის მიერ მარკეტინგული აქტივობებისათვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფინანსური სახსრების მოცულობას, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ლატარიის გაყიდვების დინამიკაზე და, შესაბამისად, რეალიზებული ბილეთების ჯამურ მოცულობაზე. შესაბამისად, მოქმედი საგადახდო მოდელით არსებითად მცირდება ლატარიის ორგანიზატორის ხელთ არსებული საბრუნავი კაპიტალის ოდენობა, რის შედეგადაც, ლატარიის ორგანიზატორს, აგრეთვე, არ აქვს საშუალება მოახდინოს სათანადო ფინანსური რესურსების რეინვესტირება ლატარიის განვითარების მიზნებისათვის. კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას, ვინაიდან, კანონპროექტით იცვლება ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი და იგი ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ნაცვლად უკავშირდება ლატარიის ერთობლივ შემოსავალს (ინგ. Gross Gaming Revenue), რომელიც წარმოადგენს სხვაობას ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის. კანონპროექტის შედეგად, ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებელი დაკავშირებული იქნება არა ბილეთების რეალიზაციის ჯამურ ღირებულებასთან, არამედ ლატარიის ერთობლივ შემოსავალთან, რაც ლატარიის ორგანიზატორს მისცემს ბრუნვის გაზრდის, გამართული ფუნქციონირებსა და განვითარების შესაძლებლობას. სათამაშო ბიზნესის სფეროში ერთობლივი შემოსავლიდან (ინგ. Gross Gaming Revenue) გადასახდელის დაანგარიშების წესი წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებულ დაბეგვრის პრინციპს აღნიშნული ბიზნესის ინდუსტრიისთვის და ლატარიასთან მიმართებაშიც გამოიყენება არა ერთ სახელმწიფოში, მათ შორის, ევროპის კავშირის ქვეყნებში. აღნიშნულ საგადახდო მოდელს იცნობს ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, ესპანეთის სამეფო, დანიის სამეფო, შვედეთის სამეფო და სხვა. ლატარიის მოსაკრებლის ერთობლივი შემოსავლიდან (ინგ. Gross Gaming Revenue) დაანგარიშების მოდელის უპირატესობას წარმოადგენს ლატარიის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს სუბიექტების ლატარიის ორგანიზატორების დაბალი ბიზნეს რისკი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სუბიექტები, ერთობლივი შემოსავლის მოდელის თანახმად, დაიბეგრებიან მხოლოდ თამაშობებიდან მიღებული შემოსავლის იმ ნაწილზე, რომელიც არ წარმოადგენს საპრიზო ფონდს, რომელიც ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების არსებითი ნაწილია (მაგალითისათვის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლატარიის საპრიზო ფონდი შეადგენს ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ოდენობის არანაკლებ 45%-ს). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლატარიის ერთობლივი შემოსავლიდან ლატარიის გადასახდელის დაანგარიშება უზრუნველყოფს ლატარიის ორგანიზატორის ფუნქციონირების უწყვეტობას, ჯანსაღ ოპერირებას და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია არსებული პრობლემის გადასაჭრელად, ვინაიდან, სწორედ კანონით არის რეგულირებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სწორედ კანონში ცვლილების შედეგად არის შესაძლებელი ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მოხდება ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილება. ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების პრინციპის ცვლილება ლატარიის ორგანიზატორს მისცემს შესაძლებლობას მოახდინოს დაზოგილი ფინანსური რესურსის რეინვესტირება და გაზარდოს ლატარიის ბილეთების რეალიზაციის მაჩვენებლები, რაც გააუმჯობესებს ლატარიის ორგანიზატორის ფინანსურ მონაცემებს და შედეგად, ხელს შეუწყობს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ამ მიმართულების, ლატარიის ინდუსტრიის, განვითარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშების წესის ცვლილებას. კანონპროექტის მიხედვით:      პირველი მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან; მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ხორცილდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრება, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისათვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო ლატარიის მოწყობისათვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად; მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ტენდერში გამარჯვებული პირი გამოვლენილია, ლატარიის ორგანიზატორი აღარ არის მოსაკრებლის გადამხდელი და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იხდის შესაბამის გადასახდელს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადასახდელი თავისი შინაარსით მოსაკრებელია, საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი პირი (ორგანიზატორი). ახალი რედაქციით განისაზღვრება კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და განისაზღვრება, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტია ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა. ახალი რედაქციით ყალიბდება მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი: გამომდინარე იქიდან, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით, განისაზღვრება, რომ ნაცვლად დღეს მოქმედი რეგულირებისა, როდესაც შესაბამისი პროცენტი გამოითვლება ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან, კანონპროექტის მიღების და ამოქმედების შემდეგ ლატარიების   მოწყობაზე მოსაკრებელი ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ის ოდენობით იქნება გამოთვლილი. ახალი რედაქციით ყალიბდება მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი და განისაზღვრება, რომ ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის პირველი იანვრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით ინიცირებული ცვლილების დროული იმპლემენტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლატარიის ინდუსტრიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას განაპირობებს ამ კანონპროექტით განხორციელებული ცვლილების მნიშვნელობა ლატარიის ინდუსტრიისათვის და ამ ბიზნეს სექტორის ჯანსაღი ფინანსური განვითარებისათვის. ვინაიდან, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების არსებული წესი (ლატარიის გადასახდელის დაანგარიშება ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან) მნიშვნელოვნად აფერხებს ლატარიის ორგანიზატორის საქმიანობას და ვერ უზრუნველყოფს ლატარიის ინდუსტრიის განვითარებას, აუცილებელია, რომ ლატარიის გადასახდელის (მოსაკრებლის) ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტის იმპლემენტაცია შეფერხდება, რაც თავისთავად გამოიწვევს ლატარიის ინდუსტრიის ეფექტური ფუნქციონირების დაყოვნებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტით იცვლება ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის დაანგარიშების პრინციპი. 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი რეალიზებული ლატარიის ბილეთების ჯამური ღირებულების წილიდან იანვარ-ოქტომბერში შეადგენს - 1,260,071 ლარს; 2020 წელს შეადგინა - 1,588,500 ლარი; 2019 წელს - 2,253,048 ლარი; 2018 წელს - 1,271,402 ლარი. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდგომი წლის განმავლობაში, ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხები შემცირდება დაახლოებით 20%-ით, თუმცა, აღნიშნული შემცირება დაკომპენსირდება შემდგომი წლების განმავლობაში ლატარიის ბრუნვის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავლებით. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ლატარიის ორგანიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა 2024 წლისათვის გაიზრდება დაახლოებით 5%-ით, 2025 წლისათვის - დაახლოებით 15%-ით, 2026 წლისათვის - დაახლოებით 20%-ით, ხოლო 2027 წლისათვის - დაახლოებით 30%-ით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ლატარიის ორგანიზებას და ამ მიმართულებით ფლობს ექსკლუზიურ უფლებას. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ფინანსურ გავლენას იქონიებს ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში კვარტალურად გადასახდელი ლატარიის გადასახდელის (მოსაკრებლის) ოდენობაზე, ვინაიდან, კანონპროექტით იცვლება აღნიშნული გადასახდელის დაანგარიშების წესი და ბაზა. ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების პრინციპის ცვლილება მოკლევადიან პერსპექტივაში შეამცირებს ლატარიის ორგანიზატორის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობას, რაც თავის მხრივ, ლატარიის ორგანიზატორს მისცემს შესაძლებლობას მოახდინოს დაზოგილი ფინანსური რესურსის რეინვესტირება და გაზარდოს ბრუნვა. თავის მხრივ, ლატარიის ორგანიზატორის ბრუნვის გაზრდა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის გაზრდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს ახალ გადასახადს ან მოსაკრებელს. კანონპროექტით იცვლება მხოლოდ უკვე არსებული ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების პრინციპი. კანონპროექტით ინიცირებული ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილების შედეგად ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელის ოდენობა დამოკიდებულია ლატარიის ორგანიზატორის მიერ რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდის ოდენობაზე. ბ.1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი ზარქუა, ირაკლი (დაჩი) ბერაია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი ზარქუა, ირაკლი (დაჩი) ბერაია