„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე, ბექა დავითულიანი, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე
ინიციატორი
პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე, ანზორ ბოლქვაძე, ბექა დავითულიანი, დიმიტრი სამხარაძე
ნომერი
#07-3/135/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 301 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 302 მუხლი: „მუხლი 302. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია 1. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარედგინება არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხელმოწერით დადასტურებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. 3. ფრაქციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო. უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს 2. მე-40 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ კანონის 28-ე მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს დამატებით აკისრია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება, მიზანშეწონილი იქნება მას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს იყოს თუ არა რომელიმე კომისიის შემადგენლობაში. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოქმედი რედაქცია, განსხვავებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა, არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებებს. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა ფორმირება ორგანიზებულად მოხდეს, მიზანშეწონილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ იქნეს ცვლილება, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტის მსგავსად მუნიციპალიტეტის საკრებულოებში განისაზღვრება უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მენეჯერული ფუნქციებიდან გამომდინარე აუცილებელია კანონმდებლობაში განხორციელდეს ისეთი სახის ცვლილება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილებას მისცემს თავად განსაზღვროს საკრებულოს კომისიაში გაწევრების საკითხი, ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის მსგავსად მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაჩნდეს უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ეძლევა უფლებამოსილება საკუთარი შეხედულების შესაბამისად უარი თქვას საკრებულოს კომისიის წევრობაზე, ასევე მას შეუძლია გაწევრდეს საკრებულოს ერთი ან მაქსიმუმ ორი კომისიის შემადგენლობაში. ზემოაღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს საკრებულოს თავმჯდომარეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობათა უკეთ განხორციელებაში, შესაბამისად დაიხვეწება მენეჯმენტი, ხოლო საქმიანობა გახდება უფრო ეფექტური. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაჩნდება უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები და განისაზღვრება მათი ფორმირების წესი და პროცედურა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და ახლებურად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი საკრებულოს კომისიის წევრობასთან მიმართებაში. კერძოდ, ცვლილების თანახმად კოდექსის მე-40 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ კანონის 28-ე მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“ ამასთანავე, კოდექსს ემატება 302 მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაჩნდება უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები და განისაზღვრება მათი ფორმირების წესი და პროცედურა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე წინამდებარე განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებიდან, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ შესაძლებელი გახდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეების უფლებამოსილებათა განსაზღვრა და კომისიების შემადგენლობათა დაკომპლექტება, ასევე მუნიციპალიტეტების საკრებულოების უმრავლესობისა და ოპოზიციის ფორმირება.. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა საჭირო არ იქნება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით არ იწვევს გავლენას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე, ბექა დავითულიანი, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე, ბექა დავითულიანი, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე.