„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი
ნომერი
#07-3/143/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997): 1. 30-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. 3. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის - 5 ლარის ოდენობით.“ ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი: „ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსებიდან პარტია თავის შეხედულებისამებრ ირჩევს ერთ-ერთს.“ მუხლი 2. პარტიამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკით იღებდა მონაწილეობას და თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე იმ საარჩევნო ბლოკმა, რომელშიც გაერთიანებული იყო აღნიშნული პარტია, უფლება აქვს თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით დაფინანსების არჩევის შემთხვევაში, დამატებით მიიღოს მხოლოდ იმ ხმების რაოდენობის შესაბამისი თანხა, რომელიც დამატებით აიღო თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში. მუხლი 3. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2021 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებზე ამავე არჩევნებში მიღებული შედეგების შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ქვეყანაში პოლიტიკური და პარტიული მრავალფეროვნების არარსებობით, რასაც სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უწყობს ფინანსურ რესურსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა. კანონპროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პარტიების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის ინსტრუმენტი უნდა გახდეს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული კანონმდებლობა ხელს უშლის იმ პარტიების გაძლიერებას, რომლებმაც ლეგიტიმაცია მოიპოვეს ადგილობრივი არჩევნების შედეგად. ამიტომაც, აუცილებელია, მოხდეს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით ლეგიტიმაციამინიჭებული პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გათანაბრება. პარტიების დაფინანსების საკითხი დარეგულირებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად დარეგულირება იწვევს ამავე კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ლეგიტიმაციას მიიღებს მუნიციპალური არჩევნების გზით, ექნება შესაძლებლობა მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, როგორც ეს ხდება საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებზე წვდომის თანაბარ შესაძლებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს ასევე პარტია, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1%-ს მაინც მიიღებს, როგორც ეს არის გათვალისწინებული საპარლამენტო არჩვენების შემთხვევაში. ხოლო დაფინანსების რაოდენობა გამოითვლება საპარლამენტო არჩევნების მსგავსი პრინციპით. იმ შემთხვევაში, თუ პარტია დაფინანსებას მოიპოვებს ორივე საფუძვლით, პარტია თავის შეხედულებისამებრ ირჩევს ერთ-ერთს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რათა მისი მოქმედება დროულად გავრცელდეს 2021 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებზე. 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებს, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება და ორი დომინანტი პარტიისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმი ხელს უშლის პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური პარტიების განვითარებას. ამის მიუხედავად, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ახლად დაფუძნებულმა პოლიტიკურმა „საქართველოსთვის“ საქართველოს მასშტაბით შეძლო მოეპოვებინა 137,764 ხმა. პარტიამ შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ასევე ჰქონდეს პარტიას, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჰყავს ძალიან ბევრი ამომრჩეველი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას პოლარიზაციის დასრულების რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, მათ შორის - იმ პარტიების გაძლიერების გზები, რომლებმაც ლეგიტიმაცია მოიპოვეს ადგილობრივი არჩევნების შედეგად. აუცილებელია, მოხდეს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით ლეგიტიმაციამინიჭებული პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გათანაბრება. არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, დღეს ისეთი პოლიტიკური პარტიები იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელთაც პარტიაზე „საქართველოსთვის“ ბევრად ნაკლები ხმები აქვთ მიღებული საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე, რაც ბუნებრივია არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, რომელმაც მოქალაქეთა მიერ ასევე პირდაპირი ლეგიტიმაციის გზით 137,764 ხმა მოიპოვა. ამიტომაც კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მისი მოქმედება გავრცელდება 2021 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებზე ამავე არჩევნებში მიღებული შედეგების შესაბამისად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა 2021 წლის და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, დაფინანსების მიმღები 14 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წლიური დაფინანსების მოცულობა შეადგენს 13,836,211.50 ლარს, 2020 წლისთვის აღნიშნული თანხა შეადგენდა - 14,308,700 ლარს, 2019 წელს - 14,225,800 ლარს. ამავდროულად, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის 2022-2025 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება (პროგრამული კოდი: 06 03) შეადგენს: 2022 წელს - 13,837,000 ლარს, 2023 წელს - 13,837,000 ლარს, 2024 წელს - 13,837,000 ლარს, 2025 წელს - 13,837,000 ლარს. კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი გაიზრდება. ხარჯვითი ნაწილის ზრდა განპირობებულია იმით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მოხდა დამატებით ხმების აღება, ან საარჩევნო სუბიექტმა მიიღო დაფინანსებისთვის კანონით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა. შესაბამისად ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი გაიზრდება 1,279,125 ლარი. აღსანიშნავია, რომ დაფინანსების მოცულობის ცვლილება არ არის დაკავშირებული ამ კანონის 391 მუხლის შესაბამისად დადგენილ წესთან. გაზრდილი ხარჯი განპირობებულია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ მუნიციპალურ არჩევნებში აღებული ხმების შესაბამისი დაფინანსებით, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ იმ დამატებით ხმების შესაბამისი დაფინანსებით, რომელიც მიიღო საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. პარტია „საქართველოსთვის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა: 137,764, შესაბამისი წლიური დაფინანსება - 1,188,820 ლარი; პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე დამატებით მიღებული ხმების რაოდენობა: 18,061, შესაბამისი დამატებითი წლიური დაფინანსება - 90,305 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობაა 137,764, შესაბამისი წლიური დაფინანსება - 1,188,820 ლარი; პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე დამატებით მიღებული ხმების რაოდენობაა 18,061, შესაბამისი დამატებითი წლიური დაფინანსება - 90,305 ლარი. ფინანსური შედეგები დადგება მომავალში ყველა იმ საარჩევნო სუბიექტისთვის, რომელიც ამ კანონპროექტის შესაბამისად მიიღებს დაფინანსებას მუნიციპალური არჩევნების საფუძველზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეო ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი.