„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი
ნომერი
#07-3/176/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-14
ბიუროს ნომერი 130

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონის „იარაღის შესახებ“ (სსმ, 14, 03/06/2003, 40.120.000.05.001.001.275) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,ო1’’ ქვეპუნტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,, ო1) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს. ‘’ 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,, 3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.‘’ 3. დაემატოს შემდეგი შინაარის 352 მუხლი : ,, მუხლი 352. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც სამსახურეობრივი-საშტატო იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, თუმცა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ჩამოერთვათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აღუდგეთ აღნიშნული უფლება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ‘’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სხვადასხვანაირი კრიზისები და განსაცდელები ადამიანებს ხშირად ისეთი სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებენ, როგორ გადაწყვეტილებამდეც მშვიდობიანობის დროს მისვლა ძალიან გაჭირდებოდა. მაგალითად, უკრაინამ, ჯერ ფაქტობრივად ზედ ომის წინ სცადა იარაღის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, მაგრამ საბოლოოდ ყველანაირი კანონის დარღვევა მოუწია, რადგან პრეზიდენტ ზელენსკის რეალობამ აჩვენა, რომ არ შეიძლებოდა საკუთარი მოსახლეობის უიარაღოდ დატოვება ოკუპანტის წინაშე. ჩვენც შეიძლება ისე აღმოვჩნდეთ ანალოგიურ სიტუაციაში, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწროთ, ამიტომ აუცილებელია, სანამ ამის დრო გვაქვს მოვემზადოთ და თადარიგი დავიჭიროთ. ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი მშობლები იარაღთან ურთიერთობას ბავშვებს დაბადებისთანავე უნდა ასწავლიდნენ. იარაღის სროლის სასწავლად გამოყოფილი შესაბამისი ადგილები ისევე უნდა იყოს ქვეყანაში, როგორც საფეხბურთო მოედნები. მტერმა უნდა იცოდეს, რომ ისეთ ქვეყანაში შემოდის დასაპყრობად, სადაც ადამიანებმა სროლა იციან. ეს მთელი პროცესია, რომელიც ერთ დღეში არ დასრულდება, მაგრამ მისკენ ნაბიჯები უკვე უნდა გადავდგათ, რადგან არავინ იცის, თუ როდის დაგვჭირდება საკუთარი თავის ან ქვეყნის იარაღით დაცვა. პირველი და ყველაზე უსაფრთხო ნაბიჯი თავდაცვის უფლების ლეგალიზების გზაზე არის, იარაღის ტარების უფლების დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ერთხელ უკვე ჰქონდა, მაგრამ დაკარგეს იმის გამო, რომ წამოვიდნენ სხვადასხვა თანამდებობიდან. ასეთები არიან, ძირითადად ყოფილი პოლიციელები, ყოფილი დაცვის სამსახურების თანამშრომლები, ყოფილი ჯარისკაცები და ვეტერანები, ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ. ყველა ამ ადამიანს უნდა დავუბრუნოთ თავდაცვის უფლება. მათ ერთხელ უკვე ჰქონდათ ეს უფლება და თუ არაფერი ამ მიმართულებით არ დაუშავებიათ, რატომ არ უნდა ვანდოთ იარაღი? სამსახურიდან წამოსვლა იარაღთან მოპყრობას ხო არ ავიწყებს ადამიანს? უფრო მეტიც, უფლება რომ ჰქონდეთ, კარგ შემთხვევაში ასეთი ხალხი, დანარჩენი საზოგადოებისთვის იარაღის გამოყენების ერთგვარი მასწავლებელიც კი შეილება იყოს. რა ხდება დღეს? ,,იარაღის შესახებ’’ კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, იარაღის ტარების პირებს, რომლებსაც იარაღის ტარებას, ანუ იარაღის გამოყენების უფლებას ვანდობთ სამსახურებრივი მდგომარეობის დროს, ხოლო მას შემდეგ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრულ პირთა წრეს რჩება თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ტარების უფლება. კანონპროექტის მიზანია, რომ, ერთი მხრივ, გავაფართოოთ იმ პირთა წრე, ვისაც ვანდობთ იარაღს და, მეორე მხრივ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ლოგიკური გაგრძელება ჰქონდეს იარაღის ტარების უფლებას. კანონპროექტის მეორე ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში ,,ცესკო’’) წევრები, ისევე როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომში ,,უსკო’’) წევრები იკავებენ მნიშვნელოვან თანამდებობებს. არჩევნების ლეგიტიმურობა, გარკვეულწილად, ამ ორგანოს წევრების გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ყოველთვის არსებობს ვნებათაღელვა, გვინახავს რომ პოლიციის ძალები იცავდნენ ცესკოს შენობას და ყველა არჩევნების მოახლოებისთანავე იმატებს დაძაბულობა. აქედან გამომდინარე, თუ იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ, სხვადასხვა ადმინისტრაციულ თუ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, იგივე არგუმენტით ეს უფლება უნდა გააჩნდეთ საარჩევნო ადმინისტრაციის, მაღალი თანამდებობის პირებსაც. იარაღის შესახებ კანონის მე-9 მუხლი, თავისი შინაარსით, იარაღის ტარების უფლებამოსილებას მხოლოდ საგამოძიებო და ძალოვანი უწყებების პრივილეგიად არ განიხილავს. კანონმდებელი ამ პრივილეგიას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვა ისეთ პირებს, რომელთათვის იარაღის ტარება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად არ სჭირდებათ. თავისუფალ საზოგადოებაში იარაღის ტარება ფუნდამენტური უფლებაა. ამ უფლების აღქმა მარტივია, როცა კონკრეტულ თანამდებობის პირებს ვუსადაგებთ, მაგრამ რთულდება აღსაქმელად, როცა საზოგადოების და მასების მიმართ გვინდა ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება, ამიტომ კანონმდებელმა სამსახურებრივი საშტატო იარაღი ისეთი პირებისთვის დაუშვა, ვისაც იარაღი უშალოდ უფლებამოსილების განხორციელებისთვის არ სჭირდება. დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა, რომ იარაღის ტარების უფლება პრივილეგიად კი არა, თავდაცვის ერთადერთ საშუალებად შეიძლება გადაიქცეს მაშინ, როცა ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების და სახელმწიფო სუვერენიტეტის გადარჩენის საკითხი წყდება. რა გვიშლის ხელს ვიყოთ პრაგმატულები და ეს საკითხი იქამდე გადავწყვიტოთ, ვიდრე ad hoc ამის გაკეთება მოგვიწევს. ამ კანონპროექტით გვსურს ერთი ნაბიჯი გადავდგათ იმ მიზნისკენ, რომელიც ადამიანების პოლიტიკური თავისუფლების ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს. იარაღის ტარების უფლებას მკაცრად იცავენ თავისუფალ საზოგადოებაში. აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებაში ვკითხულობთ: ,,კარგად რეგულირებული სამოქალაქო გვარდია (Militia) აუცილებელია თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის. ხალხის უფლება შეინახოს და ატაროს იარაღი არ უნდა შეილახოს.’’ ამერიკელი ხალხი მე-18 საუკუნეში უფრო მეტად აფასებდა თავისუფლებას, ვიდრე ჩვენ XXI საუკუნეში, მრავალჯერ დამონებული საზოგადოება, რომელიც მტრისაგან მუდმივ საფრთხეში იმყოფება. ამას ადასტურებს დღეს მოქმედი კანონი, რომლის მიხედვით კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პირს ვანდობთ იარაღის ტარებას, თუმცა მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, აღარ ვანდობთ იარაღს. ამგვარი მიდგომით უპატივცემულობას გამოვხატავთ იმ პირის მიმართ, ვისაც უფლებას ვუზღუდავთ და ამგვარი მიდგომით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ კანონი ემსახურება ინსტიტუტებს ცალკეული ინდივიდების გარეშე, რაც თავისუფალი საზოგადოებისთვის არ არის დამახასიათებელი. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ყველა იმ პირს, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილით იარაღის ტარების უფლება მივეცით, ეს უფლება შეუნარჩუნდეს სამსახურებრივი ვადის ამოწურვის შემდეგაც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ა.ა.ა. ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი ამჟამად მოწესრიგებულია კანონით. შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უფრო მეტ ადამიანს ექნება უფლება ატაროს იარაღი, შესაბამისად მეტ ადამიანს მივცემთ პოლიტიკური თავისუფლების დაცვის გარანტიას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მე-9 მუხლს ჩამონათვალში დაემატება ცესკოს და უსკოს წევრები, შესაბამისად მათაც ექნებათ იარაღის ტარების უფლება , ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით იმ პირებს ვისაც წარსულში ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება აღუდგებათ ან გაუგრძელდებათ ეს უფლება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებისათვის არ არის საჭირო აუცილებელი ხარჯების გამოყოფა და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შსს მომსახურების საშსს-აგენტოს შემოსავლებზე, კერძოდ, კანონპროექტის მიღებით რამდენიმე ათას ადამიანს გაუჩნდება იარაღის ტარების უფლება, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ გაიზრდება იარაღის რეგისტრაციის მოთხოვნა. კერძო პირისგან შეძენილი იარაღის რეგისტრაციის საფასური არის 89 ლარი, ხოლო მაღაზიაში შეძენილი იარაღის 76 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ცესკო-ს და უსკო-ს თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ, თუმცა იარაღის შეძენის ვალდებულება არ გააჩნია ადმინისტრაციულ ორგანოს. თანამშრომლები თავიანთი სახსრებით, სურვილისამებრ შეიძენენ იარაღს. ის პირები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ შესაბამის უწყებაში და ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება, ასევე თავიანთი სურვილის მიხედვით შეიძენენ იარაღს, შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არ გამოიწვევს ხარჯებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპოექტის მიღებით, რამდენიმე ათას ადამიანს გაუჩნდება იარაღის ტარების უფლება, შესაბამისად, მათ შეეძლებათ შეიძინონ და დაირეგისტრირონ იარაღი. (ნებაყოფლობითია) კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა შემოსავლების ზრდის კუთხით გავლენა იქონიოს იმ პირებზე, ვინც ახორციელებენ იარაღით ვაჭრობას იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების მიღების შედეგად გაიზრდება იარაღის შეძენის მსურველთა რაოდენობა. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, იარაღის ტარების უფლება დროებით უწყდებათ იმ პირებეს, ვინც კერძო დაცვით საქმიანობას განახორციელებს (საქმიანობის განხორციელების პერიოდში). აღნიშნული წესი კანონპროექტით შეცვლილია და ადამიანებს საშუალება ექნებათ იარაღის ტარების უფლებით დასაქმდნენ კერძო დაცვით სამსახურში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.