„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე
ნომერი
#07-3/180/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-22
ბიუროს ნომერი 134

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) 1415 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1415. შენობა-ნაგებობის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი 1. შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 2. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის და 2022 წლის პირველ აპრილამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმი არ წარუდგენია და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. 3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო: ა) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და 2022 წლის პირველ აპრილამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ; ბ) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე ჩადენილი აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარდგენის პროცედურის დახვეწისა და შესაბამისი პრაქტიკის შემუშავებისათვის. ცვლილებათა შემუშავების მიზეზია კოდექსით გათვალისწინებული დებულებების აღსრულების ხელშეწყობა, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საჯარო კონტროლის განხორციელების პროცესის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-თ განსაზღვრულია შენობა-ნაგებობებისთვის სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ამ შემთხვევაში, საქმისწარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. უნდა აღინიშნოს, რომ კოდექსში 2021 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. მიუხედავად გარკვეული პერიოდით ამ შეღავათის დადგენისა, პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის კვლავ პრობლემური და ბუნდოვანია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენის პროცედურა, ვინაიდან აღნიშნული არის სიახლე სამშენებლო სფეროში. აღნიშნული საკითხის პრობლემურობას მიუთითებს ისიც, რომ არსებული მდგომარეობით სუბიექტების, რომლებისთვისაც დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწაროების იწყებს პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემია ისევ ახდენს გარკვეულ გავლენებს ყველა მიმართულებით, მათ შორის სამშენებლო სექტორზე. პანდემიის პარარელურად, კი საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის ჯარიმის დაკისრება, კერძო სექტორში არსებული მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის, დიდი ზიანის მომტანი და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების საფუძველია. შესაბამისად, გარკვეული დრო და გამოცდილებაა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამასი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებული პირები გაცნობიერდნენ მითითებულ პროცედურაში. კერძოდ: საჭიროა, მშენებლობის ნებართვის მფლობელებს მიეცეთ შესაძლებლობა მოიპოვონ ინფორმაცია შესაბამისი აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის დაქირავების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევიდნენ სამართლებრივ ურთიერთობებში, შემდგომში ცალკეული ეტაპების სამშენებლო სამუშაოები აწარმოონ და საეტაპო ოქმები წარადგინონ სათანადო წესით. წინამდებარე კანონპროექტი კი მიზნად ისახავს შემოთავაზებული რეგულირებით ამ პრობლემის მოგვარებას, კერძოდ საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს კიდევ ერთი წელი (2023 წლის 1 იანვრამდე) არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელება. სანქცია-საურავებისაგან გათავისუფლება კი, რომელიც ასევე გათვალისწინებულია კანონპროექტით, შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება იმ პირებზე, ვისზეც გავრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ: გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების შედეგად იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში დადგენილია მშენებლობის ეტაპების დასრულება და შესაბამისი ოქმის წარდგენა, მშენებლობის ნებართვის მფლობელნი დროის გარკვეული პერიოდით, 2023 წლის 1 იანვრამდე, თავისუფლდებიან საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, ასევე, გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან. მაგრამ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მითითებული სამშენებლო სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმეგბლობისაგან განთავისუფლება არ გამორიცხავს აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის/მშენებლობის ნებართვის მფლობელის ვალდებულებას, დადგენილი წესით წარადგინონ უფლებამოსილ ორგანოში ცალკეული ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. მოცემული ცვლილება, ასევე შეეხება იმ სუბიექტებს, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია კოდექსის 1415 მუხლის ცვლილება. აღნიშნული მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა, რომ საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრებოდა კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ითვალისწინებს ამ ვადის გადაწევას 1 წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლება, არ გამორიცხავს, არ გულისხმობს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელის/ აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას დადგენილი წესით წარადგინონ საეტაპო ოქმები. ანუ, ასეთ შემთხვევაში, პირი მაინც იქნება ვალდებული დადგენილ ვადებში წარადგინოს საეტაპო ოქმი. მითითებული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოში დადგენილი წესით არ იქნა შესაბამისი საეტაპო ოქმი წარდგენილი, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო 2023 წლის 1 იანვრის შემდგომ, თუ სუბიექტის მიერ, დადგენილი წესით არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება შესაბამისი კლასისათვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. მუხლის მე-2 ნაწილით კვლავ განისაზღვრება, რომ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება ის სამართალდარმღვევი სუბიექტი, რომელსაც 2022 წლის 1 აპრილამდე (ეს ვადა დაკავშირებულია კანონპროექტის ამოქმედებასთან) დაეკისრა პასუხისმგებლობა მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსათვის შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ. პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ასევე ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის არ წარუდგენია შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმი და მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია და არ არის მიღებული დადგენილება (პირი თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან). თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებულ სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (შენობანაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის) და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ; ხოლო, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კანონით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობა) და მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამართალდამრღვევ სუბიექტს არ დაეკისრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 2023 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხდება 2022 წლის 1 აპრილამდე გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის ჩამოწერა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორების მიერ მისი დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ ითვალისწინებს საჯარო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში უფლებამოსილი ორგანოსთვის რაიმე ახალი ფუნქციის მინიჭებას, რის გამოც წინამდებარე კანონპროექტის მიღებით დამატებითი ხარჯის გაღება იქნებოდა საჭირო, შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება არსებული რესურსით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობის გამო სამართალდამრღვევი პირები გათავისუფლდებიან გადაუხდელი ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ის პირებიც თავისუფლდებიან სანქციების გადახდისგან, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ეს ღონისძიებები კი შეამცირებს პოტენციურად მისაღებ საბიუჯეტო შემოსავლებს. კანონპროექტი ითვალისწინებს საკითხს, რომლის მიხედვითაც, შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები გათავისუფლდებიან საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად, იმ სამართალდარღვევისთვის, კერძოდ საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის, რომელიც ჩადენილ იქნა მითითებულ პერიოდამდე, შესაბამის სუბიექტებს არ დაეკისრებათ საჯარიმო სანქცია აღნიშნული სამართალდარღვევის გამო, რაც შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს. ასევე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უარყოფით გავლენას მოახდენს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობის გამო სამართალდამრღვევი პირები გათავისუფლდებიან გადაუხდელი ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ის პირებიც თავისუფლდებიან სანქციების გადახდისგან, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ეს ღონისძიებები კი შეამცირებს პოტენციურად მისაღებ საბიუჯეტო შემოსავლებს. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 110 ნებართვაა გაცემული მშენებლობისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან საეტაპო ოქმების წარდგენას (გაცემული ნებართვები დაახლოებით ასე ნაწილდება: II კლასი 30, III კლასი - 46, IV კლასი - 34 ობიექტი). კოდექსის მიხედვით, სანებართვო პირობების დარღვევა II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში ჯარიმდება 4000 ლარით, III კლასის შემთხვევაში 10000 ლარით, ხოლო IV კლასის შემთხვევაში 15000 ლარით. ამასთან, თითოეულ ამ მშენებლობის პროცესში, ამ დროისათვის საშუალოდ შეიძლება დარღვეულ იქნას არაუმეტეს ერთი საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, ამ სამართალდარღვევის გამო, ამ დროისათვის დაახლოებით 1,090,000 ლარი უნდა იყოს გამოწერილი ჯარიმა. ამ ცვლილების შედეგად, სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც არ მოხვდება ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2023 წლის 1 იანვრამდე პირი არ დაჯარიმდება შენობანაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის უფლებამოსილი ორგანოსთვის წარუდგენლობისთვის, ცხადია, აღარც დაჯარიმების აქტის მიღება იქნება საჭირო, პირებს აღარ ექნებათ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის არანაირი საჭიროება, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით, რაც, ცხადია, შეამცირებს მომართვიანობას და ამ გზით დაიზოგება ადმინისტრაციული ხარჯები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან ისინი გათავისუფლდებიან საეტაპო ოქმის წარუდგენლობის გამო გადაუხდელი ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ის პირებიც გათავისუფლდებიან სანქციების გადახდისგან, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დაწყებულია და არ არის დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, თბილისის მასშტაბით მოხდება დაახლოებით 1,090,000 ლარის ოდენობის საჯარიმო თანხისგან გათავისუფლება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. თუმცაღა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი მოიცავს დაკისრებული/დასაკისრებელი ჯარიმის/საურავისგან გათავისუფლებას, ამ ჯარიმის/საურავის ოდენობა ვეღარ მოხვდება ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე