საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ციალა მელაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-7964/21; 14.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4457/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4457/22 11-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ციალა მელაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ციალა მელაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7964/21; 14.06.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 6 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ციალა მელაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7964/21; 14.06.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო ცვლილებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე და 61-ე მუხლებში, რომლის თანახმადაც: − კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ საარჩევნო კომისიის წევრს ემატება ფუნქცია, რომ საჭიროების შემთხვევაში ელექტრონულად გადაამოწმოს ამომრჩევლის საარჩევნო უბანი და ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში. − კენჭისყრის შენობაში უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან დამკვირვებლები და პარტიათა წარმომადგენლები და საიდანაც ისინი შეძლებენ, თავისუფლად დააკვირდნენ საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. ამ მოთხოვნის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.“ იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში „თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე [საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან] ამონარიდი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია ბათილი საარჩევნო ბიულეტენი, და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).“ საარჩევნო კოდექსის 761 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური სიების) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია და საჯარო ვერსია) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“ ამასთანავე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება: ა) კენჭისყრის თარიღი და დრო; ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები; გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში; დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები; ე) საარჩევნო უბნის ნომერი; ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.“ საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის, ხოლო ცესკოს მიერ მართული ოფიციალური ვებგვერდის (https://voters.cec.gov.ge) მეშვეობით ამომრჩეველს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაამოწმოს თავისი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამგვარად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმები და ცესკოს ვებგვერდი საკმარის გარანტიებს უზრუნველყოფს იმისათვის, რომ ამომჩეველს დროულად და მარტივად მიუწვდებოდეს ხელი მისი საარჩევნო უბნისა და ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ნომრის შესახებ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა ამჟამად არ არსებობს. კენჭისყრის შენობაში დამკვირვებლებისა და პარტიების წამომადგენლების სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განთავსების საკითხთან დაკავშირებით კი გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დამკვირვებელსა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აქვთ მთელი რიგი უფლებები, რომელთა რეალიზაციაც მათი კენჭისყრის შენობაში თავისუფლად (შეუზღუდავად) გადაადგილებას თავისთავად გულისხმობს. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მათ კენჭისყრის შენობაში განსათავსებლად სპეციალური ადგილი გამოეყოფათ და ამ ადგილის მიღმა გადაადგილება შეეზღუდებათ, ეს საარჩევნო პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებული მთელი რიგი მათი უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს, რაც საარჩევნო პროცესის სათანადოდ წარმართვის უზრუნველყოფის თვალსაზირისით მიზანშეუწონელია. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ციალა მელაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7964/21; 14.06.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი