„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.06.2022
ავტორი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/163/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 75 ✗ 15
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 76 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა (2)
✓ 76 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 141-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე ნაწილი: „23. ქ. ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდეს კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში. ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება გადამეტებულ იქნეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.’’ 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1416 მუხლი: „მუხლი 1416. სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები 1. 2027 წლის პირველ იანვრამდე სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობანაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე. 3. ამ მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემურ და გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების არსებობა, მათ შორის, ისეთი ავარიული საცხოვრებელი სახლების არსებობა, რომლებიც გამაგრებას არ ექვემდებარება და საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დღეის მდგომარეობით მომზადებულია 118 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საესპერტო დასკვნა, რომლებიც წარმოდგენს საფრთხის შემცველ საცხოვრისს, რომლებშიც ცხოვრობს დაახლოებით 3000 ოჯახი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო და შესაძლებელია გაიზარდოს ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავებული იქნა ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამა (ბიუჯეტი 80 000 000 ლარი): პროგრამის ბიუჯეტი წლების მიხედვით: ● 2022 წელს 20 000 000 ლარი; ● 2023 წელს 20 000 000 ლარი; ● 2024 წელს 20 000 000 ლარი; ● 2025 წელს 20 000 000 ლარი. გარდა ზემოაღნიშნული პროგრამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის 29 მარტის N159 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავდებობას საფინანსო ორგანიზაციებთან, ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება მხოლოდ ზემოაღნიშნული პროგრამების გამოყენებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია საკითხის გადაწყვეტა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით, მათ შორის, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ჩართულობით. დღეს მოქმედი რეგულაციებით (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) შეზღუდულია ისეთი მშენებლობების წარმოება, რომლითაც თუნდაც დაკმაყოფილებული იქნება ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოსახლეობა, ამასთან სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების დაინტერესება ასეთი ობიექტების ჩანაცვლებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დააკმაყოფილებენ როგორც მოსახლეობას, ასევე, აწარმოებენ ისეთი ტიპის მშენებლობას (მაღალ სართულიანი, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართები თუ სხვა), რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მათი ფინანსური ინტერესები. შესაბამისად იმისათვის, რომ არსებული ავარიული სახლების ადგილზე აშენდეს ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები, საჭიროა განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა. ამასთან იმისათვის, რომ მოგვარდეს ზემოაღნიშნული პრობლემა და პოსტპანდემიურ პერიოდში ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, მოსახლეობის დასაქმებას და ეკონომიკის განვითარებას მიზანშეწონილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული პროცედურების შესაბამისად (მიმდინარეობს მომზადება) განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდეს კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში და შემოვიდეს რეგულაცია, რომლის მიხედვით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელი გახდება ბათუმის მერის გადაწყვეტილებით ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა; ბ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავარიული შენობების თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლება; გ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნა; დ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; ე) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ვ) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტში გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. შესაბამისად, არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება ისეთი სამშენებლო ნებართვების გაცემა რაც შესაძლებელს გახდის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას ახალი თანამოდროვე ტიპის საცხოვრებელი სახლებით, რითაც დაკმაყოფილებული იქნება მასში მცხოვრები მოსახლეობა. ამასთან, გაიზრდება სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ინტერესი და ჩართულობა, მოხდება სამშენებლო სექტორის სტიმულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, 141 მუხლს ემატება 23-ე ნაწილი, რომლის მიხედვით, ქ. ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდება კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში. ამასთან, შემოდის რეგულაცია, რომლის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელი გახდება ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 1416 მუხლი, რომლითაც წესრიგდება სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2027 წლის პირველ იანვრამდე ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაძლებელი იქნება განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა. მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ბათუმის მერის გადაწყვეტილებით შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე. მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რომ მოესწროს მისი მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, რათა არ შეფერხდეს განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამებით დასახული ამოცანების განხორციელება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. კანონპროექტის მიღებიდან გამომდინარე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში იგეგმება სამშენებლო კომპანიების ჩართვა. ასევე გარდა კერძო სექტორის ჩართულობისა იგეგმება მუნიციპალიტეტის მიერ ავარიული სახლების ჩანაცვლება მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებით მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად ხარჯების დაფინანსება განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამით (ბიუჯეტი 80 000 000 ლარი). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს დეველოპერული კომპანიების დაინტერესების გაზრდას და სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას კ.2 კოეფიციენტის გაზრდის გზით, ვინაიდან სამშენებლო ნებართვებისათვის მოსაკრებელი შედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, კანონის მიღებიდან გამომდინარე, მხლოდ ავარიული სახლების ადგილას ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობით შესაძლებელია მუნიციპალურ ბიუჯეტში დამატებით შევიდეს დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი. გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ასაშენებელი შენობების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებიდან გამომდინარე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში იგეგმება სამშენებლო კომპანიების ჩართვა. ასევე გარდა კერძო სექტორის ჩართულობისა იგეგმება მუნიციპალიტეტის მიერ ავარიული სახლების ჩანაცვლება მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებით მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად ხარჯების დაფინანსება განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამით (ბიუჯეტი 80 000 000 ლარი). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებზე, რადგან ისინი შეძლებენ ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით აწარმოონ ისეთი ტიპის მშენებლობა (მაღალ სართულიანი, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართები თუ სხვა), რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მათი ფინანსური ინტერესები, შესაბამისად გაიზრდება სამშენებლოდეველოპერული კომპანიების ინტერესი და ჩართულობა, მოხდება სამშენებლო სექტორის სტიმულირება ასევე მოხდება სამშენებლო სექტორთან დამოკიდებული ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების სტიმულირება. კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება პირებზე, რომლებიც დაკმაყოფილდებიან ახალი საცხოვრებელი ფართებით, ვინაიდან ავარიული სახლებში მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლები იქნება იმ ფართების საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, რომელსაც ისინი მიიღებენ ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ავარიულ სახლებში მცხოვრები ბავშვების უფლების რეალიზებას იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.