„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.07.2022
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/172/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული წახალისების ფორმები ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.“. 3. მე- 20 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. დაუშვებელია პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის დიპლომატიური სამსახურის/მოხელეთა რეზერვში ყოფნის დრო.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შეამციროს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა, საკონსულო თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული პერსონალის როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას.“. 4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;“. 5. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი.“. 6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ’’ და ,,ვ’’, ,,ზ’’ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;“. 7. 28-ე მუხლის 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.“. 8. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრი უფლებამოსილია: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიურ თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით; გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. 321 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 და 28-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. აღნიშნულ თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, მათ შორის მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისათვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.“. 10. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ: ა) მინისტრის პირველ მოადგილეს; ბ) მინისტრის მოადგილეს; გ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა.“. 11. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“-,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“. 12. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. როტაციის წესით სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობის განსაზღვრის წესი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედების შემდგომ როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ დიპლომატიურ თანამდებობის პირებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავისი სამუშაო რეჟიმის, მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების და ასევე სტრუქტურის გათვალისწინებით, წარმოადგენს სპეციფიურ დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა სრულყოფილად ვერ წესრიგდება საჯარო სამსახურის მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებით და მასზე ძირითადად ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის მარეგულირებელ აქტებს შორის იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომ სამართლებრივს აქტს. განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო და გამოავლინა კანონის მოძველებული ნორმები, რომლებიც ვერ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, ამასთანავე, სამართლებრივ ჭრილში შეფასების შედეგად, კანონის რიგი ნორმები ჩაითვალა არსებულ რეალობასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, აუცილებელია კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციფიკიდან აღსანიშნავია დიპლომატიური თანამდებობის პირის/ადმინისტრაციულ ტექნიკური თანამდებობის პირის საზღვარგარეთ როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნა. აღნიშნული პროცესი მოითხოვს იმ კონკრეტულ მომენტში, შესაბამის ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატურის შერჩევასა და გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნას, რაც თავის მხრივ წარმოშობს როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის პროცედურის მარეგულირებელი ნორმების გადახედვის საჭიროებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი, რომლის შესაბამისად, კანონში აისახება არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან მორგებული ნორმები. იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ასევე დაკორექტირდა ნორმები, რომლებიც იძლეოდა ორაზროვანი გაგებისა და ასეთ შემთხვევაში კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირებისა და დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, მინიმუმადე შემცირდება პრაქტიკაში შესაძლო ხარვეზების გამოვლენის შესაძლებლობა, ამაღლდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებული პირების მოტივაცია, რაც კიდევ უფრო გაადვილებს დიპლომატიური სამსახურის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. კანონპროექტის მიღებით მოწესრიგდება: - როტაციის წესით სამუშაო მივლინებით პირთა წარგზავნასთან დაკავშირებული საკითხები; -,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, დისციპლინურ გადაცდომასთან, აგრეთვე წახალისების ფორმებთან დაკავშირებული საკითხები; - დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: 1. პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამოღებულ იქნა კანონის მე-2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავდა ტერმინს - ,,სამინისტროს ტერიტორიული ორგანო’’, რადგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არ გააჩნია წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე. 2. იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით დაკორექტირდა კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი. კერძოდ, ამოღებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლზე მითითება. 3. კანონის მე-20 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა, მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს ან ჩაირიცხოს დიპლომატიური სამსახურის/მოხელეთა რეზერვში არანაკლებ ერთი წლით. შესაბამისად, დაუშვებელია როტაციის წესით პირის სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ. ამასთან, ახლებურად ყალიბდება კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანხმად, დიპლომატიური სამსახურის რეზერვთან ერთად დაემატა მოხელეთა რეზერვი, ვინაიდან, როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარიგზავნებიან აგრეთვე ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც გამოწვევის შემდგომ ირიცხებიან მოხელეთა რეზერვში. ასევე, ახლებურად ყალიბდება მე-5 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მინისტრის მიერ (განსაკუთრებულ შემთხვევაში), შემდეგი სამინისტროში მუშაობის არანაკლებ როტაციის წესით ერთწლიანი ვადის სამუშაო მივლინებამდე, შემცირების შესაძლებლობას. კანონპროექტით წარმოდგენილი რედაქციის შესაბამისად, კი ერთწლიანი ვადის შემცირების შესაძლებლობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკონსულო თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში. 4. კანონის 24-ე მუხლში შეტანილი ცვლილების მიხედვით, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონთან. კერძოდ, დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულ იქნა თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევა, ნაცვლად პირის მიერ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისა, რადგან მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება არ მოიცავს ყველა იმ მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რაც შეიძლება იწვევდეს მძიმე დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 5. კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, უნარჩუნდება მხოლოდ დიპლომატიური რანგი, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მორიგი დიპლომატიური რანგის მინიჭება დაკავშირებულია სამინისტროში დანერგილ საჯარო მოხელის შეფასების სისტემასთან. 6. კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, სწორდება კანონში არსებული ხარვეზი და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის საფუძვლად ემატება შემთხვევები: - დიპლომატიური წარმომადგენლობიდან პირის ვადაზე ადრე გამოწვევა 1 თვეზე მეტი ვადით დროებით შრომისუუნარობის გამო; - დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებისას. 7. კანონის 28-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირი, რომელსაც გაუვიდა როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების ვადა, დაუშვებელია წარმომადგენლობაში/ საკონსულო დაწესებულებაში დაინიშნოს 1 წლის იმავე დიპლომატიურ განმავლობაში, ვინაიდან როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების პროცესი დაკავშირებულია იმ კონკრეტულ მომენტში, შესაბამის ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატურის შერჩევასთან. 8. კანონის 29-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის შემცირებას არაუმეტეს 6 თვემდე ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც დაუშვებელია იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირის დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. 9. კანონის 321 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ახლებურად ყალიბდება ამ მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისად, პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 და 28ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. აღნიშნულ თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. ამასთანავე, აღნიშნულ მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ ემატება 61 პუნქტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს უსაფრთხოების ატაშეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათ შორის მათი გამოწვევის და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, პროექტის შესაბამისად, უსაფრთხოების ატაშეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათ შორის მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისათვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. გარდა ზემოაღნიშნულისა, ახლებურად ყალიბდება ამავე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს. 10. კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესაძლებლობას, როგორც იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებისათვის, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა, ასევე მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილისათვის. 11. კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ემატება პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევა. 12. კანონის 44-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების მიზანია, მინისტრის ბრძანებით დარეგულირდეს, როგორც როტაციის წესით სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა და წესი, ასევე, მოსამსახურეთა წახალისებასთან დაკავშირებული საკითხები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი უწყებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან: - მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში პირს არ მიეცემა ხელფასი/ საკლასო დანამატი; -შეღავათები, რომლებიც აღარ ექნება დიპლომატიური თანამდებობის პირს (რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში), არ გულისხმობს ფინანსურ შეღავათებს; - დიპლომატიურ რეზერვში ჩარიცხულ პირებზე არ გაიცემა ხელფასი/დანამატი; რაც შეეხება უმაღლესი დიპლომატიური რანგისთვის დაწესებულ დანამატს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის), ის შეადგენს ხელფასის ოდენობის 10 %-ს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ორი მინისტრის მოადგილე ისედაც იღებს უმაღლესი დიპლომატიური რანგის (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი) დანამატს (რომელიც მათ მიენიჭათ სხვა თანამდებობაზე მუშაობისას), ხოლო დანარჩენი ორი მოადგილე ისედაც იღებს უმაღლესი დიპლომატიური რანგის (საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) დანამატს, რომელიც შეადგენს ხელფასის ოდენობის 9 %-ს. შესაბამისად, აღნიშნული 1 % იანი განსხვავება დაფინანსდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, რაც ერთი მოადგილის შემთხვევაში საშუალოდ თვეში შეადგენს 67 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.