საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 10-11 ივლისს, პრაღაში გამართული ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-11355/22
27-07-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს
2022 წლის 10-11 ივლისს, პრაღაში გამართული ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების
ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში
მონაწილეობის შესახებ.
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა
ბოჭორიშვილის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების
კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ
პრაღა, ჩეხეთი
10-11 ივლისი, 2022 წელი
11 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა,
ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს (საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი) სპეციალური
მოწვევით, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ
საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პარლამენტების ევროპულ საქმეთა
კომიტეტის დელეგაციები და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები.
COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაზე პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის
ახალმა კანდიდატებმა - უკრაინამ და მოლდოვამ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო
ფორუმი გახსნისთანავე მიესალმა ახალი კანდიდატების წარმომადგენლებს უკრაინის უმაღლესი
რადადან და მოლდოვის პარლამენტიდან, რომლებიც, აღნიშნული ფორუმის რეგლამენტის
მიხედვით, COSAC-ის მუდმივი მონაწილეები გახდნენ.
საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით (დამკვირვებლის სტატუსით), თავმჯდომარეთა
შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები შვეიცარიიდან,
დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან, კოსოვოდან და საქართველოდან.
სხდომა გახსნეს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა მილოშ ვისტრჩილმა, ჩეხეთის სენატისა და
დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებმა დევიდ სმოლიაკმა და ონდრეი ბენეშიკმა. ჩეხმა
პარტნიორებმა ისაუბრეს ევროკავშირის ერთიანობის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით რუსეთის
უკანონო აგრესიის საპასუხოდ და აღნიშნეს, რომ საქართველო იყო ევროპაში რუსეთის აგრესიის
პირველი მსხვერპლი და სამწუხაროდ ევროკავშირმა ვერ შეძლო საფრთხეების სწორად შეფასება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს ჩეხეთის
თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ ჩეხეთი მეორედ გახდა
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩეხეთის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში
მთავარი პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერა, ომით გამოწვეული საიმიგრაციო კრიზისის
დარეგულირება, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის
განმტკიცება იქნება. უახლოესი პერიოდის მთავარი ამოცანა ერთობლივი და ძლიერი ქმედებები
იქნება, ომის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. დღეისათვის ევროპას ისევ უსაფრთხოება
სჭირდება, ამიტომ ჩეხეთის თავმჯდომარეობა კვლავ ევროპის სტრატეგიული როლის განახლებაზე
მიუთითებს. იან ლიპავსკიმ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების
გზაზე დაწინაურება უსურვა.
1
ჩეხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების გარშემო გამართული დისკუსიის მიმდინარეობისას,
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე რუსეთის
აგრესიასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა 23
ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭებინა კანდიდატის
სტატუსი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის და ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის. იქვე
აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით განსხვავებული
მიდგომის საფუძველი არ არსებობდა. იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის თავმჯდომარეობის პერიოდში
ეს გადაწყვეტილება შეიცვლება.
მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს აცნობა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და მზადაა გააძლიეროს ძალისხმევა რადგან, მხოლოდ
რეფორმების გზითაა შესაძლებელი სახელმწიფოს მოდერნიზაცია და ევროკავშირთან უფრო მეტად
დაახლოება.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოს წინაშე არსებული
გამოწვევების სათანადოდ შეფასება, საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირის
დახმარება მისი გეოპოლიტიკური როლისა და ეკონომიკური სიძლიერის გათვალისწინებით.
სხდომაზე პარტნიორებმა საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები გააჟღერეს.
რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენლებმა მოუწოდეს COSAC-ს მომავალ პლენარულ სხდომაზე
განიხილონ ბალკანეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროპული
პერსპექტივის საკითხები.
ავსტრიის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რეინოლდ ლოპატკამ
აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ასევე მიუთითა, რომ ეროვნული
პარლამენტები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ ევროინტეგრაციის პოლიტიკის
შემუშავებაში. საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ასევე ავსტრიის ფედერალური
საბჭოს ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კრიტიან ბუხმანმა.
ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა
ისაუბრა ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო, მის მიერ მიღწეული
დემოკრატიული პროგრესის გათვალისწინებით, არ უნდა ჩამორჩეს ევროკავშირში გაწევრიანების
გზაზე.
ხორვატიის პარლამენტის წევრმა, დავორ ივორ სტიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების
პოლიტიკის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც და სხვა ქვეყნებიც, რომელთაც სურთ
ევროკავშირთან დაახლოება, ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რათა რუსეთისთვის ნათელი გახდეს,
რომ მისი გავლენის სფეროები ვეღარ გავრცელდება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეისათვის ევროკავშირი
დგას. მედიის პლურალიზმისა და დემოკრატიზაციის პროცესის შესახებ, სხდომაზე მოხსენება
გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში,
2
ვერა იუროვამ, ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა და ჩეხეთის
მთავრობის კომისარმა მედიისა და კონტრ-დეზინფორმაციის საკითხებში, მიხალ კლიმამ.
თავმჯდომარეთა შეხვედრაზე დამტკიცდა COSAC-ის პლენარული სხდომის დღის წესრიგი,
რომელიც პრაღაში, 2022 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება.
ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა დეპუტატთა პალატის
ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ონდრჟეი ბენეშიკთან, საქართველოსთან მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელთან ონდრჟეი კოლაჟთან და ჩეხეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე, დევიდ სმოლიაკთან. პოლიტიკური კონსულტაციების მთავარი მიზანი იყო
ჩეხეთის, ამჟამინდელი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ორმხრივ და მრავალმხრივ
ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის ინსტიტუტებში ჩეხეთის მხარდაჭერის მობილიზება.
მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებთან აღინიშნა, რომ ჩეხეთის თავმჯდომარეობა წარმოადგენს კარგ
შესაძლებლობას რათა საქართველოზე, როგორც ევროპის ნაწილზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და
ხელი შეეწყოს საქართველოს სტრატეგიული როლის სრულ რეალიზაციას.
საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობას“, რომელიც, ჩეხი კოლეგების შეფასებით, წარმოადგენს
მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საქართველოს დასახმარებლად. აღინიშნა, რომ ჩეხეთის
თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ენერგეტიკული
უსაფრთხოების და თავდაცვის გაძლიერების საკითხებს, რაც უკრაინაში ომამდე, მივიწყებული
თემები იყო. ამის შედეგად კი საგარეო თანამშრომლობას დიდი ყურადღება დაეთმობა,
განსაკუთრებით კი საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ. ჩეხმა კოლეგებმა ისაუბრეს
საქართველოსთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ჩეხეთის ევროკავშირის
საბჭოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგის აქტიურ საკითხად საქართველოს მხარდაჭერის
შენარჩუნებაზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს
ევროკავშირში გაწევრიანებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ევროკავშირის
გაფართოების პრიორიტეტებს შორის საქართველოს საკითხის შენარჩუნება და ამ პროცესის
შეუქცევადობა.
3