საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტის საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში, 2022 წლის 25-29 ივლისს ისრაელში, ქალაქებში აფულასა და რიშონ ლიცეონში ოფიციალური ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-11601/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-11601/22 02-08-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მ/წ 25-29 ივლისს ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს პარლამენტის საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში, ვესტუმრე ისრაელს, კერძოდ, ვიზიტი განხორციელდა ქალაქებში აფულასა და რიშონ ლიცეონში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის ანგარიში ისრაელში განხორციელებულ მივლინებაზე გაცნობებთ, რომ მ/წ 25-29 ივლისს ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს პარლამენტის საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში, ვესტუმრე ისრაელს, კერძოდ, ვიზიტი განხორციელდა ქალაქებში აფულასა და რიშონ ლიცეონში. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჩემს მიერ ინიცირებული, ერთი წლით ადრე დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად ქალაქ თელავსა და ქალაქ აფულას შორის დამეგობრების ხელშეკრულების გაფორმება. დელეგაციას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, შედიოდნენ: 1) ირაკლი შიოშვილი - კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული; 2) ლევან ანდრიაშვილი - ქალაქ თელავის მერი; 3) ვალერი შოშიაშვილი - სსიპ „ესტუმრე კახეთს“ თავმჯდომარე; და 4) არჩილ გოგიაშვილი - გურჯაანის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი. ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია და საელჩოს სხვა თანამშრომლები. 25 ივლისს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა ქალაქ აფულას მერთან - ავრაჰამ ელკაბეტცთან, მერის მოადგილე მიხაილ ბარკანთან და მერის მოადგილე ბორის იუდისთან. მიმოხილულ იქნა ის საქმიანობა, რასაც თელავისა და აფულას მუნიციპალიტეტები ეწევიან. 26 ივლისს ჩემი ხელშეწყობით თელავსა და აფულას შორის დაწყებული მოლაპარაკებები ისრაელში შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. შეთანხმება ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და აფულას მერმა, ავრაჰამ ელკაბეტცმა მოაწერეს. იმავე დღეს დელეგაცია ეწვია ქალაქ აფულას სამრეწველო უბანს, სადაც შეხვედრები გამართვა ნარჩენების გადამუშავების, რძის პროდუქტების წარმოებისა და მეღვინეობის ადგილობრივი კომპანიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე გავაცანი ის მიმზიდველი ინვესტირების გარემო, რაც საქართველოში არსებობს და რაც აღიარებულია მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგებით. მეორადი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანების დირექტორმა დაინტერესება გამოთქვა საქართველოში ვიზიტით, არსებული ბიზნეს გარემოს შესწავლით და შესაძლო საინვესტიციო პროექტის განხორციელებით. დღის ბოლოს შეხვედრა შედგა ქალაქ აფულას სამედიცინო ცენტრში, რაც ერთ-ერთი თანამედროვეა ისრაელსა და მთლიანად რეგიონში სხვადასხვა ონკოლგიური დაავადებების მკურნალობის კუთხით. 27 ივლისს დელეგაციამ ჩემი ხელმძღვანელობით ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრ ოდედ ფორერთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე საქართველოდან ისრაელში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულ პოზიტიურ და მზარდ დინამიკაზე. ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის დარგში ისრაელის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა მინისტრს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალი გააცნო. რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ფერმერული და სამაცივრე მეურნეობების განვითარებას უწყობს ხელს. ოდედ ფორერმა ისრაელში, სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი საქართველოს ვიზიტით ეწვევა და მინისტრს დასკვნებს წარუდგენს. მასპინძელმა მხარემ საქართველოს მხარდაჭერისთვის სრული მზადყოფნა დაადასტურა. 28 ივლისს შედგა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ქალაქ აფულას მუნიციპალიტეტში, მერთან, მერის მოადგილეებთან და მუნიციპალური სამსახურის უფროსებთან. შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ აფულას დელეგაციის საპასუხო ვიზიტი განხორციელდება მ/წ ოქტომბრის მეორე ნახევარში. განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში, უპირველეს ყოვლისა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, დელეგაციების გაცვლა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით კახეთის რეგიონში ინვესტიციების მიზიდვის ხელშეწყობაზე. 29 ივლისს, საქართველოში გამგზავრებამდე, ქალაქ რიშონ ლიცეონში შევხვდი ქნესეთის დეპუტატს, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობვის ჯგუფის ხელმძღვანელს, დავით ბიტანს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოვიხილეთ და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვიმსჯელეთ. დავით ბიტანს ქალაქების - თელავისა და აფულას დამეგობრების შესახებ შეთანხმებასა და იმ პროექტებზე ვესაუბრე, რომელთა განხორციელებაზეც მხარეები შეთანხმდნენ. საუბარი, ასევე, შეეხო ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას და საქართველოდან ისრაელში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის მზარდ დინამიკას. შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მ/წ დეკემბერში ისრაელს საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომლის დროსაც ოფიციალურ შეხვედრებზე განხილული იქნება როგორც პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები, ასევე - სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. პატივისცემით, გივი მიქანაძე 02.08.2022