საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 2-6 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიურ სესიაში (ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი) მუშაობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-12544/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-12544/22 29-08-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში ა. წ. 2-6 ივლისს მუშაობის ანგარიშს. გთხოვთ დაამატოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 2022 (ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 2-6 ივლისი,) მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი: ქ. ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი მივლინების თარიღი: 2022 წლის 2 - 6 ივლისი მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2022 წლის ყოველწლიური სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება დელეგაციის შემადგენლობა: 1. ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. მაკა ბოჭორიშვილი - დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 3. მერი გოგოლაძე- დელეგაციის მდივანი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. ყოველწლიური სესია, ტრადიციულად, შედგებოდა მუდმივმოქმედი კომიტეტის (დელეგაციის ხელმძღვანელების ფორმატისა) და უსაფრთხოების სამივე განზომილების (პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული) კომიტეტების სხდომებისაგან და პლენარული სესიებისაგან. ასამბლეის მიმდინარეობისას აგრეთვე ჩატარდა რამდენიმე დამატებითი ღონისძიება - „სილქ როუდ გრუპის“ სხდომა (2 ივლისს) და განხილვა რუსეთსა და ბელარუსში პროტესტებისა და რეპრესიების საკითხებზე (5 ივლისს). ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტნიორებმა ევროპასა და აშშ-ში კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონში და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რომ წინ აღუდგენ რუსეთის ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინაში. „მე მჯერა, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“, - აღნიშნა ნ. სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს. ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციამ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების საკითხი მკაფიოდ იყოს ასახული ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ჩემი ინიციატივა და მხარი დაუჭირეს ამ საკითხის შესახებ რეზოლუციაში პარაგრაფის დამატებას“, − განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის დებატებში. „უკვე თითქმის 14 წელია, ყოველ წელს, სწორედ ამ ფორუმზე ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ განუყოფელ რეგიონში ადამიანის უფლებების საშინელ, დაძაბულ და უაღრესად არასტაბილურ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“, - განაცხადა მ. ბოჭორიშვილმა. კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთო-ს რეგიონში ადამიანების უსაფრთხოებასა და ზოგადად ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ უკრაიანაში წარმოებულ აგრესიულ ქმედებებზე. მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რეზოლუციაში პარაგრაფი შევიდა. „ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევით, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციით, ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურის მემკვიდრეობის ძეგლების მოსპობითა და შეცვლით, რაც რუსეთის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის პოლიტიკის“ უშუალო შედეგს წარმოადგენს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში. ყოველწლიური სესიის დასკვნით სხდომებზე ჩატარდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევნები. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ. მოცემულ პოზიციაზე აგრეთვე წარდგენილი იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის კირიაკოს ჰაჯიანისის (კვიპროსი) კანდიდატურა. კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შედეგად, ნ. სამხარაძე ასევე გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - ბიუროს წევრი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგი - ზამთრის სხდომა, ჩატარდება 2023 წლის თებერვლის ბოლო დეკადაში. ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა მ. გოგოლაძემ. 29 ივლისი, 2022 წ.