„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/176/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) მე-20 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მომზადებით, რომლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს, აგრეთვე, საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობაც ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებას, აღნიშნული მომსახურების გაწევის უფლება ენიჭება. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია კომერციული ბანკისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების ნებადართულ საქმიანობად განსაზღვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია, ვინაიდან სწორედ აღნიშნული კანონით არის გათვალისწინებული კომერციული ბანკისათვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალი. შესაბამისად, კანონპროექტით, კომერციული ბანკისათვის ნებადართულ საქმიანობას ემატება ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და კომერციულ ბანკს, მოქმედი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში, ვირტუალური აქტივის მომსახურება განხორციელების უფლება მიენიჭება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი რეგულირების ჩარჩო არ ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის პრუდენციულ ზედამხედველობას. შესაბამისად, კომერციული ბანკების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კანონპროექტით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, კომერციული ბანკისათვის ნებადართული იქნება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების მხოლოდ გარკვეული სახეების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ამოქმედების თარიღის გათვალისწინებით, კანონპროექტის ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2023 წლის 1 იანვარი. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით. SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი უწყებები და კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის („ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება უახლოეს მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის მიერ. ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის რეკომენდაცია N2-5685/22) დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ვინაიდან გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ევროკავშირის ფუნქციურად ეკვივალენტური რეგულირების ქონა, რაც თავის მხრივ, მოიცავს ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობას და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე ზედამხედველობის განხორციელებას და საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა, პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPCსთან შეხვედრები უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ექნება პოზიტიური ფინანსური გავლენა იმ კომერციულ ბანკებზე, რომლებიც განახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას. მათ საშუალება მიეცემათ ამ საქმიანობით მიიღონ დამატებითი შემოსავალი. კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება ვირტუალური აქტივის მომსახურების მომხმარებლებზეც, ვინაიდან ისინი შეძლებენ ვირტუალური აქტივის ლეგალურად შენახვას და ტრანზაქციების განხორციელებას, რაც საშუალებას მისცემთ მიიღონ სარგებელი. კანონპროექტს ხარჯების კუთხითაც ექნება ფინანსური გავლენა იმ კომერციულ ბანკებზე, რომლებიც განახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას, გამომდინარე იქედან რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთასთან შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად წარმოიშობა დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსის საჭიროება, რაც თავისმხრივ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ვინაიდან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობისთვის საჭირო იქნება დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსები: შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსის დასაქმება არსებული საშტატო ერთეულის ფარგლებში, არსებული ადამიანური რესურსის გადამზადება, ტექნიკური გადაწყვეტის შეძენა და დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივის მიკვლევადობას და საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან გადასახდელის დაწესება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.