„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/178/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 231 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციელონ საქმიანობა, რომელიც ამ კანონის 23-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობისა და დამხმარე საქმიანობისა, რომელიც საჭიროა ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებისა.“. 2. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ ბანკს და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას – მათი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც ხორციელდება „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) 122-ე და 323-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის F ნაწილით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს 2007 წლის 13 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC დირექტივას შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ხსენებული დირექტივა ძალადაკარგულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივით, რომელიც ცვლის 2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU დირექტივებს და (EU) N1093/2010 რეგულაციას, და აუქმებს 2007/64/EC დირექტივას, და ამასთანავე, საქართველოს აღებული აქვს დინამიური დაახლოების შესახებ ვალდებულება, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავებულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივის შესაბამისად. გარდა ამისა, წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი დებულებების დანერგვის და ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განახლებული მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილებები შედის საგადახდო მომსახურებების ჩამონათვალში, კერძოდ, ახალ საგადახდო მომსახურებებად განისაზღვრება გადახდის ინიციირების მომსახურება და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება. იმავე კანონპროექტით, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების უფლებამოსილება ენიჭება საბროკერო კომპანიასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე4 პუნქტში და საბროკერო კომპანიისთვის ნებადართულ საქმიანობად განისაზღვრება ზემოხსენებული საგადახდო მომსახურებების განხორციელების უფლება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის უფლებამოსილების და ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რაც, მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე შეუფერხებელ წვდომას გულისხმობს, შესაბამისი ცვლილება შედის კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ენიჭება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას. ამასთან, პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, კომერციული ბანკების მიმართ არსებული სამართლებრივი მოწესრიგების მსგავსად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ექნება საგადასახადო ორგანოს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 1 ნოემბრიდან. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით. SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი უწყებები და კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის („ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება უახლოეს მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის მიერ. ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის რეკომენდაცია N2-5685/22) დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ვინაიდან სწორედ საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ დირექტივასთან (PSD2) შესაბამისობა წარმოადგენს გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს და საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა, პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPC-სთან შეხვედრები უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი ტიპის საგადახდო მომსახურებები (გადახდის ინიციირების მომსახურება და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება). საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება საბროკერო კომპანიებსაც ენიჭება, რასაც პოზიტიური ფინანსური შედეგები ექნება ამ სუბიექტებისათვის, რამდენადაც საბროკერო კომპანიებს შეეძლებათ ახალი ტიპის საგადახდო მომსახურების შეთავაზება კლიენტებისათვის და ამ საქმიანობიდან დამატებითი შემოსავლის მიღება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.