„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.09.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/183/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-19
ბიუროს ნომერი 177

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს ცვლილება 141-ე მუხლის მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 ნაწილი: „161. 2029 წლის 3 ივნისამდე, იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი გეგმის ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით.“. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: კანონმდებლობის თანახმად, გეგმაში ცვლილება შეიტანება მისი დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობითი გეგმის (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმა) განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად: I სტადია − გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება, ხოლო II სტადია - გეგმის განხილვა და დამტკიცება. კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ნაწილი ადგენს გამონაკლისს და განსაზღვრავს, რომ გენერალურ გეგმაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება. რაც შეეხება არსებითი ცვლილებას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ორივე სტადიის გავლა. აღსანიშნავია, რომ კოდექსის ამოქმედებამდე დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებს შეუნარჩუნდათ ძალა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოყვანილი იქნა კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არარსებითი ცვლილების შეტანის გზით (კონცეფციის დამტკიცების გარეშე). დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 35-მდე ქალაქთმშენებლობითი გეგმა (მათ შორის, ბაკურიანის, გუდაურის, ბახმაროს, დიდი მიტარბის, ურეკი-სეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიების გენერალური გეგმები და განაშენიანების გეგმები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმა და განაშენიანების გეგმა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმა და განაშენიანების გეგმა და სხვ.), რომელიც კონცეფციის დამტკიცების გარეშე იქნა შესაბამისობაში მოყვანილი კოდექსთან. აგრეთვე, ძალაში დარჩა კოდექსის ამოქმედებამდე დამტკიცებული გეგმარებით დავალებები (გეგმის დამტკიცების პირველის სტადია) და კოდექსის თანახმად, შესაძლებელია ასეთი გეგმის პროექტის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დამტკიცება (და არა კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). ასეთ გეგმებსაც არ აქვთ გავლილი კონცეფციის დამტკიცების სტადია (გეგმის დამტკიცების პირველი სტადია), რადგან ძველი კანონმდებლობით გავლილი სტადია (გეგმარებითი დავალების დამტკიცების სტადია) ძალაში დარჩა. იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების განხორციელებისას, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, დღეს მოქმედი დანაწესებიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს/უწყებას ფაქტობრივად ევალება ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის მომზადება. მთელი დასახლებისთვის კონცეფციის შემუშავება კომპლექსური პროცესია, საჭიროებს ფართომასშტაბიან კვლევებს და ანალიზს, რაც დაკავშირებულია დიდ რესურსებთან/ხარჯებთან. ამასთან, კონცეფციის მომზადება და დამტკიცება გრძელვადიანი პროცესია. ზემოაღნიშნული გეგმებისთვის კონცეფციის შემუშავების მიზნით ღონისძიებების გატარება მუნიციპალიტეტის/სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება ამ ეტაპზე გამართლებული (რესურსების დაზოგვის მიზნით), ვინაიდან, გეგმების უმრავლესობა უკვე აღარ პასუხობს დასახლების წინაშე მდგარ გამოწვევებს, საჭიროებს რევიზიას და განახლებას. ამასთან, არც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე/ნაკვეთებზე გეგმარებითი პირობების (ფუნქციური ზონა, ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები) შეცვლით დაინტერესებული პირისთვის კონცეფციის შემუშავების დავალდებულება არ არის გამართლებული (საჭირო დროითი და თანხობრივი რესურსების გათვალისწინებით). ამდენად, ვინაიდან, გეგმის კონცეფციის მომზადება დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, ზემოაღნიშნულ გეგმებში ცვლილების შეტანისას კონცეფციის მომზადების აუცილებლობა პრაქტიკაში შეუძლებელს ხდის ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანას (განსაკუთრებით, კერძო სამართლის სუბიექტების შემთხვევაში), აფერხებს დასაშვები სამშენებლო პოტენციალის გამოყენებას, ინვესტიციების განხორციელებას და შესაბამისად, ტერიტორიების განვითარებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ქალაქთმშენებლობით გეგმებში შესატანი ცვლილების პროცედურა, რეგულირდება ამ კოდექსით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით გამარტივდება ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად 141-ე მუხლს ემატება მე-161 ნაწილი, რომელიც ეხება ისეთ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გადამტკიცდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე ან/და რომლებიც დამტკიცდა 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე. აღნიშნულ გეგმებს შესაძლებელია არ ჰქონდეს გავლილი კონცეფციის დამტკიცების სტადია (გეგმის დამტკიცების პირველი სტადია), რადგან მისი კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდა არარასებითი ცვლილების შეტანის გზით (რომლის დროსაც კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად I სტადია არ ხორციელდება) ან/და გეგმის დამტკიცება განხორციელდა უკვე დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე (რომელიც კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენდა გეგმის დამტკიცების პირველი სტადიას). მოქმედი რედაქციის თანახმად, ხსენებულ გეგმებში არსებითი ცვლილების განხორციელებისას აუცილებელია კონცეფციაში ცვლილებების შეტანაც და ვინაიდან, ისინი დამტკიცდა კონცეფციის გარეშე, საჭიროა გეგმის კონცეფციის მომზადება ცვლილებების განხორციელების მიზნით. აღნიშნული კი აფერხებს და პრაქტიკაში შეუძლებელს ხდის ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანას. წარმოდგენილი პროექტით, იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება შესაბამისი გეგმის ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გეგმარებითი პირობების შეცვლით დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს ქალაქთმშენებლობით გეგმის პროექტში ცვლილების შეტანა უშუალოდ გეგმის პროექტის ცვლილებით, მთელი დასახლებისთვის გეგმის კონცეფციის მომზადების ვალდებულების გარეშე. კანონპროექტის მე-2 მუხლი ეხება ამოქმედების საკითხს, კერძოდ, კანონის ძალაში შესვლა იგეგმება გამოქვეყნებისთანავე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ხარჯების დაფინანსებას, შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში (35-მდე ქალაქთმშენებლობით გეგმაში) არსებითი ცვლილების შეტანისას, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, აღარ იქნება საჭირო კონცეფციის მომზადებისთვის და დამტკიცებისთვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფა. ხსენებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანის და შესაბამისად, გეგმის კონცეფციის შემუშავების საჭიროება შესაძლებელია დადგეს როგორც სახელმწიფოს მხრიდან (კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე), ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის მომზადების ღირებულება დამოკიდებულია საპროექტო ტერიტორიის მასშტაბზე, გეგმის ფარგლებში განსახორციელებლი სამუშაოების მოცულობაზე (კვლევებზე და სხვ.). ქალაქთმშენებლობითი გეგმების მომზადების ღირებულება საშუალოდ მერყეობს 200 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე, ხოლო ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის ღირებულება დაახლოებით აღნიშნული გეგმის მომზადების ღირებულების ნახევარს შეადგენს. შესაბიმისად, იმ შემთხვევაში, თუ გეგმარებითი საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ან/და მუნიციპალიტეტის ინიციატივით ქალაქთმშენებლობით გეგმაში არსებითი ცვლილების შეტანის აუცილებლობა დადგება, წარმოდგენილი პროექტის მიღებით, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიზოგება ცალკეული გეგმის კონცეფციის შემუშავებისთვის საჭირო თანხები, დაახლოებით 100 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებით, იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში (35-მდე ქალაქთმშენებლობით გეგმაში) არსებითი ცვლილების შეტანისას, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, აღარ იქნება საჭირო კონცეფციის მომზადებისთვის და დამტკიცებისთვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფა. ხსენებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანის და შესაბამისად, გეგმის კონცეფციის შემუშავების საჭიროება შესაძლებელია დადგეს იმ იურიდიული და ფიზიკური პირის მხრიდანაც, რომლებსაც განზრახული აქვთ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება საკუთარი ინტერესების შესაბამისად, თუმცა სამშენებლო პოტენციალის მიუხედავად, ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილი ფუნქციური ზონები ან/და დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები აღნიშნულის შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ინტერესებიდან და გეგმარებითი საჭიროებებიდან გამომდინარე, კერძო სამართლის სუბიექტის ინიციატივით ქალაქთმშენებლობით გეგმაში არსებითი ცვლილების შეტანის აუცილებლობა დადგება, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება ცვლილების ინიციატორი ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური და ადამიანური რესურსები. დაზოგილი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება შესამუშავებელი გეგმის მასშტაბზე და გეგმის ფარგლებში განსახორციელებლი სამუშაოების მოცულობაზე. ქალაქთმშენებლობითი გეგმების მომზადების ღირებულება საშუალოდ მერყეობს 200 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე, ხოლო ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის ღირებულება დაახლოებით აღნიშნული გეგმის მომზადების ღირებულების ნახევარს შეადგენს. შესაბამისად, წარმოადგენილი პროექტის მიღებით, ქალაქთმშენებლობითი გეგმებში არსბეითი ცვლილებით დაინტერესებულ კერძო სამართლის სუბიექტებს არ დასჭირდებათ შესაბამისი გეგმის კონცეფციის შემუშავებისთვის საჭირო თანხების (დაახლოებით 100 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე) მობილიზება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.