„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი , ჰერმან საბო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ჰერმან საბო; ვახტანგ მეგრელიშვილი; იაგო ხვიჩია; ალექსანდრე რაქვიაშვილი
ნომერი
#07-3/256/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს ცვლილება და 72ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი : ,,6. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა, შესაძლებელია გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდესის 166-ე ან/და 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ‘’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობით მიგრაცია დაიწყო. საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ ბუნებრივი მოვლენაა, ვინაიდან რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ამ ქვეყნიდან შემოსული ადამიანები ჩვეულებრივ უცხოელებად არ აღიქმებიან. რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებულ პოლიტიკას არაერთი ოჯახის ტრაგედია უკავშირდება, ხოლო ის პოლიტიკური წყობა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს უწევდათ ცხოვრება საქართველოს მოქალაქეთა კრიტიკული მასისთვის გამაღიზიანებელია. აღნიშნული გარემოება და მიგრაციის სწრაფი და მოულოდნელი ზრდა აჩენს რისკებს, რომ წვრილმანი ხულიგნობა თუ ჩხუბიც კი, რომლის ინიციატორი რუსეთის მოქალაქე იქნება, მნიშვნელოვანი კონფლიქტის წყაროდ შეიძლება იქცეს. მართლწესრიგის დაცვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა, თუმცა კანონპროექტის მიზანია, არსებული წესრიგის ფარგლებში, გავაჩინოთ დამატებითი შესაძლებლობა სრულად იქნას დაცული საჯარო წესრიგი რუსეთის მოქალაქეების მიერ და თუ ისინი დაარღვევენ სასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ წესრიგს, შესაძლებელობა იარსებებს გაძევებულ იქნან ქვეყნიდან, იმ წესით რომელიც მოქმედებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებს საქართველოს კანონის IX თავით. ნორმა იქნება დროებითი და ის იმოქმედებს, მანამ სანამ არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონში გათვალისწინებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების საკითხი, თუმცა ამომწურავ ჩამონათვალში არ გვხვდება რუსეთის მოქალაქეთა გაძევების ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც კანონპროექტი გვთავაზობს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვს ბინადრობის უფლება ან/და ორმაგი მოქალაქეობა პასუხისმგებლობა იგრძნობენ საქართველოში არსებული წესრიგის მიმართ. მათთვის მცირედით, მაგრამ უფრო მკაცრი იქნება სამართლებრივი მდგომარეობა, თუ სურთ საქართველოში ცხოვრება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის გარდამავალ დებულებაში ჩაიწეროს ნორმა, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც არ არის საქართველოს ორმაგი მოქალაქე ან/და არ აქვს ბინადრობის უფლება, შესაძლებელია გაძევებულ იქნას ქვეყნიდან, თუ ის დაარღვევს სასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ მართლწესრიგს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი თავისი არსიდან გამომდინარე დაჩქარებული წესით უნდა იქნას განხილული, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეიძლება რელევანტური არ იყოს ამ კანონის მიღება. მოცემული პრაქტიკის გათვალიწინებით კანონის მისაღებად რამდენიმე თვე არის საჭირო, რუსეთის მოქალაქეები დიდი ნაწილი კი უკვე ქვეყანაშია შემოსული, ნაწილი საზღვართან ელოდება თავის რიგს, შესაბამისად თუ ომი დასრულდა და ეს ადამიანები ქვეყნიდან გავიდნენ ამ კანონის განხილვაც კი არარელევანტური იქნება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით არ არის საჭირო აუცილებელი ხარჯების გამოყოფა და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: თუ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები დაარღვევენ სასკ-ის 166-ე ან/და 173-ე მუხლს და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, მათი ქვეყნიდან გაძევების შესახებ, მაშინ მათ მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა ქვეყნის დასატოვებლად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მოზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი , ჰერმან საბო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.