საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, ბულგარეთის რესპუბლიკაში (29 სექტემბერი - 3 ოქტომბერი, 2022 წ.) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიით ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-15871/22
13-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში
სადამკვირვებლო მისიით ვიმყოფებოდი ბულგარეთის რესპუბლიკაში (29 სექტემბერი - 3
ოქტომბერი, 2022 წ.), სადაც 2 ოქტომბერს ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო
არჩევნები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: ანგარიში 2ფ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს დელეგაციის წევრის,
საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ქართული ოცნება“
თავმჯდომარის პირველი მოადგილის,
გივი მიქანაძის
ანგარიში
მოგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში
სადამკვირვებლო მისიით ვიმყოფებოდი ბულგარეთის რესპუბლიკაში (29 სექტემბერი - 3
ოქტომბერი, 2022 წ.), სადაც 2 ოქტომბერს ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
2022 წლის 30 სექტემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს
ორგანიზებით, სოფიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა დისკუსია,
სახელწოდებით „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, რომლის მთავარი მომხსენებელი
მე გახლდით. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია საგარეო ურთიერთობათა ევროპული
საბჭოს დირექტორის მოადგილემ ვესსელა ჩერნევამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს
როგორც ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვადასხვა
ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა. დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე
ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრაზე ვისაუბრე რეკომენდაციების
შესრულების მიზნით გაწეულ სამუშაოებზე, უკვე ინიცირებულ კანონპროექტებსა და მათი
განხორციელების მიმდინარე პროცესზე. პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია კითხვაპასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებას გავუზიარე ინფორმაცია იმ
გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში შექმნილი ურთულესი
ვითარებიდან გამომდინარე დგას. დეტალურად ვისაუბრე საქართველოს მხრიდან
უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ
აქტივობებზე. დისკუსიამ დამსწრე საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრას სოფიაში აკრედიტირებუი ელჩები, საელჩოს თანამშრომლები და ექსპერტული
ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2022 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიების მიერ
ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებში, სადაც ინფორმაცია მოგვეწოდა როგორც
საარჩევნო კანონმდებლობაზე და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, ასევე - ტექნიკური
და საორგანიზაციო დეტალები სადამკვირვებლო მისიის ჩატარებასთან დაკავშირებით. 1
ოატომბერს შეხვედრები ჩატარდა არჩევნებში მონაწილე პარტიების ლიდერებთან, ასევე
შეხვედრა შედგა ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მონიტორინგის განსახორციელებელი უბნების
განაწილებისას წილად მხვდა სადამკვირვებლო აქტივობების განხორციელება ქალაქ
პერნიკსა (სოფიის მიმდებარე რეგიონის მთავარი ქალაქი) და ქალაქ კუსტუნდილში (100
კმ-ის რადიუსი სოფიადან). გადანაწილების შედეგად ამ მისიაში ჩემს მეწყვილედ
განისაზღვრა მალტის პარლამენტის წევრი კრის საიდი.
2 ოქტომბერს დილის 07:00 საათიდან დავიწყეთ დაკვირვების განხორციელება უბნებზე,
რაც საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდა. შედეგად, სადამკვირვებლო მისია
განვახორციელეთ სოფიის 1, პერნიკის 8 და კუსუნდილის 4 საარჩევნო უბანში (ჯამში 13
საარჩევნო უბანში). არჩევნებმა ზოგადად ჩაიარა მშვიდ გარემოში, არსებითი დარღვევები
არ გამოკვეთილა. შესამჩნევი იყო ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობა. საარჩევნო
უბნების 80%-ში გამოყენებული იქნა ელექტრონული აპარატურა ხმის მისაცემად,
დანარჩენში არჩევნები ჩატარდა ტრადიციული ხმის მიცემის მეთოდით. სადამკვირვებლო
მისიის დასასრულს მონიტორინგის შედეგად შევსებული ყველა ფორმა სამდივნოს
ჩავაბარეთ და გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები და მოსაზრებები, რაც წინასწარ და
საბოლოო ანგარიშებში იქნება გათვალისწინებული.
გივი მიქანაძე