„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია; ჰერმან საბო; ალექსანდრე რაქვიაშვილი; ვახტანგ მეგრელიშვილი
ნომერი
#07-3/263/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებზე, რომლებზეც კანონით გათვალისწინებული სასჯელი აღემატება 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. ‘’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულს, რომლებზეც სასჯელი აღემატება 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. კანონპროექტის მიზანია გაზარდოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის როლი სასამართლო სისტემაში, რადგან ეს ინსტიტუტი პირდაპირ უკავშირდება სამართლიანი მართლმსაჯულების იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში. ასეთი ტიპის სასამართლო იძლევა პროცესის მაქსიმალური შეჯიბრებითობას და მხარეთა თანასწორობას. მსაჯულების მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების სამართლებრივი აზროვნების დონის ამაღლებაში. ეს ინსტიტუტი უფრო დემოკრატიულია, მას შემოაქვს საღი აზრი სისხლისსამართლებრივ სისტემაში და ასევე, ნაკლებად ექცევა ბრალდების მხარის ზეგავლენის ქვეშ. ამას გარდა, ვერდიქტის გამოტანისას მოქმედებენ პრინციპით, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოს გადაწყვეტას. ტრადიციულ სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. რეპუტაციული ზიანი უმთავრესი პრობლემაა, რის გამოც ადამიანების უდიდეს ნაწილს არ აქვს ნდობა, იმ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, სისტემის გაძლიერებით არის დაკავებული. დღეს საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილი სასამართლო რეფორმას ეხება და ეს კანონპროექტი ამ გეგმის ნაწილია. ის ცვლილებები რომელიც 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელების სახელით კეთდება, უფრო მეტად აზიანებს ადამიანებს, რადგან მანკიერ სასამართლო სისტემის გაკეთილშობილების მცდელობა დამატებითი ფუნქციების შეძენით, სისტემას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გავაფართოოთ სივრცე, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ჩაერთონ მართლმსაჯულების განხორციელებაში და ამით შეამცირონ სისტემის გავლენები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დღეს არსებული წესრიგით, სისხლის სამართლის კანონით ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულების წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა ისნტიტუტის გამოყენება, ამიტომ კანონის მიღების გარეშე ამ მდგომარეობას ვერ შევცლით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: გაიზრდება იმ დანაშაულების წრე, სადაც გამოყენებულ იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, შესაბამისად მოიმატებს ბრალდებულთა რიცხვი, ვისაც უფლება გაუჩნდება მიმართოს სასამართლოს, რათა თავისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. მართლმსაჯულების პროცესში ჩვეულებრივი მოქალაქეების ჩართვა უფრო ადამიანურს და გასაგებს გახდის სასამართლო გადაწყვეტილებებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ბრალდებულს უფლება ექნება მოითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სასამარლოს მოწვევა თუ მას ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც დაწესებული სასჯელი აღემატება 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. დღეს არსებული წესით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 144 3 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ კი სასამართლოების ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაიზრდება მოსაწვევ ნაფიც მსაჯულთა ოდენობა, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. სასამართლო არ აწარმოებს სტატისტიკურ ინფორმაციას ისეთი სასამართლო განხილვების შესახებ რომელთა სასჯელი აღემატება 6 თვეს. ნაფიცი მსაჯულის მიერ მოვალეობის შესრულება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს დროულად მიიღოს სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უფრო მეტ პირს მოუწევს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება ვიდრე ამჟამად. ნაფიც მსაჯულებს უნაზღაურდებათ მხოლოდ ის ხარჯები, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის განხორციელებასთან. ამასთან, დღიური, სამგზავრო ხარჯების და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: აშშ კონსტიტუციის მე-2 მუხლის მეორე ნაწილი ადგენს: „ყველა დანაშაულს, იმპიჩმენტის პროცედურის გარდა, განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო”. კონსტიტუციის მე-6 შესწორებით: „ყველა სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულს უფლება აქვს, მისი საქმე განიხილოს მიუკერძოებელმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ...” აშშ უზენაესმა სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისტორიული განვითარება, მისი კონსტიტუციური საფუძვლები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშშ კონსტიტუცია არ მოითხოვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წვრილმან დანაშაულთა საქმეებზე. მას შემდეგ დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა მოიცავს ყველა დანაშაულს, გარდა წვრილმანი დანაშაულისა, რომელიც ითვალისწინებს 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას, რომლის ოდენობაც არ არის მნიშვნელოვანი. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.