„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი
ნომერი
#07-3/278/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) 59-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;“. ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. უფლების მფლობელმა დავის დაწყებამდე ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს დამრღვევს, ხოლო დამრღვევი უფლებამოსილია უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გადაუხადოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 პროცენტით მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაიხდის ერთჯერად ფულად კომპენსაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილია აწარმოოს დავა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს პარლამენტს რიგმა ტელეკომპანიებმა მიმართეს საკანონმდებლო წინადადებით (N1-8205/22), სადაც დასმული საკითხი ეხებოდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე გამოწვევებს და შემოთავაზებული იყო ამ პუნქტის კანონიდან ამოღება. კერძოდ, განცხადებაზე ხელმომწერი ტელევიზიების თანახმად, კანონი, მოქმედი რედაქციით, არაკეთილსინდისიერი პირის ხელში უფლებით ბოროტად სარგებლობისა და შანტაჟის ბერკეტად გვევლინება, რაც, როგორც ისინი მიუთითებენ, ფაქტობრივადაც მრავლად შეინიშნება აღნიშნულ ურთიერთობებში. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო პირობა ახალისებს სანქცირებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც ხელს უშლის ბაზრის სტაბილურობას და სამართლიანი ქცევის ჩარჩოების ჩამოყალიბებას. მეტიც, ასეთი რეგულირების ფარგლებში საავტორო უფლების მფლობელის ინტერესებში არ შედის ხელშეკრულების გაფორმება უფლების შემძენთან, რადგან დამრღვევი პირის მიმართ კანონით მინიჭებული ღირებულების სულ მცირე ათმაგი ოდენობით მოთხოვნის უფლებით სარგებლობა ცხადია, უფრო დიდ შემოსავალთან არის დაკავშირებული. დამრღვევი პირი კი სწორედ ის უფლების შემძენია, რომელსაც თავად უფლების მფლობელმა ხელშეკრულება არ გაუფორმა. ამგვარი უფლების მოპოვება (ამავე კანონის 42 - ე მუხლით (ხელშეკრულების ფორმა)) გათვალისწინებულ სავალდებულო ფორმას - წერილობით ხელშეკრულებას საჭიროებს. როგორც განმცხადებლები მიუთითებენ, ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც უფლების მფლობელი უფლების გადმოცემაზე ზეპირი თანხმობის შემდეგ აცხადებს უარს და წერილობითი ფორმით შესრულებული ხელშეკრულების არ არსებობის გამო, უფლების შემძენი სამართალდამრღვევად გვევლინება. გარდა ამისა, აღნიშნული ბერკეტის არაკეთილსინდისიერი გზით გამოყენება ხდება ფასისა და სხვა არსებითი პირობების განსაზღვრის დროსაც. ზემოთ აღწერილი მოცემულობა ქმნის არასტაბილურ გარემოს და ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერი წესების დამკვიდრებას მხარეთა შორის ურთიერთობაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უფლების მფლობელის უფლებები დაცულია არაერთი სხვა მექანიზმით, კერძოდ: საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, მართალია მხარი არ დაუჭირა მის წარმოდგენილი სახით. კულტურის კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის სრულად ამოღება, რათა არ დარღვეულიყო ბაზრის მონაწილე მხარეთა შორის არსებული ბალანსი, მაგრამ გამოთქვა მზაობა არსებული გამოწვევის დარეგულირების შესახებ მუშაობის გაგრძელების თაობაზე.გამართული კონსულტაციების საფუძველზე, წინამდებარე კანონპროექტის ინიციატორების მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება იმგვარად, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებები და მეორე მხრივ უზრუნველყოფილი იყოს კერძო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხი რეგულირდება კანონით, ამიტომ აუცილებელია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ერთი მხრივ დაცული იქნება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებები და მეორე მხრივ უზრუნველყოფილი იქნება კერძო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით: „ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;“. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. უფლების მფლობელმა დავის დაწყებამდე ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს დამრღვევს, ხოლო დამრღვევი უფლებამოსილია უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში უფლებამოსილ პირს გადაუხადოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 პროცენტით მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაიხდის ერთჯერად ფულად კომპენსაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილია აწარმოოს დავა კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საკითხის დარეგულირება. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება, საავტორო უფლებების მფლობელის მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობის ცვლილებას, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღწერილი პრობლემა ყოველდღიურად ზრდის ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე არასტაბილურობის ხარისხს და ხელს უშლის ბაზარზე მოქმედი ოპერატორებს (უფლების შემძენი და უფლების გამცემი პირები) შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობის წარმართვას, მიზანშეწონილია მისი მოკლე დროში დარეგულირება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2022 წლის საშემოდგომო სესია სრულდება 16 დეკემბერს. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებების ამ სესიაზე მიღება შეუძლებელი ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღწერილი პრობლემა ყოველდღიურად ზრდის ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე არასტაბილურობის ხარისხს და ხელს უშლის ბაზარზე მოქმედი ოპერატორებს (უფლების შემძენი და უფლების გამცემი პირები) შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობის წარმართვას, მიზანშეწონილია ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების გაწევა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომლთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნება, დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, დამრღვევს უფლება ექნება უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში უფლებამოსილ პირს გადაუხადოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 პროცენტით მეტი ოდენობით. მისაღები კომპენსაციის ოდენობები დამოკიდებული იქნება საავტორო უფლებების დაღვევების რაოდენობასა და მათი კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულადი ანაზღაურების ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების დროს გაიმართა კონსულტაციები რიგი ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც იყვნენ საქართელოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (N1-8205/22) ავტორები. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ეკა სეფაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ეკა სეფაშვილი