„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი
ნომერი
#07-3/284/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 90 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 203. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი დროებითი წესი 1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 3. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 4. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული 1 სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 5. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული არჩევნებისათვის ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს. 6. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული ქალი წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული მამაკაცი წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის აღნიშნულმა ქალმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის აღნიშნულმა მამაკაცმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრობის შესაბამისი კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. 7. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული ქალი წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის მიერ იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული მამაკაცი წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის მიერ იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის აღნიშნულმა ქალმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, 2 ხოლო თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის აღნიშნულმა მამაკაცმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. თუ წარდგენილ საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრობის შესაბამისი კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. 8. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია, იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 9. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გამოკლებული ქალი წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გამოკლებული მამაკაცი წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი. თუ საკრებულოს წევრობის აღნიშნულმა ქალმა კანდიდატმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში თანხმობა არ განაცხადა საკრებულოს წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მისი მომდევნო საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ საკრებულოს წევრობის აღნიშნულმა მამაკაცმა კანდიდატმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში თანხმობა არ განაცხადა საკრებულოს წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრობის შესაბამისი კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 203ე მუხლით დარეგულირებულია 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი დროებითი წესი. აღნიშნული მუხლით უზრუნველყოფილია წარმომადგენლობით ორგანოებში, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერება - ე. წ. გენდერული კვოტირება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2 გადაწყვეტილება/განჩინება, კერძოდ:  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილებით „ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი“;  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის N3/2/1647 განჩინებით „ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი“, ასევე „ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს“. შესაბამისად, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ/განჩინებამ საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით ასახვა პოვოს საქართველოს ორგანულ კანონში და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში შესაბამისი პარტიული სიების წარდგენისა და „გენდერული კვოტირების“ მსგავსი რეგულირება, მიზანშეწონილია, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. ამასთანავე, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში − საკრებულოში უზრუნველყოფილ იქნეს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, მიზანშეწონილია, დღეს მოქმედ, როგორც საქართველოს პარლამენტთან, ისე მუნიციპალიტეტის 1 წარმომადგენლობით ორგანოსთან − საკრებულოსთან, დაკავშირებულ ე. წ. გენდერული კვოტირების დროებით ნორმებს მოქმედება გაუგრძელდეთ 4 წლის ვადით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხების მოსაწესრიგებლად და საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილებისა და 2021 წლის 21 ოქტომბრის N3/2/1647 განჩინების საქართველოს საარჩევნო კოდექსში ასახვა, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში შესაბამისი პარტიული სიების წარდგენისა და „გენდერული კვოტირების“ მსგავსი რეგულირება, რითაც კიდევ უფრო დაიხვეწება ორგანული კანონის დღეს მოქმედი რეგულაციები. ამავდროულად, 4 წლის ვადით გახანგრძლივდება „გენდერული კვოტირების“ მოქმედების ვადა, რითაც წახალისდება კიდევ უფრო მეტი ქალის მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით იცვლება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მოქმედი რედაქცია, კერძოდ:  საქართველოს პარლამენტის 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს იმგვარად უნდა წარუდგინოს, რომ პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს ქალი.  საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს იმგვარად უნდა წარუდგინოს, რომ პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იყოს ქალი.  თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს მამაკაც წევრს ვადამდე შეუწყდება შესაბამისი საკრებულოს წევრობა, მის ადგილს დაიკავებს შესაბამის პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს ქალ წევრს ვადამდე შეუწყდება შესაბამისი საკრებულოს წევრობა, მის ადგილს დაიკავებს შესაბამის პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატი. მსგავსი რეგულაცია არის წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის წევრის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით.  2032 წლის ჩათვლით (ნაცვლად 2028 წლისა) ჩასატარებელ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველი სამი 2 კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საკითხის დარეგულირება. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა დროულად მოხდეს, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში შესაბამისი პარტიული სიების წარდგენისა და „გენდერული კვოტირების“ მსგავსი რეგულირება. ამასთანავე, მიზანშეწონილია, დღეს მოქმედ, როგორც საქართველოს პარლამენტთან, ისე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან − საკრებულოსთან, დაკავშირებული „გენდერული კვოტირების“ დროებითი ნორმების მოქმედების 4 წლის ვადით გაგრძელების მომწესრიგებელი ნორმები დროულად იქნეს იმპლემენტირებული საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედება პირდაპირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები 3 პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ახდენს პირდაპირ ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებას ექნება დადებითი გავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან ხელი შეეწყობა საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობების გაზრდას („გენდერული კვოტირების“ მარეგულირებელ ნორმებს მოქმედება გაუხანგრძლივდება 4 წლის ვადით). კერძოდ, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიულ სიაში ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი (ნაცვლად განსხვავებული სქესისა), ასევე საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი, ხოლო 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იქნება ქალი. ყოველივე ზემოაღნიშნული წაახალისებს კიდევ უფრო მეტი ქალის მონაწილეობას პოლიტიკურ საქმიანობაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ 4 ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო,არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი 5