საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიში (2022 წლის იანვარი - 2023 წლის იანვარი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-08
ბიუროს ნომერი 220
📜 ტექსტი
წერილი
2-1591/23
08-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2022 წლის იანვარი - 2023 წლის იანვარი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირში, მონაწილეობა მიიღო რუანდას
დედაქალაქ კიგალიში გამართულ 145-ე ასამბლეის მუშაობაში.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------2022 წლის 11-16 ოქტომბერი
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეა
რუანდას რესპუბლიკა, კიგალი
მონაწილეები: შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი
2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში, გაიმართა საერთაშორისო
საპარლამენტო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა
მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის
თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 125-მდე ქვეყნის
600-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 40-მდე პარლამენტის თავმჯდომარე
მონაწილეობდა.
„გენდერული თანასწორობა და გენდერულად მგრძნობიარე პარლამენტები“- ამ თემის
გარშემო გაიმართა პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში
გრძელდებოდა და ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები
განხილვებში თემის გარშემო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან
გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით
გადადგმულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც გენდერული
თანასწორობის საკითხების უკეთესად დარეგულირების თვალსაზრისით საქართველოს
პარლამენტმა განახორციელა.
საკუთარ გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წელს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,
რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში აღსანიშნავ ნაბიჯს წარმოადგენს
გენდერული თანასწორობის საკითხის შემდგომი უკეთესი რეგულირებისკენ. 2017 წელს
თანასწორობის პრინციპი აისახა საქართველოს კონსტიტუციაში, რის შედეგადაც
ყურადღება გადატანილ იქნა სტრუქტურულ უთანასწორობებთან ბრძოლაზე და
სახელმწიფოს დაევალა სპეციალური კანონების, პოლიტიკისა და პროგრამების მიღება და
განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს.
მისი განცხადებით, 2020 წელს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება
მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადენდა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების
შედეგად, არჩეულ ქალთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში,
გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის
2023 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე.
მისი განცხადებით, დიდი ყურადღება ექცევა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აძლიერებს სწრაფვას გენდერული
თანასწორობის მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა
მეთოდოლოგია, რომლითაც ხორციელდება პარლამენტის გენდერულად სენსიტიურობის
შეფასება, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები, მათ შორის
გენდერული ბიუჯეტირების მხრივ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას,
რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო
ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე, რუსეთის მიერ გადადგმულ
ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით. რეზოლუციის
პროექტი მოამზადა ჩილეს და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა, რომელიც მიიღო ასამბლეამ.
რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები
უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო
სამართლის ნორმებს.
ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ
ორმხრივი შეხვედრები გამართა ოთხი კონტინენტის, 19 ქვეყნის პარლამენტების
ლიდერებთან. მათ შორის, კორეის რესპუბლიკის, კოტ დივუარის, სიერა ლეონეს,
ავსტრალიის, რუანდას, მალავის, ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის, გაიანას, სერბეთის,
ბოტსვანას, ნამიბიის და ესვატინის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, უკრაინის,
ჩილეს, ინდოეთის და იორდანიის პარლამენტების ვიცე-სპიკერებთან და დიდი
ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან.
შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი ყურადღება გაამახვილა საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ
რთულ ვითარებაზე.
რიგ შეხვედრებზე, ისაუბრეს უკრაინისადმი რუსულ აგრესიაზე. აღინიშნა, რომ რუსეთის
ფედერაციის მოქმედებები მიუღებელია, ვინაიდან ის ძირს უთხრის მშვიდობას და
საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების
პერსპექტივებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ისაუბრეს სხვა და სხვა სფეროში,
მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი
ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე,
საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მომდევნო ასამბლეას, 2023 წლის 11-15 მარტს,
ბაჰრეინის დედაქალაქი მანამა უმასპინძლებს.
ირაკლი ბროკიშვილი
დელეგაციის მდივანი
2023 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი