„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ბარამიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა შავგულიძე, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი
ნომერი
#07-3/287/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი : 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე: ა) რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის სამსახურში შევა; ბ) რომელიც შევა იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონით ოკუპანტად განსაზღვრული სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ამ ქვეპუნქტის მოქმედება საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდება აღნიშნულ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მთელ პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ ერთი წლის მანძილზე, თუ საქართველოს მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში კვლავ ირიცხება მოცემული ქვეყნის სამხედრო სამსახურში.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ცივილიზებულმა სამყარომ მკაცრად დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა სუვერენულ უკრაინაზე, რის თაობაზეც არაერთი რეზოლუცია თუ სხვა შესაბამისი დოკუმენტი იქნა მიღებული გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ. მათ მიერვე მკაცრი ფინანსური სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერაციას და მის ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ხელს უწყობდნენ დანაშაულებრივი ომის წარმოებას უკრაინის წინააღმდეგ. იმავდროულად, ევროკავშირი, ნატო, აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები უპრეცედენტო მასშტაბის დახმარებას უწევენ უკრაინას ფინანსური რესურსების და სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, უკრაინელ სამხედროთა გაწვრთვნით, უკრაინელ დევნილთა შეფარებით თუ სხვა სახით. რუსეთის აგრესიის მოგერიებაში უკრაინას ასევე ეხმარებიან მოხალისე მებრძოლები მსოფლიოს მრავალი ქვენიდან, მათ შორის საქართველოდანაც. ქართველი მოხალისეები ინტეგრირებული არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქვეყნიდან ჩასულ მოხალისეთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანს ქართველ მოხალისეთა კორპუსი წარმოადგენს. სამწუხაროდ, მსხვერპლიც დიდია მათ შორის. ომის დაწყებიდან დღემდე 36 ქართველი მოხალისე დაიღუპა უკრაინაში. მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც ეხლა უკრაინის ოკუპაციასაც ცდილობს, უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, თავისი გათავისუფლებისათვის არსით, ომში მათი რუსეთის საქართველოს მოქალაქეთა ოკუპაციისაგან მონაწილეობის ტოლფასია. საქართველოს ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლური სამყარო ამ ომს აფასებს როგორც უკრაინის ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის, არამედ, ასევე, როგორც ბრძოლას მთლიანად დასავლური ღირებულებებისა და ცივილიზაციისათვის, 1 ქართველ მოხალისეთა ამ ბრძოლაში მონაწილეობა უკრაინელთა მხარდამხარ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დასავლურ სამყაროში საქართველოს ინტეგრირების საკითხის გადაწყვეტაში, რაც ჩვენი ქვეყნის ოფიციალურად გაცხადებულ და კონსტიტუციით გამყარებულ კურსს წარმოადგენს. ქართველ მოხალისე მებრძოლთა დამსახურებას ცივილიზებული სამყაროს ამ ომში ბოროტებასთან, ხაზი გაესვა ევროპის პარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება. აღნიშნული რეზოლუციის ქვეთავში, სათაურით „ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება“, აღნიშნულია, რომ ევროპის პარლამენტი „...ქედს იხრის უკრაინაში მოქმედი ‘ქართული ლეგიონის’ ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული, იბრძვიან რუსი აგრესორების წინააღმდეგ...“.1 ამგვარად, ქართველ მოხალისეთა ბრძოლა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული მებრძოლები პატივისცემას და დაფასებას იმსახურებენ ქართული სახელმწიფოსაგან. ამის საწინააღმდეგოდ, ,,ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, საჯაროდ განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისეები საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. ისინი აპელირებენ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ,,საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ : ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;’’. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის აღნიშნული ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად არასწორია, რადგან ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოთა ვალდებულად განსაზღვრავს ევროკავშირში და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას. ორგანული კანონის მოცემული ნორმის „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ წარმოდგენილი ინტერპრეტაციით კი, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში და ნატოში საქართველოს ინტეგრირების ინტერესის შესაბამისად მოქმედებენ. უფრო მეტიც - საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან ამ სახელმწიფო ინტერესს. რადგან კანონის მითითებული ნორმის ამგვარი, თუნდაც არსებითად არასწორი და ანტიკონსტიტუციური ინტერპრეტაცია საჯაროდ იქნა გამოთქმული, არსებობს რეალური 1 P9_TA(2022)0442, Annual implementing report on the EU association agreement with Georgia European Parliament resolution of 14 December 2022 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2021/2236(INI)), para. 4. 2 საფრთხე იმისა, რომ აღნიშნული ნორმა ასევე არასწორად იქნეს გამოყენებული უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნორმის არასწორად წაკითხვის შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის დებულება, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ ის სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, არ არის აბსოლუტური ხასიათის და ის ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას. კერძოდ, აღნიშნული კანონის 21ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავს პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა. მაშინ, როდესაც მოქმედი კანონი ორმაგი მოქალაქეობის შეთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებაში მსახურობდეს და აღნიშნული გარემოება არ ხდება მოცემული პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, ლოგიკურია რომ საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც იმავდროულად არ არის რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეც, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შსაბამისად იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ უნდა წარმოადგენდეს აღნიშნული პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს. ამგვარად, წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი მკაფიოდ და თვალსაჩინოდ გამორიცხავდეს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად საქართველოს მოქალაქის იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლის განხილვას, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქის ამგვარი მოქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ემსახურება მათ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში. ამ კანონპროექტის მიზნის განსახორციელებლად, კერძოდ იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად არ განიხილებოდეს საქართველოს მოქალაქის იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, საჭიროა კანონის 3 მიღებით ცვლილებების შეტანა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წინამდებარე კანონპროექტის მიღებით გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქის იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, განიხილებოდეს აღნიშნული პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში. აღნიშნულ პუნქტს ემატება კიდევ ერთ გარემოებაზე მითითება, თუ რა შემთხვევაში არ გახდება საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. კერძოდ, ცვლილება შემოთავაზებულია 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის სახით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავს საქართველოს მოქალაქე, რომელიც შევა იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. კანონპროექტით შემოფარგლულია დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მოქალაქის გაწევრიანება და სამსახური სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებაში არ გახდება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. დროის ეს მონაკვეთი განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მთელი პერიოდით და მისი დასრულების შემდეგ ერთი წლის ვადით. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კვლავ დარჩება სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს გარემოება გახდება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით, კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ; ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება 4 საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება რაიმე სახის ხარჯებს არ გამოიწვევს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის პირდაპირი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, მოსალოდნელი არ არის. 5 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი დადებით ზეგავლენას იქონიებს უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების არასრულწოვანი შვილების უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან ამ მოქალაქეების მიმართ არ იქნება გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; შედეგად, არ მოხდება ოჯახის ერთიანობის პრინციპის დარღვევა და თავიდან იქნება აცილებული მშობელთან ბავშვის დაშორების პოტენციური საფრთხე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან 6 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე და ალექსანდრე ბარამიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა შავგულიძე, სალომე სამადაშვილი და არმაზ ახვლედიანი. 7