„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.02.2023
ავტორი
სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/251/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ1 ) ფულის გათეთრება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186, 194-ე და 1941 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;“. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სათანადო პერიოდულობით შეაფასოს და აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ხოლო სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) შემთხვევაში − აგრეთვე ჯგუფის დონეზე არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, მათი საქმიანობის არსისა და ადგილსამყოფელი იურისდიქციის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების, გარიგებისა და სხვა რისკფაქტორის საფუძველზე.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები ამ მუხლის შესაბამისად გამოვლენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვისა და შემცირების მიზნით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასებისას და მათი მართვის ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები ასახოს რისკების შეფასებისა და მართვის სისტემაში.“. 3. მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშვალდებული პირი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მკაცრად ლიმიტირებულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მკაცრად ლიმიტირებულ შემთხვევებში დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე.“. 4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. თუკი, ანგარიშვალდებული პირის მიერ სათანადო ფორმით დოკუმენტირებული ანალიზის საფუძველზე, არსებობს ეჭვი, რომ ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესის შემდგომი წარმართვა კლიენტისთვის ცხადყოფს რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ან ხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინება ან წარედგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან განხორციელდება ან ხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, ანგარიშვალდებულ პირს შეუძლია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესი და აცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.“. 5. 21-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა განახორციელოს აგრეთვე შემდეგი პირების მიმართ: ა) პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები: მეუღლე ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან რომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი, სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვს;“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ანგარიშვალდებულმა პირმა ბენეფიციარის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ხელმძღვანელობას სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე აცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ; ბ) განახორციელოს მთელი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი; გ) შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.“ 6. 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.“. 7. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ატარებს ოპერაციულ და სტრატეგიულ ანალიზს. სამსახური ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებს და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს), იყენებს ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზისათვის. სამსახური უფლებამოსილია ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) გამოითხოვოს კომპეტენტური ადგილობრივი ან სხვა იურისდიქციის ორგანოებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური სტრატეგიული ანალიზის შედეგებს უზიარებს საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობაში აისახოს 2020 წლის 17 სექტემბერს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში, ევროპის საბჭოს მიერ მოცემული რეკომენდაციები. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ფულის გათეთრების ტერმინის განმარტება, შეფასდა, როგორც არასათანადოდ ფართო. კერძოდ, ექსპერტების მოსაზრებით, ფულის გათეთრების ტერმინი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლთან ერთად, 186 (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) და 1941 (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებსაც უნდა მოიცავდეს. აღნიშნულმა ნაკლოვანებამ პირდაპირი გავლენა იქონია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის 29-ე რეკომენდაციის შეფასებაზე, ასევე არაპირდაპირი გავლენა მოახდინა მე-10 და 22-ე რეკომენდაციებზეც. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ანგარიშვალდებული პირის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების მართვის მარეგულირებელ მუხლში, ზოგიერთი ასპექტი საჭიროებს მეტ კონკრეტიკას. კერძოდ, კანონი არ ითვალისწინებს ანგარიშვალდებული პირის მიერ განხორციელებული რისკების შეფასების აღრიცხვის შესახებ დანაწესს, ასევე ვალდებულებას რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები ასახული იყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ მისი რისკების შეფასებაშიც, ხოლო გამოვლენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები მართული და შემცირებული იქნეს. ზემოაღნიშნული დანაწესების კანონში პირდაპირი ჩანაწერის არ არსებობა, შეფასდა როგორც ნაკლოვანებად, რამაც გავლენა იქონია პირველ და მე-15 რეკომენდაციების შეფასებაზე. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების შესრულებისაგან გათავისუფლება უნდა იყოს შესაძლებელი მხოლოდ მკაცრად ლიმიტირებულ შემთხვევებში, განსხვავებით დღეს არსებული რედაქციისა, სადაც მკაცრად ლიმიტირება გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულმა ნაკლოვანებამ გავლენა იქონია პირველი რეკომენდაციის შეფასებაზე. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესი. აღნიშნულმა ნაკლოვანებამ გავლენა მოახდინა მე10 და 22-ე რეკომენდაციებზე. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, არასრულყოფილია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის ტერმინი, აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირისათვის განსაზღვრული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმ ფიზიკური პირის მიმართაც, რომელსაც პოლიტიკურად აქტიურ პირთან სხვაგვარი სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ. აგრეთვე, კანონში უნდა არსებობდეს ჩანაწერი ბენეფიციარის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე იდენტიფიკაციის შესახებ. აღნიშნულმა ნაკლოვანებებმა გავლენა მოახდინა 12-ე რეკომენდაციის შეფასებაზე. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა ინახებოდეს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს მისი დაუყოვნებლივი წარდგენა კომპეტენტური ორგანოებისათვის და არა დღეს არსებული რედაქციით არსებული ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის სათანადო ვადაში წარდგენას. აღნიშნულმა ნაკლოვანებამ გავლენა მოახდინა 22-ე რეკომენდაციის შეფასებაზე. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულმა ნაკლოვანებამ გავლენა იქონია 18-ე რეკომენდაციის შესრულების შეფასებაზე. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება, ჩაატაროს ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზი არ არის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში პირდაპირ გაწერილი. აღნიშნულმა ნაკლოვანებამ გავლენა მოახდინა 29-ე რეკომენდაციის შესრულების შეფასებაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: MONEYVAL-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზემოაღნიშნული პრობლემა ეხება საკანონმდებლო ხარვეზს, შესაბამისად მის გამოსასწორებლად, აუცილებელია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა. აღნიშნული ცვლილების კანონში ასახვას, დადებითი გავლენა ექნება MONEYVAL-ის გაძლიერებული შემდგომი შეფასების (Enhanced Follow-up procedure) პროცედურაზე, სადაც შესაძლებელი იქნება, სათანადო პროგრესის ჩვენების შემთხვევაში, რეკომენდაციებზე რეიტინგის აწევის მოთხოვნა და გაძლიერებული შემდგომი შეფასების პროცედურიდან ქვეყნის ამოღების მოთხოვნა. შესაბამისად: 1. ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად უნდა გაფართოვდეს ფულის გათეთრების ტერმინი; 2. კანონში გაჩნდეს ჩანაწერი რომელიც ანგარიშვალდებულ პირებს დაავალდებულებს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშში გამოთქმული შედეგები ასახული იქნეს მათივე რისკების შეფასებაშიც, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები შემცირების მიზნით განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები; 3. კანონის მოთხოვნებისაგან განთავისუფლების საფუძვლად უნდა განისაზღვროს მკაცრად ლიმიტირებული შემთხვევები; 4. ანგარიშვალდებული პირებისათვის უნდა არსებობდეს კანონისმიერი ჩანაწერი, პრევენციული ღონისძიებების გარკვეულ შემთხვევაში შეჩერების შესახებ; 5. სწორად უნდა განიმარტოს პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის ტერმინი და სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობაში მყოფი პირი დაემატოს იმ პირების ჩამონათვალს, რომელზეც გავრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 6. ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ფორმა უნდა იძლეოდეს მისი კომპეტენტური ორგანოებისათვის დაუყოვნებლივ წარდგენის საშუალებას; 7. ამოღებულ უნდა იქნეს კანონიდან ის დანაწესი, რაც გულისხმობს ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის კანონის კონკრეტული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებას; 8. კანონით ნათლად უნდა განისაზღვროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება ჩაატაროს სტრატეგიული და ოპერაციული ანალიზი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით ქვეყანა გაითვალისწინებს MONEYVAL-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შედეგად, ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს მთელი რიგ რეკომენდაციებზე შეფასების რეიტინგის აწევა. კანონპროექტით გაფართოვდება ფულის გათეთრების ტერმინი; კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირებს დაავალდებულებს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშში გამოთქმული შედეგები ასახულ იქნეს მათივე რისკების შეფასებაში, ხოლო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები შემცირების მიზნით განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები; კანონის მოთხოვნებისაგან განთავისუფლების საფუძვლად განისაზღვრება მკაცრად ლიმიტირებული შემთხვევა; ანგარიშვალდებული პირებისათვის იარსებებს კანონისმიერი ჩანაწერი, პრევენციული ღონისძიებების გარკვეულ შემთხვევაში შეჩერების შესახებ; სწორად განიმარტება პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის ტერმინი და სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობაში მყოფი პირი დაემატება იმ პირების ჩამონათვალს, რომელზეც გავრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი; ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ფორმა მისი კომპეტენტური ორგანოებისათვის დაუყოვნებლივ წარდგენის საშუალებას მისცემს ანგარიშვალდებულ პირებს; ამოღებულ იქნება კანონიდან ის დანაწესი, რაც გულისხმობს ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის კანონის კონკრეტული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებას; კანონით ნათლად განისაზღვრება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება ჩაატაროს სტრატეგიული და ოპერაციული ანალიზი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებული პირველი ცვლილება ეხება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ფულის გათეთრების ტერმინის განმარტებას, კერძოდ, დღეს არსებული შინაარსი, რომლის მიხედვითაც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ფულის გათეთრება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, არასრულყოფილია და არ მოიცავს ფულის გათეთრების ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციებით განსაზღვრული ტერმინის სრულ შინაარსს. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილებით, ფულის გათეთრების ტერმინს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლთან ერთად, 186 (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) და 1941 (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულები ემატება. კანონპროექტით გათვალისწინებული მეორე ცვლილება, ანგარიშვალდებულ პირებს დაავალდებულებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები ასახოს. კანონის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს ანგარიშვალდებული პირის მიერ შეფასებული რისკების ასახვის ვალდებულებას. გარდა ამისა, კანონის მე-8 მუხლით გამოვლენილი რისკების შემცირების მიზნით ეფექტიანი ღონისძიებების გატარების ვალდებულებაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული კანონპროექტით შემოთავაზებული მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილებით. MONEYVAL-ის ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროა ანგარიშვალდებულმა პირმა რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები ასახოს რისკების შეფასებისა და მართვის სისტემაში და ამის შესახებ კონკრეტული ჩანაწერი არსებობდეს კანონმდებლობაში, შესაბამისად, აღნიშნულიც გათვალისწინებულია მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის ცვლილებით. კანონპროექტით გათვალისწინებული მესამე ცვლილება ამკაცრებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ანგარიშვალდებულ პირებზე გავრცელების შეზღუდვის ფარგლებს. კერძოდ, დღეს მოქმედი მე-9 მუხლის შინაარსი, ანგარიშვალდებული პირის კანონის ცალკეული მოთხოვნებისაგან გათავისუფლებას უშვებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკი. დაბალ რისკთან ერთად, აუცილებელი იქნება მსგავსი გამონაკლისები გაკეთდეს მკაცრად ლიმიტირებულ შემთხვევებში, რითაც მოხდება ქვეყნის მიმართ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინება. მკაცრად ლიმიტირებული შემთხვევების განსაზღვრისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორის, ანგარიშვალდებული პირისა და მის მიერ გასაწევი მომსახურების დამახასიათებლების გათვალისწინებით, გათვალისწინებული იქნება მათ შორის, რისკების შეფასების ეროვნული დოკუმენტის საფუძველზე დადებული დასკვნა ანგარიშვალდებული პირისა და მის მიერ გასაწევი მომსახურების რისკიანობის შეფასების შესახებ, საზედამხედველო ორგანოს კვლევის შედეგი მომსახურების რისკიანობის შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზი მომსახურებასთან დაკავშირებული ტრენდებისა და რისკების შესახებ, მომსახურების თანხობრივი ან გეოგრაფიული შეზღუდვა, გადახდის ვალუტის და ფორმის შეზღუდვა და სხვ. კანონპროექტით გათვალისწინებული მეოთხე ცვლილებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც საშუალებას მისცემს ანგარიშვალდებულ პირს შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესი და აცნობოს ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. აღნიშნული უფლებამოსილება იარსებებს, თუკი ანგარიშვალდებული პირის მიერ სათანადო ფორმით დოკუმენტირებული ანალიზის საფუძველზე, არსებობს ეჭვი, რომ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება კლიენტისთვის ცხადყოფს რომ ხორციელდება გარიგების შესწავლის ანდა საეჭვო გარიგების ან სხვ. გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ცვლილება ე.წ. tipping-of ის ინსტიტუტს დანერგავს საქართველოში და გაითვალისწინებს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციას. კანონპროექტით გათვალისწინებული მეხუთე ცვლილებით, პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ 21-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში მოქცეული ოჯახის წევრის განმარტება იხვეწება და MONEYVAL-ის რეკომენდაციით მოთხოვნილი, მეუღლესთან გათანაბრებული პირი ემატება. ამავე პუნქტში, დაიხვეწება პოლიტიკურად აქტიურ პირთან კავშირში მყოფი ფიზიკური პირის განმარტებაც, რასაც ემატება სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობაში (მაგალითად, იგივე პოლიტიკური პარტიის მნიშვნელოვანი წევრები) მყოფი ფიზიკური პირიც. გარდა ამისა, 21-ე მუხლის მე-6 პუნქტში ჩნდება მკაფიო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ანგარიშვალდებულმა პირმა ბენეფიციარის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. კანონპროექტით გათვალისწინებული მეექვსე ცვლილებით, ანგარიშვალდებულ პირებს, ექნებათ ვალდებულება ინფორმაცია (დოკუმენტი) დაუყოვნებლივ მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოებს, სისხლის სამართლებრივი დევნისას კი მტკიცებულებად გამოსაყენებელ ფორმაში შეინახონ ინფორმაცია (დოკუმენტები). არსებული რედაქციით, მიწოდების შესახებ მსგავსი ვალდებულება უკვე არსებობს, თუმცა სათანადო ვადაში და არა დაუყოვნებლივ, რაც MONEYVAL-ის რეკომენდაციებით არასაკმარისად სწრაფ მიწოდებად ჩაითვალა. კანონპროექტით გათვალისწინებული მეშვიდე ცვლილებით კანონიდან ამოღებულ იქნება 29ე მუხლის მე-6 პუნქტი, არსებული რედაქციით, ინდივიდუალური მეწარმე ან ფიზიკური პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გათვალისწინებით. MONEYVAL-ის ექსპერტების მოსაზრებით, ამგვარი გამონაკლისის არსებობის საშუალებას სტანდარტები არ იძლევა. კანონპროექტით გათვალისწინებული მერვე ცვლილება მკაფიო ჩანაწერს აჩენს 34-ე მუხლში და განსაზღვრავს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას ჩაატაროს ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზი. დღეს არსებული რედაქციით, ამგვარი ანალიზის ჩატარების შესახებ კანონმდებლობაში მკაფიო ჩანაწერი არ არსებობდა, რის გამოც ქვეყანას მიეცა რეკომენდაცია აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების შესახებ. ორივე სახის ანალიზს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პრაქტიკაში უკვე ატარებს. ანალიზი მათ შორის, გულისხმობს ანგარიშგებების შეფასებას და სამიზნე ჯგუფების (პირი, ქონება, კრიმინალური დაჯგუფება და ა.შ.) იდენტიფიკაციას. ოპერაციული ანალიზის ფარგლებში გამოიყენება მათ შორის IT საშუალებები, პირების სიაში გადამოწმება, პირებს შორის კავშირების დადგენა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით როგორიცაა გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი დაკავშირებული კომპანია და ა.შ. რაც შეეხება სტრატეგიულ ანალიზს, მისი მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიული პრევენცია კრიმინალების მიერ გამოყენებული ტრენდებისა და სქემების გაშიფვრის საშუალებით. სტრატეგიული ანალიზის შედეგები მნიშვნელოვანია სფეროში პოლიტიკის განსასაზღვრად და პრევენციის თვალსაზრისით ოპერაციული პრიორიტეტების გამოსააშკარავებლად. სტრატეგიული ანალიზის შედეგია მათ შორის, ტიპოლოგიების გამოაშკარავება, რის შესახებაც ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახური მის ყოველწლიურ ანგარიშშიც აქვეყნებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირებს უზიარებს დეტალებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტის მიღების შემდგომ, სახელმწიფო უწყებებს არ სჭირდებათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დასანერგად. შესაბამისად, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის არჩევა მოხდა ყველაზე ახლო თარიღის შერჩევით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზი განხორციელდება არსებული ასიგნებების ფარგლებში, შესაბამისად, ხარჯები არ გაიზრდება და დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საჭიროება არ დგას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ფულის გათეთრების ტერმინის გაფართოებით, ანგარიშვალდებულ პირებს, სამართალდამცავ და საზედამხედველო ორგანოებს დატვირთვა არსებულზე მეტად არ გაეზრდებათ, რადგანაც უკვე გაფართოებული ტერმინის შინაარსის საქმიანობას ახორციელებენ. ანგარიშვალდებული პირების დავალდებულება რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები ასახონ რისკების შეფასებისა და მართვის სისტემაში, არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რადგანაც კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, ანგარიშვალდებულ პირებს აქვთ ვალდებულება საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინონ რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზი განხორციელდება არსებული ასიგნებების ფარგლებში, შესაბამისად, ხარჯები არ გაიზრდება და დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საჭიროება არ დგას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ინდივიდუალური მეწარმისთვის ან ფიზიკური პირისათვის, რომელებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას, გამონაკლისის გაუქმება არ იქონიებს გავლენას მათ საქმიანობაზე, რადგანაც შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზოგიერთი მახასიათებელი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან ფიზიკურმა პირმა მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლებელია შინაარსობრივად განახორციელოს; მაგალითად, განგრძობითი სწავლების პროგრამა თანამშრომლებისათვის, მაშინ როდესაც საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს მაგალითად, ნოტარიუსი. შესაბამისად, გამონაკლისის გაუქმება ანგარიშვალდებულ პირებზე ფინანსურ გავლენას ვერ მოახდენს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებებთან. ევროპის საბჭოს წესდების 15.a და 16 მუხლების შესაბამისად შექმნილი MONEYVAL კომიტეტის წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება დანერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესატყვისი სტანდარტები (ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები), ხოლო „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 48-ე მუხლის თანახმად, კონვენციის წევრი სახელმწიფო ვალდებულია პერიოდული შეფასების (MONEYVAL) შედეგების გათვალისწინებით, კონვენციით დარეგულირებული სფეროები შეუსაბამოს FATF-ის რეკომენდაციებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.