„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.03.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/256/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.05.001.019726) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ აღნიშნული პროდუქტი საქართველოს ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი ქვეყნის ბაზარზე პირველად განთავსებისას აკმაყოფილებდა აღნიშნულ ქვეყანაში ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;“. 2. მე- 3 მუხლის: ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა − კომერციული აქტივობის ფარგლებში პროდუქტის მიწოდება საზღაურით ან მის გარეშე საქართველოს ბაზარზე მისი შემდგომი დისტრიბუციის ან გამოყენების მიზნით; თ) მწარმოებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან აწარმოებინებს და ბაზარზე განათავსებს პროდუქტს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;“; ბ) „ჟ“-„ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) უფლებამოსილი პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; რ) ეტიკეტი − გრაფიკული დიაგრამა, ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის, რომელსაც აქვს დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ. ასევე შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ პუნქტში განსაზღვრულზე უფრო ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასის და ფერების მქონე ეტიკეტები. თუ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია შვიდი ენერგეტიკული კლასის განსაზღვრა, რომლებიც შეესაბამება ენერგიისა და ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას მომხმარებლის პერსპექტივიდან, ეტიკეტი შეიძლება შეიცავდეს ენერგოეფექტურობის კლასების ნაკლებ რაოდენობას, ასეთ შემთხვევებში, ეტიკეტის მუქი მწვანედან წითელ სპექტრი უნდა შენარჩუნდეს; ს) მიმწოდებელი − მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მიღებული აქვს მინდობილობა, იმოქმედოს მწარმოებლის სახელით, მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში) საქართველოში ან იმპორტიორი, რომელიც პროდუქტს საქართველოს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში უშვებს; ტ) დილერი − საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც ყიდის (მათ შორის, დისტანციურად), აქირავებს, იჯარით/ლიზინგით გასცემს ან სთავაზობს პროდუქტს მომხმარებელს ან პროდუქტის მემონტაჟეს, კომერციული საქმიანობის ფარგლებში, საზღაურით ან მის გარეშე;“; გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) მომხმარებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სთავაზობენ, ან რომელიც ყიდულობს, ქირაობს ან იღებს ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტს პირადი მოხმარების/გამოყენების მიზნით, მიუხედავად იმისა, მოქმედებს თუ არა ის მისი სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში; დ) „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს პროდუქტს, ვალდებულია უზრუნველყოს თითოეულ პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება უფასოდ, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით შესაძლებელია განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის მოდელის საბოლოო ერთეულის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიწოდებული ეტიკეტებისა და პროდუქტის საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე და უნდა შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სიზუსტის შეფასება.“; ვ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს იმგვარი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს აღნიშნული პროდუქტის ენერგოეფექტურობის ეტიკეტზე მითითებული პარამეტრები. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების მიზნის, პარამეტრების, მათ შორის ენერგოეფექტურობის კლასის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია, პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას. 10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია იმგვარად, რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად ცვლის პროდუქტის ფუნქციონირების პარამეტრებს, იმ მიზნით, რომ აჩვენოს შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ პარამეტრებზე უფრო ხელსაყრელი დონე.“; თ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. მიმწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში.“; ი) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 - მე-16 პუნქტები: „13. მიმწოდებელი ვალდებულია სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში, მიუთითოს პროდუქტის ენერგო ეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ეფექტურობის სხვადასხვა კლასები, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით; 14. მიმწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რათა უზრუნველყოს ნებისმიერი შეუსაბამობის ამ კანონისა და მისგან გამომდინარე შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობაში მოყვანა საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე. 15. მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს დაქვემდებარებულ პროდუქტებზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ეტიკეტები, ნიშნები, სიმბოლოები ან წარწერები, რომლებიც არ შეესაბამება წინამდებარე კანონის მოთხოვნებს და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტებს, თუ ამგვარი ქმედება, პროდუქტით სარგებლობის დროს, იწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით; 16. მიმწოდებელი ვალდებულია არა-ენერგომომხმარებელ პროდუქტებთან დაკავშირებით არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ეტიკეტი რომელიც მსგავსია ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ეტიკეტებისა.“. 4. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია თვალსაჩინოდ განათავსოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა შეიცავდეს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს პროდუქტის შესახებ დაბეჭდილი საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. 2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, იგი ვალდებულია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - მე-9 პუნქტები: „6. დილერი ვალდებულია სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში, მიუთითოს პროდუქტის ენერგო ეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ეფექტურობის სხვადასხვა კლასები, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით; 7. დილერი ვალდებულია ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რათა უზრუნველყოს ნებისმიერი შეუსაბამობის ამ კანონისა და მისგან გამომდინარე შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობაში მოყვანა საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირისმოთხოვნის საფუძველზე. 8. დილერი ვალდებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს დაქვემდებარებულ პროდუქტებზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ეტიკეტები, ნიშნები, სიმბოლოები ან წარწერები, რომლებიც არ შეესაბამება წინამდებარე კანონის მოთხოვნებს და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტებს, თუ ამგვარი ქმედება, პროდუქტით სარგებლობის დროს, იწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით; 9. დილერი ვალდებულია არა-ენერგომომხმარებელ პროდუქტებთან დაკავშირებით არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ეტიკეტი რომელიც მსგავსია ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ეტიკეტებისა.“. 5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-9 მუხლის: ა) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი. 2. უფლებამოსილი პირი, ამ კანონით გათვალისწინებულ ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) საფუძვლიანი ეჭვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. უფლებამოსილი პირი ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ყველა ის დოკუმენტი, რაც აუცილებელია პროდუქტის ამ კანონისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. 4. თუ დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების შედეგები ან/და არსებული შეუსაბამობები ფორმდება შემოწმების ოქმით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით.”; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. თუ ტექნიკური შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია განმეორებით შეამოწმოს ტექნიკური შემოწმებისას დადგენილი მახასიათებლების პროდუქტის ეტიკეტთან და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან სრული შესაბამისობა.“; დ) მე-13 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) მე-15 - მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. როდესაც უფლებამოსილ პირს აქვს საკმარისი საფუძველი მიიჩნიოს, რომ პროდუქტი ქმნის რისკს ამ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასპექტებისთვის, როგორიცაა გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა დაცვის ასპექტები, ის ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული პროდუქტის შეფასება ენერგოეტიკეტირების იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ რისკთან. მომიწოდებელი და დილერი ვალდებულნი არიან აღნიშნული შეფასების მიზნებისთვის ითანამშრომლონ უფლებამოსილ პირთან. 16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა პროდუქტის ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. 17. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება დადგენილების სახით, შესასრულებლად სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი. 18. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შეჩერება, ამ კანონით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამ შემთხვევაში, შეჩერებული პროდუქტის იმპორტში გაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით.“. 7. მე-10 მუხლის : ა) მე-3-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს/ოქმებს.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.“. 8. მე- 11 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება: ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ბ) სამაცივრე მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; გ)საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე დ) ელექტრონული ეკრანების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ე) ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; თ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ი) მყარი საწვავის ბოილერის, და მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის პანელების კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ლ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; მ) სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების, და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ნ) სინათლის წყაროების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ო) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; 6. სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება.” 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2025 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქტების შესაბამისობა ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები პროდუქტების შესაბამისობაში მოსაყვანად. 2. შესაბამისი მიმწოდებელი/დილერი/მწარმოებელი ვალდებულია ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2019 წელს მიღებულ იქნა „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირში არსებულ სტანდარტებს. ზემოაღნიშნული კანონით მხოლოდ ნაწილობრივ არის განსაზღვრული ბაზარზე განთავსებულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის ორგანო, რაც თავის მხრივ აფერხებს მოქმედი კანონმდებლობით ენერგომომხმარებელი პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესს. წარმოდგენილი ცვლილებებით, ხდება ზედამხედველობის ორგანოს დაკონკრეტება და შესაბამისად, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) განისაზღვრება. შესაბამისად, განისაზღვრება პროდუქტებზე სააგენტოს საზედამხედველო წესები და უფლება- მოვალეობებიც. ასევე, დგინდება კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვის წესი და ხორციელდება ტექნიკური და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრაც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით, ვინაიდან ბაზარზე ზედამხედველობასა და უფლებამოსილი პირის ფუნქციებთან დაკავშირებული დებულებები განსაზღვრულია „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელებით დადგინდება/დაზუსტდება ბაზარზე ზედამხედველობის სუბიექტიც და მისი უფლება-მოვალეობებიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მოქმედი კანონით, უფლებამოსილი პირი (რომელიც ახორციელებს ბაზარზე ზედამხედველობას) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირია. წარმოდგენილი ცვლილებებით კი დაკონკრეტდება და კანონით განისაზღვრება ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის ორგანო. შესაბამისად, კანონის აღსრულებაც, ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის თვალსაზრისით, გაცილებით ეფეტურად განხორციელდება. წარმოდგენილი ცვლილებებით კანონიდან ამოღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალდებულებები ენერგომომხმარებელი პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შემოწმების თაობაზე. რადგანაც კანონის არსი გულისხმობს უკვე ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის შემოწმებასა და კონტროლს, აზრს კარგავს პროდუქტის იმპორტის დროს მისი საბაჟო ზონაში შემოწმება. შემოსავლების სამსახურისთვის დაკისრებული ეს ვალდებულება არ ემსახურებოდა კანონის მიზნებს და წარმოშობდა დამატებით ხარჯებს. მიუხედავად შემოსავლების სამსახურის ვალდებულებებისგან გათავისუფლებისა, წარმოდგენილი ცვლილებებით სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილი ხდება, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში გათვალისწინებული შეჩერება, ბაზარზე ამ კანონით ან/და ზედამხედველობის შესაბამისი ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტით განხორციელების მიზნით. წარმოდგენილი ცვლილებებით ახლებურად რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების წესიც, რომელიც უფლებამოსილი პირის ნაცვლად დაევალება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საბოლოო ჯამში, ცვლილებათა შემოთავაზებული პაკეტით განისაზღვრება პროდუქტებზე საზედამხედველო წესები და აღსრულებადი გახდება კანონით განსაზღვრული რეგულირების სფერო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებით, განისაზღვრება ბაზარზე განთავსებულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის სუბიექტი და საზედამხედველო წესები. კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინთა ცვლილებას, კერძოდ მე-3 მუხლის „ზ“, „თ“, „ჟ“-„ტ“ და „ც“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახლებური რედაქციით, მათ შორის, ზუსტდება ეტიკეტის განმარტებაც. ცვლილების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამ კანონით განსაზღვრულზე ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი იყოს განსაზღვრული კონკრეტული ენერგომომხმარებელი პროდუქტისთვის - შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ახლებურად ყალიბდება კანონის მე-5 და მე-6 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ მიმწოდებლისა და დილერის ვალდებულებებს. დილერისა და მიმწოდებლის ვალდებულებების შესახებ მუხლებში ცვლილება შემდეგი ხასიათისაა: შინაარსის დაზუსტება, კონკრეტული პუნქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და რედაქციული ხასიათის ცვლილება. ამასთანავე, კანონის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მე-5 და მე-6 მუხლებშიც ზუსტდება მიმწოდებლისა და დილერის ვალდებულებები მომხმარებლის წინაშე. კანონის მე-9 მუხლის ცვლილება გამოწვეულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ სააგენტოს განსაზღვრიდან გამომდინარე. აღნიშნულ მუხლში ბაზარზე ზედამხედველობის წესები შესაბამისობაში მოდის სააგენტოსთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებთან. კანონის მე-10 მუხლს ემატება მე-7 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კანონით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ. მე-11 მუხლში შესატანი ცვლილების მიზეზია კანონიდან გამომდინარე დასამტკიცებელი ტექნიკური რეგლამენტების სახელწოდებების ცვლილება ევროკავშირის 1 ენერგოეტიკეტირების შესახებ რეგულაციებში შესული ცვლილების შესაბამისად. 11 მუხლის დამატებით კი წესრიგდება გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ხოლო, მისაღებ/გამოსაცემ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, რათა ძირითადი დებულებების ამოქმედებამდე განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და გატარდეს ყველა საჭირო ზომა, რაც აუცილებელია კანონის ძალაში შესვლისთვის. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას მოახდენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხარჯების გამოყოფა მოხდება სართაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო განისაზღვრა ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველ ორგანოდ და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება მოუწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, დგება სააგენტოს ახალი ადამიანური რესურსით (სავარაუდოდ არანაკლებ 10 თანამშრომელი) აღჭურვის საჭიროება. შესაბამისად, ეს პირები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადებს, რაც დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 2023 წლიდან იგეგმება სააგენტოსთვის ახალი თანამშრომლების დამატება. დღეის მდგომარეობით, მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირის შრომითი ანაზღაურება თვიურად შეადგენს საორიენტაციოდ 2000 ლარს. შესაბამისად, იმ დაშვებით, რომ სააგენტოში დასაქმდება სავარაუდოდ არანაკლებ 10 თანამშრომელი, რომელთა შრომითი ანაზღაურება წლიურად იქნება ჯამში 240 000 ლარი, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში აისახება ამ თანხის 20% - ჯამში დაახლოებით 48 000 ლარი. შემდგომ წლებშიც იგივე შენარჩუნდება. წარმოდგენილი ცვლილებით, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, 2025 წლის 1 იანვრიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის მიმწოდებლებს/დილერებს დაეკისრებათ ჯარიმები, რაც ასევე გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ ჯარიმები გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითაც, თუმცა ამჟამად არც ერთი უწყება არ ახორციელებს ენერგომომხმარებელი პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობას, შესაბამისად ეს ჯარიმებიც არ იყო მოქმედი, ხოლო მას შემდეგ რაც სააგენტო განისაზღვრება ზედამხედველ ორგანოდ, მოხდება ჯარიმების დაკისრებაც. კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მოქმედი კანონმდებლობით, ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას არც ერთი უწყება არ ახორციელებდა, შესაბამისად არ ხდებოდა ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა. ვინაიდან, შემოთავაზებული ცვლილებით, სააგენტო განისაზღვრა ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, სააგენტოს თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების, სამივლინებო, საწვავისა და ლაბორატორიული შემოწმებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. როგორც აღინიშნა, სააგენტოს ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის დასჭირდება სავარაუდოდ არანაკლებ 10 ახალი თანამშრომლის დამატება. დღეის მდგომარეობით, მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირის შრომითი ანაზღაურება თვიურად შეადგენს საორიენტაციოდ 2000 ლარს. იმ დაშვებით, რომ სააგენტოში დასაქმდება სავარაუდოდ არანაკლებ 10 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურება წლიურად იქნება ჯამში 240 000 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელი თანხა წლიურად იქნება 240 000 ლარი. შემდგომ წლებშიც იგივე შენარჩუნდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გადასახდელი იქნება: სააგენტოს საჭირო სამივლინებო, საწვავისა და ლაბორატორიული შემოწმების ხარჯები. ინსპექტირებების განსახორციელებლად საჭირო მივლინების თანხები და საწვავის თანხა წლიურად სავარაუდოდ იქნება ჯამში 10 000 ლარი (5000 ლარი საწვავის, 5000 ლარი სამივლინებო). მსგავსი შემოწმების განხორციელების შემთხვევაში, რეკომენდირებული იქნება არანაკლებ 10 ერთეული მოწყობილობის ლაბორატორიული შემოწმება, რომელიც ძირითადად უცხოურ ლაბორატორიებში ხორციელდება და მისი ღირებულება თითოეული მოდელისთვის წარმოადგენს საორიენტაციოდ არანაკლებ 5000 EURO-ს (15 000 ლარი). შესაბამისად, ლაბორატორიული შემოწმებისათვის საჭირო იქნება სავარაუდოთ 150 000 ლარი, ამასთანავე მითითებული შემოწმებები ჩატარდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. რაც შეეხება ლაბორატორიული შემოწმების სიხშირეს, იგი დამოკიდებული იქნება რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ გეგმაზე ან/და საფუძვლიანი ეჭვზე ან ინფორმაციაზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული სასამართლო, შესაბამისად, საქმეების განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიონული სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას მოახდენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხარჯების გამოყოფა მოხდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ. კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მე-5 მუხლის თანახმად, მიმწოდებლები, რომლებიც ბაზარზე განათავსებენ ან ექსპლუატაციაში გაუშვებენ პროდუქტს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება უფასოდ, რითაც შესაძლოა მიმწოდებლებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები წარმოეშვათ. მოქმედი კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ ნიმუშების ტექნიკური შემოწმებისას დადგინდება, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯები. ასეთ შემთხვევებში მიმწოდებელს/დილერს წარმოეშობა დამატებითი ფინანსური ვალდებულებები. ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, 2025 წლის 1 იანვრიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის მიმწოდებლებს/დილერებს დაეკისრებათ ჯარიმები, რაც ასევე გამოიწვევს მათ მიმართ დამატებით ფინანსურ დებულებებს. კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან სააგენტოში და მიიღებენ შრომის ანაზღაურებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ცვლილების თანახმად, უქმდება საურავები და შესაბამისად, მიმწოდებლებს/დილერებს დაეკისრებათ მხოლოდ ჯარიმები. მოქმედი კანონმდებლობით ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს უფლებამოსილი პირი, თუმცა რადგანაც სააგენტო, რომელიც უფლებამოსილ პირად განისაზღვრა, არ ახორციელებს მსგავს საქმიანობას, სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადავიდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოვალეობაში. ამ ფაქტმა კი თავისთავად გამოიწვია საურავების გაუქმება, რადგან სასამართლოს გადაწვეტილებებს საურავები არ ეკისრება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.