„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/303/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-27
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) სპორტის სფეროში დოპინგის გამოყენების აღკვეთა 2. მეხუთე თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეხუთე1 თავი: „თავი მეხუთე1. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა მუხლი 221. ტერმინთა განმარტება 1. ამ თავის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო - საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და სამინისტროს მიერ როგორც სპორტული ორგანიზაცია, ქვეყანაში წარმართავს ანტიდოპინგურ საქმიანობას და ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია ქვეყანაში ანტიდოპინგური პოლიტიკის განხორციელებაზე; ბ) ეროვნული ანტიდოპინგური წესები - საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დამტკიცებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ერთობლიობა, რომელიც ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში და რომლის მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსთან შესაბამისობა დადასტურებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ; გ) მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი - მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) საერთაშორისო კონვენციის დანართს. დ) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო - საერთაშორისო ანტიდოპინგური ორგანიზაცია (WADA), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს, კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო დონეზე; ე) სპორტის მთლიანობა - სპორტის სფეროში პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ასევე გულისხმობს სპორტის სფეროს დაცულობის უზრუნველყოფას დარღვევებისაგან. 2. დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინები, რომელიც განმარტებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით (დოპინგი, დოპინგის კონტროლი, სანქცირება) ამ კანონის მიზნებისათვის, განიმარტება მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის პირველი დანართის შესაბამისად. მუხლი 222. დოპინგის სფეროში დასაქმებულ პირთა სერტიფიცირება პროექტი პირი უფლებამოსილია განახორციელოს დოპინგ-კონტროლის ოფიცრის ფუნქცია, თუკი გააჩნია საერთაშორისო ან/და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გაცემული ან/და აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი. მუხლი 223. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი საფუძვლები 1. საქართველოში დოპინგის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ხორციელდება 1989 წლის ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის საერთაშორისო კონვენციის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს ანტიდოპინგური წესებისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. 2. საქართველოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო კოორდინაციას ახორციელებს სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია. 3. დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტის არსებობა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და მოქმედების დამოუკიდებლობას. მუხლი 224. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო 1. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მიზნობრივ დაფინანსებას სამინისტროსაგან და საქმიანობას წარმართავს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების შესაბამისად. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ასევე უფლებამოსილია მიიღოს დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საქართველოს სპორტული ფედერაციებისგან მიზნობრივად (საგანმანათლებლო, ტესტირების ჩატარება) რომელსაც დახარჯავს საკუთარი გადაწყვეტილებით. 2. საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, საერთაშორისო ფედერაციის ან სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. 3. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს წესები ავტომატურად მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სპორტული ფედერაციის და სპორტული ფედერაციის სამართლებრივ სივრცეს ქვემდებარე სპორტსმენებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. 4. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო: ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიან პროგრამას, რომელიც მტკიცდება მინისტრის მიერ და შესაბამისობაშია მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან; ბ) ახორციელებს დოპინგის კონტროლს; პროექტი გ) მისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ანტიდოპინგური წესების დარღვევის პრევენციას, აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ანტიდოპინგური წესების დარღვევისა და მასში სპორტსმენის, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის ან სხვა პირების მონაწილეობის ფაქტების გამოვლენას და უზრუნველყოფს შედეგებზე სათანადო რეაგირებას, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს წესებიდან გამომდინარე შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოსათვის მიმართვის გზით; დ) აქვეყნებს აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების განახლებულ ნუსხას ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე, რომელიც ძალაში შედის მომდევნო წლის პირველ იანვარს; ე) დოპინგის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს დოპინგის კონტროლის განხორციელებაში ჩართული სპეციალისტების კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას. ვ) დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახორციელებს ყველა სხვა აქტივობას, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს წესებით. 5. ანტიდოპინგური წესების დარღვევის განმხილველი სადისციპლინო და სააპელაციო მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური წესებითა და შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოს დებულებით, რომელიც დამტკიცებამდე და ძალაში შესვლამდე დადასტურებული უნდა იქნეს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ. 6. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით, სამინისტროს წარუდგენს ერთწლიან ანგარიშს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური პროგრამის განხორციელების თაობაზე. მუხლი 225. სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები დოპინგის სფეროში 1. სპორტული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან: ა) უზრუნველყონ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს კომპეტენციისა და ეროვნული ანტიდოპინგური წესების ავტომატური აღიარება და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა; ბ) უზრუნველყონ დოპინგის კონტროლისთვის საჭირო პირობების შექმნა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მხარდაჭერა დოპინგის კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; გ) უზრუნველყონ დოპინგსაწინააღმდეგო პროპაგანდა, საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით; დ) უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად განსაზღვრული შედეგების განხორციელება; ე) შეუწყვიტონ სპორტსმენს ან/და სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს სპორტული ორგანიზაციის დაფინანსება.“. 3. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. პროექტი მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში სპორტის სფეროს დარგობრივად არეგულირებს „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ვერ პასუხობს საკანონმდებლო რეგულირების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მოწესრიგებას. საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბევრი სახელმწიფოს მიერ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივად მოწესრიგებისათვის, რაც პრაქტიკულად განსახორციელებელი ღონისძიებების მთავარი საფუძველია, საქართველოსთვის კი ეს საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის მთლიანობის დაცვა და ამ სფეროში ძირითადი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სპორტის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი ძირეული მიმართულებაა, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულყოფილად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სპორტის სფეროში დოპინგის აღმოფხვრას შეეხება და რომელთა დანერგვის ვალდებულებაც იკისრა სახელმწიფომ. ეს აქტებია: ევროპის საბჭოს 1989 წლის “დოპინგსაწინააღმდეგო კონვენცია“, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2003 წელს და იუნესკოს 2005 წლის საერთაშორისო კონვენცია „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელსაც საქართველო ხელმოწერით შეუერთდა 2009 წელს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: დღევანდელ ვითარებაში დოპინგის გამოყენებასთან ბრძოლა სპორტის სფეროსათვის უფრო და უფრო დიდი გამოწვევა ხდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარგს, აფერხებს მის განვითარებას, ლახავს სპორტისა და სპორტსმენთა ავტორიტეტს და ხელს უშლის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტსმენების შესაძლებლობების განვითარებას; ასევე, უსამართლო უპირატესობის მინიჭებით, კეთილსინდისიერ სპორტსმენებს აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში, რაც იწვევს მათი მოტივაციის ნაკლებობას; გარდა ამისა, ამცირებს სახელმწიფოსა თუ კერძო მხარდამჭერთა მიერ დახარჯული მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მიზნობრიობასა და ეფექტურობას. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან ერთად, არის სპორტის მთლიანობის ერთ-ერთი ძირეული კომპონენტი, ხოლო დოპინგის გამოყენება - სპორტის მთლიანობისთვის ერთ-ერთი უპირველესი საფრთხე. საქართველოში დოპინგთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე მიუთითებს 2010-2021 წლებში სპორტსმენთა მიერ დოპინგის მოხმარების სტატისტიკა, მითითებულ პერიოდში სულ სანქცირებული იყო 42 ქართველი სპორტსმენი მათ შორის არის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი თავისუფალ ჭიდაობაში და 2018 წელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი. ასევე, აღსანიშნავია, რომ დოპინგის გამოყენების გამო, 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი მძლეოსნობაში და სანქციად განესაზღვრა 8წლიანი დისკვალიფიკაცია. მითითებული სტატისტიკითა და ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველოში სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარება აქტუალურია, რის გამოც საჭირო და აუცილებელი გახდა დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის გადახედვა და საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი რეგულაციების შექმნა. დოპინგის გამოვლენის ფაქტები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სახელმწიფოს, რადგან სპორტსმენთა მომზადება, ეროვნული სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება და საქართველოს ნაკრები გუნდების საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, ძირითადად, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება და ამ მიზნით სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 000 ლარს გამოყოფს. შესაბამისად აუცილებელია სფეროს სამართლებრივი რეგულირება და პრევენციის ეფექტური მექანიზმების დანერგვა. დოპინგის გამოყენება ხელს უშლის სამართლიან სპორტულ შეჯიბრს, რადგან იგი ეწინააღმდეგება სპორტის არსს, რომლის მთავარი იდეა სამართლიანი თამაშია. ის აგრეთვე ეჭვქვეშ აყენებს ფუნდამენტურ სპორტულ ღირებულებებს, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სამართლიანობა, სპორტის მთლიანობა და თანაბარი შესაძლებლობები. დოპინგის მოხმარებას შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ კონკურენტები, არამედ მაყურებლები, ორგანიზატორები და სპონსორები, რომელთაც სამართლიანი სპორტული შეჯიბრის მოლოდინი აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება დოპინგის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მის აღსრულებაში ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე - დოპინგის სფეროში მოქმედი ეროვნული ორგანიზაცია, ყველა შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო. წარმოდგენილი საერთაშორისო ცვლილებები ასევე ხელშეკრულებებთან ემსახურება შესაბამისობის ეროვნული კანონმდებლობის უზრუნველყოფას და მათი სტანდარტების სრულყოფილად დანერგვას. დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები მხარეებს აკისრებს კონკრეტული პოლიტიკის გატარების, საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრისა და კოორდინაციის ვალდებულებებს. ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ უკვე გადადგმულია არაერთი ნაბიჯი, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი აქტების იმპლემენტაციის გზაზე პირველი რიგის ამოცანად რჩება კონვენციების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. ამ მიზნით კანონპროექტი განსაზღვრავს დოპინგთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომლებიც შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის შეთანხმებული. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ანტიდოპინგური კანონმდებლობის მიღების ვალდებულება საქართველოსათვის განსაზღვრულია ევროპის საბჭოს 1989 წლის „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციით“, რომელთან შესაბამისობის შეფასების შედეგად, ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის 2016 წლის 7 ნოემბრის ანგარიშით (T-DO (2016) 40), განისაზღვრა მიმართულებები, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უნდა აისახოს. ასევე, კანონმდებლობით დოპინგის მიმართულების მოწესრიგება განპირობებულია მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საჭიროებით. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) 2021 წლის აუდიტის ანგარიშში, რომლითაც აუდიტის ჯგუფმა მკაცრად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისაკენ. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, საქართველო შეიძლება მიჩნეულ იქნეს შეუსაბამოდ WADA-ს კოდექსთან, რაც დააზარალებს ქართულ სპორტს და შედეგად ქართველ სპორტსმენებს შეიძლება შეეზღუდოთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. ამდენად, უპირობოდ აუცილებელია დოპინგთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება, რითაც შესრულდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის გამოწვევებისა და მიღების რეალობის შედეგად ამოქმედდება შესაბამისი დოპინგთან რეგულაციები, რითაც დაკავშირებული ხელი შეეწყობა საქართველოში სამართლიანი თამაშის პრინციპის დანერგვასა და დოპინგისგან თავისუფალი სპორტული ღირებულებების ჩამოყალიბებას, ასევე შესრულდება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულები. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება სპორტსმენების ინტერესებს, რათა დაიცვას ისინი უსამართლო კონკურენციისაგან, შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად ხელი შეეწყობა ქვეყანაში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე სამართლიანი თამაშის პრინციპების უფრო მაღალ დონეზე დანერგვასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში ქართველ სპორტსმენთა ღირსეულ მონაწილეობას. კანონპროექტის მიღების შედეგად: - საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება დოპინგთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძვლები და განისაზღვრება დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინოლოგია; - განაწილდება და მკაფიოდ განისაზღვრება სფეროში ჩართული მხარეების ფუნქციები და პასუხისმგებლობა (სახელმწიფო, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო, სპორტული - ორგანიზაციები და სხვ.); დარეგულირდება დოპინგის სფეროში ინტერესთა კონფლიქტის საკითხები; - განისაზღვრება საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სტატუსი და ფუნქციები, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მისი დაფინანსების საფუძველი; - განისაზღვრება დოპინგის გამოყენების სამართლებრივი შედეგები - შესრულდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები; საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო პლატფორმა „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის“ სახით (კომისია უკვე ფუნქციონირებს. იგი შექმნილია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებით. დოპინგის სფეროში საქმიანობის კომპეტენცია კომისიას განესაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №343 დადგენილებით). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ერთ-ერთ მიზნად განისაზღვრება სპორტის სფეროში დოპინგის გამოყენების აღკვეთა წარმოდგენილი კანონპროექტით „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება მეხუთე პრიმა თავი, რომელიც მოაწესრიგებს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებს, კერძოდ, განისაზღვრება სფეროსთან დაკავშირებული ტერმინები, ყალიბდება დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმები, განისაზღვრება პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს მეხუთე პრიმა თავში გამოყენებულ ტერმინებს. ეს ტერმინები, ძირითადად, უკავშირდება სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, ხოლო უშუალოდ დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები, როგორიცაა: „დოპინგი“, „დისკვალიფიკაცია“, „დოპინგის კონტროლი“, „დოპინგის კონტროლის ოფიცერი“, მიზანშეწონილია განისაზღვროს მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის პირველი დანართის შესაბამისად, რადგან ტერმინები სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსს, რომელიც, თავის მხრივ, ორ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ცვლილებას. შესაბამისად, კანონპროექტი უთითებს ზემოთ დასახელებულ კოდექსზე კანონის მიზნებისათვის ჩამოთვლილი ტერმინების განმარტებისათვის. ამასთან, პროექტით ასევე განმარტებულია ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - სპორტის მთლიანობა, როგორც სპორტის სფეროში პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ასევე გულისხმობს სპორტის სფეროს დაცულობას დარღვევებისაგან. კანონპროექტი ასახელებს იმ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, კანონპროექტი ეროვნულ დონეზე დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო კოორდინაციის განმახორციელებლად განსაზღვრავს სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორის კომისიას. ეს კომისია შექმნილია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებით. უშუალოდ დოპინგის სფეროში საქმიანობის კომპეტენცია კომისიას განესაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №343 დადგენილებით. პროექტით საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება მისი სტატუსი და მიზანი. კომისიის წევრია ყველა შესაბამისი სამინისტრო და სპორტული ორგანიზაცია. კომისიის მიზნების მისაღწევად შექმნილია სამუშაო ჯგუფები, მათ შორის - დოპინგის მიმართულებით. წარმოდგენილი პროექტით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება საქართველოში მოქმედი ანტიდოპინგური ორგანიზაციის სტატუსი და უფლება-მოვალეობები, მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ორგანიზაციის ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგური საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას აკეთებს სხვა სუბიექტი, „მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს „ანტიდოპინგური კონვენციის“ შესაბამისი ნორმების საფუძველზე. სააგენტოს კანონით ენიჭება ანტიდოპინგური წესების დარღვევის პრევენციის უფლებამოსილება; მას ასევე აქვს უფლება, გამოავლინოს ეროვნული ანტიდოპინგური წესების დარღვევისა და მასში სპორტსმენის, დამხმარე პერსონალის ან სხვა პირების მონაწილეობის ფაქტები და უზრუნველყოს შედეგებზე სათანადო რეაგირება ეროვნული ანტიდოპინგური წესების შესაბამისად. პროექტი ასევე ადგენს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიზნობრივი სახელმწიფო დაფინანსების მიღების გარანტიას. სააგენტოს ენიჭება ექსკლუზიური უფლებამოსილება, განახორციელოს ქვეყანაში ანტიდოპინგური საქმიანობა. გარდა დოპინგკონტროლისა, ანტიდოპინგური სააგენტოს ფუნქციებია აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების ნუსხის განახლება და გამოქვეყნება, დოპინგის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ცნობიერების ამაღლება; კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია სააგენტოს მიერ სამინისტროს წინაშე ანგარიშგების ვალდებულება. წარმოდგენილი ცვლილებებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგ-კონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება აღარ იქნება დამოკიდებული სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია ავტომატურად მოექცევა დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში. ასევე, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, გარდა ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოებისა და ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის, შეუწყვიტონ სპორტსმენს ან/და სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში. აღნიშნული მექანიზმი მეტად ეფექტურს გახდის დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ორგანიზაციის მიერ დოპინგის სფეროში კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება შეაჩეროს ან შეწყვიტოს სპორტული ორგანიზაციის დაფინანსება. პროექტის შესაბამისად, დოპინგ-კონტროლის ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც გააჩნიათ საერთაშორისო ან/და ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გაცემული ან/და აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი. კანონპროექტი ასევე დაარეგულირებს დოპინგის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხის - ინტერესთა კონფლიქტის საკითხს და დაადგენს, რომ დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი იქნებიან, თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და დამოუკიდებლობას. ასევე, პროექტით განისაზღვრება ეროვნული ანტიდოპინგური წესების დამტკიცების საკითხი. კერძოდ, აღნიშნულ წესებს შეიმუშავებს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო, პროექტის მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსთან შესაბამისობას დაადასტურებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო და დაამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. ანტიდოპინგური წესები გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. წარმოდგენილი პროექტით კანონიდან ამოღებული იქნება 27-ე მუხლი - „სპორტში აკრძალული საშუალებები“, რომელიც ითვალისწინებს ზოგად ჩანაწერს აკრძალული ხერხებისა და მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენების შესახებ, რადგან წარმოდგენილი ცვლილებები ახლებური ფორმულირებით ფარავს მითითებული მუხლის შინაარსს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით განსაზღვრული საკითხის აქტუალობიდან და „ა.ვ“ ქვეპუნქტში მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონის პროექტი ამოქმედდეს უმოკლეს ვადაში, შესაბამისად მისი ამოქმედება გათვალისწინებულია კანონის გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს; ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) 2021 წლის აუდიტის ანგარიშით, აუდიტის ჯგუფმა მკაცრად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს, რომ დროულად იქნეს მიღებული მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისი კანონმდებლობა. აღნიშნული ანგარიშით ზოგადი ვალდებულებების შესასრულებლად განისაზღვრა აუდიტის ანგარიშის მიღებიდან 9-თვიანი ვადა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ამოიწურა. აქედან გამომდინარე, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტი. ღონისძიებების დაფინანსების წყაროა ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: არ ახდენს გავლენას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით განსაზღვრული ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია - ა(ა)იპ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტო (ს/კ: 4020858 90) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული ორგანიზაციაა და იგი ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. მაგალითისათვის, მითითებული ორგანიზაციის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა 2021 წელს შეადგინა 398,931.00 ლარი, ხოლო 2022 წელს - 566,028.00 ლარი, 2023 წელს კვლავაც დაგეგმილია სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერა და გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება 800,000.00 ლარით დაფინანსების შესახებ. კანონპროექტის მიღების შედეგად, ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უზრუნველყოფილი იქნება მითითებული დაფინანსების ფარგლებში და არ წარმოშობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: ასეთ ვალდებულებებს კანონპროექტი არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება დოპინგის კონტროლის სფეროს სამართლებრივ რეგულირებას. კანონპროექტით განსაზღვრული ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია - ა(ა)იპ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტო (ს/კ: 4020858 90) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული ორგანიზაციაა და იგი ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს თავის საქმიანობას. გარდა ამისა, სააგენტოს ამჟამადაც აქვს საერთაშორისო და ეროვნული სპორტული ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღების უფლებამოსილება, რისი ასახვაც ხდება ამ კანონპროექტში. რაც შეეხება სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორის კომისიას, ასევე, სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოებს, რომლებიც ამ კანონპროექტით არიან გათვალისწინებული, ისინი უკვე არსებობენ და ფუნქციონირებენ სააგენტოს ფარგლებში. მათი ასახვა ამ კანონპტოექტში არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონპროექტი ასევე ეხება ოფიცრების სერთიფიცირების საკითხს. ამ ეტაპზე, უკვე არსებობენ სერთიფიცირებული ოფიცრები (16 ოფიცერი), რომლებიც არიან ანტიდოპინგურ სააგენტოში და ზოგადად სერთიფიცირების პროცესი სააგენტოს პროგრამითაა გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით დამატებით ფინანსურ ზეგავლენას ამ მხრივ ადგილი არ ექნება. ვინაიდან, სერთიფიცირება, სერთიფიცირების მაძიებლისთვის უფასოა. რაც შეეხებათ სპორტულ ორგანიზაციებს, მათი ვალდებულებები დოპინგის სფეროში ამჟამადაც განსაზღვრულია და მოქმედებს. კანონპროექტით არ ხდება ახალი ვალდებულებების დაკისრება რაც მათთვის დაკავშირებული შეიძლება იყოს დამატებით ხარჯებთან. კანონპროექტის მიღება არ აუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტით გათვალისწინებულია ანტიდოპინგური ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სანქცირება. შესაბამისად, სანქცირებისას, სანქცირებულ (ფიზიკურ/იურიდიულ) პირებზე გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება/გავლენა. კერძოდ, სანქცირების შემთხვევაში მოხდება დაფინანსების შეჩერება ან/და შეწყვეტა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება ემსახურება საქართველოს შესაბამისობას ქვემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნებთან: 1. ევროპის საბჭოს 1989 წლის „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ პირველი, მე-2 და მე3 მუხლები, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 მუხლი. 2. „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს 2005 წლის საერთაშორისო კონვენციის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 და მე-7 მუხლები, მე-11 მუხლის „ა“ პუნქტი; 3. მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის (2021) (როგორც „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს 2005 წლის საერთაშორისო კონვენციის დანართის) 23.2, 23.3, 24.1 მუხლები. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ეროვნულ დონეზე:  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;  ა(ა)იპ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო;  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციები. საერთაშორისო დონეზე:  მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტო - WADA;  ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფი (Tdo). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მოწონებულია მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.