საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 22 მარტს ქალაქ პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-4331/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-27
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-4331/23 27-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მ/წ 22 მარტს მონაწილეობა მივიღე ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 2ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მ/წ 22 მარტს მონაწილეობა მივიღე ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში. სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში; 2. თანამშრომლობა სამართლებრივ საკითხებზე ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის; 3. ადამიანის უფლებები დიდ ბრიტანეთში; 4. განცხადება ლაჩინის კორიდორის შესახებ; 4. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აზერბაიჯანში; 5. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მდგომარეობა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში; 6. პოლიტიკურ პატიმრებზე მომხსენებლის ფუნქციური მოვალეობები. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ანგარიშის განხილვას. მივიღე მონაწილეობა დებატებში, სადაც განვაცხადე, რომ ცალკე გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია გარიცხულ იქნა ევროპის საბჭოდან. გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველომ მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და კომიტეტს მოვუწოდე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (რომლის წევრიც არის რუსეთის ფედერაცია) მოხდეს ერთობლივი ძალისხმევის კოორდინირება მათ აღსასრულებლად. წარმოდგენილი ინიციატივა კომიტეტის წევრებმა მოიწონეს. ლაჩინის კორიდორთან დაკავშირებით განცხადების ინიციატივა წამოაყენა სომხეთის დელეგაციის წევრმა (ვ. ვარდანიანი), რასაც მოჰყვა აზერბაიჯანის დელეგაციის წევრთა პროტესტი. აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა დააყენეს საკითხის განხილვიდან მოხსნის წინადადება, აგრეთვე, მთიანი ყარაბაღის სიტყვა „ყარაბაღით“ შეცვლის საკითხი. ორივე წინადადება არ იქნა კომიტეტის უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერილი. სომეხი დეპუტატის ინიცირებული განცხადება ლაჩინის კორიდორთან დაკავშირებით მხარდაჭერილი იქნა კომიტეტის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეობა არ მიმიღია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ არცერთი წინადადების კენჭისყრაში, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი დეპუტატების სასარგებლოდ. შესაბამისად, ნეიტრალური პოზიცია იქნა დაფიქსირებული. ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების თაობაზე მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტმა (ა. მიტჩელი) და რუსეთის ფედერაციიდან დევნილმა ადამიანის უფლებათა დამცველებმა. ამ უკანასკნელმა, კომიტეტს წარუდგინა ფაქტობრივი მასალა ირკუტსკისა და სხვა ქალაქების ციხეებში პატიამრთა სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა უკრაინაში კომიტეტის ვიზიტის საკითხი, ომის დანაშაულის ფაქტების შესწავლის მიზნით. გადაწყდა, რომ ვიზიტი შედგება მაისში და დელეგაციის შემადგენლობა განისაზღვრება აპრილის კომიტეტის სხდომაზე. გივი მიქანაძე 24.03.2023