„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2023
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან კობიაშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი
ნომერი
#07-3/313/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 135-ე-140-ე ნაწილები: „135. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ - უეფა) 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში: ა) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან; ბ) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან; გ) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; დ) უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. 136. დანიშნული პირის მიერ უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან. შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დანიშნული ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, უცხო ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გუნდის წევრები და პერსონალი (მაგალითად, მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი. 137. უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპების მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას. 138. უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩების ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას. 139. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: ა) პირის მიერ უეფასთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ბ) უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია. 140. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის 134-ე-140ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო მასპინძლობს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ - უეფა) ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გაიმართება 16 მატჩი. შესაბამისად, საქართველოს ეწვევა ტურნირში მონაწილე 8 ქვეყნის: გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთის, ისრაელის, პორტუგალიის, ჰოლანდიისა და ბელგიის, ასევე, მიმდინარე ჩემპიონატის ფარგლებში გამოვლენილი ფინალისტი ქვეყნის ნაკრებები. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი. აღნიშნული, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო შეჯიბრების შეუფერხებლად გამართვას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ეკონომიკის სტიმულირებას და ტურისტული პოტენციალის ზრდას. ევროპის ჩემპიონატის ჩატარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან წარმომადგენლობით ხარჯებთან, რომელიც გულისხმობს მოწვეული სტუმრებისა და გუნდების ხელმძღვანელობის მასპინძლობასა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფას. გასათვალისწინებელია, რომ ამ ჩემპიონატის ფინალური მატჩიც ჩატარდება საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში. მატჩს დაესწრება უამრავი სტუმარი და ოფიციალური პირი, როგორც მონაწილე ქვეყნებიდან, ისე ფეხბურთის მმართველი ევროპული და მსოფლიო ორგანიზაციებიდან. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება როგორც შეჯიბრების ორგანიზატორებისათვის, ასევე შეჯიბრებაში ჩართული სხვა მხარეებისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის - უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს. მსოფლიოში დამკვირდებული პრაქტიკის თანახმად, ჩემპიონატების ორგანიზების დროს წესდება ერთჯერადი შეღავათები და, შესაბამისად, ქვეყანაში შემსვლელი გუნდი არ იბეგრება საბაჟო საზღვარზე საბაჟო მოსაკრებლით ან/და დღგ-ით. ასევე, მნიშვნელოვანია სატელევიზიო გადაღების უზრუნველყოფა. მატჩებს გააშუქებს, როგორც მონაწილე ქვეყნების ტელევიზიები, ისე სატელევიზიო კავშირი - „Eurosport“. ეს მოითხოვს დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკის (პე-ტე-ესები, კამერები, ლედბორდები) დროებით შემოტანასა და მონტაჟს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელდეს ერთჯერადი ხასიათის საშეღავათო ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის, ცნობადობის გაზრდას მსოფლიო სპორტის ასპარეზზე. ასევე, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან ათვისებაზე, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მომსახურების სფეროში (სარესტორნო და სასტუმრო ქსელი) ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების ეკონომიკურ წახალისებასთან. 8 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში. გარდა ამისა, საქართველოს ესტუმრება ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი სხვადასხვა ქვეყნიდან, ამავე ქვეყნების ფედერაციათა მრავალრიცხვოვანი დელეგაციები, ოფიციალური პირები, უცხოური საფეხბურთო კლუბების სკაუტები და უეფა-სა და ფიფა-ს წარმომადგენლები. ეს ყოველივე კი დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპოექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლს ემატება 135-ე-140-ე ნაწილები, რომლითაც უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე გავრცელდება შემდეგი საგადასახადო შეღავათები, კერძოდ:  135-ე ნაწილის მიხედვით, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან; მათ მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან; მათ მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები, ასევე, საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;  136-ე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული პირის მიერ უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან. თავის მხრივ, 136-ე მუხლის შენიშვნა განმარტავს დანიშნული პირის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დანიშნული პირი არის უეფას ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დანიშნული ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, უცხო ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გუნდის წევრები და პერსონალი (მაგალითად, მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), ასევე, უეფას ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი;  137-ე ნაწილის მიხედვით, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპების მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას;  138-ე ნაწილის მიხედვით, უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩების ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას;  139-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება, ერთი მხრივ, პირის მიერ უეფასთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მეორე მხრივ, უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია;  140-ე ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლის 134-ე-140-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, რადგან მიზანშეწონილია შემცირებულ ვადაში, 2023 წლის 21 ივნისამდე, ამოქმედდეს საგადასახადო შეღავათები. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი საქართველოში ტარდება 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით. გამომდინარე იქედან, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილია მცირე დრო და მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება აქტიურად, მნიშვნელოვანია საგადასახადო შეღავათების დროულად ამოქმედება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების ჩემპიონატის ხარჯები ფინანსდება უეფა-ს მიერ, უეფა-სა და ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც, წესდება კონკრეტული საგადასახადო შეღავათები. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება არაერთ ფაქტორზე, როგორებიცაა მაგალითად ქვეყანაში შემოტანილი ტექნიკური საშუალებების სახეობები და მათი რაოდენობა, გაყიდული ბილეთები და ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ხარჯები. საგულისხმოა, რომ უეფა მზადაა დააფინანსოს ამ ღონისძიებაზე გაწეული ხარჯები, საკანონმდებლო ცვლილების გარშე კი მას მოუწევს დღგ-ს გადასახადის გადასახადის გადასახდელად ხარჯების 18% ზრდა, რაც ამ ეტაპისთვის ხელშეკრულების მიხედვით მითითებულ თანხაზე 440 580 ევროს ექვივალენტი ლარში იქნება. რაც შეეხება ქვეყანაში შემოტანილი ტექნიკური საშუალებების სახეობებსა და მათ რაოდენობას, სავარაუდოდ საბაჟო ხარჯები არანაკლებ 1000 000 ლარი იქნება, რომლის გადახდაც მოუწევს შემომტანს. უეფა-ს სხვა მსაგავსი შეხვედრების ისტორიებიდან გამომდინარე, მსგავსი საგადასახადო შეღავათები იქნა დაწესებული. გაყიდული ბილეთებიდან შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 500 000 ლარი, მათ შორის დღგ იქნება 76 272 ლარი. სხვა შეღავათები, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის სახით, წინასწარი გათვლებით არ იქნება 200 000 ლარზე მეტი. ამასთანავე, გასათვალისწინებელი ბიუჯეტში არაპირდაპირი გზით შემოსულობები, რომლებსაც წინასწარი გათვლებით ექნებათ ზრდის ტენდეცია, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩემპიონატით დაინტერესება მაღალია, როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონის პროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთვის, ვინაიდან, 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, მათთვის იმოქმედებს საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან; მათ მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან; მათ მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები, ასევე, საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან; ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან; დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება, ერთი მხრივ, პირის მიერ უეფასთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მეორე მხრივ, უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან კობიაშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი