ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[4a11]/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-05-19

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2704/3-23/23 10-04-2023 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბატონო ვახტანგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ პარლამენტის 19 მაისის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოთ ქვემოთ ხელმომწერი პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვას, კერძოდ: რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. „წიწაკის სპრეის“, და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება? პატივისცემით, პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის წევრი როსტომ ჩხეიძე პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე პარლამენტის წევრი თამარ კორძაია
წერილი
*MIA42301407020* MIA 4 23 01407020 18/05/2023 საქართველოს პარლამენტს 2023 წლის 10 აპრილის №2704/3-23/23 წერილის პასუხად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით გიგზავნით პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვაზე წერილობით პასუხს. დანართი: 7 (შვიდი) ფურცელი. მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წერილობითი პასუხი, პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით 2023 წლის 10 აპრილის №2704/323/23 წერილით წარმოდგენილ შეკითხვაზე გაცნობებთ შემდეგს: მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა მასობრივად ძალადობრივ, არამშვიდობიან ქმედებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს გადაენაცვლათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. არსებობდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება, რათა არ მისცემოდათ იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება, მოეწყოთ მათთვის სირცხვილის კორიდორები და განეხორციელებინათ თავდასხმები დეპუტატებზე. მოწოდების შესაბამისად აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით. არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მოხდებოდა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და ადგილი ექნებოდა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებსა და თანამშრომლებზე მიზანმიმართულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას პარლამენტის შენობის დატოვების დროს. შინაგან საქმეთა 1 სამინისტროს მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებითი საპოლიციო ძალების გამოყვანის შესახებ. საპოლიციო კორდონებით განხორციელდა ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკეტვა, რათა დაცული ყოფილიყო პარლამენტის გამოსასვლელები. დაახლოებით 21:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, დაიწყეს აგრესიული ქმედებები, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ფიზიკურ დაპირისპირებასა და თავდასხმებში. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი და შეკრება-მანიფესტაცია გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ფორმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა წინა რიგებში პოლიციის თანამშრომლების ჩანაცვლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი საშუალებებით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პოლიციელებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა, საპოლიციო კორდონები არ გადაადგილებულან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, არამედ ხდებოდა პარლამენტის შესასვლელების დაცვა. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გაეგრძელებინათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთიდან (22:30) შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირებით პოლიციის თანამშრომლებისთვის დამცავი ფარების წართმევა, მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. საზოგადოებას ჰქონდა საშუალება პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა პროცესებისთვის და ენახა საქართველოში პირველად, აქციებზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები. ასევე, აქციის მონაწილეებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს. პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, 2 გამოყენებულ იქნა „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციამ ადგილზევე მოახდინა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, მოხდა აღნიშნულ პირთა დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე. დაახლოებით თორმეტის ნახევარზე (23:30 სთ), მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა დეპუტატების და პარლამენტის თანამშრომლების ძირითადმა ნაწილმა დატოვა და აღარ არსებობდა ინდივიდუალური თავდასხმის საფრთხე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ძალების კორდონებისგან ეტაპობრივად გათავისუფლებულიყო 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები, რათა შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილე პირებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარედ, მთელს პერიმეტრზე მისცემოდათ. ამავე დროს, პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებითი ძალები შეყვანილ იქნა პარლამენტის შენობაში. აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად მშვიდ ვითარებაში გაეგრძელებინათ შეკრება-მანიფესტაცია, თუმცა, დაახლოებით ღამის პირველის წუთებზე (00:10 სთ), 9 აპრილის ქუჩაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესასვლელთან აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის წინააღმდეგ განხორციელდა დევნა და ფიზიკური ძალის გამოყენება. სამართალდარღვევის შესაბამისად ადგილზევე მოხდა აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ თავისუფალი გადაადგილებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმატში გაგრძელების შესაძლებლობა, დაახლოებით პირველის ნახევარზე (00:25 სთ), პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან, რუსთაველის გამზირის მხრიდან, დაიწყო არსებული რკინის დამცავი ჯებირების მიზანმიმართული დაზიანება და პარლამენტში შეღწევის მცდელობა. აქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტის ეზოში მყოფ პოლიციელებს, ესროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, მოლოტოვის კოქტეილებს. შესაბამისად, პოლიციელებმა მოახდინეს წყლის ჭავლით აქციის მონაწილეთა მოგერიება. აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა, ასევე, თავად აქციის მონაწილეებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება. 3 აქცია გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე შეექმნა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით აუცილებელი გახდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი და განხორციელდა სპეციალური ღონისძიება. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება რუსთაველის მეტროს მიმართულებით დაეტოვებინათ ტერიტორია, ხოლო საპოლიციო კორდონებმა მსვლელობა დაასრულეს ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეციალური საშუალებების გამოყენების ყველა შემთხვევას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რათა მოქალაქეები დამორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს, დაეცვათ წესრიგი ან დაეტოვებინათ ძალადობრივად მიმდინარე შეკრება. პოლიციის მხრიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად შეკრების მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება მეორე დღეს, 8 მარტსაც გაგრძელდა. მსგავსად 7 მარტისა, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ. პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, საპროტესტო აქცია მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ. 8 მარტის აქციის წინ, სოციალური ქსელების საშუალებით მუდმივად ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე. ვრცელდებოდა ჩანაწერები, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც ღიად იყო მითითებები პარლამენტის შენობის „აღების“ შესახებ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრებაში მონაწილე პირებს ეკრძალებათ იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის 4 ზიანის მისაყენებლად. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავებულ იქნა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის, ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები და სხვადასხვა სახის პიროტექნიკა. 8 მარტის აქცია დაიწყო საღამოს 19:00 საათიდან. ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა მოწოდებები ძალადობრივი ქმედებებისკენ, თუმცა, შეკრება დაახლოებით 22:00 საათამდე მიმდინარეობდა მშვიდობიანად. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისა და პარლამენტისთვის ალყის შემორტყმისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. საღამოს ათი საათის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები, ასევე, პარლამენტის უკანა შესასვლელი, სადაც პროტესტის გამოხატვა უკვე გადაიზარდა ძალადობასა და აგრესიაში. შეკრებილებმა მოხსნეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, დააზიანეს პარლამენტის უკან შესასვლელთან არსებული ფანჯრის ცხაური და შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გააჩინეს ხანძარი და რომ არა იქ მყოფი პოლიციელების დროული რეაგირება, ხანძარი შესაძლოა გავრცელებულიყო მთელ შენობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. აგრესიის საპასუხოდ პოლიციელებმა მოახდინეს წყლის ჭავლით პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან აქციის მონაწილეთა მოგერიება. პოლიციის მხრიდან დაძაბული სიტუაციის განმუხტვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. ამავდროულად, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის მიზანმიმართულ დაზიანებას და ცდილობდნენ შენობაში შეჭრას. აგრეთვე, მოხსნილი და დაზიანებული რკინის ბარიერებით ცდილობდნენ 9 აპრილის ქუჩის ბლოკირებას. 5 8 მარტს, დაახლოებით 23 საათზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ. კოლოფი და დაიწყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, როგორც 9 აპრილის ქუჩაზე, ისე ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. აქციის მონაწილეებს სრული თავისუფლება ჰქონდათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანად გაეგრძელებინათ შეკრება. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ისროდნენ ქვებს, მსხვრევად საგნებს, პირდაპირი დამიზნებით ისროდნენ პიროტექნიკას, რომლის აფეთქების შედეგად არაერთი პოლიციელი დაშავდა. დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე (23:45 სთ), რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი, აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების მიზნით გახსნილი ჰქონდათ ალტერნატიული გზები და ეტაპობრივად ასევე გათავისუფლდა პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე ხმის გამაძლიერებელი სპეციალური ტექნიკით მუდმივად ხდებოდა აქციის მონაწილეების გაფრთხილება, რათა შეეწყვიტათ ძალადობა, თუმცა აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა აგრძელებდა აგრესიულ მოქმედებებს, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ და მსხვრევად საგნებს, ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ტროტუარებზე განთავსებული სკამები. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მარჯვენა სანაპირო, შეკრების და მანიფესტაციის ადგილიდან მოშორებით ხელოვნურად შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა. მთელი ღამის განმავლობაში არღვევდნენ წესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი. დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ 7-8 მარტის აქციების დროს, პოლიციის მხრიდან, გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. პოლიცია ყველა ღონისძიებას ატარებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. სპეციალური საშუალებების გამოყენება მოხდა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით, არაერთი გაფრთხილების და მოწოდების შემდეგ. 6 ხაზგასასმელია, რომ პოლიცია ძირითადად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების რეჟიმში. შესაბამისად, 7-8 მარტის აქციების დროს ადგილი არ ჰქონია შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. 7