საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 15 მაისის კომიტეტის სხდომაზე განხილული და დამტკიცებული რეკომენდაცია პოლიტიკის დოკუმენტზე - „მყარი ნარჩენების მართვის სექტორი საქართველოში: გამოწვევები და რეკომენდაციები“

რეკომენდაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-7932/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 61

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1996?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 15 თებერვალი 2023 11:30 2023 წლის 15 თებერვალი, 11:30 საათი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; 2. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2022 წლის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; თამარ ალადაშვილი - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი; 3. საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებლები: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ალვერდ ჩანქსელიანი - ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2/15/2023, 10:22 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა სხდომის ოქმი N61 2023 წლის 15 თებერვალი, 11:30 საათი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) სხდომის თავმჯდომარე: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. კომიტეტის წევრები: გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი ალექსანდრე დალაქიშვილის ადილმონაცვლე, ნოდარ ტურძელაძე, ისკო დასენი, გოდერძი ჩანქსელიანი, სალომე სამადაშვილი, დილარ ხაბულიანი, ნიკა მაჭუტაძე. აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსი სალომე ქურასბედიანი, მთავარი სპეციალისტები დენის სალუქვაძე (სხდომის მდივანი), ნანა გოგიტიძე; წამყვანი სპეციალისტები ელისო შანავა, გიორგი ფანცხავა, ფიქრია რობაქიძე, მანანა მოსიძე; მოწვეული სპეციალისტები ანი სისორდია, ნათია შამათავა; აპარატის მდივანი ხათუნა მუკბანიანი; მოწვეული სტუმრები: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თამარ ალადაშვილი - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ალვერდ ჩანქსელიანი - ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღის წესრიგი 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; 2. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2022 წლის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 3. საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; I საკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის მოკლე ინფორმაცია კომიტეტის 2022 წლის მუშაობის ანგარიშის და 2023 წლის სამუშაო გეგმის თაობაზე. აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ჩაერთონ კომიტეტის მუშაობაში სხვადასხვა თემატური მიმართულებებით. გეგმით განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც კომიტეტმა აირჩია მომდევნო წლის განმავლობაში. მსგავსი პრიორიტეტული მიმართულებები კომიტეტს უკვე განსაზღვრული ქონდა გასული წლისთვის, რომელიც საკმაოდ წარმატებით დასრულდა და ამის შესახებ მოხსენება გაკეთდა პლენარულ სესიაზე. მომდევნო წლის სტრატეგიული მიმართულებები კომიტეტისთვის განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებებით: გარემოს დაცვა და კონსერვაცია; დაბალემისიანი და კლიმატმედეგი ურბანული და სოფლად განვითარება; მწვანე ეკონომიკა; ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა. ასევე, განისაზღვრა ორი თანმდევი მიმართულება: გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი დემოკრატიის ჰორიზონტალური პრინციპების გატარება ყველა სხვა სტრატეგიულ მიმართულებაში. ამდენად, ყველა კანონპროექტი, რომელიც განხილული იქნება კომიტეტში ან ინიცირებული კომიტეტის მიერ, ისევე, როგორც კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა, დაკავშირებული იქნება ამ სტრატეგიულ მიმართულებებთან. გადაწყვიტეს: დამტკიცებულ იქნეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა II საკითხი მოისმინეს თამარ ალადაშვილის ინფორმაცია: 2022 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა აქტივობები, კერძოდ დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა ტრენინგები გარემოსდაცვითი მიმართულებით, დაინერგა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში, ასევე სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით, ფერმერების ტრენინგები, აღსანიშნავია ცენტრის მომზადება/გადამზადების პროგრამების აკრედიტაცია. ცენტრმა ითანამშრომლა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან ქვეყანაში არსებული დეფიციტური პროფესიების (GIS ტექნოლოგიების, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, ეკოლოგიის) ხელშეწყობის მიზნით. ასევე 2022 წელს განხორციელდა მწვანე სასტიპენდიო პროგრამა, კერძოდ 32 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს გადაეცა 1500-ლარიანი სტიპენდია. 2023 წლისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა განსაზღვრა ოთხი სტრატეგიული მიმართულება - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და ორგანიზაციული განვითარება. ცენტრის 2023 წლის პრიორიტეტული სფეროები იქნება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, ტყის რესურსები და განახლებადი ენერგია, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები, გარემოსდაცვითი დემოკრატია. შესაბამისი სფეროების მიხედვით ცენტრი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვით და აგრარული განათლებას, ჩატარდება კვლევა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით, მოხდება გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება ეროვნულ დონეზე და კვლევის შედეგების გათვალისწინება „საბაზო და საშუალო საფეხურისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამის“ შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია პროექტები რომლებიც განხორციელდება სკოლის მოსწავლეებისთვის: ეკოლიდერთა სკოლა, მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩები, აგროსკოლა, სატყეო სკოლა. ცენტრი ასევე 2023 წლისთვის გეგმავს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან გარემოსდაცვითი მიმართულების პროფესიების განვითარების ხელშეწყობსა და თანამშრომლობის გაძლიერებას. ზრდასრულთა სწავლებისა და საგანმანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გარემოს დაცვის საკითხებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩატარდება კონკურსები, საინფორმაციო შეხვედრები, ასევე საგრანტო პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. 2023 წლისთვის დაგეგმილია სამ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა, კერძოდ ესენია: მეხუთე ეროვნული შეტყობინება (5NC) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ, პირველი გამჭვირვალობის ორწლიური ანგარიში (1BTR) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ, საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა. მოისმინეს მაია ბითაძის შეფასება: ყველა ის მნიშვნელოვანი სიახლე რაც განხორციელდა გასული წლის განმავლობაში პრეზენტაციაში იქნა ნახსენები, რასაც ბუნებრივია მივესალმებით და ჩემი მხრიდან მინდა ავღნიშნო რომ ძალიან სასიხარულოა, ნამდვილად და კომიტეტიც დამეთანხმება რომ უკვე აკრედიტირებულ პროგრამებთან გვაქვს საქმე და უკეთ ვიაზრებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია აკრედიტირებული სპეციალისტების ყოლა ქვეყანაში, მათ შორის კერძო სექტორისთვის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებისთვის როგორიც არის ნარჩენების მართვა და უკვე პრაქტიკულად ვიცით რომ ყველა კომპანიას სჭირდება კვალიფიციური კადრები რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე იმუშავებენ, და ასევე ტაქსაციის კუთხითაც ნამდვილად ფასდაუდებელია, რადგან პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს კანონს რომელიც ურბანულ სივრცეებში გამწვანების პროექტის ინტეგრაციას შეეხება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მასშტაბს ტაქსაციის ვალდებულების თვალსაზრისით. ასევე მისასალმებელია რომ ცენტრი მზად არის გარემოზე ზემოქმედების შესახებ პროცედურების გათვალისწინებით საჯარო განხილვები უზრუნველყოს. გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა. III საკითხი მოისმინეს: ალვერდ ჩანქსელიანის ინფორმაცია საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის თაობაზე. აღინიშნა, რომ ზემოხსენებული სტრატეგიისა და გეგმის შემუშავების ვალდებულება ნარჩენების მართვის კოდექსიდან მომდინარეობს. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორივე დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და სხვადასხვა საჯარო უწყებებისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ განახლებულ ეროვნულ სტრატეგიაში აისახა ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ძირითადი გამოწვევები და განისაზღვრა მათგან გამომდინარე ძირითადი მიზნები, გეგმაში კი დეტალურად გაიწერა ის აქტივობები, რომლებიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული განახლებული ეროვნული სტრატეგიის მიზნები, მათ შორის, ოთხი ახალი მიზანი: სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; პლასტიკის ნარჩენების პრევენცია; ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება. განახლებულ ეროვნული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ გეგმაში კონკრეტული მიზნის შესაბამისი ამოცანისათვის განსაზღვრულია აქტივობა, აქტივობის შესრულების ვადა, აქტივობის შედეგის ინდიკატორი, პასუხისმგებელი უწყება, პარტნიორი უწყება, ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო. მომხსენებლის განმარტებით, ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სამოქმედო გეგმა შედგება 13 მიზნის, 26 ამოცანისა და 81 აქტივობისაგან. გეგმის განხორციელებისათვის საჭირო საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯების შეფასება განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით მსგავსი ღონისძიებების განხორციელების არსებული გამოცდილების საფუძველზე. გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 175 800 000 ევროს, საიდანაც: 19 350 000 ევრო გახლავთ დონორული დაფინანსება (მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში), 141 200 000 - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსება (რაც მოიცავს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ თანხებს), ხოლო 45 750 000 ლარი - დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ნამდვილად წარმომადგენლობითი იყო. ასევე, მისასალმებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შენიშვნების შესაბამისად ნარჩენების მართვის განახლებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ინერტული ნარჩენების მართვის საკითხების ასახვა. დამატებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს წარმომადგენლებს ეთხოვათ, რომ აქტიურად ჩაერთონ „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში აისახოს კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტი სასურსათო პროდუქტების ნარჩენად გადაქცევამდე ეტაპებს არეგულირებს, შესაძლოა მაინც არსებობდეს გარკვეული კვეთა ნარჩენების მართვის საკითხებთან. სახიფათო ნარჩენებთან მიმართებით კი აღინიშნა, რომ მისასალმებელია საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან და არსებულ ძველ ნაგავსაყრელებთან, კერძოდ ცანასა და ურავის ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რომელი პრობლემაც უკვე დიდი ხანია დგას ქვეყანის წინაშე. საინტერესოა, თუ როდის იგეგმება შესაბამისი სამუშაოების დაწყება, რამდენადაც ცნობილია, რომ წლების განმავლობაში გარკვეული კვლევები მიმდინარეობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა კვლავაც საჭიროა დამატებითი კონსულტაციების და წინარე კვლევების განხორციელება, იმდენად, რამდენადაც სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ერთ ლოკაციაზე გადატანა საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ხშირად არათუ სახიფათო ნარჩენებთან, არამედ, მუნიციპალურ ნარჩენებთან დაკავშირებითაც არ ვფლობთ საკმარის ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებისათვის, კერძოდ ნაგავსაყრელებისა და სამარხების მოწყობისათვის. უპასუხა: სოლომონ პავლიაშვილმა. სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების პრობლემა არის ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დიდი ხანია აწუხებს ქვეყანას. სამწუხაროდ, ჩატარებულმა ფრაგმენტულმა სამუშაოებმა არ მოიტანა შედეგები, კვლავაც ბინძურდებოდა გარემო და საფრთხე ექმნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. მაგრამ ახლა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება საქართველოს მთავრობამ აიღო თავის თავზე: შეირჩა სპეციალური ოპერატორი - „სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური“. აღნიშნული ოპერატორი შეირჩა მისი მოქნილობიდან გამომდინარე, რამდენადაც სამინისტროსთვის, ისევე როგორც მუნიციპალიტეტებისათვის შეუძლებელი იქნებოდა ამ ფუნქციის განხორციელება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს“ („DTRA“) წარმომადგენლობასთან. სააგენტომ გამოთქვა მზაობა, რომ ჩაერთოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, გამოყოს ორი ექსპერტი პროცესებში მონაწილეობისათვის, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში დასახმარებლად. შესაბამისად, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური გადასცემს სააგენტოს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას და მე-2 ეტაპი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორცილების პროცესი მათი ექსპერტების მონაწილეობით დაიწყება, რომ შემდეგ არ გაჩნდეს კითხვები გასაწევ კაპიტალურ ხარჯებთან დაკავშირებით. ამასთან, სააგენტომ გამოთქვა სურვილი, რომ დააფინანსოს ცანას სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის ეტაპი, რამეთუ აღნიშნული მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია. თუმცა, საქართველოს მთავრობაც მზად არის, რომ დონორებისგან შესაბამისი ფინანსების ვერ მოძიების შემთხვევაში, თავად გამოყოს შესაბამისი სახსრები ბიუჯეტიდან ცანას ნაგავსაყრელის პროექტის განხორციელებისათვის. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ. კომიტეტი მიესალმება სახიფათო ნარჩენების ყოფილ ნაგავსაყრელებთან, კერძოდ ცანასა და ურავის ნაგავსაყრელებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნული საიტების კონსერვაციისა და უსაფრთხო მართვის თაობაზე. ამასთან, კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია პროექტის როგორც შეფასების, ასევე განხორცილებების ეტაპზე უცხოური ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და პროექტში ჩართულობა. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში საკითხი იყო მოუგვარებელი, აუცილებლია ეს ექსპერტული ცოდნა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ პროექტი, ერთი მხრივ, უსაფრთხოდ, ხოლო, მეორე მხრივ, დროულად განხორციელდეს. ამასთან, წარმატებები უსურვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აღინიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს აღნიშნულ საქმიანობაზე ზედამხედველობას პარლამეტის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში. იმდენად, რამდენადაც ეს პრობლემა დიდი ხნის წინ უნდა მოგვარებულიყო თუმცა ფრაგმენტულმა სამუშაოებმა და არათანმიმდევრულმა პროცესებმა სასურველი შედეგები არ გამოიღო და ახლა, როდესაც თავიდან ხდება საჭირო პრობლემის მოგვარება, პროცესები ძალიან სწრაფად, თუმცა დიდი სიფრთხილითა და სწორად უნდა წარიმართოს, რომ საწყის ეტაპზე სიჩქარემ კვლავ პროცესების გაჭიანურება არ გამოიწვიოს. აზრი გამოთქვა: ნანი მაჭარაძემ. სახიფათო ნარჩენების მართვა ნამდვილად ძალიან მწვავე საკითხია. ცანას შემთხვევაში საიტის შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ნასახლარს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. შესაბამისად, საინტერესოა სხვა საიტებიც ამ მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა თუ არა? რამდენადაც, ხშირად ადგილის შერჩევას თან ახლავს საზოგადოების სერიოზული წინააღმდეგობა. ამასთან, საზოგადოებრივი განხილვების ფორმატის ფარგლებში, აქტიურად არის თუ არა ჩართული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი? უპასუხა: ალვერდ ჩანქსელიანმა. სახიფათო ნარჩენების განთავსებისათვის საიტების შერჩევა ბევრად უფრო რთული და კომპლექსური პროცესია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისაგან განსხვავებით, რა დროსაც ხდება საიტების შერჩევა, შემდეგ საიტების გამორიცხვა, საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სხვა ეტაპების გავლა. სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში არ არსებობს ალტერნატივები და არჩევანის საშუალება, რამდენადაც საქმე ეხება გარკვეულ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ უკვე დაყრილ მძიმე ლითონების შემცველ ნარჩენებს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამარხის მოწყობა და სახიფათო ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს იქ, სადაც უკვე არის ეს ნარჩენი პერმანენტულად განთავსებული. კერძოდ, უნდა აშენდეს ორი სამარხი უკვე არსებულ 2 საიტზე: ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელედან 2 კილომეტრში და სოფელ ყორულდაშში (რომელსაც პირობითად დაერქვა ცანა). აღნიშნული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია ადგილობრივი მოსახლეობასთან, უფრო მეტიც, პროცესის დაწყებას მოსახლეობის თხოვნა უძღოდა წინა. ასევე, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა. გარკვეული პრობლემები წარმოიშვა პროცესში, მათ შორის, თანხის გამოყოფის კუთხით, იმდენად, რამდენადაც, საერთაშორისო დაფინანსების მოპოვება ვერ მოხერხდება, თუმცა შემდგომ ეტაპზე ჰოლანდიელთა დახმარებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ურავში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მათი დახმარება და ექსპერტული ცოდნის გაზიარება უმნიშვნელოვანესია, რათა მოხდეს შეცდომების თავიდან აცილება სამარხების მშენებლობის პროცესშიც, რომ მოხდეს მისი სრული იზოლაცია და დაცული იყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ლანდშაფტი დაბინძურებისაგან. უპასუხა: თამარ ალადაშვილმა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად არის ჩართული ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში საჭიროების მიხედვით თემატიკიდან გამომდინარე. აზრი გამოთქვა: სოლომონ პავლიაშვილმა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთია ის, თუ ამ დრომდე რატომ ვერ მოგვარდა პრობლემა, ხოლო მეორეა ის, რომ დღეს, საქართველოს მთავრობამ აიღო ეს პასუხიმგებლობა. ეჭვგარეშეა რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიც აქტიურად დაუჭერს მხარს ამ პროცესში სამინისტროს, შესაბამისი პოლიტიკური მესიჯებით, საქმიანობითა და მონიტორინგით რამდენადაც ეს არის უდიდესი და ისტორიული საქმე. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ. მისასალმებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ფუნქცია გადადის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის რეგულირების სფეროში, რაც საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ტვირთია. კომიტეტისთვის მთავარია, რომ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში დაინახოს, რომ პროცესები სწორად და თანმიმდევრულად წარიმართება. სასიხარულოა ისიც, რომ საერთაშორისო ექსპერტები საწყის ეტაპზე იქნებიან ჩართულნი, რამდენადაც უმნიშვნელოვანესია მათი ექსპერტული ცოდნის გაზიარება პროცესების მიმდინარეობისას, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებისას. გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული წარმოდგენილი საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ მოსმენილი ინფორმაცია. სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივანი დენის სალუქვაძე