„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/288/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 21-ე მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: 5 „11. ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“. 2. 22-ე მუხლის შემდეგ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: 5 ,,მუხლი 221. ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ლიცენზიის შეჩერება 1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. 2. დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის (სრულად ან ნაწილობრივ, მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე. 4. თუ ლიცენზიის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელისათვის, მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით, ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების შესრულება. 5. ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების თაობაზე. 6. ლიცენზიის შეჩერების შემდეგ, დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. 7. ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებიდან, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ამ კანონით დადგენილი წესით. 8. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. 9. ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII25 – თავით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. 33-ე მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“. 4. 34-ე მუხლის შემდეგ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი: „მუხლი 341. ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის შეჩერება 1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. 2. დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ, მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შესახებ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე. 4. თუ ნებართვის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება. 5. ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, განსაზღვრული სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების თაობაზე. 6. ნებართვის შეჩერების შემდეგ, დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი, ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. 7. ნებართვის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებიდან, თუ ნებართვის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ, ამ კანონით დადგენილი წესით. 8. ნებართვის გამცემმა ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. 9. ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII25 – თავით დადგენილი წესის შესაბამისად.‘‘. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: უფლება ჯანმრთელობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებას წარმოადგენს, რაც კონსტიტუციით და მის საფუძველზე გამოცემული კანონებით და კანონქვემდებარე აქტებითაა დაცული. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში არსებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურო სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ სრულდება მათი მხრიდან. მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად, მოქმედი ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტურია არსებული გამოწვევების ფონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად, უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმი, რაც არის შედეგზე ორიენტირებული ცვლილებები და არა მეწარმის უფლებების შეზღუდვაზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შემუშავდება ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმები, ასევე, მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებებით, უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევის არსებობისას, ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების მექანიზმს. არ არსებობს ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებამდე არსებული შუალედური ეტაპი, რომელიც დარღვევის აღმოფხვრის ეფექტური გზა იქნება. მართალია, სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება, მისი პრევენციის მიზნითაა გათვალისწინებული, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ეს დროში გაწელილი და შედარებით ნაკლებ ეფექტური მექანიზმია, რომელსაც არ მივყავართ მთავარ შედეგამდე, რასაც სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ჰქვია. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად, სტერილიზაციის და/ან დეზინფექციის დადგენილი წესით შეუსრულებლობისთვის ერთხელ დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, დაწესებულება კვლავ განაგრძობს საქმიანობას. მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ სამჯერ დაჯარიმების შემდეგ შეუძლია ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება. მანამ სანამ ეს პროცედურები იქნება დაცული და გაუქმდება ლიცენზია/ნებართვა პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი უფრო მატულობს. ლიცენზიის/ნებართვის პირდაპირ, გადაუდებელი შემთხვევით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაუქმების არსებული შესაძლებლობის გამოყენებით კი მეწარმეს ადგება ზიანი, ისე, რომ არც კი ეძლევა საშუალება გამოასწოროს დარღვევა. წარმოდგენილი ცვლილება არის ე. წ. ოქროს შუალედი პაციენტისა და მეწარმის უფლებების დასაცავად, რომლითაც, მათ შორის, განისაზღვრება, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის/ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ, მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შესახებ ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე. კანონპროექტით, აგრეთვე, განისაზღვრება, რომ 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ“, არ ვრცელდება სამედიცინო სფეროში არსებული საქმიანობის სახეებზე (ლიცენზია/ნებართვა). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, აღნიშნული ვადა დაკავშირებულია ამ საკანონმდებლო პაკეტის ძირითად საკანონმდებლო ცვლილების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში. არსებული პრაქტიკისა და რეალობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციები (სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად ვერ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, ვერ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება, სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების დროულად შემოღების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ცვლილება არ ეხება მოქმედი კანონმდებლობით სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გასაცემ ლიცენზიებისა და ნებართვების სახეებს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი არ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახის სახსრების გამოყოფას. კონტროლის ღონისძიებები განხორციელდება სააგენტოსათვის დამატებითი ასიგნების გამოყოფის გარეშე, არსებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: კანონპროექტით, იცვლება სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადმინისტრირების წესები, კერძოდ, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, გათვალისწინებულია ჯარიმა, განმეორებითობის შემთხვევაში, - დადებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობა, ხოლო კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, - გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობა. ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის/ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ, მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შესახებ ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე. შესაბამისად, ნაცვლად ჯარიმის გადახდისა, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა, გამოიკვეთოს ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების საკითხი, რაც შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტში პოტენციურად მიმართული სახსრების ოდენობას. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ცვლილება არ ეხება მოქმედი კანონმდებლობით სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გასაცემ ლიცენზიებისა და ნებართვების სახეებს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი არ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახის სახსრების გამოყოფას. კანონპროექტით, აგრეთვე, განისაზღვრება, შესაბამისი ნორმები, რომელთა თანახმადაც ნებართვის/ლიცენზიის გამცემის უფლებამოსილება სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადი განხორციელების შეზღუდვა არ გავრცელდება სამედიცინო სფეროში არსებულ საქმიანობებზე. კონტროლის ღონისძიებები განხორციელდება სააგენტოსათვის დამატებითი ასიგნების გამოყოფის გარეშე და იგი განხორციელდება არსებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რამდენადაც, ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის/ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ, მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შესახებ ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე. შესაბამისად, ნაცვლად ჯარიმის გადახდისა, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა, გამოიკვეთოს ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების საკითხი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.