საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 23-26 აპრილს კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის დანიაში და 22-24 მაისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის (ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი მეზურნიშვილი, ხათუნა სამნიძე) ქალაქ ლონდონში ვიზიტების ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-9631/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-15
ბიუროს ნომერი 266 (11:30)

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-9631/23 14-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს წარმოგიდგენთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის სამუშაო ვიზიტების ანგარიშებს. გთხოვთ მიიღოთ ცნობად. დანართი 11 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის დანიაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში (კოპენჰაგენი, 2023 წლის 23-26 აპრილი) 2023 წლის 23-26 აპრილს გაიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის სამუშაო ვიზიტი დანიაში. 23-24 აპრილს ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში. 25-26 აპრილს შედგა ორმხრივი შეხვედრები დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლარს ლოკე რასმუსენთან; დანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში, დანიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა ბრიფინგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე, ასევე, შეხვედრები შედგა დანიის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. დანიაში ევროკომისიის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგი 2023 წლის 25 აპრილს, საქართველოს საელჩოსა და დანიაში ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლობის თანაორგანიზებით, წარმომადგენლობის ოფისში „ევროპის სახლი“ (Europe House) გაიმართა ბრიფინგი სახელწოდებით: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა: შესაძლებლობები და გამოწვევები“. ბრიფინგზე მოხსენებით წარდგა ნიკოლოზ სამხარაძე. ღონისძიებას მოდერაცია გაუწიეს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პერ ჰაუგორმა და დანიაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ. სესიას კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო უწყებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიკოლოზ სამხარაძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებულ გარემოზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით საყურადღებოა. კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას და აღინიშნა რუსეთის მხრიდან მსოფლიოს სხვადასხვა მოწყვლად რეგიონში გაძლიერებული გავლენები, რაც დამატებით სირთულეს წარმოადგენს. მან ისაუბრა ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს გამორჩეულ წვლილზე, რასაც დასავლელი პარტნიორებიც დადებითად აფასებენ. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ხელშეწყობის კუთხით საქართველოს მედიატორის როლსა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში გატარებულ წარმატებულ ღონისძიებებს. ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე ვრცლად ისაუბრა და მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარე პროცესზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი სხვა კანდიდატ წევრებთან შედარებით, რაც ასევე თვალსაჩინო იყო გასულ წელს განაცხადის წარდგენის პერიოდშიც. აღინიშნა 2023 წლის თებერვალში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო საქართველოს პროგრესი. დაფიქსირდა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება და საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ამისათვის არსებობს როგორც ტექნიკური, ისე - პოლიტიკური ნიადაგი. სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა დააფიქსირეს დანიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ასევე ბულგარეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, ხორვატიის ელჩებმა. შეკითხვები დაისვა შავი ზღვის უსაფრთხოების, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის სამომავლო განვითარების, ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ნიკოლოზ სამხარაძემ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრისას განმარტა, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვის სტრატეგიული როლი. შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და დასანანია, რომ ბუქარესტის სამიტიდან 15 წლის შემდეგაც ორივე ქვეყანა საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, ფორმატი აღარ არის ეფექტური, ვინაიდან მონაწილე ქვეყნები ევროკავშირთან ინტეგრაციის განსხვავებულ საფეხურებზე იმყოფებიან და პროცესების შემდგომი განვითარება დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომაზეა დამოკიდებული. ამ კონტექსტში, ქართული მხარის მიერ მიღწეული ხელშესახები პროგრესი ევროპელი პარტნიორების მხრიდან სათანადო დაფასებას იმსახურებს. ახალგაზრდების პრო-ევროპული დამოკიდებულების საილუსტრაციოდ, ნიკოლოზ სამხარაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მომხრეა და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია (95%-ს უტოლდება) ახალგაზრდა თაობაში. აღინიშნა ისიც, რომ სტატისტიკურად, წლების მანძილზე, საქართველო „ერასმუს+“ პროგრამის ერთერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპულ არჩევანს, რასაც იმედია, უახლოეს მომავალში, ევროპაც შემხვედრი ნაბიჯით უპასუხებს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლარს ლოკე რასმუსენთან, შეხვედრა სამინისტროში 25 აპრილს გაიმართა. შეხვედრას დანიური მხრიდან ესწრებოდნენ: ჰენრიკ ვინსერი - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, უილიამ ბო - მინისტრის სამდივნო, უფროსი მრჩეველი, ანდრეას ფაბრიციუს რიისი - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი (საქართველოს დესკ-ოფიცერი), ლუისე იენსენი მინისტრის თანაშემწე. საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნატა მენაბდე - დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი, თამთა შკუბულიანი - დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მიღებისთვის და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის; ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, პარტნიორების თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა 2023 წლის ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პრიორიტეტულობაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შექმნილი რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მაღალ დონეზე შესრულების მიზნით. გამოითქვა იმედგაცრუება გასულ წელს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ მიღწევებისა და პროგრესისა, რაც ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს გააჩნია. ამ კონტექსტში, აღინიშნა ევროპის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა და ამ მიზნით, დანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ლარს ლოკე რასმუსენმა გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან მიმართებით და დასძინა, რომ დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მინისტრმა „კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე“ რეფერირებით, დამსახურებაზე დაფუძნებულ (merit-based) მიდგომაზე გააკეთა აქცენტი და საქართველოს მიერ რეფორმებისა და ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევაში დანიის მხარდაჭერა დააფიქსირა. რასმუსენმა ხაზი გაუსვა 14-15 მაისს დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც საქართველოში მისი პირველი ვიზიტი იქნება და მოუთმენლად ელოდება. მინისტრის თქმით, საქართველოში რეზიდენტი საელჩოს გახსნა უკვე ძლიერი სიგნალია დანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის კუთხით. აღინიშნა, რომ დელეგაციაში დანიის პარლამენტის წევრებიც იქნებიან და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დიალოგის გაგრძელების იმედი გამოითქვა. მისი თქმით, მისასალმებელია ის რეფორმები და დემოკრატიული განვითარება, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია. რასმუსენის თქმით, თანამედროვე მსოფლიო ისტორიული გამოწვევების წინაშე დგას, უკრაინაში მიმდინარე ომმა გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია, ევროპის ქვეყნები მიდგომების გადაფასებას იწყებენ და თავის მხრივ, დანია ცდილობს ისტორიის სწორ მხარეს დადგეს. აღნიშნულის სადემონსტრაციოდ, მან უკრაინისადმი დანიის მიერ გაწეული უპრეცედენტო დახმარების ფაქტები მოიშველია. რასმუსენმა იქვე დასძინა, რომ დანია ასევე ზრდის დახმარების პაკეტს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის და მეტი პოლიტიკური ჩართულობის იმედი გამოთქვა. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს კარგად აქვს გათავისებული „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ მნიშვნელობა და ისიც გასაგებია, რომ ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს. ამავდროულად, მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს როგორც ახალ, ისე ძველ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით გაცილებით უკეთესი მიღწევები აქვს. მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეწყობს ამ მოვლენებს, მათ შორის სექტორული ინტეგრაციის პროცესს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების 50% წარმატებით არის შესრულებული და თანმიმდევრულად გრძელდება სამუშაოები. ნიკოლოზ სამხარაძემ გამოწვევებიც აღნიშნა, რომლებიც რიგი სენსიტიური რეფორმების შესრულების მხრივ იკვეთება, ასევე გააკეთა განმარტება უცხო გავლენების კანონპროექტთან დაკავშირებით. დანიურ მხარეს განემარტა, რომ კანონპროექტი არასწორი ინტერპრეტაციის „მსხვერპლი“ გახდა და სამწუხაროდ, აღქმული იქნა, როგორც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ერთგვარი არჩევანის კონტექსტში (ლოკე დაეთანხმა, რომ დანიაშიც სწორედ ასე იქნა გაგებული კანონპროექტი). ლარს ლოკე რასმუსენმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამომწურავი ინფორმაციის გაზიარებისთვის. მინისტრმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ დღესდღეობით, სწორედ აღქმები და ინტერპრეტაციები განსაზღვრავენ პოლიტიკას და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. საუბრის დასასრულს, რასმუსენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს (შენიშვნა: 14-15 მაისს, საქართველომ უმასპინძლა ლარს ლოკე რასმუსენის ოფიციალურ ვიზიტს. მის ფარგლებში, მინისტრმა ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი). მოსმენა დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში 26 აპრილს, მოსმენის ფორმატში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში. დანიური მხრიდან ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჰენრიკ დალი (ლიბერალური ალიანსი), მასპინძელი მხრიდან ასევე ესწრებოდნენ: ანეტე ლინდი (სოციალ-დემოკრატების პარტია), ტრინე მაქი (წითლებისა და მწვანეების ალიანსი), ალექს არენდტსენი (დანიის სახალხო პარტია), ჰელე ბონესენი (კონსერვატიული პარტია), ევა ესმარქი (კომიტეტის მდივანი), შარლოტე ფაბერი (კომიტეტის საერთაშორისო კოორდინატორი); ქართული მხრიდან: ნატა მენაბდე - საქართველოს ელჩი დანიასა და ისლანდიაში, თამთა შკუბულიანი - საელჩოს პირველი მდივანი. ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა საქართველოს პრიორიტეტები, ხაზი გაუსვა ევროკავშირში წევრობის ურყევ მიზანს და მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის დამსახურებულად მიღების საჭიროებას, ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილ გამოწვევებსა და არსებულ საფრთხეებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ერთ საათს გაგრძელდა. ჰენრიკ დალი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სასაზღვრო ზონაში რუსი სამხედროების რაოდენობით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ხომ არ მოხდა მათი ფრონტის ხაზზე გადაჯგუფება. ალექს არენდტსენის შეკითხვა რუსეთთან ურთიერთობებს, მათ შორის საქართველოში რუსი მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობის შემოსვლას ეხებოდა. იგი ასევე დაინტერესდა ჯარის გაძლიერების მიმართულებით ქართული მხარის პოზიციონირებით და ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტში თურქეთთან ურთიერთობებით. ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსი სამხედროები საოკუპაციო ძალები არიან. გასულ წელს, გარკვეული რაოდენობის ჯარისკაცის გაყვანა მოხდა რეგიონიდან, თუმცა, კვლავ აქტიურ ფაზაში დარჩა სამხედრო-ტექნიკური მობილიზება. რუსეთთან პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობები, ცხადია, არ გვაქვს. ერთადერთი ფორმატი, რომელშიც ვსაუბრობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებია, მათ შორის ევროკავშირისა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით, რომელიც, ჯერჯერობით, პროგრესის გარეშეა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსული მხარე არ ასრულებს. ამდენად, რეალურად მხოლოდ გარკვეულ ეკონომიკურ კომპონენტზე თუ ვისაუბრებთ ურთიერთობის კონტექსტში. რუსეთის მოქალაქეების „შემოდინებაზე“ როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ძირითადად, შემოსულთა ნახევარი 1990-იან წლებში ემიგრირებული ქართველები არიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. ამდენად, შემოსულთა ნახევარს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ. ნაწილმა გამოცხადებული „მობილიზაციის“ ფონზე დატოვა რუსეთი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიხიზნა, საქართველოს ჩათვლით. არიან ოპოზიციური ძალები, ჟურნალისტები, მათ შორის რუსული ოპოზიციური მედია „ДОЖДЬ“ თბილისიდან მაუწყებლობდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ქართული წარმოშობის რუსების გარდა, ფაქტობრივად, რუსეთის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დედაქალაქიდან სულ რაღაც 35 კილომეტრში დგანან რუსი სამხედროები და ამ ფონზე, ჩვენს ქვეყანას, ცხადია, რომ სიფრთხილის გამოჩენა მართებს. საქართველოს ძლიერი ჯარი ჰყავს, რეზერვების ჩათვლით, თუმცა, პატარა ქვეყანაა და ცხადია, რაოდენობრივი მაჩვენებლებიც შესაბამისია. ვმუშაობთ ახალ სამხედრო კოდექსზე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. სამხედრო აღჭურვილობა გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით - საზღვაო მიმართულებით. თურქეთთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, თურქეთის ფაქტორი დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს. ანეტე ლინდისა და ტრინე მაქის შეკითხვები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს შეეხებოდა, მათ შორის დანიის საელჩოს გახსნის საკითხთან მიმართებაში, ასევე იმ სფეროების შესახებ, რომელთა გაძლიერებაც ქართულ მხარეს პრიორიტეტულად მიაჩნია; შეკითხვა დაისვა სხვა ევროპულ ქვეყნებზე, რომლებთანაც მიმდინარეობს მუშაობა თბილისში წარმომადგენლობების გახსნაზე. დანიური მხარე დაინტერესდა მოსახლეობის განწყობებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა სტატისტიკით. ნიკოლოზ სამხარაძე: რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ვაფასებთ და მივესალმებით დანიის გადაწყვეტილებას თბილისში რეზიდენტი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს არაერთი მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის ეკონომიკის, კულტურისა და სხვა მიმართულებით, გაღრმავდება ხალხთა შორის კავშირები. ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა და დანიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ გადამწყვეტ მომენტში. ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებიდან გამოვყოფდი რამდენიმეს: განათლება მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამები, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება; ენერგეტიკა, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის კუთხით, რაც დანიისა და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებად ისახება; ეკონომიკური თანამშრომლობა და ტურიზმი საქართველო უნიკალური ტურისტული შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა, პანდემიამდე პერიოდში ქვეყანას 9 მილიონი ტურისტი ცხოვრობდა, რაც ქვეყნის მოსახლეობაზე 3-ჯერ მეტია. ველოდებით დანიასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ სექტორს; სოფლის მეურნეობა - დანია განვითარების უმაღლეს საფეხურზეა ამ კუთხით და ქართული მხარისთვის ღირებული იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარება. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოსახლეობის განწყობებს, მომხრეთა სტატისტიკა ყოველთვის მაღალი იყო, დღესდღეობით, 80%-ზე მეტი უჭერს მხარს ორგანიზაციის წევრობას. რაც შეეხება დანარჩენი 20%-ს, მათი დამოკიდებულება ცალსახად მოწინააღმდეგედ ვერ ჩაითვლება, არამედ იზიარებენ პოზიციას, რომ ქვეყანამ ნეიტრალური გზა აირჩიოს. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ისიც შეიძლება იყოს, რომ მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში, მაგალითად ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით გასწია, ხელშესახები პროგრესი წევრობის გზაზე არ იკვეთება. მართალია დიდი მიღწევები გვაქვს ამ გზაზე, მათ შოროს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში, იქნება ეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), თუ გაძლიერებული შესაძლებლობების ქვეყნის (enhanced opportunities country) სტატუსი და სხვ., თუმცა, ამგვარ ტექნიკურ დეტალებს მოსახლეობის უმეტესობა ვერ აღიქვამს. რუსეთის მოქალაქეების თემასთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინაში ომის ფონზე, საქართველომ 30 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, ასევე, 2021 წელს, ბელარუსში შექმნილი ვითარების გამო, ბელარუსის ათასობით მოქალაქეც ჩამოვიდა საქართველოში. ამდენად, რუსულენოვანი მოქალაქეები მხოლოდ რუსებისაგან არ შედგება, არამედ მასში სწორედ ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებიც შედიან. რუსების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა და ამდენად, გადაჭარბებულია ის რიცხვები, რომლებზედაც ხდება აპელირება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე, ეთნიკურ ნიადაგზე, არცერთ სერიოზულ ინციდენტს საქართველოში ადგილი არ ჰქონია. უკრაინაზე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქართველებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა მაღალ დონეზე დააფიქსირეს, იქნება ეს პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგას საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს, ქართული მხარე უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებს ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. *** კომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ, შეხვედრა შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან, სორენ გადესთან, რომელშიც ასევე მონაწილეობდა დანიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტს და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 2024 წელს ევროპარლამენტის მორიგი არჩევნები გაიმართება და ამ კუთხითაც პრიორიტეტულია სწორედ 2023 წლის ბოლოს მოესწროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მან ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე, რომელსაც, მისი თქმით, დანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“ დანიის ყოფილი პრემიერის, ანდერს ფოგ რასმუსენის პერიოდში შემუშავდა და, ზოგადად, დანია ახალი წევრების მიღებას მხარს უჭერს სწორედ აღნიშნულ „კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე“ დაყრდნობით. ნიკოლოზ სამხარაძემ სორენ გადე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელით, თბილისში მიიწვია. სორენ გადემ დაადასტურა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და ვიზიტის სავარაუდო ოპტიმალურ პერიოდად 2024 წელი დაასახელა. დანიის პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა. *** ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრები დანიის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან, კერძოდ „დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების” დირექტორთან, შარლოტე ფლინდტ პედერსენთან, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) აღმასრულებელ დირექტორთან, ლიზბეტ პილეგორთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა დანიის სოციალურლიბერალური პარტიის წევრი იენს ქრისტიან პოულსენი. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სამომავლო სამუშაოებზე. დანიურმა მხარემ გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე, მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების ვიზიტი ქ. ლონდონში 22-24 მაისი, 2023 წელი მ/წლის 22-23 მაისს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ლონდონს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, და პარალმენტის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი და ხათუნა სამნიძე. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავა და საელჩოს მრჩეველი, ლია მელიქიშვილი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე პარტიათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენელთან და ანალიტიკური ორგანიზაციების მკვლევარებთან. შეხვედრებზე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარება, საქართველოს სამშვიდობო როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესი და საშინაო საკითხები. ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტობაიას ელვუდთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების საკთხში საქართველოს მზარდ როლზე. ქართულმა დელეგაციამ აგრეთვე მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. საუბარი შეეხო უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირ გავლენას საქართველოსა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოებაზე. დელეგაციის წევრებმა ბრიტანელ კოლეგას მიაწოდეს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა, რაც ქართული დელეგაციის განცხადებით ემსახურება ქვეყნის დესტაბილიზაციას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის დაბრკოლებების შექმნას. ქართულმა დელეგაციამ დეტალურად მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისთვის და უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ტობაიას ელვუდი დაინტერესდა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესით, თუმცა, დასძინა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მთავარ წინაღობას წესდების მე-5 მუხლი წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველომ ალიანსის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უნდა იმუშავოს გაწევრიანების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და აქვე გამოთქვა მოსაზრება საქართველოს ნატო-ში დათქმით გაწევრიანების შესახებ, რაც მოიცავს წესდების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარანტიების საქართველოზე გაუვრცელებლობას. შეხვედრის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანელ კოლეგას გაუზიარა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული პროგრესი. მან ყურადღება გაამახვილა ინტეგრაციის გზაზე დროში გაწერილი გეგმის არარსებობაზე, რაც ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის კონკრეტულ ვადებს ბუნდოვანს ტოვებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის წარმატებული თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. საპარლამენტო დელეგაციამ ტობაიას ელვუდი სამუშაო ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ამავე დღეს, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახლადდანიშნულ დირექტორთან, კრისტოფერ ალანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ქართულმა დელეგაციამ ბრიტანულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და გამოითქვა იმედი, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ნიკოლოზ სამხარაძის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაციის პროცესის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე ქართული მხარის მოლოდინებს. კრისტოფერ ალანმა თავის მხრივ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების პროცესზე. საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქართული დელეგაციის განცხადებით ქვეყნის დესტაბილიზაციისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის შესაფერხებლად არის მიმართული. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს სანქცირებული ავიაკომპანიებისა და ხომალდების ოპერირებას. დირექტორის მხრიდან ყურადღება გამახვილდა რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე. ქართული დელეგაციის განმარტებით რუსეთთან წლიური სავაჭრო ბრუნვა არის დაახლოებით 2,5 მილიარდი, რაც მოიცავს ძირითადად აგრო და სასუქ პროდუქტებსა, რომელთა რეალიზებაც ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ვერ ხორციელდება. 23 მაისს დელეგაციამ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალისია ქერნსთან. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და უორდროპის დიალოგის საპარლამენტო განზომილების მეტად გააქტიურებას. ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანელ კოლეგას გააცნო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე - მრავალმხრივ ფორმატებში. ქართულმა დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და მიმოიხილა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. აგრეთვე, აღინიშნა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები. აქვე, საუბარი შეეხო ,,შუა დერეფნის“ მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხში. ქართულმა დელეგაციამ ალისია ქერნსი და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით საქართველში მოიწვია. საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი ჯგუფის (APPG) ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. საუბარი შეეხო მ/წლის 28 აგვისტოს კვირაში ჯგუფის წევრების დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში. ასევე, განიხილეს უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაცია, რეგიონში და სამეზობლოში არსებული ვითარება, შიდაპოლიტიკური საკითხები და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია. მხარეებმა მიმოიხილეს ბრიტანეთში მოახლოებული არჩევნები (ცნობა: არჩევნები 2024 წლის ბოლოს იგეგმება) და შიდაპოლიტიკური გარემო. ქართულმა დელეგაციამ სხვა შეხვედრების მსგავსად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის მხრიდან მიმდინარე პროვოკაციულ ქმედებებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობა ნამყოფია საქართველოში, მათ შორის - საოკუპაციო ხაზზე. დელეგაციის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე და ხსენებულ ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის სარგებელზე. საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო მ/წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. აგრეთვე, დელეგაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ბრიტანელი კოლეგები დაინტერესდნენ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხით, რაზეც დელეგაციამ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ბოლო სტატისტიკური მონაცემები. ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეგულაციების მოხსნას, რაც ქართველი პარლამენტარების განცხადებით ემსახურება ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებების შექმნას. ლორდ ბიშოპი ასევე დაინტერესდა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაზეც მას ქართული დელეგაციის მხრიდან დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე პარტიათაშორისი ჯგუფის (APPG) ხელმძღვანელთან, ლიზა კამერონთან შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროექტების გაძლიერება, კიბერ და ციფრული განვითარების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირთათვის და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის ბრიტანეთის სავიზო პროცედურების გამარტივებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ლიზა კამერონისა და ჯონათან ჯანოგლის მიერ მომზადდება წერილი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის სახელზე და მოხდება ზემოხსენებული თემის კვლავ წამოწევა. აღსანიშნავია, რომ სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ საქართველოს საელჩომ წერილობით არაერთხელ მიმართა, როგორც საშინაო საქმეთა ოფისს, ისე - დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობინ უოკერთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხებზე. ხაზი გაესვა ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ქართულმა დელეგაციამ ბრიტანელ კოლეგებს გააცნო განათლების კოდექსის მიღებასთან, პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაძლიერებასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით სამთავრობო პროექტები და გეგმები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა საგარეო პოლიტიკისა და ევროპული რეფორმების ცენტრის დირექტორთან, იან ბონდთან და მონაწილეობა მიიღო ჰენრი ჯექსონის საზოგადოების მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მათ შორის: ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკა, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რეგიონული უსაფრთხოების და ასევე, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილა. ბრიტანელი ექსპერტები და ანალიტიკოსები საქართველოში რუსული დეზინფორმაციის კამპანიით და რუსების მიერ გამოყენებული მეთოდებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხსა და საქართველოს მიერ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას. ექსპერტები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისა და რუსეთის მოქალაქეების საკითხებით.