„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/297/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ჩ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე, აგრეთვე, მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე.“; ბ)„ჩ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ3“) ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება - საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში არსებული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება პირის/მოსწავლის შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება.“; გ) „ჩ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ5) სოციალური მუშაკი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი.“. 2. მე-5 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის, ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით, მათ შორის, სენსორული სასწავლო გეგმით ან/და დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით.“. 3. მე-6 მუხლის 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში, დაწყებით ან საბაზო საფეხურზე, ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასების დასკვნით განსაზღვრულ საბაზო საფეხურის შესაბამის კლასში. 52. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზნით ხორციელდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.“. 4. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სკოლა ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასკოლო დროს შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და დაიცვას ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ11“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. ამ მიზნით კერძო სკოლა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. საჯარო სკოლაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“. 5. 22-ე მუხლის მე-61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. სამინისტრო უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსკოლისა და მათ მიერ განხორციელებული პროგრამების/სერვისების, კონსულტირებისა და პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.“. 6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) ამტკიცებს ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების წესსა და პირობებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით.“. 7. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რესურსსკოლა უფლებამოსილია, ინკლუზიური განათლების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, განახორციელოს პროგრამები/სერვისები/, კონსულტირება გაუწიოს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა თანამშრომლებს.“. 8. 481 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა. ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა; აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა.“; ა. ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1-თ4“ ქვეპუნქტები: „თ1) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა; თ2) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების, პროექტების და სერვისების განხორციელება/განვითარება; თ3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე ადამიანური რესურსების და მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა; თ4) ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისა და პირის/მოსწავლის კონსულტირება.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, ბიოფსიქოსოციალური შეფასებისთვის, ფსიქოსოციალური პრობლემების პრევენციისთვის, ფსიქოთერაპიისთვის, სოციალიზაციის მხარდაჭერისთვის, რეფერირებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი მიზნის მისაღწევად.“. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების მიწოდების მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, შეფასებისთვის, კონსულტირებისთვის, საგანმანათლებლო, ფსიქოსოციალური სირთულეების პრევენციისთვის, ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობისთვის, რეფერირებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი მიზნის მისაღწევად.“. 9. 482 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებს.“. 10. 488 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ამ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში − არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკის მონაწილეობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიმართვის საფუძველზე.“. 11. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ7.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რესურსსკოლა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას უფლებამოსილია, შეთავაზებული პროგრამების/სერვისის/კონსულტირების მონაწილეებისათვის, გამოიყენოს რესურსსკოლის ფართობი, მათ შორის, პანსიონური ნაწილი სხვა ქალაქის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ღამე განთავსების მიზნით.“. მუხლი 2. 1. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა უზრუნველყოს: ა) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების ადმინისტრირებისათვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ფორმირება/დაკომპლექტებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება 2023 წლის 1 ოქტომბრამდე; ბ) ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება 2024 წლის 1 იანვრამდე; 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინების საფუძველზე ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების წესისა და პირობების დამტკიცება, 2024 წლის 1 იანვრამდე. 3. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს და ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი სპეციალისტი/სპეციალისტები ჩაითვალონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის უფლებამონაცვლედ. 4. 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისა და „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულნი არიან ინდივიდუალურ კონსულტანტებად, 2024 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნენ სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში იმავე პოზიციაზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას პოზიციაზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში. 5. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა/მიღება. 6. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 პუნქტის, მე-7 პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თ4“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-6 პუნქტის და მე-11 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-5 პუნქტი, მე-7 პუნქტი, მე-8 პუნქტის „ა. ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თ4“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-6 პუნქტი და მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მიმართულების მართვის კოორდინაციის გაუმჯობესების და ახალი მხარდამჭერი მომსახურებების დანერგვის საჭიროება. ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ინდივიდი დაფასებულია. განათლება შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს სრულად მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასაქმდნენ, ჩართული იყვნენ კულტურულ, სპორტულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები, დოკუმენტები ავალდებულებს საქართველოს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ-სამინისტრო) 2005 წლიდან მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია, სამინისტროს სისტემაში არსებული ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი და ბავშვის კეთილდღეობასთან დაკავშირებული სერვისების კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესება. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, მოწყვლადი ჯგუფების ბავშვების საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული სერვისების, მათ შორის, ფსიქოსოციალური მომსახურების, მიწოდება განხორციელდეს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ. 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფართოვდება სსიპ - საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფუნქციები და მას ემატება ინკლუზიური განათლების კომპონენტი, რაც ასევე გულისხმობს პირების/მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, პირის/მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით, კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევასა და განვითარებას. პირების/მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტირების ფუნქციას 2024 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი. ცვლილების პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები გადადიან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურში. ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი იცვლება და ფუნქციონირებს ფსიქო - საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით. შესაბამისად, ახალი სტრუქტურის პირობებში მუშაობის კოორდინაციისა და მართვის მექანიზმის განსაზღვრისათვის უნდა შეიქმნას მმართველობითი სტრუქტურული ერთეული, გასაწერი იქნება ფსიქო - საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებისა და კონსულტირების წესი და პირობები, რომელიც დაარეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიცაა: შემადგენლობა, ფუნქცია-მოვალეობები, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის მიზნით შეფასების პროცედურა, მომართვის პროცედურებისა და მათზე რეაგირების წესების განსაზღვრა, მომსახურების სპეციალისტთა თანამშრომლობის სპეციფიკის/წესის/ფორმატის განსაზღვრა, ანგარიშგების პროცესი, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისა და მშობლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სხვა. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციების გაფართოებამ გამოიწვია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერების მასთან შესაბამისობაში მოყვანის, ასევე, ინკლუზიური განათლების მიმართულებით აქტივობების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა, რაც წარმოდგენილია წინამდებარე კანონპროექტით. ასევე, აღნიშნული ფუნქციის დამატება და სერვისების განვითარება, გულისხმობს რესურსსკოლების მიერ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირების კომპონენტის გაძლიერებას, რისი პრაქტიკაც აქამდე არ არსებობდა და საკანონმდებლო დონეზე საჭიროებს განსაზღვრას. ამასთან, სამინისტროს სსიპ-საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში სოციალური მუშაობის მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები და გაძლიერდა სოციალური მუშაობის კომპონენტი. კერძოდ, 2019 წლიდან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში არსებული სტრუქტურული ერთეული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო), რომელიც მომსახურებას უწევდა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, მათ მშობლებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს, გარდაიქმნა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრად (სამმართველო) და მის ფუნქციად განისაზღვრა ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა; აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა. ასევე, ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრა სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სამინისტროს დაეკისრა შესაბამისი ვალდებულებები სოციალური მუშაობის მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სამინისტროს სისტემის სოციალური მუშაკების არსებობის ასახვა და ფსიქოლოგიური მომსახურების ჩანაცვლება ფსიქოსოციალური მომსახურებით. კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს სწორი და ეფექტიანი ფსიქოსოციალური მუშაობის ჩასატარებლად მომსახურების მიმღების თაობაზე სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის სამართლებრივი საფუძვლის ასახვა საკანონმდებლო დონეზე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, იქმნება აუცილებლობა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ინკლუზიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობის ასახვასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერის ფორმულირება. საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების შემდგომი განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წელს სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროებების განათლების ეროვნული სააგენტოს (STATPED) და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის დამყარდა ოთხმხრივი პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის რეფორმირებას. STATPED - ის მიერ 2021 წელს მომზადდა საქართველოს ინკლუზიური განათლების კონტექსტის ანალიზის ანგარიში, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საქართველოში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის სარეკომენდაციო მოდელი. აღნიშნული მოდელის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას წარმოადგენს ქვეყანაში არსებული ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებების ერთი სამსახურის ფარგლებში გაერთიანება, რაც მწირი რესურსების უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად გამოყენების და შემდგომი განვითარების უკეთეს პირობებს შექმნის. ახალი მოდელი ასევე ითვალისწინებს ინკლუზიურ განათლებაში კონსულტირების კომპონენტის გაძლიერებას და კომპეტენციების განვითრებას იმ სფეროებში, რომლებშიც ინკლუზიური განათლების ამჟამინდელ მხარდამჭერ სისტემაში შედარებით მწირია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დასახელებული პრობლემების გადასაჭრელად პირველ რიგში აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც არეგულირებს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რესურსსკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ კი მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მასთან შესაბამისობაში მოყვანა და სათანადო პროცედურების განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება გამოწვეულია კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ხარვეზით სსსმ მოსწავლის განმარტებისა და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის კუთხით და ამასთან, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური მუშაობის პროცესში ბენეფიციარის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის განსაზღვრული სამართლებრივი მიზნის არარსებობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სისტემაში მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელება მოხდება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რაც გააუმჯობესებს პროცესის კოორდინაციას, ასევე, გაჩნდება ახალი სერვისი რესურსსკოლების მიერ კონსულტირების განხორციელების გზით, რაც გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობასა და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. გაფართოვდება სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციებიც. აგრეთვე, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით მოხდება სამინისტროს სისტემაში სოციალური მუშაობის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების ასახვა კანონში, ასევე, განხორციელდება ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მუშაობის პროცესში სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: 1. ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის ჩ2 პუნქტში, ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტება. შეზღუდული შესაძლებლობა იმთავითვე არ გულისხმობს სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას, მაშინ როცა არსებული ვერსიის შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ განიხილიბა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა მოსწავლე. ცვლილების შედეგად ხდება განმარტების კორექტირება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭროების მქონე მოსწავლედ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე. 2. ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის ჩ3 პუნქტში, დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებისა და არსებული საჭიროების, ასევე, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდი იცვლება და ფუნქციონირებს ფსიქო საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით. ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში მულტიდისციპლინური მიდგომების გათვალისწინებით მოხდება შესაბამისი სერვისების შეთავაზება. 3. ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის ჩ5 პუნქტში და ახლებურად ყალიბდება სოციალური მუშაკის განმარტება, რომლის მიხედვით სოციალური მუშაკი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი.“. 4. ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის 12 პუნქტში, მე-6 მუხლის 51 და 52 პუნქტებში და მულტიდისციპლინური გუნდი იცვლება და ფუნქციონირებს ფსიქო - საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით. მე-6 მუხლის 51 პუნქტში წარმოდგენილი ცვლილებით ასევე ზუსტდება 18 წელს გადაცილებული პირის სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, განახლებული რედაქციით 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების დასკვნით განსაზღვრულ საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში. სრულწლოვანი პირის ჩარიცხვა დაწყებით საფეხურზე არ არის რელევანტური და პრაქტიკაში არ ხორციელდება. სრულწლოვანი პირებისთის, რომელთაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია, ან გამოტოვეს რამდენიმე წელი, მომზადებულია დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს 1 წლის მანძილზე საბაზო საფეხურის ძირითად შედეგებზე გაყვანას. 5. ცვლილება შედის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის თანახმად კერძო სკოლა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. 6. ცვლილება შედის 22-ე მუხლის მე-61 პუნქტში და სამინისტროს მიერ რესურსსკოლების დაფინანსების კომპონენტებს ემატება პროგრამების/სერვისების/კონსულტირების მომსახურების დაფინანსება. რესურსსკოლების შემთხვევაში, აქამდე არ არსებობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დაინტერესებული პირებისათვის პროგრამების/სერვისების/კონსულტირების მომსახურების განხორციელების აღიარებული პრაქტიკა, თუმცა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის გაძლიერების ფარგლებში რესურსსკოლების სპეციფიკური გამოცდილებისა და ცოდნის (სენსორული და მრავლობითი დარღვევების მიმართულებით) გაზიარებას და აღნიშნული რესურსის გამოყენებას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლირების მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე, რესურსსკოლების თანამშრომლების მიერ განხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის სსსმ მოსწავლეების სწავლასწავლების პროცესის ორგანიზების მიმართულებით კონსულტირება. 7. ცვლილება შედის 26-ე მუხლის დ1 ქვეპუნქტში, რაც გულისხმობს სსიპ - საგანამნათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით სამინისტროს მიერ ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების წესისა და პირობების დამტკიცებას, რომელიც დაარეგულირებს ზემოაღნიშნული მომსახურების სამუშაო პროცესს. 8. ცვლილება შედის და 33-ე მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომელიც აზუსტებს რესურსსკოლების მიერ განსახორციელებელ მომსახურებებს. კერძოდ, რესურსსკოლები უფლებამოსილი ხდებიან თავიანთი პროფილის მიხედვით, პროგრამები/სერვისები/კონსულტირების მომსახურება შესთავაზონ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა თანამშრომლებს. 9. ცვლილება შედის 481 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად განისაზღვრა ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა; აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა. 10. ცვლილება შედის 481 მუხლის პირველ პუნქტში და მანდატურის სამსახურს ემატება ინკლუზიური განათლების ადმინისტრირების ფუნქციები, რაც გულისხმობს ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა პროგრამების, სერვისების განხორციელება-შეთავაზებას ადამიანური და მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციასა და კონსულტირებას; 11. კანონის 481 მუხლს ემატება მე-5 და მე-6 პუნქტები, რომლებითაც განისაზღვრა ფსიქოსოციალური და ინკლუზიური მომსახურების მიწოდების პროცესში ბენეფიციარის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები, კერძოდ, კანონის 481 მუხლის ,,დ“ და „თ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსოციალური და ინკლუზიური მომსახურების მიწოდების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავება იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა ამ პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი მიზნის მისაღწევად.“. 12. ცვლილება შედის და 482 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება დ1 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მანდატურის სამსახურის გაფართოებული ფუნქციების შესაბამისად, მანდატურის სამსახურის უფროსის ფუნქციებს ემატება ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების კოორდინაცია. 13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და ფუნქციური გადანაწილების შესაბამისად, 488 მუხლის პირველ პუნქტში იცვლება მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციების განმახორციელებელი სააგანეტოს დასახელება, ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოსი გაიწერება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. 14. ცვლილება შედის და კანონის 50-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომლითაც რესურსსკოლებს უფლება ეძლევათ, პროგრამების/სერვისების/კონსულტირების მომსახურების განხორციელების პროცესში რესურსსკოლის ტერიტორია, მათ შორის პანსიონური ნაწილი გამოიყენონ, როგორც საგანმანათლებლო, ისე სერვისის მიმღები სხვა ქალაქის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ღამე განთავსების მიზნით. ამ მხრივ, საქართველოს მიერ ხდება არსებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს რესურსსკოლების, სერვისის მიმწოდებელ ერთგვარ რესურსცენტრებად ფუნქციონირებას. 15. გარდამავალი დებულებით სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ევალება ინკლუზიური განათლების ადმინისტრირებისათვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ფორმირება/დაკომპლექტება 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, ხოლო ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი სპეციალისტი/სპეციალისტები განისაზღვრებიან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის უფლებამონაცვლედ. ვინაიდან, მულტიდისციპლინური გუნდის გადასვლა აღნიშნულ სამსახურში განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვრიდან და იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს მუშაობის წყვეტა, მნიშვნელოვანია, გადასვლის პროცესი წარიმართოს კოორდინირებულად, შეთანხმებულად და 2024 წლის 1 იანვრამდე დასრულდეს ყველა პროცედურა, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისა და „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც "ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულნი არიან ინდივიდუალურ კონსულტანტებად, 2024 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ უნდა იქნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში იმავე პოზიციაზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას პოზიციაზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში. 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა მოხდეს ასევე ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების წესისა და პირობების დამტკიცება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ამოქმედდეს ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურება. საქართველოს მთავრობას და სამინისტროს ევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები, ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 პუნქტის, მე-7 პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თ4“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-6 პუნქტის და მე-11 პუნქტისა, უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტებას, რომლის ახალი რედაქციით არსებობაც მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისათვის. ასევე, ამ კანონით, გარდა ზემოჩამოთვლილი მუხლების შესაბამისი პუნქტებისა, რეგულირდება სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ უკვე პრაქტიკაში დანერგილი ფუნქციები, ასევე, ის ფუნქციები, რომელთა ამოქმედებაც მნიშვნელოვანია ცვლილების მიღებისთანავე, რადგან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს მიეცემა კანონიერი საფუძველი განახორციელოს სამსახურში ინკლუზიური განათლების კომპონენტის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი მოსამზადებელი აქტივობები. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-5 პუნქტი, მე7 პუნქტი, მე-8 პუნქტის „ა. ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თ4“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-6 პუნქტი და მე-11 პუნქტი უნდა ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, რადგან აღნიშნული ეხება მულტიდისციპლინური გუნდის დასახელების ცვლილებას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების ფუნქციების გაფართოებას, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციებში ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების დამატებას, რაც იგეგმება 2024 წლიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებას 2024 წლამდე ახორციელებდა/ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის „ინკლუზიური განათლება“ (პროგრამული კოდი 32 06) ფარგლებში და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ცენტრისათვის (პროგრამული კოდი 32 02 02) გამოყოფილი ასიგნებებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 1 ოქტომბრიდან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში უნდა ამოქმედდეს ინკლუზიური განათლების მიმართულების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული 12 საშტატო ერთეულით. შესაბამისად, მოქმედი კანონდებლობის თანამხმად მოხდება საშემოსავლო გადასახადის მიმართვა. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილება არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:       სსიპ - საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულების ფუნქციონირების ხარჯების ანაზღაურება მოხდება არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. 2024 წლის 1 იანვრამდე ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი ფუნქციონირებს სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდის დაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები - ამავე პროგრამის „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების ქვეპროგრამის ფარგლებში, ხოლო ინდივიდუალური კონსულტანტები, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან მულტიდისციპლინური გუნდის, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტებისა და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტებისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი გადაეცემა სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული ქვეპროგრამების ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ქვეპროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობა“ ბიუჯეტი განისაზღვრება 1,424.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის 59 ერთეული გუნდის წევრის სახელფასო ფონდი 1,206.1 ათასი ლარი, ხოლო 218.3 ათასი ლარი მოიცავს გუნდის წევრების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხარჯებს (მივლინება, საკანცელარიო, ბეჭდვის და სხვა); ქვეპროგრამის „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსება“ ფარგლებში ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტების ბიუჯეტი განისაზრვრება 87.4 ათასი ლარით, რომელიც მოიცავ 4 ერთეული ექსპერტების ანაზღაურებას და მივლინების ხარჯებს; სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ბიუჯეტით ინდივიდუალური კონსულტანტებისთვის გათვალისწინებული სახსრები მოიცავს 40.0 ათას ლარს (წლიურად საშუალოდ საჭიროა 16 კონსულტანტი, კონსულტანტის ანაზღაურება ხელშეკრულების მიხედვით გათვალიწინებულია და ერთ ქეისზე ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 800 ლარს, საჭიროებიდან გამომდინარე ქეისზე მუშაობა შესაძლოა გაგრძელდეს 2 თვე, რაც ჯამში ქეისის ღირებულება არის 1600 ლარი; წლის მანძილზე გათვალისწინებულია 25 სსსმ მოსწავლის ქეისზე მუშაობა); ასევე, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში უნდა ამოქმედდეს ინკლუზიური განათლების მიმართულების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული 12 საშტატო ერთეულით, რომლის წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 284.8 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლისთვის წლის ბოლომდე საჭირო ხარჯი შეადგენს 94.912 ათას ლარს, რომელიც მიიმართება პროგრამის „უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლისთვის და შემდგომ 3 წელს სსიპ მანდატურის სამსახურის ბიუჯეტის საპროგნოზო ზრდა სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებების შემცირების ხარჯზე შეადგენს: 2024 წელი - 1,692.1 ათასი ლარი; 2025 წელი - 1,837.9 ათასი ლარი; 2026 წელი - 1,998.3 ათასი ლარი;  2027 წელი - 2,174.7 ათასი ლარი. წარმოდგენილი ცვლილებით, რესურსსკოლა უფლებამოსილია, ინკლუზიური განათლების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, განახორციელოს პროგრამები/სერვისები/, კონსულტირება გაუწიოს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა თანამშრომლებს. აღნიშნული გავლენას მოახდენს რესურსსკოლების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც გამოიხატება კონსულტირების კომპონენტის განხორციელების პროცესში კონსულტანტებისათვის შრომის ანაზღაურების გაცემასა და საჭიროების შემთხვევაში სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებაში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისა და „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც "ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულნი არიან ინდივიდუალურ კონსულტანტებად, 2024 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნებიან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში იმავე პოზიციაზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას პოზიციაზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში. შესაბამისად, მათ შეუნარჩუნდებათ არსებული შრომის ანაზღაურება და მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეიცვლება. გარდა ამისა, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში უნდა ამოქმედდეს ინკლუზიური განათლების მიმართულების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული 12 საშტატო ერთეულით, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს შესაბამისი ახალი კადრებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ პოზიციაზე შერჩეული ადამიანებისათვის დადგება დადებითი ფინანსური შედეგი, რადგან ისინი დასაქმდებიან და შრომის ანაზღაურების შესაბამისად გაეზრდებათ ყოველთვიური შემოსავალი. ასევე, რესურსკოლებში კონსულტირების მომსახურების ამოქმედება დადებით გავლენას მოახდენს იმ პროფესიონალების შემოსავალზე, რომლებიც მომსახურების ფარგლებში, შესაბამისი შრომის ანაზღაურებით გაუწევენ კონსულტირებას საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა თანამშრომლებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან სსსმ მოსწავლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების კონსოლიდაცია მოხდება ერთ სივრცეში, რაც გააადვილებს თითოეული შემთხვევის მართვას, შესაძლებელს გახდის ყველა საჭირო რგოლის დროულად ინფორმირება/ჩართულობას, რაც გააუმჯობესებს შეთავაზებული მომსახურების ეფექტიანობას. გარდა ამისა, საჯარო სკოლების კომპეტენციების გაძლიერება ხელს შეუწყობს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომლის პირობებშიც მოხდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც გაზრდის რესურსსკოლების მოსწავლეების საჯარო სკოლებში სრულფასოვნად ინტეგრაციისა და სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობას და შეამცირებს იმ ბენეფიციარების რაოდენობას, რომლებიც განათლებას ღებულობენ რესურსსკოლებში. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ფსიქოსოციალური და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებები ხელმისაწვდომი იქნება გოგონებისა და ბიჭებისთვის, ქალებისა და მამაკაცებისთვის. თანაბრად გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.