„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/298/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ქვეპუნქტები: „ზ1) მარწმუნებელი საქმიანობა - დამოუკიდებელი შეფასების მომზადების მიზნით დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების თაობაზე არსებული აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი; ზ2) საკონსულტაციო საქმიანობა - კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის, რეკომენდაციის მიცემასთან ან ობიექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა მსგავსი მომსახურება, მათ შორის ტრენინგი ან/და ფასილიტაცია, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე;“; გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ შემუშავებული შიდა აუდიტის სტანდარტები;“. 3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შიდა აუდიტის სუბიექტი შესაძლოა შეიქმნას იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელიც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირსა (რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო) და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნის თაობაზე უნდა აცნობონ ჰარმონიზაციის ცენტრს.“. 4. 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, აგრეთვე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური და სტრატეგიული გეგმები ჰარმონიზაციის ცენტრს ეგზავნება.“. 5. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. შიდა აუდიტორული შემოწმება, რისკების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა აერთიანებდეს შიდა აუდიტორული შემოწმების რამოდენიმე სახეს.“. 6. 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი: „მუხლი 231. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა 1. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა წარმოადგენს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას. 2. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა მოიცავს შიდა აუდიტორული საქმიანობის ხარისხის შიდა და გარე შეფასებებს. 3. შიდა შეფასება გულისხმობს შიდა აუდიტის საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს ან/და შიდა აუდიტორების მიერ ჩატარებულ პერიოდულ თვითშეფასებებს ან შეფასებებს დაწესებულების შიგნით სხვა პირის მიერ, რომელსაც აქვს საკმარისი ცოდნა შიდა აუდიტის პრაქტიკის შესახებ. 4. გარე შეფასება ხორციელდება მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ, გარე კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან/და შემფასებელთა ჯგუფის მიერ.“. 7. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ ასევე ჰარმონიზაციის ცენტრს.“. 8. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 და 242 მუხლები: „მუხლი 241. შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარება 1. შიდა აუდიტორული საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტორი ვალდებულია შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა. 2. დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს შიდა აუდიტორს, მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. 3. სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას ადასტურებს ჰარმონიზაციის ცენტრი, ამ კანონის 242 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად. მუხლი 242. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა 1. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს სერტიფიცირების კანდიდატის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას და შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის პრაქტიკის დადასტურებას. 2. ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს. 3. სერტიფიცირების კანდიდატს უფლება აქვს სასწავლო კურსის გავლის გარეშე ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა. 4. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტორებსა და შიდა აუდიტორის პოზიციაზე დასაქმების მსურველ კანდიდატებს. 5. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ შიდა აუდიტორის კვალიფიკაციის შენარჩუნება უზრუნველყოფილია უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით და მისი საქმიანობა შესაბამისობაშია შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან. 6. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული 241 მუხლის მე-3 პუნქტისა და 242 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული 241 მუხლის მე-3 პუნქტი და 242 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) ცვლილების შეტანა განპირობებულია შიდა აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზების აუცილებლობით. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები მეტწილად შეეხება შიდა აუდიტის მარეგულირებელ ნორმებს. კერძოდ, კანონპროექტით განიმარტება შიდა აუდიტორული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: მარწმუნებელი საქმიანობა და საკონსულტაციო საქმიანობა; კონკრეტდება შიდა აუდიტის სტანდარტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ; ხდება შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამისა და შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარების გათვალისწინება. ასევე, რეგულირდება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების საკითხი, რომლის დანერგვაც კანონის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას განეკუთვნება. აღნიშნული ცლილებების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სამინისტროებში, ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის მერიებში განხორციელებული შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებების შედეგად გამოკვეთილი გაუმჯობესების შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროებს კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგებას. ამასთან, კანონპროექტი უზრუნველყოფს კანონის რეგულირების სფეროსთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობის აღმოფხვრას. კერძოდ, "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ამავე კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის. კანონის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეს ჩანაწერი კი ხშირად განიმარტება ისე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები რომლებიც არ არიან „საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალის და მათში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 აგვისტოს №391 დადგენილებით დამტკიცებულ ჩამონათვალში არ ექცევიან კანონის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, კანონის რეგულირების სფეროს სხვადასხავაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. საქართველოს საჯარო სექტორის მასშტაბით განხორციელებული 50-ზე მეტი შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასების შედეგად გამოვლენილ გაუმჯობესების შესაძლებლობებს შორის არის კანონმდებლობის დონეზე გასათვალისწინებელი საკითხები. მათ შორის, ანგარიშებში ასახული მიგნებები შეეხება ტერმინების “მარწმუნებელი“ და „საკონსულტაციო“ საქმიანობის დეფინიციების არარსებობასა და შიდა აუდიტორების უწყვეტი განვითარების პროგრამის სისტემური მოწესრიგების საჭიროებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიღება აუცილებელია, რათა შიდა აუდიტის საქმიანობის რეგულირება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, რაც შიდა აუდიტორებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ მათი საქმიანობის ხარისხი. ასევე, კანონპროექტი უზრუნველყოფს კანონის რეგულირების სფეროსთან დაკავშირებით ცალკეულ შემთხვევებში წარმოშობილი კითხვების და/ან განსხვავებული ინტერპრეტაციის პრევენციას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო პრაქტიკასთან და გაუმჯობესდება შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასების შედეგად შემუშავებულ ანგარიშებში დასმული პრობლემური საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, განიმარტება შიდა აუდიტორული საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რაც მნიშვნელოვანია შიდა აუდიტის როლისა და საქმიანობის ფარგლების ხაზგასმისათვის. ორივე მიმართულება არსებითი და თანაბარი მნიშვნელობისაა დაწესებულებისთვის; კანონპროექტის მიღებით კონკრეტდება შიდა აუდიტის სტანდარტები, რადგან არსებული განმარტება ზოგადია და იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას;  კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დახვეწას, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანიზაციებს, სადაც შეიძლება შიდა აუდიტის სუბიექტი შეიქმნას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი სავალდებულო წესით განსაზღვრავს დაწესებულებებს, რომლებშიც იქმნება შიდა აუდიტის სუბიექტი. მოქმედი რედაქციის ინტერპრეტაცია შეიძლება იმგვარად, რომ შიდა აუდიტის სუბიექტი იქმნება მხოლოდ იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომლებიც გათვალისწინებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალის და მათში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 აგვისტოს №391 დადგენილებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რომ ნებისმიერი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ არის აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ ჩამონათვალში, უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს შიდა აუდიტის სუბიექტი; აღნიშნულის შესაბამისად იცვლება ასევე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის რედაქცია;  კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ, უქმდება დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების პროექტების ჰარმონიზაციის ცენტრთან კონსულტაციის ვალდებულება, რამდენადაც აღნიშნული ჩანაწერის არსებობა კანონში განპირობებული იყო შიდა აუდიტის რეფორმის საწყის ეტაპზე გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკებზე შიდა აუდიტორების წვდომისა და ცნობიერების არარსებობით. შესაბამისად, ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფდა თითოეული დებულების ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირის მიწოდებას დაწესებულებებისთვის, რაც მიმდინარე ეტაპზე აღარ არის აუცილებელი, რადგან თითოეულ დაწესებულებას თუ შიდა აუდიტორს აქვს დებულების სათანადო ხარისხით შემუშავების შესაძლებლობა, მათ შორის წვდომა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პრაქტიკებზე;  კანონპროექტის თანახმად, კანონის 22-ე მუხლს, რომლის მე-3 პუნქტიც განსაზღვრავს შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებს, ემატება მე-4 პუნქტი, რომელიც გულისხმობს შიდა აუდიტორული შემოწმების სხვადასხვა სახის გაერთიანების შესაძლებლობას. შიდა აუდიტის სუბიექტები პრაქტიკაში ხშირად მიმართავენ აღნიშნულ მიდგომას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ საკანონმდებლო საფუძველი;  კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 231 მუხლის დამატება განპირობებულია შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის მნიშვნელობით. შიდა აუდიტის სტანდარტების მიხედვით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით კომპონენტს შიდა აუდიტის საქმიანობაში, რომელიც არ არის რეგულირებული კანონის მოქმედი რედაქციით. აღნიშნული მუხლი განმარტავს პროგრამის არსს, მიზნებს და შესრულების პირობებს;  კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტში და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში შემოთავაზებული ცვლილება ემსახურება საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ჩამონათვალში და ჩამოყალიბებული აქვთ შიდა აუდიტის სუბიექტი, შიდა აუდიტის წლიური ანგარიშების/წლიური და სტრატეგიული გეგმების ჰარმონიზაციის ცენტრისთვის წარდგენის ვალდებულების დაკონკრეტებას;  კანონში დასამატებელი 241 მუხლით გათვალისწინებული შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარება ასევე წარმოადგენს შიდა აუდიტის სტანდარტებით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც არ არის რეგულირებული და მნიშვნელოვანია მისი გათვალისწინება კანონმდებლობით. ცვლილების მიხედვით თითოეული შიდა აუდიტორი ვალდებულია შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა, ხოლო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს მას;  კანონში დასამატებელი 242 მუხლი ითვალისწინებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების ზოგად საკითხებს. კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ვალდებულებაა. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე განხორციელდა სასწავლო მასალების შემუშავების თვალსაზრისით და 2023 წლიდან იგეგმება უშუალოდ სერტიფიცირების პროცესის დაწყება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არსებობდეს მარეგულირებელი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც დაინერგება სერტიფიცირება.  კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვალდებულება 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული 241 მუხლის მე-3 პუნქტისა და 242 მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონოპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული 241 მუხლის მე3 პუნქტი და 242 მუხლი ამოქმედდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, ვინაიდან აღნიშნულ ვადამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უნდა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო საჭიროების შემთხვევაში იქნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დახვეწას, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანიზაციებს, სადაც შეიძლება შიდა აუდიტის სუბიექტი შეიქმნას. პროექტის მიღების შემდეგ დაზუსტდება, რომ ნებისმიერი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს შიდა აუდიტის სუბიექტი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირები შექმნიან შიდა აუდიტის სუბიექტს და დაასაქმებენ შიდა აუდიტორებს, მათზე გადახდილი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი მიემართება ბიუჯეტში, რაც გაზრდის შესაბამისი დონის ბიუჯეტს, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე და ხელფასის ოდენობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საკუთარი შემოსავლების ზრდასთან იქნება დაკავშირებული პროექტით გათვალისწინებული შიდა აუდიტორთა სასერტიფიკატო გამოცდისა და სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსის დანერგვა, რადგან იმ შემთხვევაში თუ შიდა აუდიტორები/კანდიდატები ჩააბარებენ გამოცდას ან/და გადაწყვეტენ სასწავლო კურსის გავლას, მათ მოუწევთ საფასურის გადახდა. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ დადგენილი ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დახვეწას, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანიზაციებს, სადაც შეიძლება შიდა აუდიტის სუბიექტი შეიქმნას. პროექტის მიღების შემდეგ დაზუსტდება, რომ ნებისმიერი საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს შიდა აუდიტის სუბიექტი. შესაბამისად, კანონპროექტს გავლენა ექნება, ხარჯების ზრდის კუთხით, ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ვინც გადაწყვეტს შექმნას შიდა აუდიტის სუბიექტი, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი პირი იქნება დასაქმებული აღნიშნულ სტრუქტურულ დაწესებულებაში შრომის ერთეულში, ხოლო ანაზღაურების შრომის შესახებ“ ანაზღაურება საქართველოს განისაზღვრება კანონით „საჯარო გათვალისწინებულ ფარგლებში. პროექტის მიღება გამოიწვევს იმ დაწესებულებების ხარჯების ზრდას, სადაც შექმნილია ან შეიქმნება შიდა აუდიტის სუბიექტები, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად შიდა აუდიტორი ვალდებული იქნება შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა, ხოლო დაწესებულება ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს მას. ამდენად, დაწესებულებისათვის, რომელიც გააგზავნის შიდა აუდიტორს პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნული გამოიწვევს ხარჯების ზრდას, რაც დამოკიდებული იქნება თანამშრომლების რაოდენობაზე, პროგრამის ხანგრძლივობაზე და სხვა გარემოებებზე, რაც დეტალურად გაიწერება საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებით. დაწესებულებისათვის ხარჯების ზრდას გამოიწვევს ასევე შიდა აუდიტორის სასერტიფიკატო გამოცდაზე თანამშრომლის გაშვება, ასევე, თუ დაწესებულება გადაწყვეტს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების მოსამზადებელი სასწავლო კურსი გაატაროს მის სტრუქტურაში დასაქმებულ შიდა აუდიტორებს. სასერტიფიკატო გამოცდას ან/და სასწავლო კურსს ორგანიზებას გაუწევს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, ხოლო ღირებულება განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სამართლებრივი აქტით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული და ღირებულება დაანგარიშდება ზუსტად იმ ხარჯის გათვალისწინებით რაც მის ორგანიზებას დასჭირდება. პროექტის შესაბამისად განისაზღვრება, რომ ჰარმონიზაციის ცენტრი განახორციელებს შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის პრაქტიკის დადასტურებას და შეიმუშავებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს, თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს ჰარმონიზაციის ცენტრის ხარჯების ზრდას, რადგან განხორციელდება არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე განხორციელდა სასწავლო მასალების შემუშავების თვალსაზრისით და 2023 წლიდან იგეგმება უშუალოდ სერტიფიცირების პროცესის დაწყება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტორთა სასერტიფიკატო გამოცდის ან/და სერტიფიცირებისასთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის ორგანიზებას განახორციელებს ფინანსთა სამინისტროს აკადემია და ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება ფინანსთა სამინსიტროს აკადემიის ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ შიდა აუდიტორებსა და შიდა აუდიტორის პოზიციაზე დასაქმების მსურველ კანდიდატებზე, რომლებიც გადაწყვეტენ შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსის გავლას, სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას ან/და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიღებას თავისი ხარჯით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გავლილი ტრენინგების/სასწავლო კურსების რაოდენობასა და ღირებულებაზე. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩასატარებელი სასერტიფიკატო გამოცდის და სასწავლო კურსის საფასურს განსაზღვრავს ფინანსთა სამინისტროს აკადემია. პროექტის მიღება გამოიწვიოს იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯების ზრდას, სადაც შექმნილია შიდა აუდიტის სუბიექტები, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად შიდა აუდიტორი ვალდებული იქნება შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა, ხოლო დაწესებულება ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს მას. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომელიც გააგზავნის შიდა აუდიტორს პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნული გამოიწვევს ხარჯების ზრდას, რაც დამოკიდებული იქნება თანამშრომლების რაოდენობაზე, პროგრამის ხანგრძლივობაზე და სხვა გარემოებებზე. ასევე, ხარჯების ზრდას გამოიწვევს დაწესებულებისათვის მასთან დასაქმებული შიდა აუდიტორის გაგზავნა სასერტიფიკატო გამოცდის ჩასაბარებლად ან/და შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების მოსამზადებელი სასწავლო კურსზე გაგზავნა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.