საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, შვედეთის სამეფოში (26-29 აპრილი), ჩილეს რესპუბლიკაში (9-12 ივლისი) და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში (13-15 ივლისი) ვიზიტების ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.08.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-12452/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-12452/23 02-08-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტების ანგარიშებს. გთხოვთ, დაამატოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი: 8 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში (9-12 ივლისი, 2023) 2023 წლის 9-12 ივლისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ჩილეს რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩილეში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი წარმოადგენდა საპარლამენტო დელეგაციის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ჩილეში და ის დაემთხვა საქართველო-ჩილეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ჩილეს სენატის პრეზიდენტს, ხუან ანტონიო კოლომას; დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვლადო მიროსევიჩ ვერდუგოს; სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს. შეხვედრა, ასევე, გაიმართა ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან , გლორია დე ლა ფუენტესთან. ჩილეს სენატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე. განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელეს. ჩილეს სენატის პრეზიდენტმა მიმოიხილა სამხრეთ ამერიკაში არსებული ვითარება, მათ შორის ომის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და სურსათის ფასების მატებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე და საქართველოს სამშვიდობო როლზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტში. შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველო-ჩილეს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხები. ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, ვლადო მიროსევიჩ ვერდუგოსთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენაზე საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის და საპარლამენტო გამოცდილების გაზიარების საკითხები. ჩილეს დეპუტატთა პალატის და სენატორთა პალატის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრების გარდა, საქართველოს დელეგაციას ცალ-ცალკე, საკომიტეტო მოსმენის ფორმატში, ასევე შეხვდნენ ჩილეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრანსისკო ჩაუანი და დეპუტატთა პალატის საგარეო, პარლამენტთაშორისი და ლათინოამერიკული ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომას დე რემენტერია, კომიტეტების წევრებთან ერთად. შეხვედრებზე ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა ჩილეში პირველი საპარლამენტო ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის ჭრილში, ვიზიტის სიმბოლურ დატვირთვას, საქართველოსა და ჩილეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს, რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებს, საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონში, საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებს, ჩილესთან თავისუფალი თუ პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, ჩილეს მიერ საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და საქართველოს მიღწევებს რეფორმების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გლორია დე ლა ფუენტესთან. შეხვედრაზე საუბრის თემას წარმოადგენდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის მხარდაჭერის საკითხი. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ჩილეს 2023 წელს გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებული - “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ლტოლვილების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე; კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე და რეფორმებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებაზე. სანტიაგოში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ ლექცია წაიკითხა ჩილეს დიპლომატიურ აკადემიაში. ლექციას ესწრებოდნენ აკადემიის კურსანტები და მომავალი დიპლომატები (ჩილეს დიპლომატიური აკადემიის გავლა სავალდებულოა ყველასთვის, ვისაც სურს მუშაობა დაიწყოს საგარეო საქმეთა სამინისტროში). კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გარემოზე, კონფლიქტების საკითხებზე, რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე და ნატო-ს წევრობაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ ინტერვიუ მისცა წამყვან ჩილეურ გაზეთს „ელ მერკურიო“ და შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტია „დამოუკიდებელი დემოკრატიული გაერთიანების“ პრეზიდენტთან, სენატორ ხავიერ მაკაიასა და ჩილეს „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წევრთან, ამერიკის ქრისტიან-დემოკრატიული პრეზიდენტთან, ხუან კარლოს ლატორესთან. ორგანიზაციის (OCDA) ყოფილ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ჩილეში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, ქვეყნის მიერ განვლილ გზას უკანასკნელი დიქტატურიდან დღემდე, ჩილეს უმთავრესი პოლიტიკური პარტიების მსოფლმხედველობას, პარტიების შეხედულებებს ჩილეს კონსტიტუციის გადახედვის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანაში არსებულ სოციალურპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას. ჩილეს რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩილეს რესპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილი (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) და საელჩოს მრჩეველი, ნინო ფიფია.
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შვედეთის სამეფოში ვიზიტის ანგარიში ( 26-29 აპრილი, 2023 ) 2023 წლის 26-29 აპრილს გაიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ოფიციალური ვიზიტი სტოკჰოლმში, შვედეთში. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერთან, იულია კრონლიდთან, შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, არონ ემილსონთან და კომიტეტის წევრებთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, გუდრუნ ბრუნგორდთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრა, ასევე გაიმართა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დიანა იანსენთან. შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების პროცესი და განხორციელებული რეფორმები. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და მის გავლენას ევროპულ უსაფრთხოებაზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლი და შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისება. სტოკჰოლმში ვიზიტის ფარგლებში შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოსმენა გაიმართა. მან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა 2023 წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. შვედეთის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის გავლენაზე საქართველოსა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დიანა იანსეს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარ სასაუბრო თემას წარმოადგენდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და გატარებული რეფორმები. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგი, პარტიებს შორის თანამშრომლობა და პოლარიზაციის შემცირების გზები, აგრეთვე უკანასკნელ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო თაღლითობის გამოვლენილი ფაქტები. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. შვედური მხარის განცხადებით, სტოკჰოლმი მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი მიმართულებით. სტოკჰოლმში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების სააგენტოს - ფოლკე ბერნადოტის აკადემიის დირექტორს, პერ ოლსონ ფრიდს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით ქართული მხარის მოლოდინები. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე, მის დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე იმ პროექტებზე რომელსაც ბერნადოტის აკადემია ახორციელებს საქართველოსთან თანამშრომლობით. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით არსებული გამოწვევები. სტოკჰოლმში გამართულ ყველა ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული.
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში (13-15 ივლისი, 2023) 2023 წლის 13-15 ივლისს გაიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ოფიციალური ვიზიტი ურუგვაიში. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა ურუგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, სებასტიან ანდუხართან და ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრთან, ნიკოლას ალბერტონისთან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ურუგვაის პარლამენტში ურუგვაი-საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დაფუძნების აქტის ცერემონიაში. ურუგვაის დეპუტატთან პალატის თავმჯდომარესთან, სებასტიან ანდუხართან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მხრიდან საპარლამენტო დელეგაციის პირველ ოფიციალურ და ისტორიულ ვიზიტზე ურუგვაიში და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ურუგვაის შორის საპარლამენტო დონეზე არსებული კარგი პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაუსვეს რეფორმების თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა თავმჯდომარეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ურუგვაი გამოხატავს საქართველოს მიმართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რაც ასევე გამოიხატება საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერაში. ურუგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ურუგვაის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მაღალ დონეზე ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე და ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ურუგვაის პარლამენტში ჩამოყალიბებული საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრების, ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ურუგვაიში მცხოვრები საქართველოს მცირერიცხოვანი დიასპორის წარმომადგენელთა წინაშე, შედგა ურუგვაი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დამფუძნებელი აქტის ოფიციალური გამოცხადება და მისი ხელმოწერა. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, სულ 11 ურუგვაელი სენატორი და დეპუტატია, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ კონგრესში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. აქტის ხელმოწერამდე, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ფორმალურად არსებობდა, თუმცა არ იყო დასრულებული საბოლოო ლეგიტიმაციისთვის საჭირო პროცედურები. დამფუძნებელი აქტის ხელმოწერის ცერემონია გახსნა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა, სებასტიან ანდუხარმა. მან ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსა და მეგობრობის ჯგუფის დაფუძნების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში. ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების მცირე მიმოხილვა გააკეთეს ურუგვაის დეპუტატთა პალატისა და სენატორთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომისიების წევრებმა, დიეგო რეიესმა და მარკოს მეტოლმა, ხოლო საქართველოს მხრიდან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ. საგულისხმოა, რომ დამფუძნებელი აქტის ხელმოწერით, დაარსდა საქართველოსთან მეგობრობის მუდმივმოქმედი ჯგუფი, ვინაიდან ურუგვაის კონგრესში არსებული პრაქტიკის თანახმად, დაფუძნება ერთხელ ხდება და საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენელთა ცვლილება მხოლოდ ჯგუფის შემადგენლობის ცვლილებას განაპირობებს და არ წარმოშობს მეგობრობის ჯგუფის ყოველ ჯერზე ახლიდან დაფუძნების საჭიროებას. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს, ნიკოლას ალბერტონის შეხვდა. ვიცე-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში, საპარლამენტო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტის დიდ მნიშვნელობას. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ისაუბრეს უკვე ინიცირებული ხელშეკრულებების დროულად ხელმოწერაზე, რომლებიც მხოლოდ შიდა-სახელმწიფოებრივი პროცედურების სწრაფად გავლას საჭიროებენ. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ვიცე-მინისტრს ურუგვაის საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. მხრიდან მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ურუგვაის შორის სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობებზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ურუგვაი არის სამხრეთ ამერიკის სავაჭრო გაერთიანების - მერკოსურის წევრი. გამოითქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით ორ მხარეს შორის კონსულტაციები დაიწყოს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას. ურუგვაის მხარემ ისაუბრა ლათინური ამერიკის ინტეგრაციულ პროცესებზე და ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიშვა ომის შედეგად . ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით; ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს სამშვიდობო როლით. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ნიკოლოზ სამხარაძემ მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ ინტერვიუ მისცა ცნობილ ურუგვაულ გამოცემას „ელ პაისს“. სტატიაში ყურადღება გამახვილდა საქართველო-ურუგვაის ორმხრივ ურთიერთობებსა და ვიზიტის მნიშვნელობაზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე. შეხვედრები, ასევე გაიმართა ქვეყნის ორი უმთავრესი პარტიის, მმართველი „ეროვნული პარტიის“ პრეზიდენტთან, პაბლო იტურალდესთან და მემარცხენე-ოპოზიციური პარტია „ფართო ფრონტის“ პრეზიდენტთან, ფერნანდო პერეირასთან. საუბარი შეეხო ურუგვაიში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მერსკოსურთან ურუგვაის ურთიერთობებს და ორივე ქვეყანაში არსებულ სოციალურპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას. ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე შეხვდა „განვითარების ინტერამერიკული ბანკისა“ და „მსოფლიო ბანკის“ კონსულტანტს, ცნობილ ურუგვაელ ეკონომისტს, გაბრიელ ოდონეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ურუგვაი-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალი, კონკრეტული სფეროები (სოფლის მეურნეობა, ინოვაცია და ტექნოლოგიები, IT, ე.წ. professional services) და აქტივობები, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდას. გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილი (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) და საელჩოს მრჩეველი, ნინო ფიფია.