„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.08.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე
ნომერი
#07-3/347/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,6. 2024 წლის 31 დეკემბრამდე იკრძალება ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ამ კანონის მე-15 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის წესით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღება. ეს აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც უძრავ ნივთს მიიღებს მემკვიდრეობის საფუძველზე’’. 2. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: ,,7. 2024 წლის 31 დეკემბრამდე იკრძალება ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ამ კანონის მე-15 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის წესით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღება. ეს აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც უძრავ ნივთს მიიღებს მემკვიდრეობის საფუძველზე’’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ქვეყნის რთული დემოგრაფიული მდგომარეობის სტაბილიზაცია, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შესაძლო გამოწვევების თავიდან აცილება და საქართველოს მოქალაქეთა დაცვა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის გართულებისაგან. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბოლო პერიოდში მასიურად შეინიშნება საქართველოს მოქალაქეთა გადინება ქვეყნიდან, ხოლო ამის საპასუხოდ, ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთა მიმართ ცხოვრებისა და ბიზნესის დაფუძნებისათვის კანონმდებლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ქართული კანონმდებლობა, უცხოეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვას ანიჭებს 300 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის ან არანაკლებ ამავე ოდენობის თანხის ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. ამავდროულად, ბინადრობის ნებართვის მინიჭება ხდება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზითაც. კანონის თანახმად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოეთის მოქალაქის მიმართ ხუთი წლის ვადით გაიცემა, ხოლო მოკლევადიანი-ერთი წლის ვადით. ორივე სახის ბინადრობის ნებართვა გულისხმობს საქართველოში მხოლოდ დროებითი ცხოვრების უფლებას, განსხვავებით უვადო ბინადრობისა და მუდმივი ცხოვრების ნებართვებისაგან. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის მოქალაქე 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, აღნიშნული ნებართვის მინიჭებიდან 5 წლის შემდგომ, კანონის თანახმად ის მიიღებს უვადო ბინადრობის ნებართვას, თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო აღნიშნული ქონების მეპატრონე. უვადო ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მისი ოჯახის წევრებიც. უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ უცხოეთის მოქალაქე 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე მიიღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, და ამის შემდგომ მას დაუდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის, მეორე წლის განმავლობაში-არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის, მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში-არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის მზარდი ტენდენცია ქმნის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს. ამავდროულად, ქვეყნიდან მასობრივად გადიან საქართველოს მოქალაქეები, და მათ ანაცვლებენ რუსეთის მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. გარდა იმ გამოწვევებისა, რომლებიც მწვავედ დგას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ამის პარალელურად მნიშვნელოვნად გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც, რის გამოც საქართველოს მოქალაქეთა საკმაო ნაწილისათვის გართულებულია არა მხოლოდ ბინის ან სხვა უძრავი ნივთის ყიდვა, არამედ ქირავნობაც. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი უსაფრთხოების პრობლემების გართულების თავიდან აცილებასთან ერთად, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეთა დასაცავად ფასების ზრდისგან და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საკითხები, რომელსაც კანონპროექტი ეხება, მიეკუთვნება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულირების სფეროს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად საჭიროა ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დროებით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე აიკრძალება საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება რუსეთის მოქალაქეთათვის. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, ვინც ბინადრობის ნებართვის მინიჭებისათვის საჭირო უძრავ ნივთზე საკუთრებას შეიძენს მემკვიდრეობის საფუძველზე. მსგავსი ნორმა მოქმედებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, ასეთი გადაწყვეტილება ახლახან მიიღო იტალიის რესპუბლიკის მთავრობამ. კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში ამავდროულად შემცირდება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მკვეთრი ტენდენცია და ბინების და სხვა უძრავი ქონების ყიდვა და ქირავნობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეთათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებს დროებით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდებათ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება, როგორც არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტური ოდენობით თანხის საქართველოში ინვესტირების გზით, ასევე ამ თანხაზე მეტი ოდენობის საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული საკუთრების შეძენის გზით. ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეებს ამავე პერიოდით შეუჩერდებათ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება, 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველზე. შესაბამისად, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 72-ე მუხლს (გარდამავალი დებულებანი) დაემატება მეექვსე და მეშვიდე პუნქტები, სადაც განისაზღვრება აღნიშნული შეზღუდვა. კანონპროექტის ახალი რედაქციის თანახმად, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 72-ე მუხლს დაემატება მეექვსე პუნქტი, რომლის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე იკრძალება ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ამ კანონის მე-15 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის წესით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღება. ეს აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც უძრავ ნივთს მიიღებს მემკვიდრეობის საფუძველზე. აღნიშნულ მუხლს დაემატება მეშვიდე პუნქტი, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე იკრძალება ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ამ კანონის მე-15 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის წესით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღება. ეს აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც უძრავ ნივთს მიიღებს მემკვიდრეობის საფუძველზე’’. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება რუსეთის მოქალაქე მიგრანტთა მზარდი ნაკადების გამო. რუსეთის უკრაინაში აგრესიის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულმა მობილიზაციასთან დაკავშირებულმა კანონებმა შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში რუს მიგრანტთა ახალი ტალღა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან ამ კანონით იკრძალება რუსეთის მოქალაქეების მიერ საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვება, შესაბამის პერიოდში შესაძლოა შემცირდეს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იუსტიციის სახლის მიერ მისაღები შემოსავლები, რაც დაკავშირებულია ბინადრობის ნებართვის გაცემის მომსახურების საფასურთან. აღნიშნული საფასური მერყეობს 300-დან 600 ლარამდე ბინადრობის ნებართვის ტიპისა და გაცემის ვადის მიხედვით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული კანონპროექტი უკრძალავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას, თუმცა არ კრძალავს სამეწარმეო საქმიანობას კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებას. აქედან გამომდინარე, კანონპროექტს არ გააჩნია უარყოფითი ფინანსური ზეგავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ამ კანონის მოქმედება არის გამიზნული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.