„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.08.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/348/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 17 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. 202-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტისა; ბ) 150 000 ლარიდან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტისა; გ) 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.’’ 2. 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკურ პირთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან. 2004 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად, განისაზღვრა ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის დიფერენციაცია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, ასევე დადგინდა ზედა ზღვარი (40 000 ლარი), რომლის ქვემოთ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება მოცემული გადასახადისაგან გათავისუფლებას. შემდეგი ცვლილება განხორციელდა 2010 წელს, რომლის თანახმად ახლებურად მოხდა გადასახადის განაკვეთების დიფერენციაცია, მაგრამ შემოსავლის ზედა ზღვარი დარჩა იგივე, რაც იყო 2004 წელს. აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი უკვე 10-ჯერ აღემატება 2004 წლისას, ხოლო 2.7-ჯერ 2010 წლის მაჩვენებელს. ამავე დროს, ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) 2022 წელს გაზრდილია 167%-ით 2004 წელთან შედარებით, ხოლო 72%-ით 2010 წელთან შედარებით. გამომდინარე აქედან, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მაქსიმალურ თანხვედრას ფიზიკური პირების შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობასთან. კანონპროექტი ამცირებს საგადასახადო ტვირთს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკითხები, რომლებსაც ეხება კანონპროექტი, მიეკუთვნება ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსით’’ რეგულირებულ სფეროს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ამ კოდექსში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოხდება ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებური დიფერენციაცია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. დადგინდება უფრო მაღალი ზედა ზღვარი (60 000 ლარი ნაცვლად 40 000 ლარისა), რომლის ქვემოთ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარება მოცემული გადასახადისაგან გათავისუფლებას. ეს თავის მხრივ დადებითად აისახება მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგანაც თავიდან იქნება არიდებული დაბალი წლიური შემოსავლის მქონე პირთა დაბეგვრა, ხოლო კონკრეტული წლიური შემოსავლის მქონე პირთა მიმართ გათვალისწინებული გადასახადის კრიტერიუმები მორგებული იქნება მოქალაქეთა შემოსავლების დღევანდელ მსყიდველობითუნარიანობასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში და ამავდროულად ამ მუხლს ემატება ახალი ,,გ“ ქვეპუნქტი. ცვლილების თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდება ქონების გადასახადის დადგენის კრიტერიუმები და განაკვეთები, რომლის მიხედვითაც მოხდება ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირება გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:    ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტისა. ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 150 000-დან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტისა. ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა. აქედან გამომდინარე, იცვლება მოქმედი რედაქციით არსებული 100 000 ლარამდე შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეადგენდა არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა. ასევე, იცვლება 100 ლარის ან მეტი შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც იყო არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში. ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 60 000 ლარამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან მომდევნო საბიუჯეტო წელი იწყება 2024 წლის 1 იანვარს, შესაბამისად ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ფიზიკური პირების ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრის ზრდას და დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთების დიფერენციაციის ცვლილებას გავლენა ექნება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების კუთხით. ვინაიდან არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოცულობის ქონების გადასახადი გადაიხადეს წინა წლებში 40 000 ლარიდან 60 000 ლარამდე, 60 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე და 150 000 ლარიდან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებმა, საჭირო გახდა გარკვეული დაშვებების გაკეთება, რათა გავიგოთ თუ რა მოცულობის შემოსავლები დააკლდება ადგილობრივ თვითმართველობებს. მოცემული სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად ორჯერ (#4643/3-17/23, #5882/3-17/23) მივმართეთ სსიპ - შემოსავალების სამსახურს, თუმცა პასუხად მივიღეთ მხოლოდ ის მონაცემები, რაც საჯაროა. შემოსავლების სამსახურის გასული, 2022 წლის მონაცემებით, ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლების (ხელფასი, პროცენტი, დივიდენდი, მომსახურება და მოგება) 80 პროცენტზე მეტი მოდის ხელფასიდან მიღებულ შემოსავალზე. შესაბამისად, თუ ავიღებთ ყოველთვიური საშუალო ხელფასის დიაპაზონის მიხედვით არსებული დასაბეგრი შემოსავლების პროპორციულობას და მას გავავრცელებთ ქონებიდან მიღებულ საგადასახდო შემოსავალზე, მაშინ გავიგებთ დაახლოებით რამდენით შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. 2022 წელს ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 40.3 მილიონი ლარი, ხოლო ფიზიკური პირების მიერ ხელფასის სახით მიღებულმა მთლიანმა საშუალო თვიურმა შემოსავალმა კი 1.7 მილიარდი ლარი. აქედან გამოდინარე: 1. 2022 წელს, იმ პირთა საშუალო თვიური ხელფასი, რომელიც მერყეობდა 3 600 ლარიდან 4 800 ლარამდე (დაახლოებით, წლიურად 40 000 ლარიდან 60 000 ლარამდე), იყო 141 მილიონი ლარი, ანუ მთლიანი სახელფასო შემოსავლის (1.7 მლრდ. ლარის) 8.3 პროცენტი. შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრის 40 000 ლარიდან 60 000 ლარამდე ზრდის შედეგად თვითმართველობების ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 3.3 მილიონი ლარი (40.3 მილიონი ლარის 8.3 პროცენტი). 2. 2022 წელს, იმ პირთა საშუალო თვიური ხელფასი, რომელიც მერყეობდა 4 800 ლარიდან 9 600 ლარამდე (დაახლოებით, წლიურად 60 000 ლარიდან 100 000 ლარამდე), იყო 249.2 მილიონი ლარი, ანუ მთლიანი სახელფასო შემოსავლის (1.7 მლრდ. ლარის) 14.7 პროცენტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოცემული კატეგორიის პირების ქონების გადასახადი შეადგენს დაახლოებით 5.9 მილიონ ლარს (40.3 მილიონი ლარის 14.7 პროცენტი). ვინაიდან, ქონების გადასახადის განაკვეთის ცვლილება 60 000 ლარიდან 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის გამოიწვევს 60 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლების მიმღები ფიზიკური პირებისა თუ ოჯახების მანამდე არსებულ საგადასახო განაკვეთიდან (დაახლოებით 25 პროცენტით) უფრო ნაკლებ საგადასახადო განაკვეთის ჯგუფში გადასვლას, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი. 3. 2022 წელს, იმ პირთა საშუალო თვიური ხელფასი, რომელიც მერყეობდა 9 600 ლარიდან 12 000 ლარამდე (დაახლოებით, წლიურად 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე), იყო 55.5 მილიონი ლარი, ანუ მთლიანი სახელფასო შემოსავლის (1.7 მლრდ. ლარის) 3 პროცენტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოცემული კატეგორიის პირების ქონების გადასახადი შეადგენს დაახლოებით 1.2 მილიონ ლარს (40.3 მილიონი ლარის 3 პროცენტი). ვინაიდან ქონების გადასახადის განაკვეთის ცვლილება 60 000 ლარიდან 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის გამოიწვევს 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე შემოსავლების მიმღები ფიზიკური პირებისა თუ ოჯახების მანამდე არსებულ საგადასახო განაკვეთიდან (დაახლოებით 13 ჯერ) უფრო ნაკლებ საგადასახადო განაკვეთის ჯგუფში გადასვლას, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 1.1 მილიონი ლარი. 4. 2022 წელს, იმ პირთა საშუალო თვიური ხელფასი, რომელიც მერყეობდა 12 000 ლარიდან 40 000 ლარამდე (დაახლოებით, წლიურად 150 000 ლარიდან 500 000 ლარამდე), იყო 167 მილიონი ლარი, ანუ მთლიანი სახელფასო შემოსავლის (1.7 მლრდ. ლარის) 10 პროცენტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოცემული კატეგორიის პირების ქონების გადასახადი შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს (40.3 მილიონი ლარის 10 პროცენტი). ვინაიდან, ქონების გადასახადის განაკვეთი იცვლება 150 000 ლარიდან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის, ეს გამოიწვევს ამ კატეგორიის შემოსავლების მიმღები ფიზიკური პირებისა თუ ოჯახების მანამდე არსებულ საგადასახო განაკვეთიდან (დაახლოებით 1.8-ჯერ) უფრო ნაკლებ საგადასახადო განაკვეთის ჯგუფში გადასვლას, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 1.8 მილიონი ლარი. უნდა ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად, საერთო ჯამში, შემცირდება დაახლოებით 7.7 მილიონი ლარით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებზე, რადგან ზოგიერთი მათგანი საერთოდ გათავისუფლდება მოცემული გადასახადის გადახდისაგან, ხოლო ნაწილი გადავა ნაკლები საგადასახადო განაკვეთით დაბეგვრის მქონე ჯგუფში. საერთო ჯამში, ისინი დაზოგავენ დაახლოებით 7.7 მილიონ ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახისგადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე