„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი
ნომერი
#07-3/365/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.018458) პირველი მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება 1. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება. 2. თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-13 პუნქტები: „9. ამ კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია: ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება; ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა; გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება. 10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ნებისმიერი წარწერა, გარდა თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელისა, შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე- 3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე და ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა. 11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების დაშვების (გამოყენების), აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების განსაზღვრის თაობაზე: ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა; ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა; გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე; დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი; ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი); ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც დაშვებულია; ზ) თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის გამოსაფრქვევად; თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა, რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი; ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა; კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება მოთავსებული იყოს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში; ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას. 12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის ან ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს: ა) ბრენდის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი; ბ) ბრენდის ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ, ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალური ან ორგანულია, ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის; გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის ეკონომიკური წახალისებისთვის; დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების მდებარეობა და ორიენტაცია. 13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე – დაარეგისტრიროს, ფლობდეს და განკარგავდეს სავაჭრო ნიშანს და საავტორო უფლებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2017 წლის 17 მაისის (N859-IIს) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (შემდგომში - ცვლილების პაკეტი) მიხედვით, 2024 წლის 31 ივლისიდან აიკრძალება: ა) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ქართულის გარდა სხვა ენაზე ნებისმიერი წარწერის დატანა; ბ) ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა; გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. ამასთანავე, ამავე ცვლილებების პაკეტით უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში მოწევა, თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა. ასევე, ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. ხაზგასასმელია, რომ ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ნებისმიერი წარწერა თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ხაზგასასმელია, რომ თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვა მოქმედებს მსოფლიოს 22 ქვეყანაში, რომელთა უმრავლესობაში, სახელმწიფო ენა ლათინური ანბანით გამოისახება, შესაბამისად, ამ ქვეყნებში სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღებით ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელის დატანის კუთხით რაიმე ცვლილება არ შესულა. ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვისას შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანომ გაითვალისწინა მომხმარებელთა შეცდომაში შესვლის რისკი, მწარმოებლის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელის ლათინური/ინგლისური ანბანით გამოსახვის შესაძლებლობა დაუშვა. მაგალითად, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, ურუგვაიში, ისრაელში, თურქეთში და კიდევ არაერთ ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელის განთავსება შესაძლებელია, როგორც სახელმწიფო ენაზე, ისე ლათინური/ინგლისური ანბანით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართულ კანონმდებლობაში უცხოური პრაქტიკის ასახვა, ასევე, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შესაბამისი ნაწარმის ფალსიფიცირების რისკები, მიზანშეწონილია შესაბამისი ცვლილებები აისახოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ აღმოიფხვრას განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში ასახული შეუსაბამობა და უზრუნველყოფილი იყოს ქართულ კანონმდებლობაში უცხოური პრაქტიკის ასახვა, ასევე, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შესაბამისი ნაწარმის ფალსიფიცირების რისკები, მიზანშეწონილია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებები აისახოს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება უცხოური პრაქტიკის ქართულ კანონმდებლობაში ინტეგრაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტით იცვლება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან/და განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმები. ცვლილების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (გარდა კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე და ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ პუნქტებში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც გასახურებული თამბაქოს შეფუთვაზე აღარ გავრცელდება კანონის 51 მუხლით განსაზღვრული რეგულაციები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდება 2024 წლის 31 ივლისიდან. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმდენად, რამდენადაც გასახურებელი თამბაქოს იმპორტიორებს აღარ ექნებათ ვალდებულება დაიცვან თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესები და ამ წესების დარღვევისთვის აღარ დაჯარიმდებიანშესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმდენად, რამდენადაც, გასახურებელი თამბაქოს იმპორტიორებს აღარ ექნებათ ვალდებულება დაიცვან თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესები, რომლებიც ამოქმედდება 2024 წლის 31 ივლისიდან, რაც დაზოგავს მათ ხარჯებს, რისი გაწევაც მოუწევდათ შეფუთვის სტანდარტიზებისათვის. გარდა ამისა, ისინი პოტენციურად შესაძლოა დაჯარიმებულიყვნენ შეფუთვის სტანდარტიზების მოთხოვნათა დარღვევისთვის, რაც ასევე აღარ შეეხებათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი.