„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, დავით სონღულაშვილი, ალუდა ღუდუშაური
ნომერი
#07-3/387/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) 254-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით ცალკეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილ ხმათა რაოდენობაზე მეტი, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანისას კონკრეტულ საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ რეგისტრირებული წესდების ცალკეული საკითხის შინაარსი უცვლელად ასახულია ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს.“. ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 18 პუნქტები: „11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს, გარდა ამ მუხლის 18 პუნქტით გათვალისწინებული საწარმოებისა, უჩერდება რეგისტრაცია, რის შესახებაც მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო ასეთი საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშების მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთანავე. 12. რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება ინფორმაციის სახით მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად განკუთვნილი იქნება ხელახალი რეგისტრაციების თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 1 იანვრიდან მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის თაობაზე და უდგენს 3-თვიან ვადას ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 12 პუნქტით დადგენილი წესით. 14. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 15. საზოგადოების ლიკვიდაცია ხორციელდება ზოგადი წესით. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით თუკი დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, ამ შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის დადგენილი წესები. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადება წარდგენილია და მასთან დაკავშირებით დასრულებული წარმოების ფარგლებში არ იქნება შესრულებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები. 16. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზე. 17. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია მიმართოს დადგენილი წესით მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე, 31-ე და 32-ე მუხლებისა და საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 201 მუხლის თანახმად ამ კანონის მოთხოვნებთან სარეგისტრაციო მონაცემების ჰარმონიზების მიზნით. იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის, რომლებიც სარეგისტრაციო მონაცემებს მოიყვანენ შესაბამისობაში ამ კანონის მოთხოვნებთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა შესაძლებლობაზე ხელმისაწვდომობა, რაც გათვალისწინებულია ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საწარმოებისთვის. 18. მარეგისტრირებელი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხარვეზისთვის დამატებითი ვადის დაწესების წესის დაცვის გარეშე აუქმებს საწარმოს რეგისტრაციას, თუ ამ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე 15 წლის განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის წარმოების თაობაზე და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში: ა) საჯარო რეესტრში მასზე არ არის რეგისტრირებული ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში მასზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არ აქვს საგადასახადო დეკლარაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2021 წლის 2 აგვისტოს მიღებული იქნა საქართველოს N875-Vრს-Xმპ კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ახლებურად აწესრიგებს მეწარმის სამართლებრივ ფორმებს, მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონის მიღებით უზრუნველყოფილ იქნა სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერება, უკეთ მოწესრიგდა კორპორატიული ურთიერთობები, გაიზარდა კორპორატიული გამჭვირვალობა და დაინერგა სხვა არაერთი სიახლე, რომელიც ემსახურება მეწარმე სუბიექტების შესაძლებლობების გაძლიერებას. სიახლეების დანერგვამ, რათქმაუნდა, წარმოშვა მითითებული კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის გარდამავალი რეგულირების თანახმად, ახალი კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს მიმართ დაწესდა ვალდებულება, სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს ამავე კანონის მოთხოვნებთან მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში, ანუ 2024 წლის 1 იანვრამდე. იმავდროულად, მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება, ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეწარმეს განუსაზღვროს დამატებითი 3-თვიანი ვადა, ხოლო ხარვეზის ამ ვადაშიც აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ასეთი საწარმოს რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა. ვინაიდან კანონის გარდამავალი ნორმით დადგენილი ზემოაღნიშნული ვადა იწურება, შესწავლილ იქნა იმავე ნორმით საწამოების მიმართ დაწესებული ვალდებულების შესრულების მდგომარეობა. შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა დარეგისტრირდა 16 667 სუბიექტის შემთხვევაში. დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი 776 375 სუბიექტის მონაცემები, მათ შორისაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 288 191; სააქციო საზოგადოება – 2 691; კომანდიტური საზოგადოება – 153; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 2 846; კოოპერატივი – 4 192; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – 27 929; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 47; ინდივიდუალური მეწარმე – 448 378; უცხოური საწარმოს ფილიალი – 1 76 1; უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი – 186. ამდენად, რეგისტრირებულ საწარმოთა მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს უზრუნველყოფილი თავისი სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ნათელია, რომ საწარმოების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების ტემპისა და დარჩენილი საწარმოების რაოდენობის გათვალისწინებით, 2024 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ, დამატებით 3-თვიან ვადაში, ყველა მსურველი საწარმო რეგისტრაციის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას ვერ მოასწრებს. შესწავლის შედეგად ასევე გამოირკვა, რომ საწარმოების გარკვეული ნაწილი ბოლო ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, მათ არ განუხორციელებიათ არავითარი სამეწარმეო აქტივობა და მათ სახელზე არ ირიცხება ქონება. შესაბამისად, ასეთი საწარმოები, ფაქტობრივად, არ არსებობენ, თუმცა ისინი ირიცხებიან მეწარმეთა რეესტრში, რაც არასწორ სურათს წარმოაჩენს ქვეყანაში რეალურ მეწარმეთა რაოდენობის კუთხით. ასეთ სუბიექტთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ ინდივიდუალური მეწარმეები. აღნიშნული მონაცემის მაქსიმალური სიზუსტე მნიშვნელოვანია არაერთი მიზნისთვის, მათ შორის, საინვესტიციო გარემოს სწორად შეფასებისთვის და სხვა. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს საწარმოებისთვის შესაძლებლობის შენარჩუნებას შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი სარეგისტრაციო მონაცემები კანონის მოთხოვნებთან, რისთვისაც გონივრულ ვადად მიჩნეულ უნდა იქნეს 1 წელი, რაც საკმარისი იქნება ამის რეალურად მსურველი ყველა საწარმოსთვის შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება. მეორე მხრივ, აჩენს რეალურად არაფუნქციონირებადი და ფაქტობრივად არარსებული საწარმოების გამოვლენისა და გაუქმების მექანიზმს, მეწარმეთა რეესტრის დაზუსტების მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საწარმოების მიერ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად კანონის გარდამავალი დებულებით დადგენილი ვადის გასახანგრძლივებლად, ასევე მეწარმეთა რეესტრის დაზუსტების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება ზემოაღნიშნულ გარდამავალ დებულებაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შედეგად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამასთან, შეიქმნება მეწარმეთა რეესტრის დაზუსტების ეფექტიანი მექანიზმი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას კანონის 254-ე მუხლის 1 პუნქტში. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. იმავე მუხლს ემატება 11-18 პუნქტები, რომელთა თანახმად: მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 1 წლამდე ვადით შეუჩერდება რეგისტრაცია, რის შესახებაც მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. ასეთი საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემები მიეწოდება შესაბამის სამსახურებს, რასაც შედეგად მოჰყვება ამ საწარმოს ფუნქციონირების შეზღუდვა როგორც სამეწარმეო, ასევე ფინანსური მიმართულებით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იქნება აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე. რეგისტრაცია აღდგება ვალდებულების შესრულებისთანავე; რეგისტრაციის შეჩერების პერიოდშიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2026 წლის 1 იანვრიდან მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის თაობაზე და ადგენს 3-თვიან ვადას ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ საწარმო ამ ვადაშიც არ წარადგენს განცხადებას ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ; საზოგადოების ლიკვიდაცია განხორციელდება ზოგადი წესით. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით თუკი დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, ამ შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო დანიშნავს ლიკვიდატორს. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის დადგენილი წესები; სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება არ გავრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზე; 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფა არ იქნება სავალდებულო ხასიათის, ეს იქნება მისი უფლებამოსილება და განახორციელებს ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში; თუ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე 15 წლის განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს და რაიმე სახის აქტივობა არ განუხორციელებია, ამასთან უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მის სახელზე არ არის დარეგისტრირებული ნივთი ანდა არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ან სატრანსპორტო საშუალება და წარდგენილი არ აქვს საგადასახადო დეკლარაცია, მარეგისტრირებელი ორგანო დამატებით ვადის დადგენის გარეშე გააუქმებს ასეთი საწარმოს რეგისტრაციას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან, კანონპროექტის ძირითადი მიზანია გახანგრძლივდეს კანონის გარდამავალი დებულებით დადგენილი ვადა, ამდენად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს ამ ვადის ამოწურვის შემდეგ - 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოიხატება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ საწარმოების სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავლის შესაბამისი ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვით. კანონპროექტი გავლენას მოახდენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ის მიიღებს შემოსავალს საწარმოების სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაწეული მომსახურებისთვის. აღნიშნული გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ მეწარმე სუბიექტთა რაოდენობაზე, რომლებიც ისარგებლებენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ მომსახურებით. მომსახურების საფასური შეადგენს 200 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს საკუთარი ასიგნებების ფარგლებში, დამატებითი რესურსების მობილიზაციის გარეშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს ასევე იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც თავისი სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მომსახურებისთვის მიმართავენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამ მომსახურებისთვის ისინი გადაიხდიან 200 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, სსიპ შემოსავლების სამსახურთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, ბიზნესომბუდსმენის ოფისთან, საქართველოს ბიზნესასოციაციასთან, საბანკო ასოციაციასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, დავით სონღულაშვილი, ალუდა ღუდუშაური