„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2023
ავტორი
ა(ა)იპ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ხატია დეკანოიძე
ნომერი
#07-3/390/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII2 თავი: ,,თავი VIII2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის მიერ არჩევნებში დისტანციურად (online) მონაწილეობის წესი და პირობები მუხლი 768. დისტანციური (online) არჩევნების მნიშვნელობა და საფუძვლები 1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას იღებს დისტანციურად, ინტერნეტის გამოყენებით, ამ თავის შესაბამისად დადგენილი ზოგადი წესისა და პროცედურების შესაბამისად. 2. ამ თავის შესაბამისად დადგენილი პროცედურების პრინციპები ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. 3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია ხელი შეუწყოს სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად განხორციელებას. 4. სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურად და ხმის მიცემას ახორციელებენ ინტერნეტის მეშვეობით, სპეციალური ვებ-პლატფორმის (შემდგომში-პლატფორმა) გამოყენებით. 5. სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის მიერ დისტანციური (online) მეთოდით ხმის მიცემა წარმოადგენს არჩევნებში მონაწილეობის ალტერნატიულ 1 საშუალებას ტრადიციული მეთოდით საარჩევნო კოდექსით დადგენილ წესთან ერთად. 6. სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების ერთობლიობა წარმოადგენს დამოუკიდებელ საარჩევნო ოლქს და მათ შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები, აგრეთვე დისტანციური არჩევნების ჩატარების წესი და პროცედურები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. 8. არჩევნების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმით ჩატარებას ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. მუხლი 769. ხმის მიცემის ძირითადი პრინციპები 1. სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველი ხმის მიცემას ახორციელებს ინტერნეტზე დაფუძნებული პლატფორმის მეშვეობით. 2. ხმის მიცემის სპეციალური პლატფორმა შექმნილია როგორც ინტუიტიური, მარტივად გამოყენებადი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი რესურსი. 3. პლატფორმა წარმოადგენს ვებ-ბრაუზერისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მართვად პროცესს, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველი უშუალოდ, დისტანციურად ახორციელებს ხმის მიცემას. 4. სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველი დისტანციურად მონაწილეობს საქართველოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. მუხლი 7610. ამომრჩეველთა სიების ფორმირება 1. სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო სიის ფორმირება ხორციელდება წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით. 2. წინასწარი რეგისტრაცია იწყება საარჩევნო წლის პირველ მარტს და წყდება კენჭისყრამდე 40 დღით ადრე. 3. სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ მას შემდგომ, რაც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდება სპეციალურ ვებგვერდზე და მიენიჭება ამომრჩევლის სტატუსი. 4. წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება ამომრჩევლის პირადი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ადგილმდებარეობა) და ბიომეტრიული (სახის ამომცნობი/Face ID) მონაცემების საფუძველზე. 5. ამომრჩევლის მიერ პირადი მონაცემების შეყვანა ხდება პლატფორმის შესაბამის ველებში. ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) შემოწმება კი ხორციელდება ელექტრონული 2 მოწყობილობის (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი) კამერის საშუალებით ფოტოს გადაღების მეშვეობით. საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოზე არსებული მონაცემები უნდა შედარდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არსებულ შესაბამის ბაზებსა და ცესკოს მონაცემებთან. 6. დისტანციურ ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით: ა) პლატფორმაზე ამომრჩეველი უთითებს სახელს, გვარს, პირად ნომერს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერს; ბ) ელექტრონული მოწყობილობის კამერის მეშვეობით, ხდება ამომრჩევლის სახის პარამეტრების დაფიქსირება (Face ID), მისი შესაბამის ბაზებთან შედარების მიზნით; გ) ელექტრონული მოწყობილობის კამერის მეშვეობით, ხდება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის დაფიქსირება ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით. 7. ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად რეგისტრირებულ პირთა მონაცემებს ამოწმებს ცესკო, ახდენს შესაბამისი სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ბაზებთან პირადი მონაცემების და ამომრჩევლის ფოტოსურათის შედარებას და დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან 72 საათის განმავლობაში ანიჭებს დისტანციური ამომრჩევლის სტატუსს. 8. დისტანციური ამომრჩევლის სტატუსი პირს მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ; ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) რეგისტრირებულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში: დ) მისი ბიომეტრიული და პირადი მონაცემები ემთხვევა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ და ცესკოს შესაბამისი ბაზების მონაცემებს; გ) დაფიქსირებულია მის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და არ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი. 9. დისტანციური ამომრჩევლის სტატუსის მინიჭების შემდგომ ამომრჩეველს ელექტრონულად ეგზავნება მომხმარებლის სახელი და პაროლი. 10. ცესკოს ყველა წევრს უფლება აქვს, მისთვის მინიჭებული სპეციალური ციფრული გასაღების მეშვეობით დააკვირდეს (მონაცემთა ცვლილების უფლების გარეშე) დისტანციური ამომრჩევლის რეგისტრაციის და მისთვის დისტანციური ამომრჩევლის სტატუსის მინიჭების პროცესის ნებისმიერ ეტაპს. 11. მხოლოდ დისტანციური ამომრჩევლის სტატუსის მქონე პირს ენიჭება დისტანციურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 12. საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ერთიანი სიაში, შესაბამისი ამომრჩევლის გასწვრივ, გრაფაში - ფაქტობრივი მდგომარეობა, მიეთითება ,,დისტანციური ამომრჩეველი“. 13. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, გადაწყვეტს ხმის მიცემას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, მას შეუძლია სისტემის მეშვეობით, კენჭისყრის დღემდე 40 დღით ადრე გააუქმოს დისტანციური ამომრჩევლის სტატუსი. 3 14. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, კენჭისყრის დღემდე 40 დღის განმავლობაში გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, მას შეუძლია ხმა მისცეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ამომრჩეველმა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის კენჭისყრამდე 40 დღის განმავლობაში კვეთის თაობაზე. 15. არჩევნების დღემდე 5 დღით ადრე, ცესკო მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისტანციური ამომრჩევლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის თაობაზე ინფორმაციის მოთხოვნით. იმ პირებს, რომლებმაც ბოლო მონაცემებით გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, გაუუქმდებათ დისტანციური ამომრჩევლის სტატუსი. მუხლი 7611. ხმის მიცემის პროცედურები 1. დისტანციური (online) კენჭისყრა მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში, იწყება არჩევნების წინა დღის 20:00 საათზე და მთავრდება არჩევნების დღის 20:00 საათზე. 2. სისტემაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან და ამომრჩევლის იდენტიფიკაცია ხორციელდება პირადი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ადგილმდებარეობა, ქვეყნის IP მისამართი) და ბიომეტრიული (სახის ამომცნობი/Face ID) მონაცემების საფუძველზე. 3. კენჭისყრაში მონაწილეობისა და იდენტიფიკაციის მიზნით ამომრჩეველი თანამიმდევრულად ახორციელებს შემდეგ პროცედურებს: ა) საარჩევნო ვებ პლატფორმაზე შეიყვანს წინასწარი რეგისტრაციის დროს მიღებულ მომხმარებლის სახელსა და პაროლს; ბ) ელექტრონული მოწყობილობის კამერის მეშვეობით, აფიქსირებს სახის პარამეტრებს (Face ID), შესაბამის ბაზებთან შედარების მიზნით; გ) ელექტრონული მოწყობილობის კამერის მეშვეობით, აფიქსირებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას/პასპორტს ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით; დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდგომ, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იღებს სპეციალურად გენერირებულ კოდს, რომელსაც შეიყვანს შესაბამის ველში; ე) ამომრჩეველს მოწყობილობის ეკრანზე ეძლევა საარჩევნო ბიულეტენი და აფიქსირებს თავის არჩევანს; ვ) ამომრჩევლის მიერ არჩევანის დაფიქსირებისა და სისტემის მიერ საბოლოო დადასტურების შემდგომ, ამომრჩეველს აღარ შეუძლია შეცვალოს თავისი არჩევანი. 4 მუხლი 7612. დისტანციური (online) არჩევნების შეჯამება და უსაფრთხოება 1. ხმის მიცემის საიდუმლოების დასაცავად, სისტემა ახორციელებს ელექტრონულ ორმაგ დაშიფვრას. ხელმოწერილი და დაშიფრული ხმა იგზავნება შესაბამის სერვერზე დაშიფრული ფენის მეშვეობით, სადაც ის უსაფრთხოდ ინახება სრულად დაშიფრულ მდგომარეობაში არჩევნების დასრულებამდე. 2. არჩევნების დასრულების შემდგომ, ელექტრონული ხმები კრიპტოგრაფიულად ირევა ხმების თანმიმდევრობის შემთხვევითობის პრინციპით, რათა შენარჩუნდეს ხმის მიცემის ანონიმურობა და გაწყდეს კავშირი ამომრჩეველსა და მის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს შორის. 3. ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელების შემდგომ, საარჩევნო შედეგები დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განაპირობა სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის არაეფექტურმა წესმა და პროცედურებმა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სხვა სახელმწიფოში მყოფი ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისგან, მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს არჩევნებში მონაწილეობას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას. იმ დროს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ დისტანციურად მოხდეს ნების დაფიქსირება, სახელმწიფო ვალდებულია გადადგას ეს ნაბიჯი და ყველა ამომრჩეველი უზრუნველყოს ხმის უფლებით, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტი მიღების აუცილებლობა: სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, შეზღუდული აქვს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა, რადგან სხვა სახელმწიფოში გახსნილი საარჩევნო უბნები სრულად ვერ ფარავენ მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მოქალაქეთა ადგილსამყოფელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობა საშუალოდ 50-ს შეადგენს, რაც არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა არჩევნებში დაუბრკოლებლად მიიღონ მონაწილეობა. მაგალითისთვის მოლდოვაში, სადაც საქართველოზე ნაკლები ამომრჩეველი 3,200,000 ფიქსირდება, საზღვარგარეთ იხსნება 146 საარჩევნო უბანი. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მისვლას, ვინაიდან მაგალითად აშშ-ს მაგალითზე საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა და დროის ხარჯვა უწევთ შტატიდან შტატში გადაადგილების კუთხით. ასევე, ეს ადამიანები იძულებულები ხდებიან, რომ აიღონ სამსახურში შვებულება, რაც მათი შემოსავლის შემცირებას გამოიწვევს. ეს ფაქტორები ნეგატიურად მოქმედებს სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო აქტივობაზე და იქ მყოფთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს არჩევნებში მონაწილეობას. 1 არსებული პრობლების გადაჭრა მხოლოდ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღებითაა შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული პროექტის მიღების შემდეგ, სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი დონის არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა. კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა არჩევნებში მონაწიეობის საკითხი, რაც კიდევ უფრო დაახლოეებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთ და მოემსახურება ევროკავშირის 9 დათქმიდან ერთ-ერთი დათქმის შესრულებას, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა." ერთადერთი შეზღუდვაც ამავე მუხლის მეორე პუნქტითაა დაწესებული - ,,2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში." საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობის შექმნა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. ზემოაღნიშნული დებულებების შესაბამისად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლის მიერ არჩევნებში დაუბრკოლებელი მონაწილეობა, განურჩევლად იმისა, თუ რა ტერიტორიაზე იმყოფება იგი. იმისათვის, რომ ქვეყნიდან გასულ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, განახორციელოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლება და ჩართული იყოს ქვეყნის მართვის პროცესში, დროულად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას საქართველოში არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა დღითიდღე იზრდება და სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოს 700 000-დან 1 მილიონამდე მოქალაქეა სხვა სახელმწიფოებში. საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების გაზრდილი მაჩვენებლების საპირისპიროდ, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში მხოლოდ რამდენიმე ათასი ამომრჩეველი მონაწილეობს. საზღვარგარეთ სიების ფორმირება 2 დამოკიდებულია მხოლოდ მოქალაქის მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე (2023 წლის მაისის მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე დგას საქართველოს 61097 სრულწლოვანი და 1501 არასრულწლოვანი მოქალაქე), ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველზე (2023 წლის სექტემბრის მონაცემებით საზღვარგარეთ რეგისტრირებულია საქართველოს 22740 სრულწლოვანი და 3059 არასრულწლოვანი მოქალაქე). კანონის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მოქალაქეს შეუძლია სიაში მოსახვედრად მიმართოს იქ გახსნილ საარჩევნო უბანს, საკონსულოსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ფაქტიურად არ მუშაობს არსებული ვადების სხვა აქ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. საზღვარგარეთ არსებულ სიებში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 1,5%-1,8% ხვდება, რაც უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, კანონის მიღმა რჩება საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომელსაც ფაქტობრივად, შეზღუდული აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ძირითადი სხვა ხელისშემწყობი ფაქტორებია ამომრჩევლების ნაკლები ინფორმირებულობა არჩევნებთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცედურებზე; საარჩევნო უბნების უკიდურესად მცირე რაოდენობა (საშუალოდ 50 უბანი სხვადასხვა არჩევნების მიხედვით); გახსნილი საარჩევნო უბნების სიშორის გამო, ამომრჩევლებისთვის შეუძლებელია საარჩევნო უბნებზე მისვლა, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა პრობლემებთან. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ძირითადი ხელისშემწყობი ფაქტორებია:  მოქალაქეთა უდიდესი რაოდენობა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება არალეგალურად ან არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, ერიდება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას და ხედავს სხვადასხვა სახის რისკებს, შესაბამისად, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათთვის შეუძლებელია ხმის მიცემა;  ამომრჩევლების ნაკლები ინფორმირებულობა არჩევნებთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცედურებზე. ის მოქალაქეებიც კი, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან ან რეგისტრირებულები არიან საზღვარგარეთ, ვერ ახერხებენ გარკვევას სად და როგორ უნდა გადაამოწმონ საკუთარი თავი ან როგორ მისცენ ხმა;  არსებული პრაქტიკით, საარჩევნო უბნები იხსნება ძირითადად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. გახსნილი საარჩევნო უბნების სიშორის გამო, ამომრჩევლებისთვის შეუძლებელია საარჩევნო უბნებზე მისვლა, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა პრობლემებთან.  არასაკმარისი საარჩევნო უბნების არსებობის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები არსებობს, თუმცა პრობლემა მხოლოდ სხვა სახელმწიფოში გახსნილ საარჩევნო უბნების რაოდენობაში არ მდგომარეობს, არსებით პრობლემად მოიაზრება ასევე გადაადგილება - რაც, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დიდ ხარჯებსა და დროს მოითხოვს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასაქმების ფაქტორიც, როდესაც ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია მოწყდეს სამსახურს და სხვა ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბანში მისცეს ხმა. შედეგად ვიღებთ რეალობას, როდესაც სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს არჩევნებში მონაწილეობას. 3 მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას იძლევა სრულად ავამოქმედოთ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, აღმოვფხვრათ ზემოაღნიშნული, უმნიშვნელოვანესი ხარვეზი და საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა თუ სად იმყოფება იგი, მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. Edison Resarch-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის 88% ემხრობა იდეას, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რის შედეგადაც ქართველი ემიგრანტები შეძლებენ ხმა მისცენ ელექტრონულად. მოცემული პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალია ინტერნეტზე დაფუძნებული დისტანციური არჩევნები (Internet voting), რაც დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას და სანდოობას იძენს საზოგადოებაში. იგი მსოფლიოს მასშტაბით უკვე დიდი ხანია გამოიყენება და ეტაპობრივად უფრო მეტი ქვეყანა ამკვიდრებს არჩევნების ამ მეთოდს დემოკრატიისა და ელექტორალური მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (The International Institute for Democracy and Electoral Assistance (International IDEA) ოფიციალური ცნობების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 172 სახელმწიფოდან დაახლოებით 35 სახელმწიფოში დანერგილია არჩევნების ონლაინ/დისტანციური/ელექტრონული მოდელი, რომელიც ასევე მოიაზრებს არჩევნების მმართველი რგოლის/უწყების (EMB) ჩართულობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ცალკეულ ქვეყნებში დისტანციური არჩევნები ხელმისაწვდომია მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში კი - მხოლოდ ცენტრალური არჩევნებისთვის. ხსენებულ 35 სახელმწიფოს შორისაა როგორც ევროპული (მაგ. ბელგია, ბულგარეთი, ესტონეთი, საფრანგეთი), ასევე აზიური (მაგ. ინდოეთი, ირანი, ერაყი, კორეა, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი), აფრიკული (მაგ. კონგო) და ამერიკული სახელმწიფოები (მაგ. პანამა, პერუ, აშშ, ვენესუელა და სხვ). ამასთან, დისტანციური არჩევნების მოდელი დანერგილია კანადასა და ავსტრალიაში. პროექტის ავტორების და ინიციატორების შემოთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცეს მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით. იდენტიფიცირების არსებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ მარტივად და სწრაფად მოვახდინოთ ამომრჩევლის იდენტიფიკაცია და სპეციალური ვებ პლატფორმის მეშვეობით პირს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს მოდელი უკვე 2005 წლიდან აპრობირებულია ესტონეთში და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ამომრჩევლის ნდობას იმსახურებს. ტექნოლოგიური განვითარება დღეს იძლევა იმის საშუალებას, რომ პირის იდენტიფიცირება 100%-იანი სიზუსტით მოხდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, სმარტფონები თუ სხვა ჭკვიანი მოწყობილობები როგორც ახდენენ ჩვენს იდენტიფიკაციას თითის ანაბეჭდის, სახის კონტურების, თვალის ბადურის თუ სხვა ბიომეტრული მონაცემების შესაბამისად. ამ მეთოდების საშუალებით, მოწყობილობები პრაქტიკულად რამდენიმე მილიწამში ახდენენ პირის მონაცემების ვერიფიკაციას. ეს მეთოდები აქტიურად გამოიყენება საბანკო სისტემებში. მაგალითად, საქართველოს ბანკის ვებ პლატფორმა მოწყობილობის კამერის მეშვეობით, პირის სახის პარამეტრების მიხედვით ახდენს მონაცემების აღდგენას. არსებობს უამრავი ფინანსური ინსტიტუტები, ბირჟები, სადაც სწორედ სახის 4 პარამეტრებით ხდება პირის იდენტიფიკაცია და ამ ბირჟების ბრუნვა რამდენიმე მილიარდი დოლარია დღეში. ეს ადასტურებს, რომ საზოგადოებაში არსებობს მაღალი სანდოობა მსგავს პლატფორმებთან მიმართებაში და ისინი მათ ანდობენ საკუთარი მატერიალური სახსრების მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი გულისხმობს ამომრჩევლის წინასწარ რეგისტრაციას სპეციალურ ვებ პლატფორმაზე და შემდგომ ისევ ამ პლატფორმის გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამომრჩეველი წინასწარ რეგისტრაციას გადის სმარტფონის, კომპიუტერის, პლანშეტის ან სხვა პერსონალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, რის შემდგომაც ცესკო ამ პირს ანიჭებს დისტანციური ამომრჩევლის სტატუსს. კენჭისყრის დღეს კი ეს ამომრჩეველი გაივლის ვერიფიკაციას, შეიყვანს შესაბამის ველში სპეციალურად გენერირებულ კოდს და დააფიქსირებს თავის არჩევანს. წინასწარი რეგისტრაციის პროცესში ამომრჩეველს შეჰყავს პირადი მონაცემები სპეციალურ ვებ პლატფორმაზე, რის შემდგომაც მოწყობილობის კამერის მეშვეობით ახდენს საკუთარი სახის პარამეტრების დაფიქსირებას, შემდგომ ამომრჩეველი ისევ კამერის მეშვეობით აფიქსირებს პირადობის მოწმობის ან პასპორტის შესაბამის გვერდებს. რეგისტრაციიდან 72 საათის განმავლობაში ცესკო ახდენს პირის მონაცემების შედარებას სახელმწიფოში არსებულ ელექტრონულ ბაზებთან და ანიჭებს მას ,,დისტანციური ამომრჩევლის“ სტატუსს. დისტანციური ამომრჩევლის სტატუსი პირს მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ; ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) რეგისტრირებულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში: დ) მისი ბიომეტრიული და პირადი მონაცემები ემთხვევა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ და ცესკოს შესაბამისი ბაზების მონაცემებს; ე) დაფიქსირებულია მის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და მოცემული დროისთვის არ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი. კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველი ხელახლა გაივლის ვერიფიკაციის ზემოაღნიშნულ პროცედურას სახის და პირადობის მოწმობის პარამეტრების შესაბამისად, შეიყვანს სპეციალურად ხმის მიცემისთვის გენერირებულ კოდს შესაბამის ველში და დააფიქსირებს თავის არჩევანს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და გარკვეული მანიპულაციები, საჭიროა დაცვისა და უსაფრთხოების მაღალი დონე, რაც ტექნიკური თვალსაზრისით მიღწევადია. შესაძლებელია სპეციალური მისამართის მიხედვით აიკრძალოს კონკრეტული სახელმწიფოებიდან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ დაცულობის მაღალი დონე მიღწეული იქნება, თუ ამის მზაობას გამოთქვამენ სქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მაგალითად, ისევე, როგორც ნატოს კიბერ ცენტრი უზრუნველყოფს ესტონეთის კიბერუსაფრთხოებას, მათ შორის არჩევნების მიმართულებით. 5 აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე, ინტერნეტის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა უნდა შეძლონ მხოლოდ სხვა სახელმწიფოში მყოფმა მოქალაქეებმა, საქართველოში მყოფებს კი არსებული მეთოდით შეეძლებათ ხმის მიცემა. შემდგომ პერიოდში შეგვიძლია ეტაპობრივად გადავიდეთ სრულად დისტანციურ არჩევნებზე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. შემოთავაზებული ცვლილება შესაძლებელს გახდის, რომ უზრუნველყოს საზოგადოების მაღალი ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რადგან უცხო ქვეყნებში მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, როგორც დისტანციური, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში მისვლით დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს ელექტრონული საშუალებებით (და არა დისტანციური) არჩევნების ჩატარების მწირი გამოცდილება, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება ამომრჩევლის იდენტიფიკაცია და ხმების დათვლა მოხდეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საპილოტე რეჟიმში აქამდე ჩატარებულ არჩევნებში გამოყენებულ იქნა პირადობის მოწმობის ელექტრონული წამკითხველი (რამაც მთლიანად გააუქმა დოკუმენტური საარჩევნო სიის გამოყენების საჭიროება) და ელექტრონული დათვლის აპარატი. ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, აშკარად არასაკმარისია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი დისტანციური არჩევნების ჩატარების მოდელი და შესაბამისი კანონპროექტი, თავის მხრივ, შესაძლოა დაკორექტირდეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონს არ ენიჭება უკუძალა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან, არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები, რადგანაც ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა, რომელიც ეხება საარჩევნო რეფორმას, კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს არჩვნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამ რეკომენდაციის თანახმად მნიშნელოვანია, რომ მოცემული კანონის პროექტი განხილულ იქნას დაჩქარებული წესით. რათა საარჩევნო ადმინისტრაციამ შეძლოს მომავალი არჩევნებისთვის ახალი სისტემის სრულყოფილი დანერგვა, საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება, 6 ასევე ამომრჩეველთა ინფორმირება ახალი მოდელით ხმის მიცემის შესახებ და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები დაიფარება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რაც შეეხება ინტერნეტ-კენჭისყრასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს რომლებიც იყენებენ ინტერნეტ-კენჭისყრას საარჩევნო მიზნებისთვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, განახლება, კონტროლი და კიბერუსაფრთხოება, წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ათას ლარამდე უჯდება. ვინაიდან აღნიშნული მოდელი სიახლეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, ხსენებული მოდელისთვის ადაპტირებული სისტემის შეძენა, დანერგვა, პროგრამული უზრუნველყოფა, განახლება, კონტროლი და კიბერუსაფრთხოება, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას 2 დან 3 მილიონ ლარამდე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. 7 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. 8 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: საარჩევნო კანონპროექტის მომზადების ეტაპზე შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნის სპრაქტიკა არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ამ მხრივ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს ესტონებს. ესტონეთი საარჩევნო ხმის რეალიზების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ინკლუზიური ქვეყანაა არა მხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ესტონეთში მიმდინარეობს კენჭისყრა საარჩევნო უბნებში (ასევე, წინასწარი ხმის მიცემა საცხოვრებელი უბნის ფარგლებში და წინასწარი ხმის მიცემა საცხოვრებელი უბნის გარეთ), ხმის მიცემა საპატიმრო დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და ოცდაოთხსაათიანი სოციალური დაცვის დაწესებულებებში/თავშესაფრებში, სახლში ხმის მიცემა, ხმის მიცემა ამომრჩევლის ადგილსამყოფელიდან, უცხო ქვეყნებში მცხოვრები ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემა და ელექტრონული (ინტერნეტ) ხმის მიცემა. ელექტრონული წესით ხმის მიცემა იმპლემენტირებულია საკანონმდებლო დონეზე. ელექტრონული ხმის მიცემა წარიმართება არჩევნების დღის წინა დღის საღამოს 20 საათამდე. ჯამში, ხმის მიცემის შესაძლებლობა წინასწარ, ელექტრონულად, არჩევნებამდე 5 დღე-ღამის განმავლობაშია შესაძლებელი. კენჭისყრა იხსნება არჩევნების დღემდე მეექვსე დღეს დილის 9.00 საათზე და იხურება არჩევნების წინა დღეს 20.00 საათზე. არჩევნების დღეს ელექტრონულად ხმის მიცემა შეუძლებელია, მაგრამ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა ელექტრონულად, უფლება აქვს არჩევნების დღეს, 20:00 საათამდე, შეცვალოს iხმები ბიულეტენზე კენჭისყრით. იმ ამომრჩეველთა განცხადებები, რომლებიც ხმას აძლევენ i-voting-ის მეშვეობით, ქვეყნდება ხმის მიცემის დაწყებამდე უშუალოდ არჩევნების ვებგვერდის გახსნისას, i-voting-ისთვის საჭირო ინფორმაციასა და მითითებებთან ერთად. i-voting-ისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა ან მობილური ID და კომპიუტერი. ხმის მიცემა შეუძლებელია სმარტ მოწყობილობაზე. i-votingისთვის არ არის საჭირო ამომრჩევლის ელექტრონული ბარათი. ელექტრონული ხმის მიცემისას აკუმულირებული ხმების ითვლება არჩევნების საღამოს საარჩევნო ადმინისტრაციის დასწრებით, საჯაროდ. საყურადღებოა, რომ ხმები ითვლება საარჩევნო ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების მიერ, ვისაც ეს უფლებამოსილება საგანგებოდ მიენიჭებათ. i-voting ყოველ მომდევნო 9 არჩევნებზე უფრო პოპულარულია. მაგალითისთვის, უკანასკნელად ჩატარებულ არჩევნებში (ევროპარლამენტის არჩევნები, 2019) წარმოდგენილ ამომრჩეველთა 46.7% -მა ისარგებლა ხმის მიცემის ელექტრონული მეთოდით. აქვე ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ ის, რომ ინტერნეტკენჭისყრის პროცედურის დანერგვას ამომრჩეველთა აქტივობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. სამაგიეროდ, შესამჩნევად გაიზარდა იმ ამომრჩეველთა მონაწილეობის მაჩვენებელი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების 1/3-მა სწორედ ინტერნეტ კენჭისყრის ალტერნატივის შემოღების შემდეგ გადაწყვიტა ხმის მიცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგივე რაოდენობა, დიდი ალბათობით, შემდგომ არჩევნებშიც მისცემს ხმას. იმის გამო, რომ ადამიანები ხშირად მოგზაურობენ და ისინი ხშირად არ არიან მჭიდროდ მიბმული ერთ საცხოვრებელ ადგილთან, ინტერნეტკენჭისყრა მათ მოქნილ საშუალებას აძლევს, რასაც წარმატებით იყენებენ. ე) კანონპროექტის ავტორი; ა(ა)იპ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ხატია დეკანოიძე 10