საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.10.2023
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4d36]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 82

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2490?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა თარიღი 30 ოქტომბერი 2023 16:00 2023 წლის 30 ოქტომბერი, 16:00 საათი თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 10/30/2023, 10:54 AM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/2490?local=true 10/30/2023, 10:54 AM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N82 2023 წლის 30 ოქტომბერი, 16:00 თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, ოთახი N410) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი, გენრიეტა წიწავა, გიორგი სოსიაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, თამარ ჩარკვიანი, როსტომ ჩხეიძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ მახარაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრები: თინათინ ცერცვაძე, ლია სირაძე, მაია თელია. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, გამოეხმაურა „მასწავლებლის ეროვნული დღის“ დაწესების საკითხს და თერთმეტივე მასწავლებელს დაჯილდოება მიულოცა. მან დიდი პატივისცემა გამოხატა ყველა პედაგოგის მიმართ, პირადად თავისი და კომიტეტის სახელით. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ყველა პედაგოგი გამარჯვებულია, ვინაიდან ვერანაირი ჯილდო ვერ შეედრება იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ისინი საზოგადოებისგან იღებენ. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. მომხსენებლის განცხადებით, მნიშვნელოვანია განათლების პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა. ასევე, თანამონაწილეობა განათლების პოლიტიკაში, რომელიც ხორციელდება ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობით, რაც აყალიბებს გაზიარებული პასუხისმგებლობის განცდას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემებით, 1704 საჯარო, 323 კერძო ბაღი და 27 სასკოლო მზაობის ცენტრი ფუნქციონირებს. ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას, როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირე კომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის. მომხსენებლის ინფორმაციით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებულია 20 291 პირი საგანმანათლებლო მიმართულებით, მათ შორის 9 262 აღმზრდელი და 7 520 აღმზრდელის თანაშემწე. თამარ მახარაშვილის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აღმზრდელპედაგოგების გადამზადებისა და დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობის მიმართულებით, ამ ეტაპზე, კი საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს 7 უნივერსიტეტი, რომლებიც ამზადებენ აღმზრდელ-პედაგოგებს. ასევე, დაწყებულია ავტორიზაციის პროცესი, რომელიც განხორციელდება 2025 წლიდან, შეიქმნა ავტორიზაციის საბჭო და ჩამოყალიბდა ექსპერტთა კორპუსი. მოხსენების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე ეტაპისთვის დასრულებულია 1 619 ბაღის თვითშეფასება, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევით. ასევე, დამტკიცდა სახელმწიფო სტანდარტების რევიზირებული ვერსია, სადაც დაემატა ინდიკატორები, ბილინგვურ ჯგუფებში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები ავტორიზაციის პროცესში. თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით. პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამასთან ერთად, 200 სკოლაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოხდება სხვადასხვა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება, ხოლო მიმდინარე წელს დაახლოებით 400 სკოლაში უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კომიტეტისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზოგადი განათლების მიმართულებით სასწავლო ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებები მოიცავს: ზოგადი განათლების მიზნების რევიზიას და ახალ რედაქციას, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას (ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი დანერგვის მექანიზმები, სახელმძღვანელოები, სასკოლო რესურსები), სკოლების ავტორიზაციას, სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერის დეცენტრალიზებულ სისტემას, ბილინგვურ განათლებას, უსაფრთხო სასკოლო გარემოს და კლიმატის გაუმჯობესებას, ასევე მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროგრამებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან დაკავშირებით ეროვნული იდენტობის ხაზგასმა, დოკუმენტში მკაფიოდ გამოიკვეთება ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები, განისაზღვრება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიმართება საერთაშორისო დოკუმენტებთან, განისაზღვრება მექანიზმები, როგორ უნდა რეალიზდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალებით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებით, ფოკუსი გაკეთდა სკოლის ავტონომიის გაძლიერებაზე, პროცესების მართვა/ადმინისტრირება დელეგირებულია სკოლაზე და ის თავად განსაზღვრავს საკუთარი სასკოლო საზოგადოების განვითარების გზას. ასევე, შეიქმნა სისტემური ხედვის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული რეგულაციებისაგან თავისუფალ დოკუმენტს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სკოლების ავტორიზაციის საკითხზე. მისივე განცხადებით, სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2023 წლის მარტის ბოლოს დაიწყო, ამ დროისთვის განაცხადი გაკეთებული აქვს 339 საჯარო სკოლას, მათგან უკვე ავტორიზებულია 130 საჯარო სკოლა. ყველა სკოლის ავტორიზაციის პროცესის დასრულება დაგეგმილია 2030 წელს (ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილება), ხოლო ავტორიზაციის ვადა გაიზარდება 6-დან 9 წლამდე. თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2022 წელს მომზადდა და დამტკიცდა სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი. 840 სკოლაში 6 წლის ვადით აირჩიეს დირექტორი. მისივე თქმით, სამინისტრო USAID-თან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დანერგავს სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების სისტემას. მომხსენებელმა, ასევე ისაუბრა „მასწავლებლის ეროვნული დღის“ დაწესების საკითხსა და მის მნიშვნელობაზე. მინისტის მოადგილემ ბილინგვური განათლების მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბილინგვურ განათლებაში ჩართულია 36 ბაღი და 180 სკოლა. ხოლო, 2030 წლამდე 300-ვე სკოლა დაიფარება. რაც შეეხება საგანმანათლებო რესურსებს, 2022-2023 წლის განმავლობაში მომზადდა ქართული ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების რესურსები საგნებში: სახვითი ხელოვნება (II-IV კლ), ბუნებისმეტყველება (IIIIV კლ), მე და საზოგადოება (III-IV კლ); მათემატიკა (II-IV კლ), ჩვენი საქართველო (V-VI კლ). როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 1700 საგანმანათლებლო დაწესებულებაშია მანდატურის სამსახური წარმოდგენილი, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 692 საჯარო, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღინიშნა, რომ ფუნქციონირებს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების 10 ცენტრი. ზემოხსენებული მოიცავს 46 ფსიქოლოგს და 2 ფსიქიატრს, რომლებიც მომსახურებას სთავაზობს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებს. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელ მმართველ ერთეულად ყალიბდება მანდატურის სამსახური. ამასთანავე, განხორციელდება. ცვლილებებით რესურს-სკოლების როლის რეფორმირება თამარ მახარაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო განათლების მხარდამჭერ პროგრამებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით, ამასთანავე, ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია. მისივე განცხადებით, კერძო სკოლას მიეცემა უფლება, განახორციელოს სასკოლო მზაობის პროგრამა ცალკე იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე. ასევე, განისაზღვრება უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის წესი და პირობები, მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9 საათიანი შეზღუდვა, შესაბამისად უცხოელ მასწავლებლების აყვანას სკოლა შეძლებს მისთვის სასურველი დატვირთვით. ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ასევე, განხორცილდება დამატებითი ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ეროვნული შეფასებების განვითარებას, პროფესიული განათლების შეტანას საშუალო საფეხურზე და სახელმძღვანელოების გადახედვას. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი მიქანაძის კითხვა შეეხებოდა, ბილინგვური განათლების პროცესში ახალი ბაღის ჩართვას. ასევე, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გადამზადებას და ამ პროცესში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ჩართულობის გაზრდას. კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, ახალგაზრდობის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შესწავლის მიზნით მიმდინარე თემატური მოკვლევა და იკითხა, სკოლებში აღნიშნული პრობლემის პრევენციის მექანიზმების თაობაზე. თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მთავარი მიზანია ქართული ასწავლოს ყველას და მათ ამისთვის შეფასების მექანიზმი აქვთ, ისინი ამას იყენებენ პროცესის დასახვეწად, რომ მოხდეს სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. მომხსენებელი გამოეხმაურა ლუდომანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მისი განცხადების მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ჩართულობა პრევენციისთვის. მანდატურის სამსახურის, შესაბამისი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით პრევენციულ სეგმენტზე მიდის მუშაობა, მათ შორის ხორციელდება ერთობლივი პროექტები შსს-სთან, ხოლო ძირითადი წამყვანი მანდატურის სამსახურია. ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვა შეეხებოდა იმ თავისუფლებებს, რომელიც მიეცემა სკოლას. ბაია კვიციანის კითხვა შეეხებოდა, ეთნიკური უმცირესობების სკოლების ავტორიზაციის პროცესს. თამარ მახარაშვილის განცხადებით, სკოლა საბაზო საფეხურის მიზნებს უნდა პასუხობდეს, კერძოდ მათ ეძლევათ საშუალება თავად აირჩიონ საგნები, თუმცა არის სავალდებულო საგანთა ჩამონათვალი, რომელიც რჩება და თუ სკოლას აქვს სურვილი პროგრამა განსხვავებულად წარმოადგინოს, მან ეს უნდა დაადასტუროს. რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების ავტორიზაციის ნაწილს, აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის პროცესში საჭირო გახდა სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ექსპერტის ჩართულობა, გამოწვევა კვლავ რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. ქეთევან თურაზაშვილის კითხვები შეეხებოდა, საბავშვო-ბაღის ჯგუფებში ბავშვების დიდ რაოდენობას, ასევე აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების პროცესს. სკოლების დირექტორების დანიშვნის წესს. ასევე საჯარო სკოლებში გახანგრძლივებული საათების საკითს და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. თამარ მახარაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს ურიგდება უფასოდ სახელმძღვანელოები, რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო. უფასო გრიფ მინიჭებული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გახანგრძლივებული სერვისი შეუძლია განახორციელოს ყველა სკოლამ და ის ფასიანია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ავტორიზაცია ბაღებში იწყება 2025 წლიდან და ჯგუფში ბავშვებისა და აღმზრდელების რაოდენობა სტანდარტით განსაზღვრულია. ხოლო, აღმზრდელ პედაგოგების გადამზადება და შეფასება ხორციელდება შესაბამისი მექანიზმით. გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აქტუალური საკითხია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სკოლის ადმინისტრაციის და დამხმარე პერსონალის ხელფასების საკითხი. მისივე მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია საოკუპაციო ხაზთან არსებული და დეფიციტური ბიუჯეტის მქონე სკოლები, რომლებსაც მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. გენრიეტა წიწავას კითხვა შეეხებოდა ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასებისას გამოკვეთილ პრობლემებს. თამარ მახარაშვილის განცხადებით, თვითშეფასების გაანალიზება წლის ბოლოს იგეგმება და გამოიკვეთება ძირითადი ტენდენციები, შესაბამისად გამოიკვეთება გამოწვევები, ხოლო 2025 წლიდან დაიწყება ავტორიზაციის პროცესი, რომელიც 2030 წლამდე გაგრძელდება. თამარ ჩარკვიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ადმინისტრაციული წარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ქართული ენის საკითხის მოგვარება ვერ განხორციელდება. ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონებში მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემების გადაჭრა. რამინა ბერაძის ინიციატივა შეეხებოდა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებთან აქტიური კოორდინაციის საკითხს. მარიამ ლაშხის კითხვა შეეხებოდა სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვას და მასში პროფესიული კოლეჯების ჩართვის საკითხს. თამარ მახარაშვილის განცხადებით, სკოლებში პროფესიული განათლების შეტანასთან დაკავშირებით მონახაზი არსებობს, დოკუმენტზე მუშაობს ზოგადი განათლების დეპარტამენტი, უნარების სააგენტო და პროფესიული განათლების დეპარტამენტი, სადაც ყველა ბენეფიციარი იქნება ჩართული. მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს და მოსაზრებები დააფიქსირეს კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრებმა. ლია სირაძემ მოსაზრება გამოხატა სკოლის ექიმის როლის ზრდასთან დაკავშირებით, აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების პრევენციის პროცესში. თინათინ ცერცვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დამოუკიდებლად არსებობა და მანდატურის სამსახურიდან განცალკევება. სამსახურის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ფსიქო-სოციალური ჯგუფი შეუერთდა მანდატურის სამსახურს, თუმცა მის გამოყოფასთან დაკავშირებით შესაძლებელია თანამშრომლობა და სხვა მოდელის განხილვა. რაც შეეხება ექიმებს სკოლაში, სამინისტრომ ძალიან მალე უზრუნველყო სკოლებში სამედიცინო პერსონალის შესვლა, სტანდარტით, თუმცა განსაკუთრებით რეგიონებში ჭირს სკოლის ექიმის/ექთანის მოძიება, ვინაიდან ცხადდება ვაკანსიები თუმცა მსურველები არ არიან. გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომის ბოლოს აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენს. მანამდე კი დაგეგმილია მინისტრის მოადგილეების ანგარიშების მოსმენა, მათი მიმართულებების მიხედვით. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე