„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე
ნომერი
#07-3/392/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 20 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. 81-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უძრავი ქონების ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე ნებისმიერი მიზნით გაქირავების ან იჯარით გადაცემის შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება.’’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი უძრავი ქონების ბიზნეს-სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ დარგს წარმოადგენს, თუმცა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით ფიზიკური პირებისათვის გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტიანი განაკვეთი, რომელიც უძრავი ქონების კომერციული მიზნით გაქირავებას ან იჯარით გადაცემას შეეხება, მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოქალაქეებს. კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა, რომლებიც აქირავებენ ან იჯარით გასცემენ ბინებს, სახლებს ან სხვა უძრავ ქონებას. აღსანიშნავია, რომ დღეს საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით, მაშინ, როდესაც გაქირავება სხვა მიზნით, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით, იბეგრება 20 პროცენტით. ამავე განაკვეთით იბეგრება კომერციული ფართობის საოფისე დანიშნულებით გაქირავებაც ფიზიკური პირის მიერ, ისევე როგორც ბინის ან მიწის იჯარით გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი. ეს კი არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებული მიზნით აქირავებს ან იჯარით გასცემს შესაბამის ქონებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი შეზღუდვა დაუწესა არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნეს-სექტორს, არამედ ამ სფეროზე პირდაპირი ზეგავლენის მქონე სხვა დარგებსაც, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად გააძვირა ფასები უძრავ ქონებაზე. გამომდინარე ამ მოცემულობიდან, დროთა განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს სულ უფრო უმცირდებათ შესაბამისი სექტორიდან არსებული და პოტენციური შემოსავლის წყარო. გარდა საგადასახადო შეღავათისა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაც არის, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ, დაუბეგრავი თანხები მიმართონ ბიზნესის გასაფართოებლად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საკითხები, რომლებსაც ეხება კანონპროექტი, მიეკუთვნება ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსით’’ გათვალისწინებულ რეგულირების სფეროს, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოსაწესრიგებლად აუცილებელია ამ კოდექსში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავებისას, მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად 20 პროცენტისა. ხუთი პროცენტით დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ამცირებს დაბეგვრის განაკვეთს ფიზიკურ პირთა მიმართ, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია მათთვის. ანალოგიური შეღავათი გავრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით გადაცემისას მისაღებ შემოსავალზეც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლში. კერძოდ: აღნიშნული კოდექსის 81-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რაც გულისხმობს უძრავი ქონების ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე ნებისმიერი მიზნით გაქირავების ან იჯარით გადაცემის შედეგად იმ ფიზიკური პირის მიღებული შემოსავლის, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით დაბეგვრას, ნაცვლად 20 პროცენტისა (როგორც ეს კანონის მოქმედ რედაქციაშია რეგლამენტირებული). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი, მისი მიღება ვერ ესწრება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის დამტკიცებამდე, შესაბამისად, ეს კანონი ამოქმედდეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან - 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას ახდენს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების კუთხით. ფიზიკურ პირთა მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების მიხედვით გადახდილმა საშემოსავლო გადასახადმა 2022 წელს შეადგინა 11.4 მლნ. ლარი (შემოს. კლას. კოდი 1.1.1.1.1.11). აღნიშნული მონაცემი მოიცავს ფიზიკური პირის მიერ ყველა სახის ქონების ფიზიკურ და იურიდიულ პირზე იჯარის სახით გაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე გადახდილ საშემოსავლო გადასახადს. ვინაიდან კანონის პროექტი ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 5 პროცენტამდე შემცირებას მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მხოლოდ არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავების შედეგად მიღებულ შემოსავალთან მიმართებაში, ცვლილებით გამოწვეული ეფექტის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია და საჭიროა გარკვეული დაშვებების გაკეთება. კერძოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიზიკურ პირთა მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნახევარს შეადგენს ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან გადახდილი გადასახადი. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 4.3 მილიონი ლარით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უძრავ ქონებას აქირავებენ არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით, რადგანაც მათ მიერ მიღებული ამ ტიპის შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. წარმოდგენილი ცვლილებით მცირდება ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის განაკვეთი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, -მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.